მარადიული, უკვდავი - ღმერთის ეპითეტებია, რომლებიც მიმსგავსებულად ადამიანის თვისებებიც გახდა
("ვქმნეთ კაცი მსგავსად და ხატად ჩვენდა"). ღმერთმა ადამიანი მარადიული ცხოვრებისთვის შექმნა, მაგრამ ურჩობის და მცნების დარღვევის შედეგად სამყაროში შემოვიდა სიკვდილი. სხეულისა და სულის გაყრამ ადამიანი მოკვდავი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაინც ვერ გახადა. მას დღესაც არჩევანი აქვს, მარადიულ უკვდავებაში შევიდეს ღმერთთან თუ მარადიულ უკვდავებაში - ბნელეთში, წარწყმედაში. თუ მარადიული ცხოვრება გვინდა ქვეყნიერების შემოქმედთან, მაშინ იესო ქრისტეს დავუგდოთ ყური, რომელიც მდიდარ ჭაბუკს ეუბნება: "ხოლო უკუეთუ გნებავს ცხოვრებასა შესლვაი, დაიმარხენ მცნებანი. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მათე 19,მუხ. 17-19).
მცნებათა ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ათი საღმრთო მცნება ანუ სჯული ღმერთისა და მოყვასისადმი სიყვარულის შესახებ. ამ ორ მცნებაზე არის დაფუძნებული მთელი ზნეობრივი სჯული და ყველა საწინასწარმეტყველო წიგნი. იესო ქრისტე ჭაბუკისადმი პასუხის მიგებაში საღმრთო სჯულის მხოლოდ ნაწილებზე მითითებით შემოიფარგლა ანუ მოყვასისადმი სიყვარულზე, იმიტომ რომ შეუძლებელია მოყვასის ნამდვილი, მართებული, გულწრფელი, წმინდა და უზაკველი სიყვარული ისე, თუკი მთელი სულის სიმტკიცით და სრული სიწმინდით არ გვეყვარება შემოქმედი ღმერთი. და ასევე შეუძლებელია ღმერთის ჭეშმარიტ მოყვარედ მივიჩნიოთ მოყვასის მოძულე. "უკუეთუ ვინმე თქვას, ვითარმედ: მიყვარს ღმერთი, და ძმაი თვისი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაი თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყვარებად?" (იოანე 4,20).
"ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაიღა მაკლს მე?" (მუხლი 20).
შევნიშნავთ, რომ თუკი ამქვეყნად ბევრი არ არის ცხოვნების გზებზე მოფიქრალი ჭაბუკი, მით უმეტეს, ნაკლებია საშუალებათა მომღებელი ამისათვის. ქრისტეს ყველა მსმენელთაგან მხოლოდ ეს ერთი ჭაბუკი აღმოჩნდა, რომელიც თავს იქებდა საღმრთო მცნებათა აღსრულებით, და, რა თქმა უნდა, მისი სიტყვები სიცრუეს არ შეიცავდა. ამიტომ არც მაცხოვრისთვის ყოფილა უსიამოვნო ჭაბუკთან საუბარი, რადგან, როგორც მახარებელი მარკოზი გადმოგვცემს, "ხოლო იესუ მიჰხედა და შეუყვარდა იგი" (10,21) და უეჭველია, კეთილი გულისა და საღმრთო სჯულის გულმოდგინედ აღსრულების გამო. ჭაბუკს კი, რომელიც სიყრმიდანვე აღასრულებდა საღმრთო მცნებებს, სურდა იესოსგან შეეტყო, თუ რა აკლდა სრულყოფილებისთვის.
"ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე" (მუხლი 21).
"და ვითარცა ესმა სიტყვაი ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იგი იყო მდიდარ ფრიად" (მუხლი 22).
განა შეიძლება ადამიანს არ სურდეს სრულყოფილება, არ უნდოდეს, ქრისტეს შეუდგეს, მით უფრო მაშინ, როცა იგი თავადვე სთავაზობს ამას? მაგრამ მდიდარი ჭაბუკი ვერ ადგება სრულყოფილების გზას, მას არ სურს ქრისტეს შეუდგეს. იგი წუხს, რომ არ ჰყოფნის სულის გამბედაობა ამის გასაკეთებლად და უკან ბრუნდება. "წარვიდა მწუხარეო", ამბობს მახარებელი. მაგრამ ის, ვინც მაცხოვარს შეუყვარდა, საბოლოო ჯამში არ შეიძლება დაიღუპოს.
სახარება გვასწავლის, რომ სწორედ საღმრთო მცნებების აღსრულებაა გზა საუკუნო ცხოვნების მოსაპოვებლად (მუხ. 17). არაფერია სიკვდილზე უფრო ნამდვილი: ყველანი დავიხოცებით და ჩვენი სხეული მტვრად იქცევა, რომლისგანაც ვართ შექმნილნი ღმერთის მიერ, ხოლო ჩვენი სულები, შექმნილი ღმერთის ხატად და მსგავსად, წარტაცებულ იქმნებიან ღვთის სამსჯავროზე წარდგენისათვის; რამეთუ, როგორც მოციქული პავლე ამბობს: "წინა-უც კაცთა ერთგზის სიკვდილი და მისა შემდგომად საშჯელი" (ებრ. 9,27), ანუ კერძო სამსჯავრო ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად წარმავალი - გარდაცვლილი ადამიანის სულისა; იქ გადაწყდება თითოეულის ბედი საყოველთაო უკანასკნელ სამსჯავრომდე, როცა უფალი ღმერთი მეორედ მოსვლისას ყოველ ადამიანს განიკითხავს, უკვე სხეულითაც მკვდრეთით აღმდგარს. ამიტომაც რაკი თითოეული ჩვენგანი სხეულით უნდა მოკვდეს, მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, გავარკვიოთ: რა უნდა ვქნათ საუკუნო ნეტარი ცხოვრების დასამკვიდრებლად? - საუკუნო ცხოვრება სიკვდილის შემდეგ უეჭველი სინამდვილეა, ისევე, როგორც საუკუნო სიკვდილი ანუ საუკუნო ტანჯვა, აწინდელი ხანმოკლე ცხოვრებაც იმისთვის გვაქვს ბოძებული, რომ ჯეროვნად მოვემზადოთ მომავალი დაუსრულებელი ცხოვრებისთვის. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს განუცხადებს კიდეც უფალი მდიდარ ჭაბუკს, ხოლო მასთან ერთად ჩვენც - თუკი გსურს საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდრო, მცნებები აღასრულეო. რომელი მცნებებიო, - კითხულობს მდიდარი ჭაბუკი. უფალი კი პასუხობს: არა კაც-ჰკლა, არა იმრუშო და სხვანი. მცირედი სიტყვებია, არამრავალი საღმრთო მცნებებია, და რა უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მათ, რადგან მათ აღსრულებაზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის საუკუნო ცხოვრება. "რომელმან ქმნეს იგი (სჯული) კაცმან, ცხონდეს მას შინა" (რომ. 10,5), - გვეუბნება საღმრთო წერილი. ამდენად, აუცილებელია შევჩერდეთ ამ მცნებებზე და უფრო ღრმად ჩავუკვირდეთ მათ აზრსა და მნიშვნელობას, რათა ცხადად დავინახოთ მათი აღსრულების აუცილებლობა და სარგებლიანობა, ცხოვრებისადმი მათი მისადაგების მთელი სპექტრი.
პირველი სიტყვა ითქვა უფლის მიერ - არა კაც-ჰკლაო. ამ მცნებაში იგულისხმება ბევრი სხვა, მისი მსგავსი საღმრთო ბრძანებაც, კერძოდ კი: ნუ აწყენინებ მოყვასს, ნუ გაღიზიანდები, ნუ მტრობ, ნუ განრისხდები, ნუ იქნები მოძულე: "ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცის-მკვლელი არს" (I იოანე 3,15), - გვეუბნება მოციქული; ნუ იქნები გულსასტიკი და ძუნწი ღარიბ-გლახაკთადმი; მძიმე შრომით ნუ გათანგავ შენს ხელქვეითთ; გადაარჩინე დაღუპვისაკენ მავალნი - მშიერნი, წყალწაღებულნი; საკუთარ თავსაც ნუ გატანჯავ მძიმე შრომით, რომელიც შენს ძალებს აღემატება, და ნურც შენს სხეულებრივ ჯანმრთელობას წაიხდენ ბილწი ვნებებითა და მანკიერებებით; ნუ აცთუნებ სხვებს და ეშმაკს ნუ მისცემ იმ სულებს, რომლებიც უფალ იესო ქრისტეს ფასდაუდებელი სისხლით არიან გამოსყიდულნი. აი, რა ფართოა ამ მცნების - არა კაც-ჰკლა - მნიშვნელობა.
უფალი ამბობს: არა იმრუშო, ანუ არ იმრუშო არა მხოლოდ საქმით, არამედ აზრითაც, არაწმინდა მზერითაც, სურვილით; განაგდე შენგან ყოველგვარი სიძვისმიერი ოცნება და წარმოსახვა და ყოველივე ის, რასაც სიძვა-მრუშობისკენ მიჰყავს ადამიანი: ნუგბარი საჭმელი, ნაყროვანება და სიმთვრალე; ურცხვი, მაცთუნებელი საუბრები, უტიფარი, მაცთუნებელი წიგნების კითხვა; ურცხვი მოპყრობა სხვა სქესის ადამიანებისადმი, ურცხვი სურათები და სხვა. ოდენ ნდომიანი შეხედვაც კი დედაკაცის მიმართ უკვე არის კიდეც მრუშობა (მათე, 5,28), სიტყვისაებრ მაცხოვრისა. ეცადე, რომ შენი ზრახვები და გრძნობები უზაკველი, შეურყვნელი იყოს, ეცადე, სიწმინდით დაიცვა შენი ზნეც და შენი მოყვასიც, შვილთა, მსახურთა, ხელქვეითთა და ყოველთა ზნეც, ვისთანაც კი კავშირი და ახლო ურთიერთობანი გაქვს.
შემდეგ უფალმა ბრძანა, - არა იპარო. აქ იგულისხმება არა მხოლოდ საკუთრივ მოპარვა, არამედ მუქთახორობაც და მექრთამეობაც, ანგარებაც, მევახშეობაც, როცა გაჭირვებულს პროცენტებს ართმევენ; აგრეთვე მომხვეჭელობა, მოპარული ნივთების მიღება, ბანქოს თამაში - ამ დროს მოთამაშე მშობლებს, ახლობლებს, ცოლსა და შვილებს, საკუთარ თავს პარავს ფულს, ანიავებს ოჯახის ქონებას; მასში იგულისხმება ისიც, ვინც მოწყალებას არ აძლევს გლახაკს, როცა ამის საშუალება აქვს, რამეთუ ნამეტნავს უფალი იმისთვის გვაძლევს, რომ ღარიბ-გლახაკთ შევეწიოთ; თუკი ვინმე არ იქმს ამას, იგი მოყვასთა საკუთრებას მიიტაცებს და ღმერთის საბოძვარს მალავს.
მერმე უფალი ამბობს: არა ცილი სწამო, ცრუ მოწმე არ იყო შენი მოყვასის წინააღმდეგ, რამეთუ ადამიანები მეტად მძაფრად ევნებიან ცილისწამებისაგან, განკითხვისაგან, ჭორისაგან, დაცინვისა თუ ცრუმოწმეობისგან, - კარგავენ სამსახურს და არსებობის სახსრებს, ზოგჯერ კი, რაკი ძალი არ შესწევთ გადაიტანონ საშინელი ცილისწამება, თავსაც იკლავენ. ცრუმოწმეობით და ცილისწამებით თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიიყვანეს ჯვარზე ვნებამდე და სიკვდილამდე, იმგვარ სიკვდილამდე, რომელიც ყველაზე სამარცხვინოდ ითვლებოდა. ასე რომ, საშინელი ბოროტებაა ცილისწამება; წმინდა წინასწარმეტყველი მეფეც ევედება ღმერთს ცილისწამებისაგან ხსნას: "მიხსენ მე ცილის-წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნიო" (ფსალმ. 118,134).
კვალად შემდგომ უფალი ბრძანებს: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. მშობლებისადმი პატივსცემისათვის უფალი დღეგრძელობასა და კეთილდღეობას ჰპირდება ადამიანს. მშობლებისგან ჩვენ დავალებულნი ვართ სიცოცხლით და აღზრდა-განათლებით, ყოველ შემთხვევაში - თავდაპირველით მაინც. თითქოს ადვილი და ბუნებრივია მშობლების პატივისცემა, მაგრამ, განსაკუთრებით კი ჩვენს დროში, ხშირად პირიქით ხდება - შვილებს უმძიმთ ხოლმე მშობლების შენახვა, მაშინაც კი, როცა საარსებო საშუალებანი აქვთ, უარს ამბობენ მათ მოვლა-პატრონობაზე, პატივისცემაზე, არაფრად აგდებენ მათ სიყვარულს. ვაი ესევითარ შვილთ, თუკი გონს არ მოეგებიან აწინდელს ცხოვრებაშივე, რადგან აქვე, ამქვეყნადვე დაისჯებიან, ხოლო იმქვეყნად დაუსრულებელი ტანჯვა იქნება მათი ხვედრი. მათ მიმართ იქნება ნათქვამი მოციქულის სიტყვები: "არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ (I კორინთ. 6,10).
გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, - გვეუბნება უფალი კიდევ ერთ საღმრთო მცნებას. ანუ ისევე გაუფრთხილდი მოყვასს, როგორც საკუთარ თავს უფრთხილდები; იგივე უსურვე მას, რასაც საკუთარი თავისთვის ინდომებდი, და ისევე მოექეცი მას, როგორც ისურვებდი, რომ სხვები გექცეოდნენ შენ; ისევე ილოცე მისთვის - ცოცხალისა თუ გარდაცვლილისათვის, როგორც საკუთარი თავისათვის ილოცებო; მისთვისაც ისევე ჰქმენი კეთილი და სასარგებლო რამ, როგორც საკუთარი თავისთვის იქმ, რამეთუ ჩვენ ყველანი ერთი ზეციური მამის - უფალი ღმერთის შვილები ვართ, გამოსყიდულნი იესო ქრისტეს ერთი სისხლით, ერთი დედის - წმინდა ეკლესიის შვილები, ყველანი საერთო სასუფეველს ვსასოებთ და მოველით.
აი, როგორი მცნებები მიიყვანებენ ადამიანს საუკუნო ცხოვრებად!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი