"ექუს დღე იქმოდე და ჰქმენ ყოველი საქმე შენი, ხოლო მეშვიდე დღე არს უფლისა ღვთისა შენისა", - გვასწავლის ბიბლია.
ძველი აღთქმის მიხედვით, მეშვიდე დღედ შაბათი ითვლებოდა ახალი აღთქმის ეკლესიისათვის კი - კვირა, რომელიც ქრისტიანმა უფალს უნდა მიუძღვნას, რაც საკვირაო წირვა-ლოცვაზე დასწრებასა და ღვთისადმი აღვლენილ ჩვენს მხურვალე ლოცვაში უნდა გამოიხატებოდეს. ღმერთი, რა თქმა უნდა, ყველას მფარველობს, მაგრამ განსაკუთრებით მათ სწყალობს და მადლსაც იმათ ანიჭებს, ვინც მის ეკლესიას ეკუთვნის. "მოდი ეკლესიაში, რათა იქიდან ზეციური ნიჭებით აღსავსე გამოხვიდე და ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი უვნებელი დარჩე, რათა სულიერი იარაღით აღჭურვილი, თავდაცული და ხელშეუხები გახდე დემონებისთვის", - მოგვიწოდებს წმინდა იოანე ოქროპირი. ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს ისიც, რომ სამი დღით დაკაგული 12 წლის იესო, ტაძრად განმარტოებული იპოვეს, რომელიც გულმხურვალე ლოცვით განადიდებდა ზეციურ მამას და სწორედ ეს განაცდევინებდა მას ამქვეყნიურ სიხარულსა და ბედნიერებას.
თანამედროვეობის უდიდესი სასულიერო მოღვაწე, არქიმანდრიტი ხარლამრი ფსილოპულოსი, გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ დიდი ნაწილი ადამიანებისა, ნაცვლად იმისა, რომ კვირას ეკლესიაში სიარულს ეშურებოდნენ, სწორედ ამ დღეს მოიტოვებენ წვრილმან საქმეს, მაღაზიებში სიარული იქნება ეს, შეხვედრები, მოგზაურობები თუ საერთოდ ყველაფერი, რისი გაკეთებაც მთელი კვირის განმავლობაში ვერ შეძლეს. "ჩემო ძვირფასო, ნუთუ მთელი კვირა საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ თავი გაგერთვა ყოველდღიური საზრუნავისთვის? დაიმახსოვრე, კვირა დღეს მოპოვებული ფული ის ცეცხლია, რომელიც დანარჩენ ფულსაც დაწვავს. კვირა ხომ ღმერთის დღეა, რომელიც მას უნდა მივუძღვნათ. ამ დღეს ჩვენი მთავარი საქმე ოჯახის ყველა წევრთან ერთად ტაძარში სიარული, ლოცვა და ღვთის სიტყვის მოსმენაა, ჩვენს ბავშვებსაც პატარაობიდანვე ეკლესიაში სიარული უნდა ვასწავლოთ. ეს აუცილებელი ჭეშმარიტებაა, რომ კვირა დღეს, საკუთარ სულზე ზრუნვას ვეშურებით. ადამიანი ხომ ორი საწყისის მატარებელია, რომელსაც სხეულთან ერთად სულიც გააჩნია და მიუხედავად იმისა, რომ მარად უკვდავი სული იმდენად აღმატებულია სხეულზე, როგორც მარადიული წარმავალზე, ღმერთმა ექვსი დღე დაგვიდგინა სხეულის მოთხოვნილებებისთვის და მხოლოდ ერთი დღე - სულისათვის და ჩვენ კი ამ ერთ დღესაც უგულებელვყოფთ. ამაო საზრუნავში ბევრი ივიწყებს ეკლესიას და კვირა დღეს ისინი დროის უქმად ხარჯვას და ცოდვებს უთმობენ - დანანებით ამბობს არქიმანდრიტი ხარლამპრი - მაშინ როგორღა შეხვალთ სასუფეველში, თუ ამ ცხოვრებაში ტაძარში არ გივლია და ღვთისმსახურება არ გისწავლია? - მას, ვისაც სკოლაში არ უვლია და ანბანიც არ შეუსწავლია, განა შესძლებს უნივერსიტეტში სწავლას? მომავალ ცხოვრებაში, როცა თავის ჭეშმარიტი სახით დავინახავთ ყოველივეს, მრავალი მიეცემა მწარე სინანულს და იტყვის: "ნეტავი ამის შესახებ ადრე მეფიქრაო", მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანი იქნება, რადგან ვინც დედამიწაზე არ იღვაწებს თავისი სულიერი მოწოდების აღსასრულებლად, იგი სამუდამოდ დაჰკარგავს მას". იქნებ დაგვაფიქროს ამ სიტყვებმა და ამ კვირიდანვე დავიწყოთ ეკლესიაში სიარული. იქნებ სხვებიც გავიყოლიოთ და მათი სულების გადარჩენისთვისაც მანამდე ვიფიქროთ, ვიდრე მას განსაცდელი არ მიიყვანს ეკლესიაში. ვიზრუნოთ ჩვენი ახლობლებისა და მეგობრებისთვის, რათა კვირაში ერთი დღე მათთან ერთად გამოვნახოთ, დღე წირვაზე დასასწრებად, რადგან ეკლესიის გარეშე ზედმეტია სულის ცხონებაზე ლაპარაკი.
ბევრი საზრუნავია ცხოვრებაში, ბევრი სირთულე, ბევრი განსაცდელი. ვის უნდა მივმართოთ დასახმარებლად?
ძლიერნი ამა სოფლისანი ყურადღებას არც მოგვაქცევენ და ყველა სიტუაციაში არც ძალუძთ ჩვენი დახმარება. ადამიანები თავიანთი ფიქრით და საზრუნავებით არიან გართულნი, რადგან ყველას ხვედრი მძიმეა ამ წუთისოფელში.
და მიდიან ადამიანები ეკლესიაში ისე, როგორც ქარისგან დევნილი ხომალდები ბრუნდებიან ნავსადგურში. წმინდა იოანე ასეთივე შედარებას იყენებს როცა ამბობს: "ღმერთმა მოაწყო ეკლესია, ვითარცა ნავთსაყუდელი... შეაფარებენ იქ თავს ადამიანები ცხოვრებისეულ ზღვის ხმაურსა და მღელვარებას, რათა დიადი სიმშვიდით დატკბნენო. არქიმანდრიტი ხარლამპრიც ამას გვარწმუნებს: "ეკლესიაში ადამიანი იღებს სასიცოცხლო ძალას, რათა წინ აღუდგეს ცხოვრებისეულ უკუღმართობას, რადგან თუკი ტაძარში დავდივართ, იმ შემთხვევაში გვიფარავს ღმერთი განსაცდელის და უბედურებისაგან, რომლის შესახებ არც კი უწყიან ადამიანებმა".
ტაძარში სიარულის აუცილებლობას ყველა დროის ადამიანები გრძნობდნენ და ამიტომაც მთელ დედამიწაზე ყველაზე თვალწარმტაც და გამოსაჩენ ადგილებში აღმართავდნენ ტაძრებსა და სამლოცველოებს. თითქმის ყველა ეკლესია ქალაქის შუაგულში, მთის მწვერვალებზე, მაღალ სანაპიროებზე, გორაკებსა და კუნძულებზეა აგებული. დღეს არქეოლოგები ყველგან პოულობენ დიდებულ ტაძართა ნაშთებს, რადგან იქ, სადაც ადამიანთა ცივილიზაციამ თავისი კვალი დატოვა, ტაძრებია ყველაზე დიდებული ნაგებობები, უამრავი ეკლესია შენდება ჩვენს დროშიც, რომელთა დიდი თუ მცირე ზომის ცადატყორცნილ გუმბათებს ყველგან ვხედავთ. ისინი ჩვენ ისე გვჭირდება, როგორც წყალი და ჰაერი, რადგან სასიცოცხლო ძალების მომნიჭებელ ძირითადი წყარო და ფიზიკური არსებობის მთავარი პირობაა ჩვენთვის. მათი საშუალებით ღმერთი შეგვეწევა, გვიფარავს და კეთილად წარმართავს ჩვენს ცხოვრებას, რადგან ქრისტიანული ტაძარი მადლის საუნჯე და ღვთისმოსაობის სასწავლებელია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი