რომელი სიტყვითა არა სცთებოდეს, იგი სრული კაცი არს
მეტყველება არა მარტო სიტყვებისა და ენობრივ სტრუქტურათა მექანიკური ერთობლიობაა, არამედ აზროვნებისა
და მსოფლშეგრძნების გამოხატვის განსაკუთრებული გზაც. სიტყვის მეშვეობით სულში იღვრება არა ოდენ აზრები და სახეები, არამედ შეგრძნებების, განცდების, გრძნობებისა და სურვილების ნაკადიც. როგორც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებს, სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთობლიობა; მასში განსაკუთრებული მისტიკური ძალაა ჩადებული.სიტყვა ადამიანის სულის გამოხატულება, მისივე ნების ემანაციაა. ერთმა სიტყვამ შეიძლება ადამიანის მომავალი გადაწყვიტოს. სიტყვას დიდი ფსიქოლოგიური ზემოქმედების უნარი აქვს, ამიტომ სათუთად დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- რას განსაზღვრავს მეტყველების უნარი, მეტყველების კულტურის დონე?
- ადამიანი სხვა ცოცხალი არსებებისგან იმით განსხვავდება, რომ მეტყველია. მეტყველება კი სიტყვების, წინადადებების საშუალებით ხორციელდება. მეტყველების მთავარი ფუნქცია, ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ის არის, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობა მოახერხონ. მისი მეშვეობით ადამიანი ბავშვობიდანვე, ენის დაუფლების პროცესში, იძენს თავისი საზოგადოების, თავისი სოციალური წრის გამოცდილებას. მეტყველების საშუალებით ვეცნობით მთელ საზოგადოებრივ ცოდნა-გამოცდილებას, რომელიც ჩვენს ამქვეყნად მოვლინებამდე დაგროვდა.
მეტყველების საშუალებით ურთიერთობა შესაძლებელი რომ გახდეს, ამისთვის სიტყვამ უნდა შეასრულოს განცდათა გამოხატვის ფუნქცია, რადგანაც განცდა მისი გამოსახვის გარეშე სხვისთვის მიუწვდომელი დარჩებოდა. მაგრამ განცდათა გამოხატვა არ არის საკმარისი ურთიერთობისთვის. სიტყვა იმიტომ არის ურთიერთობის საშუალება, რომ მას აღმნიშვნელობითი დანიშნულება აქვს - იგი რაღაც საგანს, შინაარსს აღნიშნავს. ასევე, სიტყვა აუცილებელია აზროვნების პროცესში. აზროვნება სიტყვებით მიმდინარეობს. სიტყვა გვეხმარება ამა თუ იმ მოვლენის ანალიზში, დასკვნების გამოტანაში და ა.შ. ამგვარად, სიტყვა აზროვნების აუცილებელი კომპონენტია.
- როგორი დამოკიდებულება გვმართებს სიტყვების მიმართ?
- სიტყვით შეიძლება კაცი მოკლა და შეიძლება, დიდი ნუგეში სცე ადამიანს. არსებობს მედიცინის დარგი ფსიქოთერაპია, რომელიც გულისხმობს მკურნალობას არა მედიკამენტებით ან სხვა საშუალებებით, არამედ სწორედ სიტყვის მეშვეობით. ადამიანი ფსიქოთერაპევტთან მიდის თავისი ცხოვრებისეული პრობლემებით, ის კი ესაუბრება მას და ამგვარად ცდილობს დაეხმაროს, მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგის მჭევრმეტყველების უნარს, მის ოსტატობას ისე წარმართოს დიალოგი, რომ ადამიანს ნუგეში სცეს. ფაქტობრივად, ფსიქოლოგის უმძლავრესი იარაღი სიტყვაა. იგივე ითქმის მოძღვარზე.
- მოციქული ამბობს: "რომელი სიტყვითა არა სცთებოდეს, იგი სრული კაცი არს". რამდენად რთული და მნიშვნელოვანია ენის მოთოკვა და რა შეიძლება მოჰყვეს დაუდევრად ნათქვამ სიტყვას?
- გაღიზიანების, მრისხანების, განკითხვის დროს ჩვენ, ბუნებრივია, სიტყვებს ვიყენებთ. ეს სიტყვები სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანისთვის მეტად დიდი ზიანის მომტანია. თუნდაც კამათი ავიღოთ. წმინდა მამები ბარსანოფი და იოანე ამბობდნენ: "სამჯერ უთხარი სხვას საკუთარი აზრი და თუ მოსმენას არ მოინდომებს, თავი დაანებე, რადგან კამათი არ არის კარგი საქმე". ამიტომაც უნდა ვერიდოთ კამათს, რომელიც მეტწილად აღიზიანებს, სიმშვიდეს უკარგავს კაცს. წმინდა მამები გვირჩევენ, არამცთუ მონაწილეობა არ მივიღოთ კამათში, არამედ განვერიდოთ კიდეც იმ ადგილს, სადაც კამათობენ. ასე რომ, ძველი ბერძნების გამოთქმა, ჭეშმარიტება კამათში იბადებაო, ვფიქრობ, მეტად სადავოა. ცხოვრებაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ უმეტესად პირიქით ხდება - კამათის დროს ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ხელდება მათი ვნებები: მრისხანება, ამპარტავნება და ა.შ., ეს კი, ბუნებრივია, ჭეშმარიტებამდე ვერ მიგვიყვანს.
