უმაღლესი საფეხური ღვთისმსახურებისა, უმაღლესი მსახურება უფლისა
ყოველმა მორწმუნემ იცის, რა დიდი ძალა აქვს სიტყვას. სწორედ მისი მეშვეობით განვმართლდებით ან გავმტყუნდებით განკითხვის დღეს. ყოველი წარმოთქმული სიტყვისათვის უფალი პასუხს მოგვთხოვს...
მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგად ვიცით, ყველაზე მეტად მაინც ენის დამორჩილება გვიჭირს. ენა ჩემი - მტერი ჩემიო, ამბობენ წმინდა მამები. ჩვენც რამდენჯერ გვიგემია ჩვენივე ენის მწარე ნაყოფი, რამდენი უთანხმოება, გაუგებრობა და უბედურება მოუტანია ჩვენთვის განგებ ნათქვამ თუ უნებლიეთ დაცდენილ სიტყვას...მდუმარება - აი, ყოველივე ამის წამალი, სათნოება სათნოებათა შორის, უმაღლესი საფეხური, რომელზე ასვლაც მხოლოდ რჩეულებს ძალუძთ. მდუმარების იმ მადლს, წმინდა მამებს რომ ჰქონდათ, ჩვენ ძნელად თუ მოვიპოვებთ, მაგრამ ვევედროთ ღმერთს, მოგვცეს ძალა, რომ მდუმარედ დავითმინოთ წყენა, ვდუმდეთ ფუჭი, ამაო საუბრისას, მდუმარებით ვძლიოთ ამაოდმეტყველებას.
მდუმარების სათნოებაზე გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მსახური მღვდელი
კონსტანტინე გიორგაძე.
- მამაო, რა არის მდუმარება?
- უმჯობესი იქნებოდა, ამ სათნოებაზე ჩემზე გამოცდილ, მდუმარებით განბრძნობილ ბერს ესაუბრა, მაგრამ რაკი ასე მოხდა, შევეცდები ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს, გითხრათ ის, რაც წმინდა მამათა დარიგებებში წამიკითხავს.
მდუმარება არის უმაღლესი საფეხური ღვთისმსახურებისა, უმაღლესი მსახურება უფლისა. წმინდა მამები სწორედ მდუმარებით მივიდნენ სრულყოფილებამდე. მას შემდეგ, რაც გაივლიდნენ ათას ბრძოლას, მოიპოვებდნენ უდიდეს სათნოებებს - მორჩილებას, ქალწულებას და ა.შ., საბოლოოდ მდუმარებით აგვირგვინებდნენ თავიანთ ღვაწლს. ისინი მდუმარებით ესაუბრებოდნენ უფალს და ამაო მეტყველებისთვის დრო აღარ რჩებოდათ; მდუმარებაში ჯვარზე ეკვრებოდნენ და აკრავდნენ თავიანთ ვნებებს.Dდა როცა მათთან ხალხი რჩევისთვის მიდიოდა, მამები თავიანთი მდუმარებით მიუგებდნენ შეკითხვებზე, თავიანთი სიჩუმით კურნავდნენ და ასაზრდოებდნენ მათ სულს.
ნებისმიერ ადამიანს, ბერი იქნება ეს, სასულიერო პირი თუ უბრალო ერისკაცი, მდუმარებამდე უამრავი საფეხური აქვს გასავლელი. ეს სათნოება დიდი შრომით მოიპოვება. ამისთვის საჭიროა, ადამიანი მიხვდეს, რომ უნდა ესაუბროს უფალს და არა მათ, ვისაც ეს არ სჭირდება. სჯობია, გარეგნულად დუმდე, შინაგანად კი ღმერთს ესაუბრებოდე, ვიდრე ამაოდმეტყველების ცოდვაში იყო და ფუჭად, უსარგებლოდ კარგავდე დროს. ვინც მდუმარებაშია, მან შეიგრძნო, გაიაზრა, თუ რისთვის იშვა, მიხვდა ამა სოფლის ამაოებას, მიხვდა, რომ უფალზე ტკბილი არავინაა და მასთან სასაუბროდ განმარტოვდა, დადუმდა. ჩვენც ვევედროთ უფალს, მოგვანიჭოს ეს სათნოება.
- რატომ ითვლება ასეთ დიდ სათნოებად მდუმარება? რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს სიტყვამ?
- უფალი ამბობს: არა ჩამავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირიდან გამომავალიო, და აი, რატომ: პირიდან გამომავალ სიტყვას აუცილებლად აქვს დასაბამი. ის უსაფუძვლოდ არ წარმოიშობა, მისი საფუძველი კი გულია.Yყოველი ადამიანი ამბობს იმას, რაც გულში აქვს. ასე რომ, სიტყვა ჩვენი გულის მდგომარეობას გამოხატავს. ყოველი ადამიანი გულით განიკითხება, გულის მდგომარეობას კი სიტყვა გამოხატავს. თუ სუფთა გულიდან ამომავალ სიტყვას ამბობ, განმართლდები, ხოლო თუ არა - გამტყუნდები საშინელ სამსჯავროზე. უფალი ამბობს: "სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო". სახარებისეული ავაზაკი ერთმა სიტყვამ აცხოვნა, იმიტომ რომ მასში ჩანდა უდიდესი სინანული და შეწყალების სურვილი.
ადამიანი მთელი თავისი არსებით უფალს უნდა ემსახუროს. ის ამისთვის მოევლინა სამყაროს და ნებისმიერი საქციელი, რომელიც ამ მიზანს არ ემსახურება, ცოდვაა. მით უმეტეს, ცოდვაა ქცევა, რომელიც ერთდროულად ათას ვნებას მოიცავს. როცა გაუაზრებლად ლაპარაკობ, დიდი საფრთხეა, წარმოიშვას სიცრუე, განკითხვა, ცილისწამება... განა რა სარგებლობა მოაქვს ასეთ საუბრებს? არავითარი. ის კი, რაც სულისთვის სასარგებლო არ არის, მისთვის ადრე თუ გვიან საზიანო გახდება. სახარება გვაფრთხილებს, არ მივცეთ ეშმაკს მცირედი საყრდენიც კი. თუ ეშმაკს პირში შემოვუშვებთ, თუ ენას დავუმორჩილებთ მას, ადრე თუ გვიან მთელი სხეული მისი მონობის ქვეშ მოექცევა. სიტყვით შეცოდება ხომ საქციელით შეცოდების წინაპირობაა. თანაც როცა ჩვენი პირიდან ავი სიტყვა ამოდის, ამით უფალს შეურაცხვყოფთ.
ამაოდმეტყველება ცოდვათა ცოდვაა. წმინდა მამები ამ ვნებას გაურბოდნენ და იცით, რას შვრებოდნენ? - საქმეს რომ მორჩებოდნენ, ვთქვათ, კალათს რომ დაწნავდნენ, უქმად რომ არ მსხდარიყვნენ, არღვევდნენ ამ კალათს და თავიდან წნავდნენ.
როდესაც ბოროტს საშუალებას არ აძლევ, შენში შემოვიდეს, მაშინ ანგელოზი დაივანებს შენთან. ამიტომ აჯობებს, ადამიანმა რაიმე საქმეს მოჰკიდოს ხელი, ვიდრე უქმად იმეტყველოს და ამას ათასი ვნება მოაყოლოს.
- ესე იგი, მდუმარება ფუჭი საუბრისგან თავის შეკავებას ნიშნავს?
- გასაგებია, რომ სრული მდუმარების დაცვას, რაც უდიდესი სიწმინდეა, ჩვენ ვერ შევძლებთ, ამიტომ იმას მაინც უნდა ვეცადოთ, რომ ფუჭი საუბრებისგან თავი შევიკავოთ, როცა ვინმე გვაწყენინებს ან განგვარისხებს, დავითმინოთ წყენა და ჩვენი მდუმარებით მოვიპოვოთ გამარჯვება.
მდუმარება არ ნიშნავს მხოლოდ სიჩუმეს. ადამიანი შეიძლება დუმდეს, გულში კი სათნოების მაგიერ ცოდვა ჰქონდეს.
ზოგჯერ მდუმარება ადამიანის ამპარტავნების მიზეზი ხდება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავიმაღლოთ თავი იმით, რომ რამე დავითმინეთ, რომ მდუმარება შევძელით. ეს ჩვენი ვალია და მისი მოხდისთვის არავინ შეგვაქებს. უფალი გვასწავლის, როცა რამეს გააკეთებთ, თქვით: მონანი ვართ უხმარნი და რა იგი თანაგვედვა, აღვასრულეთო.
ზოგი ბუნებით არის სიტყვაძუნწი. რამდენი კაცია ჩვენს გვერდით, ძალიან ცოტას რომ ლაპარაკობს, მაგრამ სულში ვნებათა ქარიშხალი უტრიალებს... ეს მდუმარება არ გახლავთ. მდუმარება ის არის, როცა ადამიანი ქრისტესმიერი სიმშვიდითაა აღსავსე და ცდილობს, უნებლიეთ უფალი არ განაგდოს თავისი სულიდან. ერთი განკითხვის სიტყვაც კი, როგორც წმინდა მამები ამბობენ, უმალ განაშორებს ადამიანს ღვთის მადლს.
- დღეს განსაკუთრებით მომძლავრდა ამაოდმეტყველების ერთ-ერთი სახე - ბილწსიტყვაობა...
- ნათქვამია, რომ ბოლო ჟამს ბერები ერისკაცებს ემსგავსებიან, ხოლო ერისკაცები - ეშმაკებს. ჩანს, სწორედ იქით მივდივართ. მემთვრალეობა, ნარკომანია, მრუშობა, გინება ერისკაცების ცხოვრების წესად იქცა. არავის ერიდებიან - არც ქალებს, არც ბავშვებს. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ამას არავინ აქცევს ყურადღებას, თითქოს ასეც უნდა იყოს...
ეკლესია ამას ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად უყურებს. ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ ქართულ ლექსიკაში არასოდეს ყოფილა გინება. ქართველ კაცს ბილწსიტყვაობა არ სჩვეოდა. მოქიშპეს სხვანაირად უსწორდებოდნენ და არა უშვერი სიტყვების ძახილით. დედის მაგინებელი არღვევს მეხუთე მცნებას: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა, - და საკუთარი სულიდან განაგდებს დედა ღვთისმშობელს, რადგან ის თითოეული ჩვენგანის დედაა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გარდა ამისა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ბილწსიტყვაობის ცოდვა მრავალ სხვას მისცემს დასაბამს - ვნებები ხომ ერთმანეთს არის გადაჯაჭვული. ამიტომაც გახლავთ დღევანდელი ახალგაზრდობის უმეტესობა უბედური. მერე ხელს ღვთისაკენ იშვერენ, იმაზე კი არავინ ფიქრობს, როგორ შეურაცხყოფენ თავიანთი ცხოვრებით უფალს და განარისხებენ სამყაროს შემოქმედს.
- წყევლაც ამაოდმეტყველებაა?
- როცა ადამიანს წყევლი, ეს ნიშნავს, რომ მას ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის იმეტებ, ესე იგი, არ გაქვს სიყვარული, მეტიც - სიძულვილით ხარ მოცული. წყევლა უსამართლობაა, უსამართლობას კი ღმერთი განიკითხავს.
დედის სიტყვებს უდიდესი ძალა აქვს. დედის ლოცვას შვილი ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს, წყევლას კი ჯოჯოხეთში ჩაჰყავს.
კიდევ ერთი ფორმა ამაოდმეტყველებისა, რასაც ეკლესია ცოდვად მიიჩნევს, ფიცია. მათეს სახარებაში ერთმნიშვნელოვნად არის ნათქვამი: ნუ ფუცავთ ნურაფერს, არამედ იყოს თქვენი ჰო ჰო და არა - არაო. ამიტომაც არ შეიძლება დაფიცება - განა ჩვენი ხელმწიფების ქვეშაა ის, რასაც ვიფიცებთ?
- ხშირად ერისკაცები აღთქმას დებენ ხოლმე და მერე ძალიან უჭირთ მისი შესრულება...
- ეშმაკი, რაც ძალი და ღონე აქვს, იბრძვის, რომ ადამიანს უფლის წინაშე დადებული აღთქმა დაარღვევინოს, ამიტომ ყოველმა ერისკაცმა მოძღვრის კურთხევით უნდა დადოს აღთქმა. სხვაგვარად მისი დაცვა ძალიან გაუჭირდება. ხომ გახსოვთ სახარების ეს იგავი: მამამ ორ შვილს ვენახში წასვლა სთხოვა. ერთმა უთხრა, რომ წავიდოდა, მაგრამ არ წავიდა, მეორემ კი უარი თქვა, თუმცა საბოლოოდ მაინც წავიდა. რომელმა აღასრულა ამ ორიდან მამის ნება? - ცხადია, მეორე ძმამ. ასე რომ, ჯობს, არ შევპირდეთ და აღვასრულოთ, ვიდრე აღვუთქვათ და არ გავაკეთოთ.
- მდუმარების დარღვევაა ისიც, როცა უფლის სახელს ამაოდ ვახსენებთ. მით უმეტეს, ამას მესამე მცნებაც კრძალავს.
- მართლაც მეტად მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერით. სად და ვისგან აღარ გაიგონებთ ღვთის სახელს; ისე ახსენებენ, თითქოს უბრალო ვინმე იყოს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნიათ უფალი. როგორ შეიძლება, სამყაროს შემოქმედს, ვის წინაშეც ქედს იდრეკს ყოველი დაბადებული, ვისი სახელის ხსენებაზეც კი ძრწოლა მოიცავს ქერუბიმებს, აუგი საუბრისას ვიხსენიებდეთ?! აღარაფერს ვამბობ ღვთის ყვედრებაზე, რაც უდიდესი ცოდვაა. ჩვენ გვაქვს კადნიერება, უფალს მივმართოთ და ეს მიმართვა არ უნდა იყოს ცოდვიანი. ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს უფალი, გულში მუდამ იმეორებდეს მის სახელს, ოღონდ - ლოცვით და მასზე სასოებით.
- რაკი ყველა ამ ცოდვას მდუმარების უქონლობა და ამაოდმეტყველება აძლევს დასაბამს, საინტერესოა ვიცოდეთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ამაოდმეტყველება, რა გვიბიძგებს ამ ვნებისკენ...
- ამაოდმეტყველების გავრცელებას ხელს უწყობს ყველაფერი - ტელევიზორით დაწყებული, ახლობლებთან საუბრით დამთავრებული. ჭორაობა ამ ცოდვის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭეა. მას მოჰყვება განკითხვა, სიცრუე, ფიცი... ასეთ დროს კაცი ბოროტის ტყვეობაშია და ისიც, რაც უნდა, იმას გვაკეთებინებს. შეიძლება, მამების მსგავსად სრულ მდუმარებაში არ ვიყოთ (და ეს არც იქნება სწორი - მრავალი ერისკაცი, რომელსაც სათანადო სულიერება არა აქვს, ხიბლის გამო იღებს ასეთ ღვაწლს, რაც ყოვლად დაუშვებელია), მაგრამ ლაპარაკს უნდა მოვუკლოთ, მით უფრო - ფუჭ, უსარგებლო ლაპარაკს.
- მდუმარებას, ალბათ, ყველაზე მეტად მრისხანება განაგდებს...
- რა თქმა უნდა. ჭეშმარიტი მდუმარების სათავე სიმშვიდეა. "ნეტარ იყვნენ მშვიდნი", - ამბობს მაცხოვარი. აქედან გამომდინარე, მრისხანება მდუმარების პირველი მტერია, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მას ორი მხარე აქვს. თუ ვმრისხანებთ ბოროტის მიმართ - ეს კარგია, კეთილი მრისხანებაა (თეოფილაქტე ბულგარელი იმასაც კი ამბობს, ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ძალუძს მრისხანება, ჯანმრთელი არ არისო). როცა საქმე ბოროტს ეხება, იქ სწორედ რომ განრისხებაა საჭირო. შევრისხოთ და გავაგდოთ არაწმინდა სული ისე, როგორც ეს უფალმა უდაბნოში გამოცდის დროს გააკეთა. გახსოვთ ისიც, როგორ გამოყარა ქრისტემ ტაძრიდან ვაჭრები, რომლებიც ღვთის სახლს შეურაცხყოფდნენ. მაგრამ როცა პირადად ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას, უმჯობესია, თავი შევიკავოთ, ემოცია მოვთოკოთ. მაცხოვარს დევნიდნენ, გვემდნენ, აფურთხებდნენ, ცილს სწამებდნენ... მაგრამ ის, ვისაც შეეძლო, სულ ერთი სიტყვით ანგელოზთა მთელი დასი დედამიწაზე ჩამოეყვანა, ითმენდა. ითმენდა მდუმარებით. რატომ იქცეოდა ასე? - რათა ჩვენთვის მოთმინების მაგალითი მოეცა. ჩვენ, ქრისტიანებმა, რომელთა უპირველესი მოვალეობა უფლის ბაძვაა ("იყვენით სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს"), ამ მოთმინებაშიც უნდა მივბაძოთ მაცხოვარს, რადგან ვინც არ გაივლის გოლგოთას, არ ევნება და საკუთარ ვნებებს ჯვარზე არ გააკრავს, ის ვერც აღდგომის სიხარულის ღირსი გახდება.
- ეკლესია გვასწავლის, რომ წყენა მდუმარებით უნდა დავითმინოთ. ზოგი ასეც იქცევა, მაგრამ მის გულში მრისხანების ვნება ბობოქრობს...
- ყველამ ვიცით, რა ცოდვილი გული აქვს ადამიანს, რომელიც შეიძლება ვერც ვერასდროს განიწმინდოს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სიტყვით დათმენაც დიდი მიღწევაა. თუ ვინმე გულით განვიკითხეთ, ეს ცოდვაა, მაგრამ ხმამაღლა თუ არ ვიტყვით, ცოდვა ნაკლები ხარისხის გამოვა. იაკობ მოციქული ამბობს: თუ ენას დაიმორჩილებთ, ჩათვალეთ, რომ მთელი სხეული თქვენს ხელთააო. ამიტომაც, აქაოდა გულში მაინც ვცოდავთო, ვნებებთან ბრძოლაზე უარის თქმა არ არის სწორი, თუმცა, ცხადია, არც მეორე უკიდურესობა ვარგა. საზოგადოდ, ასეთი საკითხები მოძღვრის რჩევა-დარიგებით წყდება.
- როგორ მოვიქცეთ, თუ ისეთ გარემოში მოვხვდით, სადაც ამაოდმეტყველების სული ტრიალებს და ვხვდებით, რომ მდუმარებას ვკარგავთ?
- განვერიდოთ, აუცილებლად განვერიდოთ, ვინაიდან იქ ყოფნა და თავის შეკავება ძალიან გაგვიჭირდება.
- მდუმარების დაცვა ყველაზე მეტად ალბათ ეკლესიაში გვმართებს.
- ასეა, მაგრამ ეს ბევრს არ ახსოვს. ეკლესიაში საუბარი დაუშვებელია, მით უმეტეს - მსახურების დროს. ამ დროს მხოლოდ ღვთისმსახური უნდა ლაპარაკობდეს, და ისიც მხოლოდ იმას, რასაც მსახურება მოითხოვს. ეს არის ღვთის სახლი და ადამიანი უნდა იქცეოდეს კრძალვით. მორიდებით და უსაქმოდ არ უნდა იყოს. ადამიანს, რომელიც მღვდელმსახურებისას ლაპარაკობს, ეკლესიიდან მიაქვს არა მადლი, არამედ სასჯელი. მერე ჰგონიათ, ეკლესიას ბედნიერება და სულის სიმშვიდე კი არა, უბედურება მოაქვსო. ასეთი ადამიანები სხვებსაც აბრკოლებენ, რაც უმძიმესი ცოდვაა. უფალი ამბობს: ვაი მას, ვინც დააბრკოლოს ერთი მცირეთა ჩემთაგანიო.
- მამები ამბობდნენ, ეს ვნება განსაკუთრებით ღვთისმსახურებს ებრძვისო...
- რა თქმა უნდა, ასეა. პირადად მე წინააღმდეგი ვარ, რომ ტაძარში ბევრი სტიქაროსანი იყოს, რადგან საკურთხეველი არის ანგელოზების კიბე, იქ ცეცხლია და მღვდელმსახურსაც კი ეშინია იქ შესვლა. მართალია, ვეჩვევით, მაგრამ მაინც გვახსოვს, სად ვართ და ვცდილობთ, კრძალვით ვიდგეთ... ადამიანს, რომელიც სტიქარს ჩაიცვამს და საკურთხეველში შევა, ბოროტი გამადიდებლით უყურებს. ბრძოლა ძლიერდება. ისიც მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თავის დაცვას. ტაძარში ლოცვის დროს საუბარი არის ღვთის შეურაცხყოფა. "შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმინდასა შენსა. შიშითა შენითა, უფალო!" სწორედ შიში უნდა ჰქონდეს ადამიანს ტაძარში ყოფნის დროს. განსაკუთრებით ქალებს ებრძვით ხოლმე ეს ვნება, ამიტომ ისინი განსაკუთრებით უნდა უფრთხილდნენ ამაოდმეტყველების ცოდვას. ზოგადად, ვიტყვი, რომ ქალი უფალმა მამაკაცის შემწედ, დამხმარედ გააჩინა და მან თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ძველად მამაკაცთან საუბრის დროსაც კი წითლდებოდნენ ქალები, დღეს კი ღვთის შიშიც აღარ აქვთ.
ეკლესიაში საუბარმა შეიძლება დასაბამი მისცეს ისეთ ვნებებს, როგორებიც არის უჯერო სიცილი და დაცინვა. ცხოვრებაში და მით უმეტეს ეკლესიაში უადგილო სიცილი დაუშვებელია. ეს ბოროტისგან არის. მეტადრე - ვისიმე დაცინვა. ჩვენს თვალში დირე ვერ დაგვინახავს და სხვისაში ბეწვს დავცინით!
დღეს ადამიანი ცდილობს, ცხოვრებისაგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს და სიცილ-ხარხარში გაატაროს ცხოვრება. მას ავიწყდება თავისი მოვალეობა, არ ახსოვს, რისთვის გაჩნდა, რა არის მისი არსებობის მიზანი. მთელი მისი ცხოვრება უღვთოდ მიედინება. სიცილს ეკლესია არ კრძალავს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
- წმინდა მამები იმასაც წერენ, რომ მორწმუნისთვის ჩვევად ქცეული დაცინვა და უჯერო სიცილი ხარისხით ისეთ დიდ ცოდვებს უტოლდება, როგორიც არის მრუშობა, პარვა და ა.შ.
- ჭეშმარიტად. არათუ დაცინვა, "რაკას" თქმაც კი არ შეიძლება ადამიანისთვის, თუმცა დღეს უხამსი მიმართვა ლამის წესად იქცა.
- გასაგებია, რომ მდუმარებისგან ადამიანთა უმრავლესობა მეტისმეტად შორს არის, მაგრამ ალბათ არსებობს გზა, რომ ეს სათნოება თანდათანობით მოვიპოვოთ. მაგალითად, ეკლესია გვირჩევს, მდუმარებას განსაკუთრებით ზიარების წინა დღეს ვეცადოთ...
- ამ დროს იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რამხელა ბედნიერება გველის მეორე დღეს - ჩვენ უფლის სისხლსა და ხორცს მივიღებთ, ჩვენში ქრისტე შემოვა. ზიარება უდიდესი საიდუმლოა და რამდენადაც დიდია იგი, იმდენად უფრო სერიოზული მომზადება გვმართებს მისთვის. ყველა, ვინც უღირსებით მიიღებს ზიარებას, მოციქულის თქმით, "დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და სვამს". უღირსად ზიარებას სჯობია საერთოდ არ ვეზიაროთ. ამიტომაც ზიარების წინა დღეს განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ ცოდვას - ამაოდმეტყველებას, განკითხვას... ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გველის მეორე დღეს და თავი ზიარების მისაღებად განვამზადოთ. დილით რომ ავდგებით, წავიკითხავთ ლოცვებს და წავალთ ტაძარში, ვეცადოთ, ზიარებამდე ჩუმად ვიყოთ და ჩვენს ცოდვებზე ვიფიქროთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხმა არავის გავცეთ; უბრალოდ, ვეცადოთ მაქსიმალურად დავიცვათ შინაგანი მყუდროება.
- ზოგიერთი მორწმუნე, რომელიც ეს-ეს არის მივიდა ეკლესიაში, "ქადაგებას" იწყებს, ახლობლებს, მეგობრებს ეკლესიური ცხოვრებისაკენ მოუწოდებს, რითაც ზოგჯერ საპირისპირო შედეგს იღებს - სულიერებისკენ მოქცევის ნაცვლად აღიზიანებს მათ. აქვს თუ არა მრევლს ქადაგების უფლება?
- დამეთანხმებით, ადამიანი უნდა ქადაგებდეს თავისი ცხოვრებით, თუმცა სიტყვიერი ქადაგებაც საჭიროა. ადამიანმა ცოდნა სხვასაც უნდა გაუზიაროს. ვინც ასე არ იქცევა, ემსგავსება ყაჩაღს, რომელიც ოქროს მიწაში მარხავს. თუმცა ზღვარი უთუოდ უნდა დავიცვათ. "ქადაგებები", თქვენ რომ ახსენეთ, უმეტესად მათ სჩვევიათ, ვინც სარწმუნოებაში ჯერ კიდევ არ არის განმტკიცებული და მხოლოდ გარეგნული წესების აღსრულებით შემოიფარგლება. ასეთ დროს მათ სიტყვებს ისეთი ელფერი დაჰკრავს, თითქოს სხვებს ზემოდან დაჰყურებენ, ეს კი, ცხადია, არასწორია. ნებისმიერი სიკეთე მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა თავმდაბლობით აღესრულება.
- დაგვლოცეთ, მამაო.
- ღმერთმა დალოცოს ჟურნალი "კარიბჭე", მისი რედაქცია, თანამშრომლები და მკითხველები.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე