იხარებდე, ცაო და გოდებდე ჯოჯოხეთო! მისი წმინდა ბაგა სამარეა ბოროტებისა! დღეს ზეიმობს კოსმოსი, ანგელოზნი და ადამის ძენი, შობა - ევას გლოვის დასასრული და ადამის ღმერთთან შერიგებაა...
მთელი სამყარო დუმს ამ საიდუმლოთა საიდუმლოს ხილვით, მარადისობა მოვიდა დროში, რომ დროში მყოფნი მარადისობაში შესულიყვნენ, ღვთაებრივმა ყრმამ თავისი შობით ხელმეორედ გვშვა ყველანი მადლსა და უკვდავებაში...
"მშვიდობა შენდა! იშვა ქრისტე, ადიდეთ, ვისაც რით ძალგიძთ: ზოგმა შრომით, ზოგმა - გალობით, მე და შენ კი - დათმენით!
ქრისტე ამას ისევე მიიღებს, როგორც ანგელოზთა ქებას, შობისას რომ უძღვნეს მეფეთა მეფეს და უფალთა უფალს, როდესაც იგი, სრულიად უმწეო, ახალშობილი მწყემსთა მინდორზე, ბაგაში იწვა და რა ელოდა? მწუხარება, შიმშილი, ლანძღვა, გვემა, წყლულები, მიუსაფარი ცხოვრება, ჯვარზე ვნება და ბოლოს - სიკვდილი...
ბაგაში მყოფი, საფენებში გახვეული ჩვილი უფალი ამ ყოველივეს უკვე ჭვრეტდა. ჩვენც მცირე ხნით დავითმინოთ ჩვენთვის ვნებული უფლის გულისთვის და მასთან ერთად განვდიდდებით" (ანატოლი ოპტელი).
გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
- მამა ზაქარია, რას ნიშნავს "ალილო"?
"ალილო" ალილუიადან მომდინარეობს, რაც, მოგეხსენებათ, "დიდება შენდა ღმერთოს" ნიშნავს და საშობაო სამახარობლოს ხალხური ვარიანტია.
ეს მართლაც დღესასწაულთა დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ტაძრები ვერ იტევს და გარეთ გადმოიღვრება.
- როგორ შეხვდა სამყარო და ძველი ადამიანი ქრისტეს?
- უმთავრესი ის გახლავთ, რომ ღმერთი განხორციელდა და იმისთვის დაკნინდა, რომ ადამიანი აღემაღლებინა, პირუტყვის ბაგაში იშვა, რომ ჩვენ ვშობილიყავით სასუფეველში, ჩვენს განსამდიდრებლად დაგლახაკდა და ჩვენს ასამაღლებლად დამცირდა, ყველაზე უარესი ტკივილებით იგვემა ჩვენი იარების მოსაშუშებლად, მარადისობა მოვიდა დროში, რომ წარმავლობაში მყოფნი მარადიული სიცოცხლისათვის ვშობილიყავით...
ქრისტე ყველაზე დამაშვრალთა, განდრეკილთა და შეურაცხყოფილთა ნუგეშად განკაცდა და განა ამაზე დიდი სიხარულის წარმოდგენა შესაძლებელია?
უფალთან სამყაროს შეხვედრა არაერთგვაროვანი იყო: ერთი მხრივ, მხსნელს იგი გულგრილად შეხვდა, თითქოს არც კი შეიმჩნიაო... სახარებიდან ხომ კარგად გახსოვთ, რა რთული გზა განვლო ზამთრის სუსხში წმინდა ოჯახმა...
მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, თუ როგორ განიხარა მისი შობით მთელმა კოსმოსმა. იქ, სადაც ადამიანებმა მათთვის მოსული ყველაზე დიდი საოცრება ვერ იხილეს, უტყვმა ბუნებამ მიიღო. სწორედ ანგელოზთა გალობა, მწყემსთა სიხარული და მოგვთა თაყვანისცემა არის ამის მანიშნებელი.
სამყარომ, სამწუხაროდ, დაკარგა ორგანო, რისი წყალობითაც უფალს იგრძნობდა და მიიღებდა. მისთვის იმპერატორთა გართობანი და სანახაობები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მხსნელის დაბადება.
სწორედ ამაში გამოვლინდა მისი დაცემა და სულიერებისადმი უგრძნობელობა. მაგრამ ვინც უნდა დააკნინოს ქრისტეს მნიშვნელობა, კაცობრიობა მის გარეშე წარმოუდგენელია. მთელი სამყაროს ბრძენკაცთა ცოდნას ხომ მაცხოვრის ერთი გამონათქვამი იტევს. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, რომელთა ვერ იცნეს შემოქმედი, ქმნილება გაიხადეს ღმერთადო და ეს თვისებები თავადვე ამხელს კაცობრიობას, რადგან აზროვნება ზნეობასთანაა მჭიდრო კავშირში.
წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედია უნდა მომხდარიყო სამყაროში, რომ მის გამოსახსნელად შემოქმედის განკაცება გამხდარიყო საჭირო.
თუ დავუკვირდებით, რაც უფრო განვითარებულია სამყარო, მით გარყვნილია. თანადროულობის დასახასიათებლად, მოციქული პავლე ბრძანებდა: უმჯობესია, წარმართთა მანკიერებებს დუმილით ავუაროთ გვერდიო... ადამიანი, საუბედუროდ, ცენტრიდანულ ძალთა ველად იქცა.
ეს ყოველივე უფლის და მისი გზის დაკარგვის შედეგი იყო. წარმართთა ფილოსოფია, განწმენდა და ლოცვა ცრუ, არასწორ მიზანს მსახურებდა, რადგან ადამიანში ღვთის ხატების აღდგენას არ გულისხმობდა.
- მამა ზაქარია, როგორ ემზადებოდნენ შობისათვის ძველი ქრისტიანები და რა გრადაცია განიცადა ამ დიდი დღის აღნიშვნის ტრადიციამ?
- რამდენადაც მახსოვს, მოციქულთა დროიდანვე შობა და ნათლისღება ერთად აღინიშნებოდა, იმდენად მჭიდრო კავშირშია ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან და მხოლოდ გვიან, III-IV საუკუნეებში მოხდა მათი განყოფა.
თუ დააკვირდებით, მათ მსგავსი ტიპიკონები აქვთ. რომ არა შობა, არ იქნებოდა არც ნათლისღება, რომლის წყალობითაც ყველა იმ მადლის და სიწმინდის ზიარნი ვართ და საკუთარ თავში უშუალოდ განვიცდით, რაც მაცხოვარმა მიწაზე მოიტანა.
- გამოდის, სამყაროში სიახლე შემოვიდა...
- შობის შემდგომ სამყაროში მადლი შემოვიდა... სწორედ ეს არის სიახლე.
როგორც ერთ-ერთი დიდი მამა ამბობს, ძველი აღთქმის მამამთავრები ამ მადლს მოკლებულნი იყვნენ, ჩვენ ქრისტე გვყავს, მადლი გვაქვს, მაგრამ იმათ მაინც ვერ ვედრებითო...
ყოველი კაცი ქრისტეს შობით და, შემდგომ, ნათლისღებით, ეზიარება იმ დიდ სასწაულს და მადლის იმ საცავს, რომელსაც წმინდა ეკლესია ჰქვია და რომელსაც ხელშეუხებლად გადასცემს ადამიანებს. ის, ვინც მას რწმენით, სიმდაბლითა და სინანულით მიეახლება და განიწმინდება, ამ მადლს თანაეზიარება.
სამწუხაროდ, მრავალი ჩვენგანი, როგორც უმადური მასპინძელი, წუთისოფლიდან ისე მიდის, რომ უფალს სულის კარს არ უღებს. ჭეშმარიტი ქრისტიანობა ხომ მადლში შობა და ზრდაა.
სახარებისეული თხრობა ჩვენს გულში უნდა პოულობდეს ასახვას და გამოვლინებას. ვისთვისაც ქრისტე გულში არ შობილა თავისი ცხოვრებით არ ეძიებს მას, მისთვის არც ხორციელად, დროში შობილა იგი.
ალილო თბილისში
- როგორია დღევანდელი "ალილო", როგორ ემზადება შობისათვის ჩვენი დროის ეკლესია? ალბათ, ძველებს, ჩვენგან განსხვავებით, უფრო ცხოველი სიხარული ჰქონდათ...
- პირველ ქრისტიანთა დიდი სიხარული წმინდა ეკლესიამ ცხადად გამოხატა - შობას წინ მრავალდღიანი მარხვა წარუმძღვარა, რაც, თავისთავად, განსაკუთრებულ სამზადისს გულისხმობს, მაგრამ ყველაზე უკეთ ეს მოლოდინი საშობაო ლიტურგიაში გამოიხატა: მასში საუკეთესო ჰიმნოგრაფია, მიძღვნა და შემოქმედებაა ჩადებული და მასზე უკეთ ქრისტეს დაბადებას ვერვინ გადმოსცემს. ხშირად კი, სამწუხაროდ, ეს არამიწიერი სიხარული მხოლოდ წამიერად თუ გაიბრწყინებს ხოლმე ჩვენს გულებში შობა ღამის ლიტანიობისას, არადა, მთელი მარხვა მიწყივ უნდა შეგვახსენებდეს, რომ შიში უკუვაგდოთ, სასო არ წარვიკვეთოთ, არ ვწუწუნებდეთ და უფლის ყვედრების ნაცვლად განუწყვეტლივ ვმოღვაწეობდეთ და ვეძებდეთ ქრისტეს, რადგან ახალი ცხოვრება იშვა.
აი, რას წერდა ამის შესახებ წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე: "წმიდა ეკლესია უდიდესი სიყვარულით და სითბოთი გვამზადებს, რათა მივეგებოთ შობის წმინდა დღესასწაულს. საამისოდ მრავალი დღის მარხვა დააწესა, რათა სულიერად და ხორციელად განწმენდილნი ღირსებით შევეგებოთ ქვეყნად მოსულ ქრისტეს. ყოველი საღმრთო საკითხავი, საგალობელი და ლოცვა, რომელიც ტაძარში გვესმის, მარხვის მანძილზე წინასწარ გვახარებენ, გვამზადებენ და მოასწავებენ ქრისტეს შობას.
თუკი ეკლესია ასე ცდილობს ჩვენს მომზადებას, მაშინ ჩვენც ვალდებულნი ვართ, ვეცადოთ, განვამზადოთ გული და გონება უფლის მისაღებად".
- როგორც ღვთისმეტყველნი განგვიმარტავენ, უნდა განვასხვაოთ ქრისტეს შობა მარადისობაში ("მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა") და დროში (ქრისტეს შობა ბეთლემში), ღვთის მოვლინება ისტორიაში და ადამიანის სულში... თანამედროვე რაციონალისტურ ცნობიერებას ხშირად იმის განმარტება სჭირდება, რომ ქრისტე 2010 წლის კი არ არის, დაუსაბამოდ არსებობდა...
- რას ნიშნავს, ქრისტე ჩვენს გულებში უნდა იშვას? უფალი ყოველთვის იბადება, როდესაც რწმენა გვიახლდება, ცოცხალი და ნამდვილი რწმენა. მამები გვმოძღვრავენ, - ყოველწამიერ განაღვიძეთ თქვენს გულში შობა და შეგრძნება უფლის არსებობისა, რადგან ამ დროს ჩვენში ახალი ცხოვრება ცოცხლდებაო...
ხოლო თუ ქრისტე ცოცხლდება, რისი უნდა გვეშინოდეს? შობის მარხვა განსაკუთრებულად შეგვახსენებს, რომ ეს შეგრძნება მკვდარი და მექანიკური არ უნდა იყოს და ცოცხალი, ფხიზელი ქრისტიანობისკენ მოგვიწოდებს.
მოციქული პავლე და სხვა მამებიც ძალზე ხშირად იმეორებენ, რომ უფალი, რომელიც ჩვენდა სახსნელად იშვა, ჯვარს ეცვა, მოკვდა და მკვდრეთით აღსდგა, ჩვენთვის არასდროს არაფერს დაიშურებს, მაგრამ ყველაფერს ჩვენი საქმე უნდა უძღოდეს.
ძველ მამამთავრებს ღვთის უდიდესი მფარველობა ჰქონდათ, მაგრამ, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, ისინი ცოცხალ სარწმუნოებას, კეთილ საქმეებს, სიყვარულს, სიმდაბლეს და მოთმინებას უჩვენებდნენ უფალს და მხოლოდ ამის შემდგომ იღებდნენ ამ სიკეთეს.
სამწუხაროდ, შობისათვის სათანადოდ მაინც ვერ ვემზადებით, ეს პროცესი რაღაცნაირად, ინერციით, მექანიკურად მიმდინარეობს და სათანადო სიღრმე და შედეგი არ ახლავს. ჩვენში არ ჩნდება სულისმიერი ნიჭები, სწრაფვა სრულქმნილებისაკენ, და ღვთის შემეცნების სიხარული, რაც სოციალურმა თუ პოლიტიკურმა კრიზისებმა, მატერიაში შთაფლვამ, ყოველდღიურმა საზრუნავებმა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულიერ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის სირთულემ შეანელა.
რაღა თქმა უნდა, შობა ისტორიულადაც მოხდა, მაგრამ ეს მარადიული პროცესია, რომელიც არც წყდება და არც სრულდება, რადგან ყოველთვის, როდესაც ადამიანი სულიერად იღვიძებს, მუდმივად განახლდება და ეხება მარადისობას.
- მამა ზაქარია, თვით შობის სიხარულიც ხომ ერთი ამ ნიჭთაგანია?
- დიახ, ასეა, მაგრამ ეს ძველი ეკლესიის და იმ ადამიანთა სიხარულის ნაყოფია, რომლებმაც შობა მთელი გულით განიცადეს. იმ სიღრმესა და სიხარულთან შედარებით, რაც მათ ლიტურგიას გადასცეს, ჩვენი "ალილოს" შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ თუ ეკლესიურ ცხოვრებას შევუდგებით, ნელ-ნელა, ეგებ, ჩვენც ვემსგავსოთ მათ.
რაც შეეხება ქრისტეს ასაკს, ამგვარი მიდგომა, ძირითადად, ახალგაზრდობას ახასიათებს, მაგრამ ის, ვინც ეკლესიურ აზროვნებას ეზიარება, ეს საიდუმლო ნელ-ნელა გასაგები ხდება. ადამიანური ლოგიკისათვის ის, რაც შობით მოხდა, გაუგებარი და არაბუნებრივია, მაგრამ კაცთათვის შეუძლებელი, ღვთისთვის შესაძლებელია და თუ სამყაროს დავუკვირდებით, აუცილებლად ვიხილავთ შემოქმედს, მის უხილავ ძალას და უკიდეგანო შესაძლებლობებს. განა, ეს უზარმაზარი კოსმოსი, რომელშიც ამდენი წესრიგი და ჰარმონიაა, ან ადამიანის საოცარი აგებულება, უბრალო დამთხვევების ნაყოფია? მხოლოდ უდიდესი დამაჯერებლობის მქონე სახარების ტექსტი და ენა კმარა ამ საიდუმლოს მისაღებად. და კიდევ ერთი რამ: რწმენის ნაყოფი - მადლი არ იმალება, უხილავად გვიზიდავს, განგვწმენდს, ფერს გვიცვლის უფალში და წინ მიგვიძღვის შემეცნების ურთულეს გზაზე, რადგან შეუძლებელია, ეკლესიისა და მადლის გარეშე ღმერთი შევიმეცნოთ.
ახლადმოქცეულ ადამიანებს მსურს, ვუთხრა, რომ თუ ეკლესიურად ვიცხოვრებთ, უფალი დროთა მანძილზე ყველა საიდუმლოს გაგვიხსნის. მოგეხსენებათ, შემეცნების ყველა ფორმას თავისი პრინციპი აქვს. სულიერ შემეცნებას ის პრინციპი ახასიათებს, რომ ადამიანს ყველაფერი უფლისაგან ეძლევა და იმას, ვინც სულიერ ცხოვრებას ეძიებს და მცნებებს ასრულებს, შემეცნებაში ყველაფერი ეძლევა, ხოლო ის, ვინც ამ პრინციპის გარეშე განუწმენდელი და ამპარტავანი გონებით შეეცდება, ჩასწვდეს ჭეშმარიტებას, ცნობიერებას დაიმახინჯებს და ამაოდ დაშვრება.
ამ გზაზე პირველი პრობლემა რწმენის უქონლობაა, სხვა შემთხვევაში კი - სულ სხვა რამ: კი გვწამს და გვჯერა უფლის, მაგრამ ცოდვები, სიზარმაცე, შეზღუდულობა და მიწისადმი მიჯაჭვულობა გვაბრკოლებს. ძირითადად, ეს მეორე ფაქტორი გვიშლის ხოლმე ხელს, ანუ, არ ვმოღვაწეობთ, არ გაგვაჩნია მოშურნეობა და ჩვენი სისუსტე ახშობს ამ მარცვალს, მსგავსად იმ თესლისა, ეკალბარდში რომ შთავარდა...
უმეტესი ჩვენგანი ის სამი უნაყოფო მიწა ვართ - ან კლდე, ან ეკალბარდი, ან გზა, რომელიც კეთილ თესლს განაბნევს. მეოთხე, ნოყიერ მიწად რომ ვიქცეთ, ცხონების დიდი სურვილი და უფლის სიყვარული გვჭირდება. თუ საკუთარ სულს დავამუშავებთ, ვიმოღვაწებთ და მცნებებს აღვასრულებთ, ღვთის სიტყვისათვის ნაყოფიერ ნიადაგად ვიქცევით.
წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა, - აბრაამს ყველა სათნოება მადლის, ქრისტეს გარეშე გააჩნდა, ჩვენ კი არც ერთი სათნოება არ გვაქვს და არც გვინდაო... სამწუხაროდ, ბევრი მხოლოდ გარეგნულად გაქრისტიანდა, ამიტომ გვიჭირს ასე სათნოებათა მოხვეჭა.
- მამა ზაქარია, ბევრი დღემდე კითხულობს, რად აღინიშნება ჩვენში შობა 7 იანვარს და არა, როგორც სახარება გვაუწყებს, 25 დეკემბერს?
- ეს, ძირითადად, კალენდარული "რეფორმის" ბრალია. შობას ეკლესია 25 დეკემბერს აღნიშნავს, უბრალოდ, იგი ძველი კალენდრით ცხოვრობს. მოკლედ თუ ვიტყვით, 25 დეკემბერი და 7 იანვარი ერთი და იგივე თარიღია და განსხვავება ზემოთ ხსენებული რეფორმით განყოფილ ძველსა და ახალ კალენდრებშია.
- როგორ უნდა მივულოცოთ ეს დღე ერთმანეთს?
- თავისთავად, უდიდესი რამაა, რომ ჩვენში შობას ასე აღნიშნავენ, ყოველი კუნჭული ამ სიხარულითაა გაჟღენთილი... ეს უზარმაზარი ბედნიერება და მადლის გადმოღვრაა დედამიწაზე, მაგრამ ეს სიხარული და ახალი სიცოცხლე რომ ჩვენში დაიბადოს, საჭიროა მოღვაწეობა, თავგანწირვა და არჩევა უფლისა, როგორც მთავარი ორიენტირის და მიზნის, თუმცა, მხოლოდ არჩევანის გაკეთება არ არის საკმარისი, საამისოდ გმირობაა საჭირო, რომ ყოველი წინაღობა - დაცემული აზროვნება, კულტურული ნალექი, შეზღუდულობა, მითები და მატერიასთან მიჯაჭვულობა დავძლიოთ.
უფალი ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე... სწორედ ეს გზა უნდა ვეძებოთ და არაფერმა უნდა დაგვათმობინოს იგი. ეს მცირე გმირობა ყველამ უნდა აღვასრულოთ, ნახევარი თავგანწირვით არაფერი გამოვა. უფალი მოშურნეა და სურს, ადამიანმა ეს მისთვის გააკეთოს, რადგან სანაცვლოდ შეუდარებელ სიკეთეებს ჰპირდება.
სწორედ ამას ვუსურვებდი ყველას.
ქართული სიტყვა "გამარჯობა" მხოლოდ ხილულ თუ უამრავ არაკეთილმოსურნე მეზობელზე კი არა, ცოდვებზე, ცხოვრების არასწორ წესზე და დაცემულ ბუნებაზე გამარჯვებას გულისხმობს. თუ ჩვენში რწმენა არ დაიბადა, წყვდიადში ვგიებთ. სწორედ ამ ნათელს შობს ჩვენში ქრისტე.
მაცხოვრის დაბადებით მარადისობისათვის უნდა ვიშვათ, რისთვისაც სინამდვილეში შექმნილნი ვართ.