შინ დაბრუნება
"არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ." (ებრაელ. 13,14).წმინდა წერილში არაერთგზის მეორდება, რომ ამქვეყნად ჩვენ მგზავრები და სტუმრები ვართ.
ამ ფაქტის გაცნობიერებისთანავე ადამიანი მტკივნეულად ეძებს პასუხს სამ კითხვაზე: თუკი მგზავრები ვართ, რა არის ჩვენი მოგზაურობის მიზანი? თუკი მწირები ვართ, მაშ, სადღაა ჩვენი სამშობლო? თუკი სტუმრები ვართ, ვისთან ვიმყოფებით სტუმრად?
წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) წერს: "ქრისტიანი ერების პრივილეგია სწორედ ისაა, რომ უბრალო გლეხმაც კი იცის ყველაზე მთავარი რამ და აქედან გამომდინარე, საქართველოშიც, როგორც უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, ყოველთვის და ყველგან შეგვიძლია მოვისმინოთ პასუხი ამ სამ ცხოვრებისეულ კითხვაზე.
ამიტომ პირველ შეკითხვაზე, "თუკი მგზავრები ვართ, რა არის ჩვენი მოგზაურობის მიზანი?" - ხალხი მოგვიგებს: ჩვენ ამქვეყნისანი კი არა, იმ ქვეყნის შვილები ვართ. ანდა ასე გვიპასუხებენ - ზეცის შვილები ვართ.
მეორე კითხვაზე: "თუკი მწირები ვართ, მაშ, სადღაა ჩვენი სამშობლო?" - ხალხი გვიპასუხებს: ჩვენი მამული იქ არის, სადაც მამაზეციერია, შემოქმედი ჩვენი, ანდა, სულაც, გვეტყვის: აქ ჩვენ წუთისოფლის სტუმრები ვართ, იმ ქვეყნად კი შინ ვიქნებით.
ხოლო მესამე კითხვაზე: "თუკი სტუმრები ვართ, ვისთან ვიმყოფებით სტუმრად?" - ხალხი მოგვიგებს: დიდება უფალს, ჩვენ ამქვეყნად მისი სტუმრები ვართ!"
ესაა ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელსაც არასოდეს მოსდევს იმედგაცრუება და სასოწარკვეთა. მასში საუკუნეების მანძილზე ერთმანეთს შეერწყა და შეეთვისა ადამიანთა პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება.
ამ თემასთან დაკავშირებით მკითხველს ვთავაზობთ დავითგარეჯის მონასტრის, "დოდოს რქად" წოდებულ ლავრაში მარტოდმცხოვრები სქემმონაზონი ბერის, ნიკოლოზის (კვინიკაძე) წერილებს:
"ერთადერთი მართალი მიმართულება - ღმერთია!"
სახარებაში წერია: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე." აქედან პირველი, ანუ დასაწყისი არის: "უარ-ყავნ თავი თვისი".
და მე ვცდილობ, ჩემი ძალების შესაბამისად, უარვყო თავი ჩემი. ჩემს უფალს, იესო ქრისტეს ვთხოვ, შემეწიოს ამაში და თან მასწავლოს, თუ რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა.
ვცდილობ, ერთადერთ სიმართლედ ქრისტეს სიმართლე მივიჩნიო, ხოლო სხვა ყველანაირი ამასოფლიური "სიმართლეები" კი ტყუილად და სიცრუედ, ღმერთის სიმართლის წინაშე და ნელ-ნელა მართლაც მოდის ამასოფლური სინამდვილის სრული ამაოების განცდა.
დიდებულია ეკლესიასტე: "ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა" და ეს მართლაც, ჭეშმარიტებაა. ეს ქაოსური ცხოვრებაა: ბროუნის მოძრაობა, მიმართული მხოლოდ ხორციელი არებობისაკენ. დიდი სასიცოცხლო სივრცე - სფეროს მსგავსი, რომლის შემადგებელი ნაწილაკებიც ირევიან ქაოსურად, ყველა მიმართულებით. ყველაზე დამახასიათებელი მომენტია - ირიბი შეხვედრა. როცა ერთი მიდის და გზაში ხვდება მეორეს, რომელიც სწორედ იქიდან მოდის, საითკენაც ეს მიდის. და ასე, ყველგან, ყველა და ყველაფერი, მთელი ეს სასიცოცხლო სფერო ასეთი ქაოსითაა მოცული, როგორც ნაყარი ფუტკრის დროს. როცა ერთ წერტილს ეხვევიან გარშემო და არიან ერთ ამბავში, ბზუილსა და აქტიურობაში...
ამ ქაოსში უთვალავი მიმართულებაა და ადამიანებიც ყველა ამ მიმართულებით "მიდიან". და თან ყველა ამ მიმართულებას აქვს თავისი "მიზანი", თავისი "გამართლება" და ადამიანებიც, სავსენი "მართალი მიზნებით", მიისწრაფვიან ამ მიმართულებებით და ხვდებიან ერთმანეთს. ზოგჯერ ესალმებიან ერთიმეორეს და ჩხუბობენ და იბრძვიან "მიზნებისთვის", "სიმართლისთვის" და არიან ამ წეწვა-გლეჯვაში და "ღვაწლში". და ასე იკვრება ეს ბურთი - ქაოსის, ამაოების სფერო! ვითომცდა ცხოვრების სფერო და ასეთ "ცხოვრებაში" გადის ადამიანთა მთელი სიცოცხლე და ენაცვლებიან ერთმანეთს ადამიანთა თაობები...
ერთადერთი მართალი მიმართულება - ღმერთია! და ეს გზა გვაჩვენა იესო ქრისტემ. ეს არის ამ ამაო ცხოვრების ორომტრიალიდან გამოსვლის გზა, ანუ საჭიროა ადამიანი გაჩერდეს ერთ ადგილზე. აღარ აჰყვეს ამ ქაოსურ მოძრაობას, ყური დაუგდოს მართალ სიტყვას - ღვთის სიტყვას და შემდეგ, ნელ-ნელა, ბორძიკით გაჰყვეს ამ ერთადერთ, ჭეშმარიტ გზას. ბორძიკით იმიტომ, რომ საწყალი ადამიანი ინერციითაა აღვსილი და უნებურად წარიტაცება ხოლმე ამსოფლიური ქაოსის მიმართულებით. მაგრამ რას იზამ? თავიდან, ალბათ, ესეც კარგია. არა უშავს. მთავარია, რომ ადამიანი უკვე დაადგა მაცხოვნებელ გზას, ქრისტეს გზას. ხოლო ძველი ჩვეულებები, რა თქმა უნდა, ძლიერია და არც თუ იოლი გადასალახი. მაგრამ ნუ გვეშინია. ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ იცის ჩვენი სისუსტეები და ძალას გვაძლევს და ჩვენს სვლასაც სულ უფრო და უფრო განამტკიცებს.
თავად მან გაგვაფრთხილა: "შევედინ იწროისაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზა, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვითარ იგი, იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოვებენ მას!" (მათე, 7, 13).
ასე რომ, ყურადღებით ვუსმინოთ უფლის სიტყვას და მხოლოდ ის გვასწავლის სიმართლეს, მართალ გზას!
ამსოფლიური "სიმართლეები", რომლებიც ადამიანს თავგზას უბნევენ, არის ის ტყუილი, ცრუ, ამაო მიმართულებები, რომლებსაც ეს ცხოვრება გვასწავლის.
არის ერთი სიმართლე. მხოლოდ ერთი!.. რომელიც გვიწერია საღმრთო წერილში, ბიბლიაში, სახარებაში, ფსალმუნებში.
ხოლო სხვა ყველაფერი - ტყუილია! არის ერთადერთი სიმართლე, რომელსაც გარს ქაოსურად ეხვევიან ტყუილები.
ეს არის ჩვენი სინამდვილე! ერთი ღმერთის სიმართლე, რომელსაც გარემო ავსებს ცრუ მიმართულებების ქაოსით.
ღვთის სიტყვის გარშემო უცებ იქმნება ტყუილების გრიგალური ველი. ამ უთვალავ "სიმართლეებში" ღვთის სიმართლე, ოდნავ მაინც სულ სხვადასხვანაირად არის შეცვლილი და ამით იქმნება ტყუილების ველი.
მათში ერთი სიმართლე ათასნაირად აისახება, გარდაიქმნება, დამახინჯდება, გადაკეთდება და ამით მიიღება უთვალავი ტყუილი, რომლებიც აღავსებენ ღმერთის სიტყვის გარემოს.
ეს ნათლის ბნელით განზავებაა. სულ სხვადასხვა დოზით, მაგრამ აუცილებლად განზავება და ამით მიიღება ბინდი!
"და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და ბნელისა და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი."
აი, ეს ბინდია წუთისოფელი. ან მწუხრი და ან განთიადი. ვისთვის მწუხრი და ვისთვის განთიადი?!
ვისთვის განთიადია, როცა ყოველი ნაბიჯი ნათელის მომტანია და როცა უფრო და უფრო ნათლდება, და უფრო და უფრო უახლოვდება ადამიანი დღეს და შედის ნათელში! და "იქმნება ნათელი" (განღმრთობა).
ვისთვის კი მწუხრია, როცა უარყოფს მაცხოვნებელ სიმართლეს და აჰყვება ამსოფლიურ ქაოსურ ამაოებას. დრო კი გადის და ადამიანი ბერდება, შედის ღამეში. იკარგება შავეთში!
ერთია ღმერთი! ერთია სიმართლე! და ერთია მისკენ მიმავალი სწორი, წრფელი გზა - ქრისტეს გზა! თუნდაც საჭირველი, მაგრამ ნამდვილი! მაცხოვნებელი! განმანათლებელი, ნათელში შემყვანებელი! ღმერთის ერთობაში შემყვანებელი!
"ქრისტეს გზა"
ქრისტეს გზა - მაცხოვნებელი გზა - იმდენივეა, რამდენიც ადამიანი! ანუ ყველა ადამიანს აქვს თავისი ქრისტეს გზა! მაცხოვნებელი გზა!"იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად". (იოანე.. 1, 9).
ასე რომ, "აღიღენ ჯუარი თვისი" - სწორედ იმას გულისხმობს, რომ არ არის უნივერსალური, გაკვალული გზა!
ყველა ადამიანს აქვს თავისი გზა! ყველა ადამიანს აქვს არჩევანი: ან აჰყვეს ამასოფლიურ, ამაო ცხოვრებას და ჩაერთოს ამსოფლიურ ქაოსში; ან გაჰყვეს ქრისტეს სწორ და წრფელ გზას!
ამის გაკეთება კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ამისათვის საჭიროა: "უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯუარი თვისი და შეუდგეს ქრისტეს!".
ასე რომ, ვერავინ ვერავის ასწავლის ქრისტეს გზას!Eეს მხოლოდ ქრისტეს შეუძლია! ამისთვის საჭიროა, ადამიანი მიენდოს ქრისტეს სწავლებებს და მიჰყვეს მას და თვით უფალი იესო ქრისტე წარუმართავს მას გზას!
მარიამ მეგვიპტელიც და მარკოზ ფრანჩესკელიც სრულიად ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები იყვნენ. ისინი დაადგნენ ქრისტეს გზას. მათ უარყვეს თავიანთი თავი, მთლიანად მიენდნენ ღმერთს და ღმერთმაც ისინი ადამიანური სრულყოფილების მწვერვალზე აიყვანა.
ასე რომ, ქრისტეს გზა ქრისტეს ჯვრის აღების და მისდამი სრული შევრდომის და დამორჩილების გზაა!
"მონასტერი, როგორც უფლის წიაღში, ანუ "შინ დაბრუნების" ყველაზე ოპტიმალური გზა..."
მედიცინაში მიღებულია, რომ როდესაც ძვალი გადატყდება, ამ ადგილს თაბაშირის სახვევში ჩასვამენ, რათა დააფიქსირონ და არასწორად არ შეხორცდეს.ყველასათვის ნათელია, რამდენად საპასუხისმგებლო საქმეა ეს, თორემ ძვალი თუ არასწორად შეხორცდა, კაცს მთელი სიცოცხლე გააწვალებს...
მონასტერი ამგვარივე დანიშნულებისაა, რომ თუკი ადამიანის აღზრდა არასწორად წარიმართა და იგი ბოროტებისკენ მიიმართა, არტაშანში ჩასვას და კეთილად დასაქმებით ბოროტის კეთებას გადააჩვიოს. ანუ კეთილად გამოასწოროს!
მაგრამ თუკი მონასტერი ბოროტი ძალის ხელშია, მაშინ პირიქით - ეს გამოსასწორებლად ჩაფიქრებული მძლავრი საშუალება ადამიანებისა, გაამრუდებს და დაამახინჯებს მათ. როგორც კომპრაჩიკოსები, რომლებიც მოტაცებულ ბავშვებს კიდურებს უმტვრევდნენ, სპეციალურად მრუდედ უსვამდნენ არტაშანში და ასეთნაირად ამახინჯებდნენ. და მერე ასეთ გაუბედურებულ ადამიანებს აიძულებდნენ, ემათხოვრათ.
მონასტერი და მორჩილება - ბოროტის ხელში მძლავრი საშუალებებია ადამიანთა დასამახინჯებლად! და ბოროტი ძალა ამას აქტიურად იყენებს.
ამასვე ემსახურება ზოგჯერ, მონასტრებში ნახირის და სასაქონლო მეურნეობის არსებობა! ქვათეთრში ერთი სკოლის ასაკის ბიჭი იყო. დედამისი მონაზონი გახლდათ. ეტყობა, ამ ბავშვს სხვა გზა აღარ ჰქონდა და ცხოვრობდა მონასტერში. ჩემი იქ ყოფნისას ეს ბავშვი მენახირეობიდან ქალაქში გაიქცა.
ერთხელაც, ქვათეთრის წინამძღვარს სთხოვეს, - უკან დაბრუნება უნდა და თუ მიიღებო. მოვიდეს, ოღონდ, ისევ ნახირში უნდა წავიდესო. სხვანაირად, დედამისმაც არ მთხოვოსო.
მე კარგად ვერ გავერკვიე სიტუაციაში, მაგრამ აქ ჩემთვის სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი. სასკოლო ასაკის ბიჭში იქნებ მაინც იყო მინავლული სწავლის სურვილი?! შეიძლება, ეს ბიჭი კიდევაც იყო "ძნელადაღსაზრდელი". მაგრამ, ვითომ ასე საბოლოოდ? ჰოდა, იქნებ, ნახირიდანაც იმიტომ გარბოდა, რომ ეს, თუნდაც, შეუგნებელი, გაუცნობიერებელი, მაგრამ მაინც სულიდან წამოსული ქმედება იყო? სულისა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მისი გამრუდების ასეთ აშკარა მცდელობას?!
იქნებ, სჯობდა, ეს ბიჭი რომელიმე სხვა მონასტრის წევრი ყოფილიყო, სადაც მას ნახირში კი არ აიძულებდნენ "მორჩილების" ან რაიმე ხელობის სწავლას, არამედ რაიმე საინტერესო, განსავითარებელ საქმეში დაასაქმებდნენ?!. მაგალითად, მხატვართან ან მოქანდაკის დამხმარედ და სხვ.
იმიტომ რომ... მე ვხედავ, როგორ მოდიან მონასტრებში ახალგაზრდები და მერე გაუნათლებლები რჩებიან ამის გამო, რადგანაც აქ ამაზე არავინ ზრუნავს და ახალგაზრდობის ის წლები, რომელიც ადამიანს სწავლა-განათლების შესაძენად მიეცა, უქმად იკარგება. ამით, სწორედ, ეს ახალაგაზრდები მახინჯდებიან, რადგან ეს დანაკლისი აღარასოდეს შეივსება. ადამიანი გაუნათლებელი რჩება!
და ეს მონასტერში, რომელიც სწორედ, განათლებისა და აღზრდის კერა გახლდათ ოდითგანვე.
მონასტრების ერთ-ერთ უპირველეს დანიშნულებას ხომ სწორედ საგანმანათლებლო მოღვაწეობა შეადგენდა.
სკოლა სხვაა, მონასტერი - სხვა... ჭეშმარიტად განათლებული ბერების ხელმძღვანელობით მართლა შესაძლებელია გამრუდებული ადამიანების გამოსწორება.
და ეს დიდებული საქმეა. ამისათვის შეიქმნა კიდეც მონასტერი, როგორც სამკურნალო სადგური, სადაც ქრისტემ, "კეთილმა სამარიტელმა" - დაჭრილი კაცი მიიყვანა და ამ სადგურის მსახურებს მიანდო მოსავლელად. მათ დაავალა, ეზრუნათ მასზე და ამისათვის მისცა ოქრო... და სხვა სიმდიდრეს კიდევ შეჰპირდა.
ასე რომ, მონასტერი დიდი საქმეა. ნათელი და კეთილი საქმე და საჭიროა კეთილი ძალის ხელში იყოს ჩავარდნილი და არა კომპრაჩიკოსებისა!
"ამსოფლიური ჩემი სამშობლო მზრდის იმსოფლიური გაბრწყინებული საქართველოსთვის"
ჭეშმარიტი საქართველო აქ, დედამიწაზე არ არის. ის ზეცაშია. ჩვენი სამშობლო იქაა, ღმერთის სიწმინდეში... და ის სახელდებულია საქართველოდ და დასახლებულია ჭეშმარიტი ქართველებით, რომელთაც სული გაიღეს მისთვის.ქართველი წმინდანები იქ, ღვთის წიაღში ერთად არიან და შეჰხარიან ყოველ ახალ სულს, რომელიც თავისი ამსოფლიური ცხოვრებით ღირსი გახდა, გახდება იმსოფლიური საქართველოს მოქალაქეობისა.
წმინდა მეფენი, აზნაურნი, უბრალო ხალხი, სამღვდელოება, - შეადგენენ წმინდა საქართველოს, წმინდა საზოგადოებას, წმინდა ერს.
აქაური საქართველო - ეს ასპარეზია, სადაც ჩვენი მოქალაქეობა, ჩვენი ქართველობა უნდა გამოჩნდეს. საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი წმინდა საქართველო სულ მუდამ დაჩაგრულია. სულ უჭირს, სულ მტრებშია მოქცეული, სულ შველა სჭირდება.
და ქრისტეს ძალით, ყოველ დროებაში გამოიჩენენ ხოლმე თავს ჭეშმარიტი მამულიშვილები, რომლებიც შეიმართებიან გაჭირვების ჟამს, საქართველოს საშველად. თვითონ დაჩაგრულები, თვითონ საშველები - თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. შეიძლება, ერთი შეხედვით, მათი ღვაწლი შეუმჩნეველი იყოს კიდევაც, რადგანაც ეს ჩვენი საქართველო ხომ, Kკიდევ და კიდევ, საჭიროებს შველას.
ჰოდა, აი, ეს არის ღმერთის დიდებული განგებულება. სწორედ ჩვენი სამშობლოს გასაჭირი გამოავლენს ჭეშმარიტ პატრიოტს.
და ეს ჩვენი საქართველო რჩება ისევ საფრთხის წინაშე, რათა ისევ და ისევ, ასპარეზად ექცეს თავის შვილებს. საშუალებას აძლევს თავის ერთგულ შვილებს - თავი გასწირონ მისთვის.
ამსოფლიური საქართველოს დანიშნულება არ არის, ქართველ ერს აქ, ამ წუთისოფელში შეუქმნას ბედნიერი ცხოვრება.
ამსოფლიური საქართველო ის ტრამპლინია, საიდანაც ზეცაში აღფრინდებიან წმინდანები.
ჩემ გვერდზე დანგრეული კოშკია და ეს მე აღმძრავს, რომ აღვადგინო იგი. ჩემ გვერდით თათრებისგან წაბილწული უდაბნოა და ეს აღმძრავს, რომ გავყარო ბილწები.
მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ეს სიყვარული აღმძრავს, თავი შევწირო მის კეთილდღეობას.
მაგრამ სულაც არ არის საჭირო, რომ მე აღვადგინო კოშკი, ის ისევ დაინგრევა, ან თათრები გავყარო. ისინი ისევ მოვლენ. აქ ეს არაა მთავარი, რომ ჩემს მოქმედებას ამსოფლიური, მატერიალური ნაყოფი ჰქონდეს. აქ ისაა მთავარი, რომ ეს დაჩაგრული ყოფა ჩემს სულს ადუღებს და მაიძულებს, ვიბრძოლო მისთვის.
მაგრამ ეს გარემო საჭიროა, რომ ისევ ისეთი გაჭირვებული, დაჩაგრული დარჩეს, რომ ჩემ შემდეგ თაობას ჰქონდეს სტიმული - იბრძოლოს თავისი სამშობლოსთვის.
ის კოშკი რომც აღვადგინო, სჯობს, ისევ მალე დაინგრეს, რათა ახალ თაობას ისევ აღუძრას მისი აღდგენის სურვილი.
ჩემს სამშობლოს - საქართველოს, ამ ბოროტ წუთისოფელში სულ უნდა უჭირდეს, რომ ყოველმა ახალმა თაობამ თავი შესწიროს მის სიყვარულს.
ჩემი სამშობლო საქართველოა. იმიტომაა ასე საყვარელი, რომ სულ მასწავლის სამშობლოს სიყვარულს, მისთვის თავდადებას და თავგანწირვას!
მე მიყვარს ჩემი საქართველო და ამიტომაც თავს დავდებ მისთვის და ამით ღირსი შევიქმნები ჭეშმარიტი, ზეციური საქართველოს მოქალაქეობისა.
ამსოფლიური ჩემი სამშობლო მზრდის იმსოფლიური გაბრწყინებული საქართველოსთვის!