არასწორად გაგებული თავისუფლება მრავალი უბედურების სათავეა.
ზოგ ადამიანს ჰგონია, თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, ყოველგვარი აკრძალვის უარყოფაა. ასეთი თავისუფლების მქადაგებელისთვის "უკომპლექსოდ" ყოფნა ნიშნავს, იყო "სრულიად თავისუფალი" ყველაფერი იმისაგან, რაც ადამიანის ცხოვრებას ზნეობრივ ჩარჩოში აქცევს, არ მოინდომოს ის, რაც ხშირად უკავშირდება რომელიმე მომაკვდინებელ ცოდვას, ასევე თავად საზოგადოების მიერ დაწესებული (ზნეობრივი) დაუწერელი კანონები, რომლებიც ხშირად დასაბამს ღვთის მცნებებიდან იღებენ (მაგ. დედ-მამის, უფროსების პატივისცემა). სწორედ ამ რელიგიურ და საზოგადოებრივ მოთხოვნა-აკრძალვებს ეძახიან ეს ადამიანები "კომპლექსებს", მაგრამ სწორედ ეს ე. წ. "კომპლექსები" არიან ის თვისებები, რომლებითაც ადამიანი განსხვავდება ცხოველისაგან. ე.წ. უკომპლექსო და თავისუფალი ადამიანისათვის სიტყვის თავისუფლების ცნებაში შედის ბილწსიტყვაობაც, ცილისწამებაც, უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდაც; მათთვის "თავისუფალი სიყვარული", ჩვეულებრივი ურთიერთობების გარდა, გულისხმობს აღვირახსნილ და გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირებსაც.
"შეიცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს თქვენ", - გვარიგებს მაცხოვარი (იოანე 8, 32). მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის თავისუფლება არის განთავისუფლება ცოდვებისაგან, ანუ საკუთარი სულის განწმენდა ცოდვითი ჩვეულებებისაგან, და მისწრაფებებისაგან. ცოდვა, ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული, მუდამ არსებობდა, მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც. სულშეძრული დავით წინასწარმეტყველი ასე წარმოაჩენს ამ მდგომარეობას: "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის". დღეს კი ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ. უზნეობის პროპაგანდა და უხამსობის საყოველთაო ნორმად დაკანონების მცდელობა ბოლო დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ადრე ადამიანებს მსგავს თემებზე საუბრისაც კი რცხვენოდათ, ყველა აცნობიერებდა, რომ ეს ცოდვაა და მრავალი მათგანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა კიდეც. ახლა ყველაფერი დაშვებულია და სულიერად დამახინჯებული ცხოვრების წესი ლამის პროგრესულ მოვლენადაც არის მიჩნეული. თანდათან მკვიდრდება პრინციპი - ,,ყველაფერი ნებადართულია". თუ გაბედე და ამაზე ხმა ამოიღე, ,,დემოკრატიული საზოგადოება" ბნელეთის მოციქულად გამოგაცხადებს. ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი, ეროვნული, სულიერი ღირებულებების უპატივცემულობა თითქოს მოდურიც კი გახდა.
რატომღაც ერთმანეთში ვურევთ ე.წ. ,,უმცირესობების" უფლებების დაცვასა და უზნეობის რეკლამირებას. შემწყნარებლობა და თანადგომა გასაგებია, მაგრამ ტაში დაუკრა, შეაქო და ხმამაღლა გამოუცხადო, - არიქა, გმირი ხარ იმის გამო, რომ არ გრცხვენია და ასე განაგრძე ცხოვრებაო, სულ ცოტა, უგუნურება მაინცაა. არც სიძულვილი და ძალადობაა გამოსავალი, მაგრამ არც სიყვარული ნიშნავს ცოდვასთან შემგუებლობას. მრუშობა რომ ცოდვაა და კიდევ უფრო მძიმე ცოდვა ე.წ. .,არატრადიციული ურთიერთობებია", სიახლე არავისთვისაა. უბრალოდ, ,,ახალი" მათდამი დამოკიდებულებაა.
წმინდა წერილიდან ვიცით, რომ მართალი სეითის და ურჯულო კაენის შთამომავლობათა შერევის შედეგად წარმოიშვა ახალი ცივილიზაცია, სადაც მართალი ნოესა და მისი ოჯახის გარდა ყველა ადამიანი ისე ღრმად იყო მძიმე ცოდვებში ჩაფლული, რომ მათი გამოსწორება უკვე შეუძლებელი იყო. ასეთი უზომო გარყვნილების გამო ღმერთმა გაანადგურა პირველი ცოდვილი ცივილიზაცია. გადარჩა მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი.
მრუშობის და სექსუალური გაუკუღმართების ყველა ფორმის (მამათმავლობა, ლესბოსელობა და სხვა) მასობრივად გავრცელების გამო, ღმერთმა გაანადგურა ნაყოფიერი მიწების მფლობელი ქალაქები - სოდომი და გომორი. მათ ადგილზე ახლა არის მკვდარი ზღვა, ხოლო ნორმალური ადამიანისათვის მიუღებელ ამ ცოდვებს დღემდე ეწოდება სოდომური ცოდვები.
წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ღმერთმა იმ დროისათვის ერთადერთ თავის რჩეულ ერს - ებრაელებს მისცა ათი მცნება, რომელთა შორის ერთ-ერთი გამოითქმებოდა: "არ იმრუშო" (გამოსვლა 20: 14). მრუშობის ერთ-ერთი უფრო მძიმე ფორმა: ჰომოსექსუალიზმი, მამათმავლობა და სხვ. ასევე იყო აკრძალული: "არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა" (ლევიტელთა 18, 22). ამის გამკეთებელი სიკვდილით ისჯებოდა: "ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ, მათზეა მათი სისხლი" (ლევიტელთა 20: 13).
უფალ იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგ ძველი აღთქმისეული მკაცრი კანონები, რომლებიც ებრაელი ერის გულქვაობის გამო იყო დაწესებული, დამნაშავის სიკვდილით დასჯას ან გაშოლტვას მოითხოვდნენ, შეიცვალნენ ახალი აღთქმის კანონებით, რომლებიც მიმართულია მცოდველი ადამიანის გამოსწორებისათვის. ახალი აღთქმის წმინდა წერილში ასეთ გარყვნილ ადამიანებზე წერია: "მათმა ქალებმა მათი ბუნების წესი არაბუნებრივით შეცვალეს; ასევე კაცებმაც დაუტევეს ქალებთან ბუნებრივი წესი, და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამრი მამრთან იქმოდა სარცხვინელს, და თავადვე იღებდნენ თავიანთი ცთომის საკადრის სასჯელს. და რაკი იუკადრისეს გონებით ღმერთის წვდომა, ამიტომაც უჯერო საქმეთა საქმნელად მისცა ღმერთმა ისინი უკუღმართ ვნებას" (რომაელთა 1: 18-28); ამიტომ "ვერც მეძავნი, ვერც კერპმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი (ანუ ონანიზმის მოქმედნი), ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს" (1 კორინთელთა 6: 9–10).
ნაცვლად იმისა, რომ ცოდვაში ჩავარდნილ და გზასაცდენილ ადამიანებს სწორ გზაზე შემობრუნებასა და გარყვნილების ჭაობიდან თავდაღწევაში დავეხმაროთ, პირიქით, ვახალისებთ და ხელს ვუწყობთ ამ ადამიანების სულიერ კვდომას. მომავალ თაობას კი ცოდვასთან ბრძოლის ნაცვლად მის შეწყნარებას ვასწავლით. სამაგიეროდ, ამის გამო პროგრესულად მოაზროვნეები ვართ, ვინც გვეწინააღმდეგება, ბნელი და ფანატიკოსია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი