ერთხელ, როცა ის იდგა... ლოცვაზე და გონებით უფრო ლოცულობდა, ვიდრე ბაგეებით: "ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას", უეცრად ზემოდან მასზე ღვთაებრივი ნათელი დაეშვა და მთელი ის ადგილი გააცისკროვნა. მაშინ ამ ყმაწვილს დაავიწყდა, რომ ოთახში, ჭერქვეშ იმყოფებოდა, რადგან ყოველ მხარეს ნათელს ხედავდა, ისიც კი არ იცოდა, ფეხებით იდგა თუ არა მიწაზე, მიწიერზე არაფერზე ნაღვლობდა, აზრადაც არ მოსდიოდა არაფერი ის, რასაც ჩვეულებრივ, ხორციელნი ფიქრობენ. მთლიანად იყო შერწყმული არამიწიერ ნათელთან და ეჩვენებოდა, რომ თავადაც ნათელი გახდა, დაავიწყდა მას მაშინ მთელი სამყარო და არაამქვეყნიური ცრემლითა და სიხარულით აღივსო.
შემდეგ მისი გონება ზეცამდე აღიმართა, და იქ სხვა სამყარო იხილა, უფრო ნათელი, ვიდრე მის გარშემო იყო."
ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
(ნაშრომები. წ 2. მ. 2011. გვ. 223-224).
(ნაშრომები. წ 2. მ. 2011. გვ. 223-224).
"უმაღლესი ჯილდო ღვთისნიერი ადამიანისათვის წმიდა ლოცვაა. და თუ ამ ლოცვის მისაღწევად ის არ მოკვდება ყოველივე ამქვეყნიურისათვის და არ იქნება, როგორც ცხედარი კუბოში, მას ვერ შეიძენს"
ღირსი ისააკ ასური
ლოცვა უფალთან სიყვარულში საუბარია! ის შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით და მათ გარეშეც შესრულდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მისი თავიდათავი უფლის სიყვარული უნდა იყოს! გულის შემუსვრილობა სინანულსა და სიყვარულში ლოცვის აუცილებელი პირობაა! სხვა შემთხვევაში, ლოცვა შეიძლება მედიტაციად გადაიქცეს. მედიტაცია (ლათ. მედიტატიო - განსჯა, ფიქრი) - სავარჯიშოების ტიპია ყურადღების კონცენტრაციის საწვრთნელად, გამოიყენება გასაჯანსაღებლად, საკუთარი აზრებისა და ემოციების მართვის კონტროლის გამოსამუშავებლად და განსაკუთრებული რელიგიურ-ფსიქიკური "ხსოვნის" მდგომარეობაში შესასვლელად.
(http)ru. vikipedia.org(wiki) meditacia).
ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, ხშირად ლოცვასა და მედიტაციას ერთმანეთში ვურევთ. აღმოსავლური რელიგიური მიმდინარეობების გავლენით, დამკვიდრდა კიდეც მედიტაციის სუბკულტურა - საკუთარ ტვინზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენა. მედიტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მიუხედავად მისი აღმსარებლობისა, მორალური თუ სულიერი მდგომარეობისა, და ა.შ.; ვისაც არ ეზარება, და განსაკუთრებული შეგრძნებები უნდა, ამითაა დაკავებული. ლოცვა კი მხოლოდ ქრისტიანს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) შეუძლია. ამიტომ მედიტაციას საერთო არაფერი აქვს ლოცვასთან, მედიტაცია ეს არის სუფთად ფსიქო-სომატური მოვლენა და განხორციელდება ადამიანის ნერვულ სისტემაში, ლოცვა კი ტრანსკოსმოსური მოვლენაა და არ განხორციელდება დროსა და სივრცეში. მედიტაცია ადამიანის ჩაკეტვაა თავის თავში, ლოცვა კი ადამიანის უფლისათვის - სამყაროსათვის გახსნაა (ამ სიტყვის სულიერი და არა ფიზიკური გაგებით).
ჩვენი კიდევ ერთი შეცდომა - ეს ლოცვის ტექნიკის იდეალიზაციაა. ჩვენ, ლოცვაში სრულყოფის იმედით, ხარბად ვსწავლობთ ლოცვის სხვადასხვა ხერხებს. თუ მედიტაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარე, რადგან მის გარეშე მედიტაცია შეუძლებელია, ლოცვისათვის აუცილებელია შინაგანი სულიერი განწმენდა - განსაკუთრებული სულიერების მიღწევა! თუკი ლოცვის დროსაც გამოიყენება ტექნიკური ხერხები, ეს მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების გასამახვილებლად, ლოცვის ტექნიკა ჩვენ მხოლოდ კონცენტრირებაში გვეხმარება, მაგრამ მას სიყვარულის დეფიციტის კომპენსირება არ შეუძლია. სიყვარულის გარეშე კი ლოცვა - უფალთან საუბარი - არ შედგება!
ახლა ყურადღება მივაპყროთ ჩვენი წინასიტყვაობის პირველ ეპიგრაფს. მისი კითხვისას, უეჭველია, ვიკითხავთ: როგორ მივაღწიოთ ასეთ ლოცვით მდგომარეობასო. ეს კითხვა უფრო მართებული იქნება, თუ დავაზუსტებთ, რომ ასეთი მლოცველი ადამიანი, ერთი უბრალო ყმაწვილი იყო, რომელსაც "არც დიდი და გრძელვადიანი მარხვა დაუცავს, არც მღვიძარებაში ყოფილა, არც მიწაზე უძინია, არც სხვა რაიმე სიმძიმე უტვირთავს საკუთარ თავზე, მაგრამ, გაიაზრა რა თავისი ცოდვები, შეიგრძნო თავისი ცოდვილობა, თავი განისაჯა და შეინანა". (იგივე, გვ.218) და მაშინ, როგორ შესძლო მან ასე მაღალსულიერად ლოცვა?
ასეთი ლოცვისათვის აუცილებელია გვქონდეს რწმენა, იმედი და სიყვარული. ეს სულიერების სამი შემადგენელი, თანაბრად აუცილებელია იმისათვის, რომ ლოცვა - უფალთან საუბარი - შედგეს. რწმენის გარეშე შეუძლებელია იმედის ქონა და სიყვარული, შესაბამისად, შეუძლებელია ლოცვა, იმედის გარეშე რწმენა არასრულია და სიყვარული არასრულყოფილი, და ესე იგი, ლოცვა არასულიერია, სიყვარულის გარეშე რწმენა ფორმალურია, იმედი კი ეგოისტური, ამიტომ, ლოცვა არასრულფასოვანია. მხოლოდ უფლის ჭეშმარიტი რწმენა, მისი უსაზღვრო წყალობის იმედი და უფლისა და ადამიანის თავდავიწყებით სიყვარულითაა შესაძლებელი ჭეშმარიტი ლოცვის აღვლენა, მხოლოდ ასეთ ლოცვას შეისმენს ღმერთი. ჩვენი ყმაწვილი სწორედ ასე ლოცულობდა და უფალმა დაუყოვნებლივ შეისმინა მისი ლოცვა! თითქოს აქ ყველაფერი ნათელია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ყოველი ადამიანი თავისებურად იგებს სულიერების ამ სამ კომპონენტს, რწმენის, იმედის და სიყვარულის განმარტება ყველას თავისებური აქვს.
როგორ რწმენას ვგულისხმობ? რწმენა, უპირველეს ყოვლისა, უფლის აბსოლუტური ნდობაა. ნდობის გარეშე რწმენა აღმსარებლობის ფორმალური დეკლარაციაა და სხვა არაფერი. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ უფლის ლოცვის სიტყვებს - "იყავნ ნება შენი", მაგრამ თითქმის არასოდეს ვიღებთ მის წმინდა ნებას, ყოველნაირად ვცდილობთ, "ვაიძულოთ" უფალი ყველაფერი ისე შეგვისრულოს, როგორც ჩვენ გვინდა, და, მხოლოდ მაშინ ვხარობთ, როცა მისი ნება ჩვენს სურვილს ემთხვევა, სხვა შემთხვევაში, მთელი გულით ვდარდობთ, გულში ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვიმართლებს და რომ ცუდი ბედი გვაქვს. საუბარი ბედზე - ეს ადამიანის გამოგონებაა და ჩვენ ეს თავის მართლებისთვის გვჭირდება. რეალობაში, ყოველ ადამიანს სწორედ ის "ბედი" აქვს, რომელიც მას ქრისტესმიერი სიყვარულის სასწავლად სჭირდება. უფლის ნებით, სწორედ იმ საგნებს ვსწავლობთ, და ხშირად ერთდროულად რამდენიმეს, რაშიც ძალიან ჩამოვრჩებით: თუ არ გვაქვს მორჩილება, გვიმორჩილებს; თუ არ გვაქვს სიყვარული, გულმოწყალების მაგალითებს გვიჩვენებს; თუ არ გვაქვს ლოცვითი მდგომარეობა, სინანულისა და აღსარებისაკენ გვიბიძგებს და ა.შ. ბედნიერი ის კი არ არის, ვინც მაქსიმალურად განერიდა ცხოვრებისეულ უსიამოვნებებს (რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია), არამედ ის, ვინც ისწავლის მათ მორჩილებით და მშვიდად მიღებას (რაც პრაქტიკული და გონივრულია). გვავიწყდება, რომ ჩვენ სიცოცხლე მოგვეცა არა იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად მოვაწყოთ და არა დაუსრულებელი სიამოვნების ორგანიზებისათვის, არამედ ქრისტესმიერი სიყვარულის მოსაპოვებლად, რაც მეტად აუცილებელია მარადიული სიცოცხლისათვის. იმისათვის, რომ უფალთან სიყვარულში მარადიულობაში ვიცხოვროთ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში მაქსიმალურად უნდა ვემსგავსოთ მას. ამიტომ, ჩვენი ცხოვრება არის არა მიწიერი სიამოვნებების ატრაქციონი, არამედ ღვთიური სიყვარულის სასწავლო პოლიგონია! ასეთი სიყვარულის მოსაპოვებლად, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რამის სწავლისას, საკუთარ თავზე სკრუპულოზური და მძიმე მუშაობაა საჭირო და მრავალი განსაცდელია გასავლელი. ჩვენზე მამაშვილურად უსაზღვროდ შეყვარებული უფალი, სურს რა გვიხილოს მარადისობაში, როგორც ჭეშმარიტი მოძღვარი და მასწავლებელი, უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რათა მათი უდრტვინველად დათმენით მოვიპოვოთ სიყვარული და გავხდეთ მარადიული სიცოცხლის ღირსი, ამიტომ ის, როგორც ნამდვილი მამა, შეუდრეკელია ჩვენი გადარჩენის საკითხებში, და ახალ-ახალ განსაცდელებს უშვებს ჩვენზე, სანამ მორჩილნი არ გავხდებით და უბედურების დროსაც კი, სიხარულით არ ვიტყვით "იყავნ ნება შენი!" მხოლოდ ასეთი რწმენაა ჭეშმარიტი ლოცვის წინაპირობა! მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ესეც კი არ არის საკმარისი, თუ არ გვაქვს ჭეშმარიტი იმედი და სიყვარული. ჭეშმარიტი იმედისა და სიყვარულის გარეშე რწმენა უაზრო პრინციპულობად და წეს-ჩვეულებათა მიმდევრობად იქცევა! სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომელთაც უფლისა ან რაიმე იდეის მტკიცე რწმენა აქვთ, მაგრამ არ სასოებენ ქრისტეზე და არ უყვართ ყველა თანამოძმე. ისინი, მთელი ძალისხმევით მყარად ეყრდნობიან თავიანთ რწმენას, მაგრამ ასეთი რწმენა მათ უფალთან არ აახლოვებს, არ ეხმარება ლოცვაში, პირიქით, განაშორებს უფალს! სწორედ ამდაგვარ რწმენას მიჰყავს ადამიანები სხვადასხვა სექტაში და სხვადასხვა სახის ფუნდამენტურ იდეებთან და ისინი მსახურებენ არა სიყვარულის ღმერთს, არამედ სიძულვილის კერპს! ასეთი ადამიანი, საბოლოოდ, იწყებს სიძულვილს უფლის სახელით, რაც სრულიად აბსურდულია! ადამიანს, რომელსაც გულში თუნდაც მცირედი გაღიზიანებისა და სიძულვილის მარცვალი აქვს, ვისდამიც არ უნდა იყოს, არავითარი ურთიერთობა არ აქვს უფალთან, და, ბუნებრივია, მას არ შეუძლია ლოცვა!
რას ვგულისხმობთ, როცა ჭეშმარიტ იმედზე ვსაუბრობთ? იმედი ჭეშმარიტია და მხსნელი, თუ ყველაფერში უფლის წყალობაზე ვსასოებთ, როცა ყველა საქმეში ქრისტეს იმედი გვაქვს, მის გარეშე ხომ ჩვენ არაფერი ძალგვიძს! ის მეგზურიცაა და ძალაც ჩვენი ყველა განსაცდელის ჟამს! და თუკი მხოლოდ ჩვენი ინტელექტის, ცხოვრებისეული გამოცდილების, განათლების და ა.შ. იმედი გვაქვს, სრულ გაუგებრობაში ვიმყოფებით, და ასეთი იმედის დროს, ჩვენს არანაირ ლოცვას არ შეისმენს უფალი! ქრისტე-ღმერთკაცი არის ჩვენი ერთადერთი იმედი, მხოლოდ მისი ძალისხმევით შევიძენთ ჩვენი ყოფის ჭეშმარიტებას - სიყვარულს და, მხოლოდ ის გვაძლევს ლოცვის მადლს. ნებისმიერ სხვა რამეზე დაიმედება გვაშორებს უფალს! მაგრამ კიდეც რომ გვქონდეს ასეთი სასოება უფლისა, მაგრამ ნდობა არ გაგვაჩნდეს იმისა, რომ უფალია ჩვენი მხსნელი, და არ გვიყვარდეს თანამოძმენი, ჩვენ არ შეგვიძლია ლოცვა - საუბარი უფალთან, ჩვენ სულიერ კმაყოფილებაში ვვარდებით, და ამას კვლავ წეს-ჩვეულებათა მიმდევრობასთან მივყავართ. ასეთი ადამიანები განწირულნი არიან ქრისტეს სახელით სიძულვილისთვის, რაც სულიერი კვდომის ტოლფასია, და ბუნებრივია, ვერ აღუვლენენ ლოცვას სიყვარულის ღმერთს!
რა არის ჭეშმარიტი სიყვარული? სიყვარული ჭეშმარიტია, როცა მას არ აქვს ეგოისტური წინაპირობები, ანუ ის თავდადებული და თავგანწირულია! სწორედ ასეთი სიყვარული დაგვანახა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, და, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ლოცვა, როცა ასეთი სიყვარული გვაქვს ან ვესწრაფით მას. ასეთი სიყვარულის გარეშე ლოცვა მხოლოდ ფორმალური წეს-ჩვეულებაა და მას არასოდეს შეისმენს უფალი. მეორე მხრივ, ლოცვითი მოშურნეობის გარეშე ასეთი სიყვარულის მოპოვება შეუძლებელია, თითქოს აქ იკვრება ჯადოსნური წრე, მაგრამ უფალმა, განჭვრიტა რა ჩვენი არასრულყოფილება, მოგვცა ამ წრის გასაღები, - მოგვივლინა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც გვიჩვენა მაგალითი სრულყოფილი სიყვარულისა, რაც აუცილებელია ლოცვისათვის! და თუკი ჩვენ გულში მუდმივად უფლის სახელის მოწოდებით, მთელი ჩვენი ძალისხმევით შევეცდებით, მივაღწიოთ ამ სიყვარულს, მაშინ ჩვენი არასრულყოფილი სიყვარულიც კი გახდება ჩვენი ლოცვის საფუძველი და უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვას! მაგრამ მხოლოდ სიყვარული, უფლისადმი სრული მინდობის და ქრისტეს სრულყოფილი იმედის გარეშე, არ არის საკმარისი ლოცვისათვის. არიან ადამიანები, რომელთაც თავდავიწყებით უყვართ სხვა ადამიანები და ამ სიყვარულისათვის თავგანწირულ გმირობებს სჩადიან, მაგრამ არ სჯერათ უფლისა და მისი ქმედებისა, არ სასოებენ ქრისტეზე. როგორი ამაღლებულიც არ უნდა იყოს მათი სიყვარული, ის მიწიერია და ის მათ არ აახლოებს უფალთან, შესაბამისად, მათ ლოცვა არ შეუძლიათ! მხოლოდ უფლის უსაზღვრო რწმენის, ქრისტეს სრულყოფილი იმედისა და უფლისა და ადამიანებისადმი თავდაუზოგავი სიყვარულით მიიღწევა ჭეშმარიტი ლოცვა - გულწრფელი და უშუალო საუბარი უფალთან!
ჩვენ განვიხილეთ პირველი ეპიგრაფი, რათა დაგვერღვია მითი, რომ ლოცვა მხოლოდ მონაზვნური საქმიანობაა! ლოცვა შეუძლია და უნდა ილოცოს ყოველმა ადამიანმა! მაგრამ უფალმა ჩვენი ლოცვა რომ შეისმინოს, აუცილებელია რწმენა, იმედი და სიყვარული! მაშ, რატომ დავწერეთ მეორე ეპიგრაფი, რომელიც, თითქოს პირველს ეწინააღმდეგება? რა თქმა უნდა, ასე არ არის, უბრალოდ, ამ ორ ეპიგრაფში საუბარია ლოცვის განსხვავებულ საფეხურებზე. პირველ ეპიგრაფში განხილული ლოცვა ჭეშმარიტი ქრისტიანის ბუნებრივი ლოცვაა, ასე ვთქვათ, ლოცვითი მდგომარეობის საწყისი საფეხური, რომლის ქვევითაც ადამიანი, თავს თუ ქრისტიანად თვლის, არ უნდა დაეშვას, მეორე ეპიგრაფში კი საუბარია ლოცვის უმაღლეს ფორმაზე - წმინდა, სუფთა ლოცვაზე, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტი მოსაგრე აღწევს, და ის მართლაც მხოლოდ მონასტრულ და უდაბნოში ცხოვრების პირობებში მიიღწევა. სუფთა, წმინდა ლოცვა ეს მიწიერი წინასწარტკბობაა მომავალი, მარადიული ნეტარებისა და მისი მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ძალისხმევით შეუძლებელია - ეს უფლის ჯილდოა, რომელიც მხოლოდ სულიერებაში გამოჩენილ მოღვაწეებს ეძლევათ. აი, მოკლედ გადმოცემული ადამიანის მიერ სრულყოფილი, წმინდა ლოცვის მიღწევის მექანიზმი: საკუთარი არასრულყოფილებისა და ცოდვილიანობის აღქმა, უფლის ნებით, ადამიანს ღრმა სინანულამდე მიიყვანს, რის გამოც, საკუთარი ნებისყოფის დაძაბვით და უფლის წყალობის სრული იმედით, ის გადაწყვეტს სულიერად ახალ ადამიანად გარდაიქმნას. მარხვის, მღვიძარების, ლოცვისა და სიყვარულის თესვის გზით ის განიწმენდს გულს და თანდათანობით ქრისტესმიერ სიყვარულს შეიძენს, რომლის მეშვეობითაც მის გულში სულიერი სამყარო და წმინდა სიცარიელე დაისადგურებს, სადაც, დაუყოვნებლივ დაისადგურებს უფლის მადლი, ამის შემდეგ ადამიანი თავად იქცევა ლოცვად, ის უკვე დროდადრო კი აღარ ისაუბრებს უფალთან, როგორც სხვა დანარჩენი მლოცველები, არამედ შეერწყმება უფალს და სულიერად განუწყვეტლივ უფალთან იქნება, სადაც არ უნდა იყოს ხორციელად.
ვილოცოთ უფლისადმი სრული ნდობით, სრულიად გვეიმედებოდეს ქრისტე, თავდაუზოგავად ვესწრაფოთ უფლისა და ადამიანების სიყვარულს და ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას!