ამ დიალოგიდან ნათლად ჩანს, რომ დემონისათვის ყველაზე საშინელი, ხოლო კაცთათვის ყველაზე მაცხოვნებელი ზიარების საიდუმლოა და ამიტომაც ცდილობს კაცობრიობის მტერი, ადამიანი წმინდა ბარძიმთან არ მიუშვასო, აღნიშნავს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი).
ზიარების მადლის ხილულ სასწაულზე მოგვითხრობს ღირსი სერგი რადონეჟელის მოწაფის, მნათე სვიმონის მიერ საღმრთო ლიტურგიის დროს მომხდარი უჩვეულო ხილვა. ერთხელ, როდესაც ღირსი სერგი წირვა-ლოცვას აღავლენდა, მისმა მოწაფემ დაინახა, წმინდა ტრაპეზზე როგორ მიმოქროდა ღვთაებრივი ცეცხლი, რომლის ნათელიც წმინდა სერგის გარს ეკრა და საკურთხეველს განაბრწყინებდა, წმინდანი კი, თავით ფეხებამდე ცეცხლის ალით იყო გარემოცული. როცა ღირს მამას ქრისტეს საიდუმლო უნდა მიეღო, მნათეს გადმოცემით, ცეცხლი აიწია, დაეხვია და ჩაეშვა წმინდა ბარძიმში, საიდანაც ქრისტეს ღირსეულმა მსახურმა წმინდა ზიარება მიიღო, ამ საკვირველი ხილვით თავზარდაცემული სვიმონი ღირსმა მამამ ზიარების შემდგომ იხმო და ჰკითხა:
- შვილო, რისი შეეშინდა ასე შენს სულს? მნათემ უთხრა:
- მამაო, მე საკვირველი რამ ვიხილე, დავინახე შენთან ერთად მოქმედი სულიწმინდის მადლი.
ღირსმა მამამ აუკრძალა მას ამაზე ლაპარაკი - არავის არაფერი უამბო, ვიდრე უფალი თავისთან არ მომიწოდებსო; შემდეგ კი ორივემ მხურვალე მადლობა შესწირა ღმერთს ამ წყალობისათვის.
- საიდან იღებს სათავეს ზიარების, იგივე ევქარისტიის უდიდესი საიდუმლო და რა მისტიკური მნიშვნელობა დევს მასში?
- რა მოეთხოვება მორწმუნეს, ვისაც უფლის უწმინდეს სისხლთან და ხორცთან ზიარება სურს?
- რა ხდება ღირსეულად ან უღირსად ზიარების შემდეგ ადამიანში?
- რატომ იწოდება საუფლო ძღვენი უკვდავების წყაროდ?
- როგორია ეკლესიური სწავლება ევქარისტიის შესახებ და რა რეკომენდაციებს გვაძლევენ სასულიერო პირები ზიარების საიდუმლოსთან დაკავშირებით?
ამ და ევქარისტიასთან დაკავშირებულ მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე თავიანთ შეხედულებას გაგვიზიარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის ღვაწლმოსილი მამები და ცნობილი ღვთისმეტყველები რუბრიკაში - "საიდუმლო უფალთან თანაზიარებისა"...
ღვთისა და ადამიანის ნების შერწყმა წარმოუდგენელია ხშირი ზიარების გარეშე როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ საუკუნო ცხოვრებაში, - განმარტავენ წმინდა მამები.
ზიარების საიდუმლო, იგივე ევქარისტია, რომელსაც "საუფლო ძღვენს" და "საღმრთო სერობასაც" უწოდებენ, ქრისტეს ვნების კვირეულის დიდ ხუთშაბათს არის დადგენილი მაცხოვრის მიერ და ეკლესიის დაარსების დღეც აქედან იღებს სათავეს. აიღო იესომ პური, აკურთხა, განტეხა, დაურიგა თავის მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი.
აიღო თასი, აკურთხა ღვინო მასში, მისცა მათ და უთხრა: "ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მთ. 26, 27-28), ამას ყოფდით მოსახსენებლად ჩემდა" (ლკ. 22, 19).
ზიარების საიდუმლოში, პურისა და ღვინის სახით ჩვენ ვიღებთ უწმინდეს ხორცსა და უძვირფასეს სისხლს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, საკურნებლად სულისა და ხორცისა და საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად. ასე დაადგინა ქრისტემ წმინდა ევქარისტიის საიდუმლო, ჩვენდამი წარმოუდგენელი, ზეციური სიყვარულის გამოსახატავად, რათა ჩვენი სული და ხორცი თავისი ხორცითა და სისხლით აკურთხოს საუკუნო სიცოცხლის ასაღორძინებლად, რათა ამ გზით, თავისი თავი კვლავაც მსხვერპლად შესწიროს ჩვენთვის და ამ საიდუმლოს მეოხებით, ჩვენში ჰგიებდეს უკუნითი უკუნისამდე.
როგორც დავით მეფსალმუნემ იწინასწარმეტყველა, ეს "პური განამტკიცებს გულსა კაცისასა". ჩვეულებრივი ნივთიერი პური, რომელსაც მხოლოდ ადამიანის სხეული უნდა განემტკიცებინა, აქ ლაპარაკია საოცარ პურზე, რომელსაც ადამიანის გული უნდა განემტკიცებინა, რომელიც ჩვენი დაცემის შემდეგ საშინლად შეირყა სხვადასხვა ვნებით და ამ მერყეობის შეჩერება მას აღარ ძალუძდა. როგორც რუსეთის ეკლესიის დიდი მნათობი, წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: "დაცემული ადამიანი თავისი სიბრმავით, ფუჭად და ამაოდ ქადაგებს ადამიანის ნების სიმტკიცეზე. ეს სიმტკიცე არ არსებობს: ადამიანის ნება წარიტაცება მასზე გაბატონებული ვნებების მოძალებით. საჭირო და აუცილებელია ნაწინასწარმეტყველები, საოცარი პური, რათა ადამიანის მერყევი, დასნეულებული გული განმტკიცდეს".
ბრიანჩანინოვის ღვთისმეტყველებით აზრობრივ სტრუქტურას თუ მივყვებით, "ადამიანის გულს განამტკიცებს პური, რომელიც "ზეცით გარდამოხდა" (იოანე 6,58) და არის პური ცხოვრებისაი" (იოანე, 6,48) ეს პური უფალი ჩვენი იესო ქრისტეა, მან თქვა: "მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე და პური რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხოვრებისათვის სოფლისა" (იოანე 6,51) და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა (იოანე 6,56). როგორი საკვირველი დადგენილებაა! ამ ზნეობრივი, მიუწვდომელი დადგენილების წინაშე ბუნებრივია, ადამიანის გონის შეცბება. მიწიერი სიბრძნითა და ურწმუნოებით დაბნელებულმა ხალხმა ეს დადგენილება მოისმინა, არ მოინდომა ღვთისგან მისი ღვთიური განმარტების მიღება საკუთარი თავის განსასჯელად და დასაღუპად ღვთიურ დადგენილებას საკუთარი მსჯავრი გამოუტანა: "ფიცხელ არს სიტყვაი ესე; ვის ხელ-ეწიფების სმენად მისა? ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა" (იოანე, 6,60-66) და დღესაც, - აღნიშნავს წმინდა ეგნატე, - ამ უდიდესი საიდუმლოს მიმართ ეჭვით განეწყობიან ისინი, რომლებიც მხოლოდ ქრისტიანის სახელს ატარებენ, გარეგნულ ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს ჩასჭიდებიან, ხოლო ცხოვრებითა და გულის ნადებით უცხო არიან ქრისტიანობისთვის. სიტყვა მკაცრი იქნებოდა, ამ სიტყვისადმი მორჩილება შეუძლებელი გახდებოდა, თუკი მას ადამიანი წარმოთქვამდა. სიტყვა წარმოთქვა ღმერთმა, რომელმაც თავისი უზომო მოწყალებით ადამიანთა ხსნისთვის ადამიანური ბუნება შეიმოსა და ამიტომაც ეს სიტყვა მადლითაა აღსავსე. სიტყვა წარმოთქვა ადამიანთა ხსნისთვის განკაცებულმა ღმერთმა, ამიტომაც სიტყვისადმი ყურადღება და მისი განსჯა, არ უნდა იყოს ზერელე. ამ სიტყვას რწმენითა და მთელი სულით უნდა დაემორჩილო, ისევე როგორც რწმენითა და მთელი სულით უნდა მიიღო განკაცებული უფალი. განკაცებული უფალი ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია, ასევე მიუწვდომელია მისთვის ღმერთკაცის დადგენილება და ქმედება: უსჯულოებათა შინა ჩასახული და ცოდვაში შობილი მარადიული დაღუპვისათვის და ჯოჯოხეთის უფსკრულში სატანჯველად განწირული ადამიანი უფალს შეიცნობს, მადლით განიღმრთობა და ზეცაში მარადიული ნეტარებისთვის ამაღლდება! ღმერთკაცის სიტყვისა და დადგენილების მგმობელნი თავად უფალს უარყოფენ, რომელიც "სული და ცხოვრებაა". მათ დაგმეს და უარყვეს ის დადგენილება, რომლითაც ქრისტეს მოწაფეებს "სული და ცხონება" გადაეცემათ: "ამენ, ამენ, გეტყვი თქუენ: "უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა" (იოანე 6,53).
"ჩვენ შეგვფერის ვიცოდეთ, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - წმინდა საიდუმლოების საოცარი თვისებისა და ზემოქმედების შესახებ; რანი არიან, რას ემსახურებიან? რა სარგებლობა მოაქვთ? ჩვენი სხეული ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სხეულს უერთდება, ჩვენ ვხდებით ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი".
საიდუმლო განბრძნობილნო! შეისმინეთ ის, რასაც გაუწყებენ: ჩვენ უფლის უწმინდეს სხეულს არა მხოლოდ სიყვარულით ვუერთდებით, არამედ თავად ამ საიდუმლოს მეშვეობით უფლის ყოვლადწმიდა სხეული ჩვენს საზრდოდ გადაიქცევა. მან ეს საზრდო გვიბოძა ჩვენდამი სიყვარულის საჩვენებლად. მან საკუთარი თავი ჩვენ შეგვიერთა, საკუთარი სხეული ჩვენს სხეულს შეუერთა, რათა ისე შევრწყმოდით მას, როგორც სხეული ერწყმის თავს: ასეთია ენით აუწერელი სიყვარულის თვისება. ჩვენ ეს ქრისტემ მოგვანიჭა: თავისი სიყვარული ჩვენ მიმართ განაცხადა და უდიდეს სიყვარულში შეგვიყვანა. მან მსურველთ უწყალობა არა მხოლოდ მისი ხილვა, არამედ მასთან შეხებაც, მისი მიღება, მასთან შერწყმა და ყველა წადილის ასრულება".
სამეუფო მცნებისა და დადგენილების შესრულებას მრევლისაგან უფრო კატეგორიულად მოითხოვენ ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი და წმინდა მღვდელმთავარი მაკარი კორინთელი.
"ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ნაბრძანები აქვს ხშირად ეზიაროს. ამას გვიბრძანებენ: 1. უფალ იესო ქრისტეს მცნებები; 2. საქმე მოციქულთა, მოციქულთა და წმინდა კრებათა კანონები, წმინდა და ღმერთშემოსილი მამები; 3. წმინდა ლიტურგიის წეს-განგება, მღვდელმსახურება და თვით ლოცვის სიტყვები; 4. საკუთრივ წმინდა ზიარება.
უფალმა იესო ქრისტემ, ვიდრე ზიარების საიდუმლოს მოგვცემდა, გვამცნო: "პური, რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხოვრებისთვის სოფლისა" (იოანე 6,5); ანუ: საზრდელი, რომელიც მინდა მოგცეთ - ეს ჩემი ხორცია, რომელსაც ვაძლევ განსაცხოველებლად მთელს მსოფლიოს. ეს ნიშნავს, რომ საღვთო ზიარებას მორწმუნეთა სულიერი და ქრისტესმიერი ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია; ხოლო სულიერი და ქრისტესმიერი ცხოვრება არასოდეს უნდა განელდეს, არ უნდა შეწყდეს, როგორც ამას მოციქული გვიბრძანებს "სულსა ნუ დაავსებთ" (თესალ. 5, 19), იგი მუდმივი და განუწყვეტელი უნდა იყოს, რათა ცოცხლები უკვე საკუთარი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ მათთვის მომკვდარისა და აღდგომილისთვის იმავე მოციქულის სიტყვისაებრ (2-5,15); სხვაგვარად რომ ვთქვათ, მორწმუნეებმა პირადი, ხორციელი ცხოვრებით კი აღარ უნდა იცხოვრონ, არამედ იესო ქრისტეს ცხოვრებით, რომელიც მოკვდა და აღდგა ჩვენთვის, ანუ ქრისტესმიერი ცხოვრებით, ხოლო თუკი ქრისტესმიერი ცხოვრება მუდმივი და განუწყვეტელია, აქედან უეჭველად გამომდინარეობს, რომ მუდმივი და განუწყვეტელი უნდა იყოს ისიც, რაც მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს ანუ საღვთო ზიარება".
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელისა და მაკარი კორინთელის სწავლებით, ქრისტიანისთვის საღვთო ზიარებას იმდენადვე აუცილებელია, რამდენადაც მაცხოვარმა ნათლისღებასთან დაკავშირებით წარმოთქვა, ასევეა მის მიერ ნაბრძანები ზიარებასთან დაკავშირებითაც და მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები სახარებიდან. "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არ აიშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3,5), ხოლო ზიარების შესახებ ითქვა: "ამენ, ამენ გეტყვი თქუენ, უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა". მაშასადამე, როგორც ნათლისღების გარეშე შეუძლებელია სულიერი ცხოვრება და ცათა სასუფევლის დამკვიდრება, ასევე შეუძლებელია სულიერი ცხოვრება ზიარების გარეშე, ხოლო რაკი ეს ორი საიდუმლო ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ნათლისღება მხოლოდ ერთხელ აღსრულდება, ზიარება კი მუდმივად და ყოველდღიურად, აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საღვთო ზიარება შეიცავს ორ აუცილებელ პირობას; პირველი: ის უნდა აღესრულებოდეს და მეორე, აღესრულებოდეს განუწყვეტლივ.
ამასთან, როდესაც იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ზიარების საიდუმლოს აძლევდა, მას რჩევის სახით არ უთქვამს, ვისაც სურს ჭამოს ჩემი ხორცი და ვისაც სურს, სვას ჩემი სისხლიო", როგორც მაგალითად: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა" (მათე 16,24): "უკეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო" (მათე 19,21), არამედ ბრძანების სახით: "მიიღეთ და ჭამეთ: ეს არს ხორცი ჩემი" და - "სუთ ამისგან ყოველთა, ეს არს სისხლი ჩემი" (მათე 26, 26-28); თქვენ აუცილებლად უნდა სჭამოთ ჩემი ხორცი და აუცილებლად უნდა სვათ ჩემი სისხლიო; აგრეთვე თქვა: "ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა" (ლუკა 22,19), ე.ი. - ეს უნდა გააკეთოთ არა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ, არამედ ყოველდღიურად, როგორც ამას ღვთაებრივი ოქროპირი განმარტავს, რათა იხსენიებდეთ ჩემს ვნებებს, ჩემს სიკვდილს და ჩემს მიერ კაცობრიობის გამოხსნის საიდუმლოს.
იესო ქრისტეს ეს სიტყვები ნათლად წარმოგვიდგენს ზიარების საიდუმლოს ორ აუცილებელ მხარეს, - განმარტავენ წმინდა მამები, - პირველი მიუთითებს ბრძანების ვალდებულებაზე, რომელიც ჩანს ამ სიტყვებში, ხოლო მეორე - სიხშირეზე, რომელსაც გამოხატავს სიტყვა "ჰყოფდით", აქედან გამომდინარე, ჩვენ გვევალება არა მხოლოდ ზიარება, არამედ განუწყვეტელი ზიარება.
მაშ ასე, ახლა ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანს თუნდაც მაღალ ხარისხში მყოფს, არავითარი უფლება არა აქვს, უგულებელყოს მაცხოვრის ეს ბრძანება, არამედ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია შეასრულოს და დაიცვას იგი, როგორც სამეუფო მცნება და დადგენილება", - გვარწმუნებენ ღირსი ნიკოდიმოსი და წმინდა მაკარი.
პატერიკონში ბევრი შემთხვევაა აღწერილი, როცა წმინდა ზიარების მადლით ჯანმრთელდებოდნენ ავადმყოფები; წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის და, რომელიც ავად იყო და წამლებისგან ვერავითარი სარგებელი მიიღო, წმინდა ზიარების რწმენით გამოჯანმრთელდა.
"განვკვირდები ღვთაებრივ საიდუმლოთა დიდებულებით და ცხოველმყოფელობით", - უთქვამს იოანე კრონშტადტელს, როცა უჭმელობისაგან სრულიად დაუძლურებულ მოხუცს, წმინდა ზიარების შემდეგ, შეუწყდა პირიდან სისხლდენა და გამოჯანმრთელდა, მომაკვდავმა უგონო გოგონამ კი ზიარებისთანავე დაიწყო ჭამა-სმა, ლაპარაკი და სიცოცხლე დაუბრუნდა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა წმინდა იოანე მმარხველმა ბრმას დაადო თვალებზე ქრისტეს სხეულის ნაწილი, თქვა: "რომელმა განკურნა შობიდან ბრმა, დაე, მან განგკურნოს შენ!" - და ბრმას თვალი აეხილა.
(გაგრძელება იქნება)