თითოეული თავისებურად გამოხატავს თავის შინაგან, სულიერ მდგომარეობას.
განსაცდელსაც და სიხარულსაც ყველა ინდივიდუალურად ამჟღავნებს. ზოგიც მდუმარედ ეგებება სიხარულს თუ მწუხარებას და მადლობას სწირავს უფალს. სულიერი მდგომარეობის გამოხატვის სხვადასხვა ფორმები ხშირად აისახება ხოლმე ადამიანის გარეგნობაზე და მოყვასთან ურთიერთობის დროსაც. ეკლესიის სწავლებით, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. არც გადამეტებული მწუხარება და სიხარულია ღვთისთვის მოსაწონი.
გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
- მარადის ვიგლოვდეთ ცოდვათა ჩვენთა, მაგრამ ვმხნეობდეთ და გვიხაროდეს, რამეთუ მხსნელი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და დადგება ჟამი საყოველთაო აღდგომისა. ღირსი მამა ეფრემ ფილოთეველი ბრძანებს: შენი შინაგანი მწუხარება გლოვის შესახებ სასარგებლოა თუ არა? გეუბნები: "ძალიან სასარგებლოა, რადგან ცოდვისაგან გიცავს, განსაკუთრებით კი სოფლის სიყვარულისა და ტკბობისაგან, რაც ღვთისთვის უცხოა. მაგრამ აქაც გულისხმისყოფაა საჭირო, რომ მწუხარება ზღვარს არ გადასცდეს და საზიანო არ გახდეს. აი, ერთი ნიშანი: როცა შენს ძველ ცოდვებზე ფიქრისას წუხილი დაწესებულ ზღვარს სცილდება და სასოწარკვეთამდე მიდიხარ, მაშინ ღმერთს ულმობელ დამსჯელად მიიჩნევ, რაც უმეცრებაა. ღმერთი მამასავით გვზრდის, ეს ამგვარად ესმის ქრისტიანს, როცა მისი მწუხარება ზომიერია. ამიტომაც ყველაზე მაღლა გულისხმისყოფა დგას, რომელიც როგორც ზედმეტობის, ისე ნაკლულევანებისაგან გვანთავისუფლებს.
უფალმა მოყვასის ცოდვათა მისატევებლად სამოცდაათის შვიდგზის მიტევება გვიბრძანა. ეს საგულისხმოა, რადგანაც უფალმა თვისი ყოვლადმოწყალების და სრულყოფილებისაკენ გზა გვიჩვენა, გზა, რომლითაც ადამიანი შინაგან ბედნიერებას იგრძნობს. შინაგანი ბედნიერება ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიგლოვდეთ საკუთარ ცოდვებს, პირიქით ამ ზომიერი გლოვის სწავლებისთვის მადლობას ვწირავთ უფალს და გვენიჭება სიხარული, რამეთუ მას ძალუძს, რომ მოგვიტევოს ცოდვები მისი უსაზღვრო მოწყალებით. ქრისტიანი უნდა მოერიდოს ინტერესს, ამსოფლიური ცოდვითი ინფორმაცისაგან რომ მოედინება, რადგანაც ინტერესი ოცნებას ბადებს, ხოლო ოცნება ევას მდგომარეობაში გვაგდებს, დაცემის დროს რომ იწვნია.
ბერი იოსებ ვათოპედელი ბრძანებს: "თავად ევა, რომელიც ღმერთმა უვნებო შექმნა, მოტყუვდა: "შვენიერ იყო ხილვად და კეთილ საჭმელად, რომელმან იგი მომაკვდინა მე,"-იგალობება საეკლესიო ჰიმნებში. ვაცნობიერებთ რა საკუთარ მერყეობასა და უძლურებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. შევევედროთ "შემძლებელს ცხონებად".
ნეტარ არიან წმინდანი გულითა... ღვთის ხილვა სიწმინდის მაძიებელ ადამიანს შეუძლია, ხოლო ვინც სასოწარკვეთილ მწუხარებას სინანულს ეძახის, ეს უკვე თავად დაცემაა და სინანულის გრძნობისაგან შორს მდგომი. ამიტომაც მწუხარება მარადიულად იმეფებს ჩვენს გულში და სასოწარკვეთილი ბუნების მატარებელი ადამიანისათვის ქრისტეს აღდგომა სიცოფედ იქცევა. ეშმაკი მოატყუებს და მარადიულ ჯოჯოხეთისაკენ წაიყვანს. შინაგანი სასოწარკვეთილი მწუხარება თავად ამსოფლიური ჯოჯოხეთია, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: "ადამიანი ამ სოფლიურადაც შეიძლება თავის თავში იმყოფებოდეს ჯოჯოხეთში. "ქრისტეს ხსენებას ადამიანში უნდა შემოჰქონდეს ნათლის სიტკბოება, რადგანაც მისით განვმართლდებით.
ამბა ისაია გვირჩევს: "თუკი ვინმე რაიმეს უსარგებლოს გეუბნება, არ ისურვო მისი მოსმენა, რათა საკუთარი სული არ დააზიანო. ნუ იტყვი, რომ ასეთ შემთხვევაში შენი სული არ შეიწყნარებს ამ საუბარს, შენ არ აღემატები პირველქმნილ ადამს, რომელიც ღმერთმა საკუთარი ხელით შექმნა და ხედავ, თვით მისთვისაც კი არ იყო სასარგებლო ბოროტი საუბრის მოსმენა." ეკრძალენით მათ ვინც გაცდუნებთ და შეუძლიათ, რომ საკუთარი შეხედულებების მორევში გაგხვიოთ.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს: "არ უთხრა საკუთარ თავს სულიერი მოწყინებისა და სისუსტის ჟამს: "მე მძიმე ცოდვებში ჩავარდნილი, ხანგრძლივი ცხოვრებით მანკიერი ჩვევები მოვიხვეჭე, რომლებიც დროთა განმავლობაში თითქოსდა ჩემს ბუნებრივ თვისებებად გადაიქცნენ და სინანული შეუძლებელი გახადეს". (ღირს. მაკარი დიდი) ამ პირქუშ აზრებს შენი მტერი შთაგაგონებს, შენ მიერ ჯერ კიდევ შეუმჩნეველი და შეუცნობელი. მან იცის სინანულის ძალა და ეშინია ამ ძალამ მისი კლანჭებიდან არ გამოგიტაცოს. ამიტომაც ცდილობს სინანულისგან შენს განშორებას, გაეჭვებს რა ღმერთის ყოვლის შემძლეობასა და კურნების ძალაში."
სინანულის დამდგენელი შენი შემოქმედია, რომელმაც არაფრისგან შეგვქმნა. მით უმეტეს შეუძლია მას შენი გარდაქმნა და შენი გულის შეცვლა. ცოდვისმოყვარე გულის ნაცვლად იგი ღვთისმოყვარე გულს ქმნის, ხორციელი ბოროტის მზრახველი, ავხორცი გულის ნაცვლად კი წმინდა, სულიერ, წრფელ გულს.
როდესაც შინაგან ჭირს დაძლევს ქრისტიანი, შემდგომ ეტაპზე უყალიბდება სულიერი სიმტკიცე, რომლითაც ბედნიერების უმაღლესი განცდა ეძლევა, რომელსაც ჰქვია ღვთის ცოცხლად შეგრძნების საიდუმლო. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი. სწორედაც ამ სიტკბოების განცდა შემოდის, როდესაც ცოდვა მარცხდება და იწყება ჭეშმარიტი თავისუფლება.
ყოველ ადამიანს გააჩნია ჩვევები კარგი და ცუდი. ცუდი ჩვევების დამარცხება ქრისტიანის უპირველესი ვალია, რათა იცხოვროს ღმერთში. შინაგანი მწუხარება თანამედროვე ადამიანისათვის განსაკუთრებულად დამახასიათებელი თვისებაა, რადგანაც ღვთისაგან განდგომილი არის ბუნება და ეს განდგომილება თავისთავად ქმნის მწუხარებას. ღმერთი იმედია თავისი აღდგომითა და განახლებით, ხოლო, როდესაც ცოცხალი რწმენა არ არსებობს, თავისთავად იქმნება სარწმუნოებრივი ილუზია, რაც ამწუხრებს ადამიანის სულს. წმინდა ანდრია კრიტელი ბრძანებს: "სული მოვკალ მე არა ღირსმა და არა მრცხვენის". სულიერი ცხოვრების უმთავრესი ხერხემალი სარწმუნოებრივი სიხარულია და შინაგანად ამაღლებული ის განცდა, რაც ცოდვათა მიმართ გვაქვს, თავისთავად ქმნის სინანულის უკვდავ ნაყოფს. ამიტომ ამ სინანულის მადლიერნი უნდა ვიყოთ. ქრისტეს მიმართ მადლიერება სიხარულს მოგვანიჭებს და გაგვამხნევებს.
დღეს სახარებისეული ცხოვრების მიმდევართა ორი ჯგუფი არსებობს, - ერთნი, რომელიც ცხოვრობენ მცნებებით და განადიდებენ თავიანთი ცხოვრების წესით ღმერთს და მეორენი, რომლებიც ამბობენ, მე მცნებების დაცვა არ შემიძლია და თავს მაინც თვლიან მართმადიდებლებად. როდესაც ასეთი მიდგომა არსებობს "ქრისტიანი" ქმნის თავისებურ ახალ მცნებათა სისტემას, რომელიც ფშვინვიერია და ღვთისაგან შორს მდგომი. ასეთ შინაგან განწყობას ახლავს მწუხარება და დრტვინვა. ზოგსაც ჰგონიათ, რომ ღმერთი ბატონია და როგორც მამას ისე ვერ შეიცნობენ, ამიტომაც ყალიბდება ადამიანში უძლურება შინაგანი ძალებისა და ბრძოლა ცოდვის წინააღმდეგ. არაადამიანური პირუტყვული ვნებებით აღსავსე საზოგადოებაში მცხოვრებმა მართალმა ლოთმა, საკუთარი თავი უდიდესი მოთმინების მოღვაწედ წარმოაჩინა, ის არასდროს დრტვინავდა და ერთხელაც არ უღალატნია საკუთარი პრინციპებისთვის, ბრძანებს ბერი იოსებ ვათოპედელი. ასევე ნიშნად და მაგალითად უნდა აიღოს ქრისტიანმა ლოთის ეს ცხოვრების წესი. ის ბედნიერი ადამიანი იყო, რადგანაც მისი სახლეულიც ასეთი სიწმინდით ცხოვრობდა, მაგრამ ცოლი მისი ქვის სვეტად იქცა, როდესაც უკან მიიხედა თუ რა ემართებოდა მის საყვარელ ქალაქს, როგორ ნადგურდებოდა ის. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ლოთის ცოლს მოსწონდა და უყვარდა სოდომელთა ქალაქი, მაგრამ ქმრის შიშით ვერ ბედავდა ქალაქელთა ცხოვრების წესით ეცხოვრა, მაგრამ შინაგანად მასში იყო სიყვარული ცოდვისა, ამიტომაც დაისაჯა იგი. შიში უფლისა არს უმთავრესი ნიჭი ადამიანში, რომელიც განაპირობებს ქრისტიანის ჯანსაღად განვითარებას რელიგიურ ცხოვრებაში. ადამიანთა შიში საშიშია, რადგანაც ღვთის შიში იჩრდილება გულში. ბოროტ აზრებთან ბრძოლა ამიტომაც არის აუცილებელი, რათა შინაგანად არ ვმონებდეთ ცოდვას და არ ვიყოთ განწირული დაღუპვისათვის, როგორც ლოთის ცოლი. შინაგანი პროცესის მეთვალყურეობა ქრისტიანს განაშორებს იმ უკონტექსტო მწუხარებისაგან, რომელიც ტკივილს ანიჭებს შინაგან სამყაროს და ადამიანს ჯოჯოხეთში აცხოვრებს. ჯანსაღი რწმენა გადაარჩენს ადამიანს, რომელიც თან დაგვდევს, როგორც აჩრდილი მწუხარებისა.
ბერი ეფრემ ფილოთეველი ბრძანებს: "შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილის ცოდვამ დედის სიყვარულს სძლიოს? თუ დედას ასე უყვარს შვილი, როგორ უსაზღვროდ ვუყვარვართ ღმერთს, რომელმაც სიყვარული საქმით გვიჩვენა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის. პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი და სინანულმა აღადგინა იგი. ქრისტიანთა დიდი მდევნელი, პავლე მოციქული, სინანულის გზით მოციქულთა თავი გახდა. მეძავები, ავაზაკები, მეზვერეები და ათასი სხვა დამნაშავე სინანულით განიწმინდა. ამიტომ სევდა და სინდისის გადამეტებული ქენჯნა მოიცილე, იმედით აღივსე, გამხნევდი და სასოწარკვეთის ყოველი გულის სიტყვა განაგდე. როგორც უნდა ვიტანჯებოდეთ, მოვა დრო, როცა ყველაფერი დასრულდება და თითოეული თავისი შრომის შესაბამის განსვენებას მიიღებს. გიჭირს? გტკივა? მწუხარების სიმძიმისაგან ტირი? დაიღალე? გამხნევდი, ღვთის სასუფეველი ასე მოიპოვება. მაგრამ თუ სავსებით მოსვენებული ხარ და ღმერთი არ გახსოვს, მაშინ იდარდე, რადგან ღვთისკენ მიმავალ გზას ასცდენიხარ. ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან. მწუხარებით, სინანულით, ტანჯვით განუწყვეტლივ ვიღლებით. ეს ქვეყანა, რომ შევიძულოთ და ის სოფელი ვისურვოთ, სადაც ღმერთს ქერუბიმნი და სერაფიმნი ადიდებენ, სადაც ნამდვილი განსვენება, ნეტარი ნათელი და დაუღამებელი დღეა. ყველაფერი აქაური მარადიულთან შედარებით წყვდიადი და საძაგლობაა. ნეტავ ღმერთმა სულიერი სიბრძნე მოგვმადლოს, რომ ყოველთვის მარადიული, უსაზღვრო სიკეთის "ტკბილი ღმერთი" ავირჩიოთ".
ეს დიდი ღმერთშემოსილი მამა სწორედაც თავისი უდიდესი სულიერი გამოცდილებით გვმოძღვრავს და გვანახებს სასუფევლის უდიადესობას უბრალოდ და მისაწვდომად. ასე უბრალოებით შევიმოსოთ გული ჩვენი და დავინახავთ, რომ მწუხარების უფლება არა გვაქვს და თავად ზედმეტი მწუხარება ცოდვაა და უიმედობის წყვდიადი, რომელსაც სინათლის ნაპერწკალი არა აქვს. ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ, როდესაც რაიმე აზრს გულში შფოთი და განცდები შემოაქვს, არ არის მისაღები. აღსარების დროს ადამიანმა აუცილებლად უნდა ისაუბროს უკეთურ გულისთქმებზე, არ შეიძლება ეს მხოლოდ ერთი სიტყვით გადმოვცეთ, ამას შინაგანი ძიების და სიღრმის ზემოთ ამოტანა სჭირდება, რათა შევუთანხმოთ სულიერ მამას ჩვენი ნააზრევი, რამდენად მისაღებია ის უფლისთვის და რამდენად მაცხოვნებელია ჩვენი ფიქრები და მისწრაფებები. ეს რომ დაინახოს მღვდელმსახურმა, მასაც უნდა გააჩნდეს სულიერი გამოცდილება და უნდა იყოს დიდი მასწავლებელი და სიწმინდისაკენ მსწრაფველი. სიწმინდე ეს ყველაზე დიდი გამოცდილებაა, გულის განთავისუფლება სწორედაც სიწმინდის ძიების მოხვეჭის დაუსრულებელი პროცესის დროს ხდება. ყბადაღებული თანამედროვეობისთვის მისაღები თავისუფლების გულში შემოშვება თავისი ბუნებით მწუხარებას ანიჭებს ჩვენს სულს, რადგანაც სული სწორად განიცდის მოახლოებულ ჯოჯოხეთს, ხოლო გონება, რომელიც ღმერთად გვყავს აღიარებული, ამ განცდას მყისიერად ახშობს და ანადგურებს. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულის თავისუფლება, რათა მოხდეს შინაგანი მწუხარებისაგან გამოსვლა. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი