დასაწყისი გასულ ნომერში:
გვესაუბრება სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი ილია (კავსაძე):
- ბრძანეთ, რომ პრაქტიკულად ჩამოსცილდით საერო – საზოგადოებრივ ცხოვრებას და ცდილობთ მიმდინარე პროცესებს გაერიდოთ. მიუხედავად ამისა, მაინც მინდა გკითხოთ აზრი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.
- ამ საკითხზე მივიღე ინფორმაცია და თავს ვალდებულადაც ვთვლი, აზრი გამოვთქვა. ეს უხამსი კამპანია, რომელიც ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გასცდა, უპირველესად საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს ეკლესიის, მართლმადიდებელი მრევლის, მისი მწყემსმთავრის საწინააღმდეგო იყო. ამ კამპანიამ უხეშად შელახა საქართველოს ბევრი მოქალაქის ღირსება და პატივი. ცილისმწამებლური აქციის დამცველები საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან, დემაგოგიურად იშველიებენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და საერთაშორისო კონვენციებს, ბევრ სხვა დოკუმენტს და ამბობენ, რომ მათ აქვთ აზრის გამოხატვის უფლება და რომ ეს უფლება განუყოფელია ადამიანის ძირითადი უფლებებიდან. ამ შემთხვევაში, ლაპარაკი ადამიანის უფლებებზე და გამოხატვის თავისუფლებაზე, სიკეთის სახელით ბოროტების ჩადენაა და იმ ფარისეველთა და მწიგნობართა დემაგოგიური ხერხია, რომლებმაც 2000 წლის წინ ჯვარს აცვეს, თვით უფალი ჩვენი, იესო ქრისტე...
ამის დასამტკიცებლად შორს წასვლა არ არის საჭირო, მოვიშველიოთ მათ მიერვე დასახელებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლის 29-ე მუხლში აღნიშნულია: (1 პუნქტი) "ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე"... (2 პუნქტი)...თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს შეზღუდვებს... რათა უზრუნველყოფილი იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა, დემოკრატიულ საზოგადოებაში, უნდა დაკმაყოფილდეს მოსახლეობის უსაფრთხოების და ზნეობრიობის... საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები.
- ამ კამპანიის მომხრეები ხშირად დიდმნიშვნელოვნად და აშკარად ნიშნის მოგებით სვამენ კითხვას, "მაინც სად გადის საზღვარი, გამოხატვის და ღირსების დაცვის უფლებათა შორისო".
- ნამდვილად მართალია კოელიო, როდესაც თავის ცნობილ "მომლოცველის აღსარებაში" ამბობს: "ბოროტება ყოველთვის სიზუსტეს მოითხოვს," მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ "მორალურ განზომილებებში არ არსებობს გეომეტრიული სიზუსტე".
საბედნიეროდ, ბოროტებასთან მარადიული ბრძოლის გამოცდილებამ კაცობრიობას ასწავლა თავის დაცვა; დღეს ჩვენ შეგვიძლია ზუსტად დავდოთ ზღვარი პირადი გამოხატვის უფლებასა და სხვისი ღირსების შელახვას შორის, და ეს ზღვარი ნორმირებულია დეკლარაციებითა და კონვენციებით: ამონარიდი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის I მუხლიდან: "ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებით და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით"; ამონარიდი V მუხლიდან, "არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული... მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა..."
საერთაშორისო "პაქტის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ", მე-19 მუხლის III ნაწილი პირდაპირ მოითხოვს სახელმწიფოებისაგან კანონის მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს სხვა პირების უფლებათა და რეპუტაციის პატივისცემას, მოსახლეობის ზნეობრიობის დაცვას... ამ ფაქტზე საქართველო მიერთებულია და ამიტომ აუცილებლია შესასრულებლად.
კიდევ უფრო დაზუსტებულია ეს დებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის X მუხლის II პუნქტის რედაქციით...
- ადრე, და ახლა განსაკუთრებით, 17 მაისის აქციის შემდგომ, კამპანიის ორგანიზატორები ხშირად მოითხოვენ საქართველოს მოსახლეობისგან, მთავრობისგან, რათა უზრუნველყოფილი იქნას სექსუალურ უმცირესობათა უფლებები, რომლებიც თითქოსდა აღიარებული და დაცულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო შეთანხმებებით და კონვენციებით.
- მათ ბევრი ადამიანი შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს არსებობს რომელიღაც საერთაშორისო კონვენცია თუ შეთანხმება, რომლითაც აღიარებულია "სექსუალური უმცირესობა". მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ადამიანის უფლებათა გაეროს არც ერთ შეთანხმებაში და არც ერთ დეკლარაციაში, სექსუალური უმცირესობის ცნება არ არის აღიარებული და სექსუალური უმცირესობები არ არის შეტანილი იმ ჩამონათვალში, რომელიც დამტკიცებულია ადამიანის უფლებათა მსოფლიო კონფერენციების დეკლარაციებით და ადამიანის უფლებათა კომისიისა თუ საბჭოს გადაწყვეტილებებით.
ჩემი ხნისა და გამოცდილების მქონე კაცს არაფერი უნდა გაუკვირდეს, მაგრამ ნამდვილად გამაოცა ქართულ "ვიკიპედიაში" დაფიქსირებულმა "სექსუალური უმცირესობების" განმარტებამ. ტექსტს მოვიტან უცვლელად: "სექსუალური უმცირესობები არიან ადამიანთა ჯგუფები, ვისი სექსუალური იდენტურობა და ორიენტაცია განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობისგან. ეს ტერმინი ჩნდება 1960 წლიდან, როდესაც გამოვიდა ლარს უილერსტამის წიგნი "ეროტიკული უმცირესობები". ამ ტერმინის ანალოგი გახდა "ეთნიკური უმცირესობები". სექსუალურ უმცირესობებს ხშირად აბრევიატურით ლგბტ მოიხსენებენ"
როგორც ზემოაღნიშნული დეფინიციის ავტორები აღნიშნავენ, თურმე ტერმინის - "ეთნიკური უმცირესობების" წყაროდ, 1960 წელს გამოცემული, უილერსტამის წიგნი "ეროტიკული უმცირესობები" მოიაზრება.…
დაინტერესებულ მკითხველს, მინდა ვაცნობო, რომ 1946 წელს, როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეა იხილავდა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის პროექტს, მძაფრი კამათი გამოიწვია სწორედ უმცირესობების პუნქტმა, მაგრამ იქ ლაპარაკი იყო მხოლოდ ეროვნულ, რელიგიურ, ეთნიკურ და ენობრივ უმცირესობებზე.…
დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ 2004 წლამდე გაეროს არცერთ ორგანიზაციას, არც ერთ დოკუმენტში არ უღიარებია "სექსუალური უმცირესობები", როგორც ადამიანის უფლებათა სფეროს რეგულირების სუბიექტი. არსებული ტექნიკური საშუალებების ფარგლებში გადავამოწმე 2004 წლის შემდგომი პერიოდი, და აქაც ვერაფერი მოვიძიე.
- რა შეიძლება დავასკვნათ?
- ადამიანის უფლებათა სფეროს უმცირესობების ნუსხაში არ არის სექსუალური უმცირესობები. 2003 წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მორიგ საგაზაფხულო სესიაზე, ერთმა ევროპულმა სახელმწიფომ შემოიტანა წინადადება თხოვნით, რომ უმცირესობების ნუსხაში შეეტანათ "სექსუალური უმცირესობები", ეს წინადადება კომისიამ უარყო!
- დაბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გკითხოთ, კმაყოფილი ბრძანდებით მონასტრული ცხოვრების წესით, ბერ-მონაზვნური ყოფით?
- ჩვენს მონასტერში ძირითადად ახალგაზრდები არიან, თვით მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმეც (ჭედია) ახალგაზრდაა, თუმცა ძმობისა და სიყვარულის ისეთი სულიერი გარემოა, ურთიერთობათა ისეთი ერთობაა, რომ თუ ადამიანი ხარ, ღმერთისკენ სავალ გზაზე წარმატებით ივლი.…
მინდა ჩემს ყველა თანამონასტრელს ვუსურვო ქრისტესმიერი სიძლიერე და სიმშვიდე, ხოლო მამა სერაფიმე დავლოცო და ვუსურვო, წარმატებით ეტარებინოს სვეტიცხოვლის წინამძღვრის უმძიმესი, უწმინდესი და საპატიო ჯვარი, ვუსურვებდი ასევე საეკლესიო იერარქიის სულ უფრო მაღალ დონეზე დამკვიდრებას.