მაქვს პატივი და მოხარული ვარ "კარიბჭის" მკითხველს წარმოგიდგინოთ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ავთანდილ ბერიძე. მისთვის ყოველი დღე ლოცვით იწყება და მთავრდება, ყოველი შაბათი-კვირა ეკლესიის გარეშე წარმოუდგენელია... ხშირად თანამშრომლებისთვისაც კი, დღე მისგან მირთმეული სეფისკვერით იწყება. მისი სამართლიანობა და წესიერება ყოველთვის გადამდებია.
- ბატონო ავთანდილ, ქართველი საზოგადოება თქვენ გიცნობთ, როგორც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მაგრამ სასურველია, მკითხველმა უფრო ახლოს გაგიცნოთ...
- დავიბადე ბათუმში. მყავს მეუღლე - რუსუდან ბურჭულაძე, ერთი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი - გიორგი ქათამაძე. ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ვიზრდებოდი ქართული სულიერებით, გამოკვეთილად რაიმე იდეოლოგიური მიმართულება არ მქონია. ბეჯითი მოსწავლე ვიყავი.Mმეგობრული კლასი გვქონდა და დღესაც ვმეგობრობთ ერთმანეთთან.
- ცნობილია თქვენი ეკლესიური ცხოვრების წესი. როდის აღმოაჩინეთ თქვენში უფალი და რა შეიცვალა მის შემდგომ?
- დედაჩემი მორწმუნე იყო. თუმცა კომუნისტური პარტიის წევრობას ვერ აცდა. ამიტომ ვერ დადიოდა ეკლესიაში. მხოლოდ საღამოობით ახერხებდა მეზობელ ქალბატონთან ერთად ჩვენს მეზობლად, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სიარულს. დედამ ცოდვის სიძულვილით და მართალი ცხოვრების სიყვარულით გაგვზარდა. ლოცვასა და ეკლესიასთან კავშირი 1988 წლიდან - ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან დაიწყო. მაშინდელი მოძღვრები ერთგვარ წინამძღოლობასაც კი გვიწევდნენ. ტარდებოდა ფეხით მსვლელობები. ,,მამაო ჩვენოს" დაჩოქილი ვამბობდით, დღესასწაულებზე წირვებს ვესწრებოდით. უშუალოდ ეკლესიური ცხოვრება დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 1993 წლიდან დავიწყე, რადგან ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, მეზრუნა მისი სულის ცხონებაზე. 1994 წლიდან მყავს მოძღვარი. დავიწერე ჯვარი მეუღლესთან, რომელიც კარგა ხნის მოყვანილი მყავდა. პირველი ორი წელი მიჭირდა ეკლესიური წესების დაცვა. ვხედავდი ჩემ ირგვლივ მყოფი მრევლი რა რუდუნებით მარხულობდა და ლოცულობდა. ვიფიქრე, უფალს ხომ არ მოვატყუებ-მეთქი და გადავწყვიტე, მეც მემარხულა. წირვა-ლოცვაზე სიარული ჩემი ცხოვრების წესია.
- ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, აჭარაში თქვენ ბრძანდებოდით ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. რას გაიხსენებდით იმ წლებიდან, რისი გათვალიწინება გვმართებს დღეს?
- ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდი აჭარაშიც გამორჩეული იყო, თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში - სხაგვარი. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გარდა, ჩვენ ავტონომიის პრობლემაც გვქონდა. დამოკიდებულების ახალი ფორმებიც იყო შესარჩევი მოსახლეობისათვის, რომლის დიდი ნაწილი მუსლიმი გახლდათ. პირველი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მასობრივი მიტინგი ნოემბერში ბათუმში, ანგისის სტადიონის ტერიტორიაზე ჩატარდა. მიტინგს ესწრებოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. მაშინ უპარტიო ვიყავი, მაგრამ იმ მოძრაობის თანამოაზრე. შემდეგ იყო სახალხო ფრონტი. პირველად ხელვაჩაურის რაიონში ჩამოვაყალიბეთ სახალხო ფრონტი. ეს სერიოზული, შრომატევადი სამუშაო იყო. მაგრამ იყო ერთობა და დიდი პატრიოტული შემართება, რაც ყველა დროში საჭირო და გასათვალისწინებელია.
- თქვენი ცხოვრების პრინციპი ყოველთვის იყო ადამიანის უფლებების, მისი ღირსების დაცვა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ქართველ მაჰმადიანთა და მართლმადიდებელთა შორის თითქოსდა დაპირისპირების შესახებ?
- საქართველოში რელიგიური ნიშნით დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. ეს თითიდან გამოწოვილ პრობლემას ჰგავს. დაპირისპირების მოსურნეებს არ გამოუვიდათ ჩანაფიქრი, არც გამოუვათ.
ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ახლობელი მისდევს მაჰმადიანურ რელიგიას, მაგრამ მყავს 80 წელს გადაცილებული მამიდები. ერთი ხულოში ცხოვრობს, მეორე ქედაში. მამიდებს და ძმისწულს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ჩემი ოჯახის ბებია მორწმუნე მუსლიმი იყო. ლოგინქვეშ ყოველთვის ჰქონდა ,,ფოსტი" (თხის ტყავი, რომელზეც მუსლიმები ლოცვისას იჩოქებენ), დედაჩემს მისთვის ცალკე ქვაბი და ტაფა ჰქონდა, რომელსაც ღორის ხორცი არ უნდა გაკარებოდა. კარის მეზობელი მყავს, საუკეთესო მეგობრობა გვაქვს. ერთად ვიდექით პურის რიგებში და დალხინებაშიც. მის ოჯახს და ახლობლებს 18 ქორწილი აქვს გადახდილი, სადაც ღვინო არ იყო სუფრაზე. მათთვის არასოდეს მითქვამს, ჩემი მართლმადიდებლობა კარგია და მოინათლეთ-მეთქი. მისმა შვილიშვილებმა თავად გადაწყვიტეს, რაც მოსწონდათ და რაც ღირებული იყო მათთვის. ვცდილობ, ჩემი ცხოვრების წესით ვიქადაგო მართლმადიდებლობა. 1983 წლიდან 2012 წლამდე ვიყავი პროფკავშირული მუშაკი. ვიცავდი მშრომელი ადამიანის უფლებებს. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ჩემი მსახურების განმსაზღვრელი ხელფასი არასოდეს ყოფილა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული - რამდენად გავუფრთხილდებით და მივუტევებთ ერთმანეთს, იმდენად მშვიდობიანი მომავალი გვექნება.
- 21-ე საუკუნის ტექნიკურმა პროგრესმა ბევრი ცდუნება შემოიტანა მოზარდი თაობის ინტერესთა სფეროში, რაც ხშირად მათი უწიგნურობის მიზეზი ხდება. რთული სამუშაო რეჟიმის პირობებში თავად ახერხებთ თუ არა წიგნის კითხვას და როგორ ანაწილებთ თავისუფალ დროს?
- ,,უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა", - ბრძანებს დიდი ილია. წიგნებს ბავშვობიდან ვაგროვებდი... ამჟამად 5000-მდე წიგნი მექნება. ერთი დღეAარ გამიტარებია უწიგნოდ. ბოლო ერთი წელია, დროის უქონლობის გამო მიჭირს წიგნების კითხვა. ვეცნობი მხოლოდ სიახლეებს, მაგრამ ხშირად ვუბრუნდები ძველს. ამას წინათ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილს ვუთხარი, - მამათქვენის წიგნი ჩემთვის სამაგიდოა-მეთქი. ვისაუბრეთ ჰელადოსზე... აფხაზურ თემაზე... პოეზიაში ჩვენი მხარის პოეტებიდან გამოვყოფდი გენრი დოლიძესა და ვახტანგ ღლონტს. ვმეგობრობდი აჭარის უფროსი თაობის სასიქადულო წარმომადგენელთან - აწ განსვენებულ ფრიდონ ხალვაშთან და ჩვენს სათაყვანებელ ზურაბ გორგილაძესთან. ზეიმი იყო მუხრან მაჭავარიანის, ლადო ასათიანის, მურმან ლებანიძის წიგნების გამოსვლა. მათ ლექსებს ხომ ეროვნული დროშის ძალა ჰქონდათ, სულის ქართული რევოლუცია იყო. ვისურვებდი ამგვარი განცდები ჰქონოდეს ჩვენს მომავალ თაობას წიგნისადმი.
- თქვენ ამავე დროს ჩოხოსანთა დასის წევრიც ბრძანდებით.
ავთანდილ ბერიძე მეუღლესთან ერთად
- ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბებულია ქართული სადროშოები. როგორც ბათუმელი, ვეკუთვნი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სადროშოს. ჩოხოსნები 2005 წელს გვაკურთხა მეუფე დიმიტრიმ ხინოს მონასტერში. საკმაოდ მსუქანი ვარ, ჩოხაში თავს კარგად ვგრძნობ. ძირითადად რელიგიურ დღესასწაულებსა და ქორწილებში ვიმოსები. ჩოხა, მართალია, ყოველდღიურად მოუხერხებელია, მაგრამ საზეიმო განწყობისათვის, სადღესასწაულო დღეებისათვის სასურველია მისი დამკვიდრება. ჩოხოსნები, რამდენადაც ვიცი, ღირსებით სტიქაროსნებს უტოლდებიან და ამგვარ პატივზე უარის თქმა როგორ იქნება, პირიქით, დღითიდღე უნდა იზრდებოდეს ჩოხოსანთა რიგები, რომ ყველამ შეიგრძნოს ამ სამოსის მადლი.
- რას უსურვებთ "კარიბჭეს"?
- ძალიან კარგი ჟურნალია. დიდი საგანმანათლებლო მისია აკისრია. მას და შემოქმედებით კოლექტივს არასოდეს მოკლებოდეს ღვთის მფარველობა.
ქალბატონ რუსუდან ბურჭულაძეს ვთხოვეთ ორიოდე სიტყვა ეთქვა მეუღლეზე...
- ჩვენ 33 წელია ცოლ-ქმარი ვართ... ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვმუშაობდი მედდად. ავთანდილს ახლობელი ჰყავდა ავად და მას მოჰყვა. 3 წელი მაწონებდა თავს, სადაც არ ველოდებოდი, იქ ჩნდებოდა ხოლმე. ქორწინებიდან ხუთი წელი ვიცხოვრეთ მშვიდი ოჯახური ცხოვრებით. დანარჩენი წლები, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბევრი ტკივილები გამოვიარეთ. ისეთი გაწონასწორებული და ამაღლებული სულის ადამიანია, რომ არ მახსოვს, ვინმე შეურაცხეყო. Yყოველ დილით, სამსახურში წასვლის წინ, პირჯვარს გადავსახავ ხოლმე. მჯერა, დაიცავს უფალი და მისი მფარველი ანგელოზი.
ჩვენც ვუერთდებით ქალბატონი რუსუდანის კეთილ სურვილებს და ვუსურვებთ ბატონ ავთანდილს დიდხანს ეღვაწოს ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.