დიდი ხელოვნებაა ისიც, რომ ადამიანმა ზუსტად და ლაკონურად გამოთქვას თავისი სათქმელი. ერთ-ერთი გავრცელებული ცოდვაა ამაოდმეტყველება. არიან ადამიანები, რომლებთანაც გიმძიმს ურთიერთობა, რადგან ბევრს და ფუჭად ლაპარაკობენ. ეს, რა თქმა უნდა, ამპარტავნების გამოვლენაც არის, რადგანაც ასეთი ადამიანი არ ითვალისწინებს სხვის მდგომარეობას, სურვილს; სურს, მუდამ თვითონ იყოს ყურადღების ცენტრში, თავისი ცოდნა და მჭევრმეტყველება გამოამჟღავნოს... ასეთ ხალხთან ურთიერთობა გვძაბავს, ენერგიას გვართმევს, გვაძაბუნებს.
- როგორ უნდა გაუწიოს ადამიანმა შინაგანი კონტროლი საკუთარ თავს, როგორ უნდა გათავისუფლდეს განკითხვისა და ფუჭსიტყვაობის ცოდვისგან? რას ამბობენ ამაზე წმინდა მამები?
- საუბრისას არ უნდა ავჩქარდეთ, სათქმელი უნდა გავიაზროთ. ამავე დროს, უნდა ვეცადოთ გავფრთხილდეთ, რათა ვინმეს არ ვაწყენინოთ, უადგილო, უკბილო ხუმრობით, ორაზროვნებით, ირონიით არ შეურაცხვყოთ, თავმოყვარეობა არ შევულახოთ... დაცინვა შერწყმულია განკითხვის ცოდვასთან. ის უნდა განვასხვაოთ უწყინარი ხუმრობისგან, რომელიც ახალისებს, ამხნევებს ადამიანს. ამის შესანიშნავი მაგალითია ამბავი, რომელიც წმინდა ანტონი დიდს გადახდა თავს: ერთმა მგზავრმა დაინახა, როგორ ეხუმრებოდა ანტონი დიდი თავის მოწაფეებს და გულში განიკითხა წმინდა მამა - "ამხელა გაქანების ბერი დროს ასე ტყუილ-უბრალოდ როგორ ხარჯავსო". ანტონი დიდმა განჭვრიტა ამ კაცის ფიქრი, იხმო, ჯოხი მიაწოდა და სთხოვა, მოეღუნა ერთხელ, ორჯერ... მგზავრმა უთხრა, თუ მთელი ძალით მოვღუნავ, გადატყდებაო. ამაზე წმინდა მამამ უპასუხა: "არც ადამიანი უნდა აიძულო, თავის შესაძლებლობებზე მეტი ღვაწლი იტვირთოს. ჩემს მოწაფეებს რომ არ ვეხუმრებოდე, სასოწარკვეთილება შეიპყრობთ და დაკარგავენ იმ მხნეობას, რომელიც მათ სულიერ მოღვაწეობაში განამტკიცებს".
წმინდა სებასტიან ყარაგანდელი მეტად მკაცრად ეპყრობოდა მათ, ვინც ბევრს და უსარგებლოდ ლაპარაკობდა, განსაკუთრებით - სხვათა განმკითხველებს, თავად კი უმეტესად ჩუმად უსმენდა თანამოსაუბრეს და ბოლოს ორიოდე სიტყვით აძლევდა პასუხს.
ფუჭსიტყვაობა მეტად მაცდური ვნებაა. შეიძლება, ეკლესიურად ცხოვრობდე, სხვა ნაკლოვანებების გამოსწორებაზე ზრუნავდე, ხოლო ამაოდმეტყველების ცოდვას ყურადღება არც კი მიაქციო, აღსარებაში არ მოიხსენო, მისგან თავის დახსნა არ მოინდომო.
- ვიცით, რომ არსებობდნენ ღვთივგანბრძნობილი, ღმერთშემოსილი წმინდა მამები, რომლებიც უფლის შთაგონებით ლაპარაკობდნენ. მათ სიტყვას საოცარი სულიერი ზემოქმედების უნარი ჰქონდა, რადგან ღვთაებრივი მადლით იყო გაცისკროვნებული...
- მამა ზოსიმეს, ერთ-ერთ გამორჩეულ ხუცესს, ასეთი რამ უთქვამს: "ვთხოვ უფალს, შემოვიდეს ჩემში, რათა ვთქვა მხოლოდ ის, რასაც იგი მიბრძანებს, და ზოგჯერ შიშნარევი მოწიწება მეუფლება, ოდეს ვგრძნობ ჩემს შიგნით ძალას და ხმას ღვთისას. ვიცი, ზოგჯერ ადამიანს ტკივილს ვაყენებ ჩემი სიტყვებით, მაგრამ ვალდებული ვარ ვუთხრა ის, რასაც უფალი შთამაგონებს. ჩემით უკვე არაფერს ვამბობ, სრულიად არაფერს, და ყოველთვის სრულდება სიტყვა ღვთისა, რადგან ის არის სიცოცხლე და ჭეშმარიტება". მისგანვე არაერთხელ გაუგონიათ: "ზოგჯერ, საკუთარი თავისთვისვე მოულოდნელად, ისეთ რამეს ვამბობ, თვითონაც მიკვირს. ჩემი ბაგენი, გული ჩემი მივანდე უფალს, მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს, და რასაც ის მკარნახობს, იმას ვამბობ და ვაკეთებ. აღარაფერს ვამბობ ჩემით, აღარც ნება მაქვს საკუთარი".
მამა ბარსანუფი წერდა: "წირვას ჩაატარებ. ეზიარები. მიდიხარ ხალხის მისაღებად. გიამბობენ თავიანთ გასაჭირს. ზოგჯერ გეძნელება გასაგებად უპასუხო. სთხოვ, მოიცადოს. წახვალ შენს სენაკში, იფიქრებ, გადაწყვეტილებას მიიღებ, მაგრამ როცა მისთვის ამ გადაწყვეტილების სათქმელად მიხვალ, ამბობ სრულიად სხვას და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი პასუხი. თუ ამ რჩევას შემკითხველი არ შეასრულებს, უფრო დიდ გასაჭირს დაიტეხს თავზე". ასე გამოვლინდება უფლისმიერი შთაგონება ადამიანის სიტყვებში. როდესაც სულიწმინდა მოციქულებზე გარდამოვიდა, მათ სხვადასხვა ენაზე დაიწყეს საუბარი, გაეხსნათ გონება და მჭევრმეტყველების უნარი შეიძინეს.
როცა მეტყველება სულიერი მადლით არის გაცისკროვნებული, ის იმედს და სიმშვიდეს ჰგვრის ადამიანს. სწორედ ამას ამბობს ერთ-ერთ ათონელ ბერთან სულიერი დარიგებისთვის მისული მომლოცველი: "ბერის საუბარმა ისე დამამშვიდა, ისე იმოქმედა ჩემზე, ჩანს, მისი სიტყვები მართლა სულიწმინდის მადლით იყო განმსჭვალულიო".
- წმინდა მამები არაერთგზის აღნიშნავენ, რომ არსებობს სიტყვები, რომლებსაც ქრისტიანმა თავისი თავი უნდა მიაჩვიოს და რაც შეიძლება ხშირად გამოიყენოს საუბრისას. ეს კეთილგანწყობის, სიყვარულისა და სითბოს გამომხატველი სიტყვებია. მოთხრობაში "დეიდა მაიკო" გიორგი ლეონიძე წერს: "ჩემო სიცოცხლის ცისკარო! თავს შემოგევლე! ჩემო გაშლილო იაო! შენი გულის ჭირიმე!.. - რა იქმნენ, სად წავიდნენ ეს ალერსიანი სიტყვები, ძველად ათასმა მაიკომ რომ იცოდა საქართველოში? რატომ აღარ ვალერსობთ დღეს ამ სიტყვებით, რატომ ჩვენც აღარავინ გვეუბნება, რად გავიძარცვენით, ხომ გვცივა უამსიტყვებოდ?!" ვგონებ, ეს კითხვები ჩვენს დროში უფრო აქტუალურად უნდა დაისვას...
- სამწუხაროდ, ჩვენი ეპოქა უფრო და უფრო გულცივი ხდება, ადამიანები უფრო და უფრო გულგრილად ეპყრობიან ერთმანეთს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს უჭირთ საკუთარი პრობლემების, საკუთარი განცდების მარწუხებიდან გათავისუფლება და ამიტომაც სხვისთვის დრო და ენერგია არ რჩებათ, აღარ აქვთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულისა და სითბოს გამოხატვის სურვილი... და როდესაც ასეთ ტკბილად მოუბარ ადამიანებს ხვდები, სხვაგვარი სითბო გეღვრება გულში, გრძნობ, რა შეუძლიათ ამ სიტყვებს, რამხელა ენერგიას გაძლევენ, როგორ სიხარულს განიჭებენ. ჩვენს შვილებს ხშირად უნდა ესმოდეთ ტკბილი სიტყვები, რათა კეთილშობილ და მოსიყვარულე ადამიანებად დაიზარდონ.