მოსახსენებელ წიგნაკს დიპტიხი ეწოდება. მასში მფლობელი ცოცხალ და გარდაცვლილ ახლობელთა სახელებს წერს და საეკლესიო მსახურების დროს საკურთხეველში გზავნის.
ამ ადამიანთა სახელებს ღვთისმსახური საღმრთო ლიტურგიაზე, კვეთის დროს, წმინდა სამკვეთლოს წინ კითხულობს. მორწმუნენი მოსახსენებელს შინაც ინახავენ და მასში შეტანილ ახლობლებს პირადი ლოცვებისას იხსენიებენ.
დიპტიხის გამოყენება საეკლესიო მსახურებათა დროს მოციქულთა ხანაში იღებს სათავეს, თუმცა ეკლესიაში ფართოდ IV საუკუნიდან გავრცელდა. დიპტიხში მოხსენიება უდიდეს პატივად ითვლებოდა, ამიტომ მასში თავდაპირველად მხოლოდ წმინდა და განსაკუთრებით ღვთივსათნოდ მცხოვრებ ადამიანთა სახელები შეჰქონდათ. არსებობდა ნათლობის, წმინდანთა, ცოცხალთა და გარდაცვლილთა დიპტიხები. ამჟამად მოსახსენიებლის ორი სახეობა არსებობს: საერთო ანუ საეკლესიო, რომლებიც მონასტრებსა და ეკლესიებში გამოიყენება (მასში ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიების მამამთავართა სახელები შედის) და კერძო, რომელსაც მართლმორმწუნე ქრისტიანები საეკლესიო მსახურებისა და პირადი ლოცვების დროს იყენებენ... რა მნიშვნელობა აქვს მოხსენიებას, შეიძლება თუ არა მოსახსენებელში ნებისმიერი ადამიანის სახელის ჩაწერა, რა დანიშნულება აქვს ბარძიმში მოხსენიებას? - ამ და მოხსენიებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გვესაუბრება ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იაკობ აბაშიძე.
- ჭეშმარიტად მართლმორწმუნე ქრისტიანი ვალდებულია, ილოცოს არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისა და ცხონებისთვის, არამედ ახლობლებისთვისაც, როგორც ცოცხალთათვის, ასევე გარდაცვალებულთათვის - ე.ი. მოიხსენიოს საეკლესიო მსახურებათა თუ პირადი ლოცვების დროს. ლოცვაში მოხსენიებას, ლოცვით შეწევნას უდიდესი ძალა და მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაზე დიდი და აღმატებულია მათ შორის, რაც ჩვენს ახლობლებს შეიძლება გავუკეთოთ - ცოცხლებს - ამქვეყნიური წარმატებისა და სულიერი და ხორციელი კეთილდღეობისთვის, გარდაცვლილებს - უფლისაგან ცოდვათა პატიებისა და სასუფევლის დამკვიდრებისთვის.
- ცოცხალ და გარდაცვლილ ადამიანთა მოხსენიება ხდება სხვადასხვა საეკლესიო მსახურებათა დროს. წირვის გარდა მათი ლოცვითი მოხსენიებისთვის, ლოცვითი შეწევნისთვის არსებობს კერძო საეკლესიო მსახურებებიც - ცოცხალთათვის - პარაკლისი, მიცვალებულთათვის - პანაშვიდი, რომელთა შეკვეთა ერთი კონკრეტული პირისთვისაც შეიძლება. რომელია მათ შორის უმთავრესი?
- ყველაზე მთავარი, როგორც ცოცხალთათვის, ასევე გარდაცვალებულთათვის, წირვაზე, კვეთის დროს მოხსენიებაა, რისთვისაც მწუხრზე ან წირვის დაწყებამდე საკურთხეველში ვგზავნით მოსახსენებელ წიგნაკს, რომელშიც ჩვენი ცოცხალი და გარდაცვლილი ახლობლების სახელებია შეტანილი. თუკი ადამიანს მოსახსენებელი წიგნაკი არ აქვს ან იმ ტაძარში არ ესწრება წირვას, რომლის მრევლიცაა, შეუძლია ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელები ცალ-ცალკე ფურცელზე ჩამოწეროს და სეფისკვერთან ერთად შეგზავნოს. მრევლის მიერ შეგზავნილი სეფისკვერებიდან პროსკომიდიაზე იკვეთება ნაწილები მოსახსენებელში მოხსენიებულ ადამიანთა სახელზე, მათ ღვთისმსახური ფეშხუმზე - ტარიგის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანთა სახელზე ნაკვეთი ნაწილების გვერდით ათავსებს, ზიარების შემდეგ კი ბარძიმში ჩააბრძანებს, სადაც უფლის წმინდა სისხლი და ხორცია მოთავსებული და ლოცვით შესთხოვს უფალს, შეუნდოს მათ ცოდვები და წყალობა მიჰმადლოს ცოცხლებს სულიერი და ხორციელი კეთილდღეობის სახით, გარდაცვლილებს კი, რომელთა სულები ამ ქმედებით უხილავად ეზიარებიან და განიწმინდებიან, სასუფეველი დაუმკვიდროს.
- ზოგიერთ ტაძარში არსებობს ბარძიმში მოხსენიების ტრადიცია. რა დანიშნულება აქვს ამ ქმედებას?
- ბევრს მართლაც არ ესმის ბარძიმში მოხსენიების მნიშვნელობა, ამიტომ ღვთისმსახურთ ამბიონზე იმ ადამიანთა მოხსენიებას სთხოვენ, რომელთათვისაც ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. ბარძიმში მოხსენიება მაშინაა საჭირო და სასურველი, როდესაც ვინმე მძიმე განსაცდელში იმყოფება ან ახალშესვენებულია, ასევე გარდაცვლილის ორმოცი, წლისთავი, გარდაცვალების დღე ან სხვა მნიშვნელოვანი თარიღია, რათა ამის შესახებ მრევლმაც შეიტყოს და ერთად ილოცონ ბარძიმში მოხსენიებულთათვის.
- როგორ შეიძლება შევატყობინოთ ღვთისმსახურს ბარძიმში მოხსენიების საჭიროების შესახებ?
- თუ ვიცით, რომ რომელიმე ტაძარში სისტემატურად ხდება ბარძიმში მოხსენიება, შეიძლება იქ შევგზავნოთ საკურთხეველში მოსახსენებელი ბარათი, სადაც მივუთითებთ იმ ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის სახელს, რომელიც ბარძიმში მოხსენიებას საჭიროებს.
- რა მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილთა მოხსენიებას და გარდა წირვაზე მოხსენიებისა, როდისაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი მათთვის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდა?
- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ხორციელი სიკვდილის შემდეგ ადამიანის სულს აღარ ეძლევა ცოდვათა მონანიების საშუალება - ე.ი. უძლურია რაიმე სიკეთე გაუკეთოს საკუთარ თავს - განიწმინდოს ცოდვათაგან და შეცვალოს თავისი ხვედრი, მთლიანად დაიმედებულია ეკლესიის მეოხებასა და ცოცხლად დარჩენილ ახლობლებზე. ამიტომ ჭირისუფალი ვალდებულია იზრუნოს გარდაცვლილის სულის საოხად, რომლის ერთ-ერთი სახეა მისი სულის მოხსენიება საეკლესიო მსახურებებსა თუ პირადი ლოცვების დროს, რომელთა ძალითაც გარდაცვლილის სული უფლისაგან მოუნანიებელ ცოდვათა შენდობას იღებს. მისთვის დედამიწაზე წარმოთქმულ ლოცვას, ლოცვით მოხსენიებას გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე სასუფეველში დამკვიდრებულ მართალთა ლოცვას. ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი პატერიკი: ერთ-ერთ გარდაცვლილ წმინდა მამას მშობლები გარდაეცვალა. ერთ ღვთისმსახურს გამოეცხადა და სთხოვა, ჩემი მშობლები მოიხსენიეო. ღვთისმსახურს გაუკვირდა - რატომ უნდა მოვიხსენიო ერთმა რიგითმა მღვდელმა თქვენი მშობლები, როდესაც თქვენ წმინდანი ხართ, სასუფეველში მკვიდრობთ და თქვენს ლოცვას უდიდესი ძალა აქვსო. მე მართლაც უდიდესი მეოხების ძალა შემწევს, მაგრამ დედამიწაზე აღვლენილი ლოცვისა და მოხსენიების ძალა გაცილებით დიდი და აღმატებულიაო, - მიუგო წმინდა მამამ.
რაც შეეხება გარდაცვლილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდას, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს, ასევე გარდაცვალების, დაბადებისა და ანგელოზის დღეებში. ამ დღეებში ჭირისუფალი უნდა მივიდეს ეკლესიაში და შეუკვეთოს გარდაცვლილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომლის დროსაც აღევლინება საგანგებო ლოცვები გარდაცვლილის სულის საოხად და აღესრულება სხვა საეკლესიო ქმედებები. ეს ყოველივე მისდის გარდაცვლილის სულს და მაკურნებლად წაადგება. მოსახსენებელ პანაშვიდს აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ ჭირისუფალნი და ღვთისმსახურთან ერთად გულმხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, გარდაცვლილს მიანიჭოს სულის სიმშვიდე და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.
გარდა ამისა, ეკლესიის მიერ წლის მანძილზე დაწესებულია განსაკუთრებული დღეები, როდესაც ხდება მიცვალებულთა საყოველთაო მოხსენიება. ეს დღეებია: ხორციელი შაბათი; დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი; კვირაცხოვლობის (თომას კვირის) სამშაბათი; სულიწმინდის შაბათი და დიმიტრის შაბათი. ამ დღეებში იხსენიება ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი, განსაკუთრებით ისინი, ვის სახელზეც საკურთხეველში მოსახსენებელს შევგზავნით.
- ასევე არსებობს გარდაცვლილის სულის ორმოცდღიანი მოხსენიების წესი...
- ორმოცდღიანი მოხსენიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ახალგარდაცვლილთათვის. ამისათვის სასურველია, ჭირისუფალი ახლობლის გარდაცვალების დღესვე მივიდეს ტაძარში (სადაც ყოველდღიურად ტარდება წირვა), შეავსოს სპეციალური ორმოცდღიანი მოსახსენებელი ბარათი ახალშესვენებულისთვის და სეფისკვერთან ერთად შეგზავნოს საკურთხეველში, რათა ღვთისმსახურმა ის ყოველდღიურად მოიხსენიოს. მიცვალებულთა ორმოცდღიანი მოხსენიება ხდება მარხვის დროსაც - დიდი მარხვის დაწყებამდე ივსება ორმოცდღიანი მოსახსენებელი ბარათი და ღვთისმსახური ორმოცი დღის მანძილზე ყოველდღიურად გადაიხდის პანაშვიდს მათ სახელზე.
- რა მნიშვნელობა აქვს პარაკლისის შეკვეთას, რომელზეც ცოცხალ ახლობლებს ვიხსენიებთ და რა შემთხვევაშია საჭირო ამ მსახურების შეკვეთა?
- პარაკლისის შეკვეთა საჭიროა ავადმყოფობისა და სხვა მძიმე განსაცდელის ჟამს. ასევე სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში - მოგზაურობაში მყოფთათვის, სინანულის გასამძაფრებლად, ბავშვისთვის სწავლის დაწყების წინ და ა.შ. ამ მსახურების დროს ღვთისმსახური, მლოცველთა სახელით, შესთხოვს უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ან რომელიმე წმინდანს (რომელთა პარაკლისიც აღევლინება) მათ მფარველობას და შეწევნას. პარაკლისის შეკვეთა შეიძლება როგორც ერთი კონკრეტული პირისთვის, ასევე რამდენიმე ადამიანისთვის ერთად. პარაკლისის აღსავლენად შეგვიძლია მივმართოთ ნებისმიერ ღვთისმსახურს, მსახურების დაწყებამდე შევავსოთ მოსახსენებელი და გადავცეთ მას.
გარდა ამისა, ზოგიერთ ტაძარში კვირის განსაზღვრულ დღეს აღევლინება პარაკლისი უფლის, ღვთისმშობლის ან რომელიმე წმინდანის მიმართ. თუკი ადამიანმა იცის, რომელ ტაძარში რომელი პარაკლისი აღევლინება და მასზე დასწრების სურვილი აქვს, შეუძლია მივიდეს და დაესწროს. შესაბამისად, მოიხსენიოს ახლობლებიც.
- ყველა ადამიანის სახელის ჩაწერა შეიძლება თუ არა მოსახსენებელ წიგნაკში და როგორ შევავსოთ მოსახსენებელი მართებულად?
- მოსახსენებელ ბარათში არ იწერება მოუნათლავ, სხვა სარწმუნოების მიმდევარ და თვითმკვლელთა სახელები. ასეთი ადამიანები შეიძლება მოვიხსენიოთ პირადი ლოცვების დროს, შესაბამისი ლოცვის აღვლენისას.
ყველა სახელი, რომელსაც მოსახსენებელში ჩავწერთ, უნდა იყოს ნათლობის და სრული. ბავშვი შვიდ წლამდე მოიხსენიება როგორც "ჩვილი", შვიდი წლის შემდეგ როგორც "ყრმა". თუ რომელიმე ჩვენს მიერ მოხსენიებული ადამიანი რაიმე განსაცდელშია და განსაკუთრებულ შეწევნას საჭიროებს, მისი სახელის წინ შეიძლება დავწეროთ "განსაცდელში მყოფი", "სნეულებაში მყოფი". ახალგარდაცვლილი ორმოცამდე იხსენიება როგორც ახალშესვენებული.
მოსახსენებელში "ცოცხალთათვის" პირველ რიგში უნდა ჩავწეროთ პატრიარქის სახელი, შემდეგ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის სახელი. მას მიჰყვება მფლობელის სულიერი მოძღვრის და იმ მღვდელმსახურთა სახელები, რომლებთანაც განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე გვაქვს (სასულიერო პირები უნდა მოვიხსენიოთ თავიანთი ხარისხით). ამის შემდეგ იწერება ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახელები.
- რამდენად გამართლებულია მონათლული, მაგრამ ურწმუნო, არაეკლესიურ ადამიანთა მოხსენიება?
- მით უფრო საჭირო და აუცილებელია მათთვის ლოცვა, მაგრამ როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ხშირად მხოლოდ ლოცვა არ არის მისაღები და საკმარისი, საჭიროა საქმით შეწევნაც. თუ კაცი წყალში იხრჩობა, მას მხოლოდ ლოცვით ვერ დავეხმარებით - ხელი უნდა გავუწოდოთ. ლოცვა და შრომა, ფიზიკური საქმით შეწევნა სულიერებაში ორი თანაბარი ფრთაა. ერთ-ერთ პატერიკში მოთხრობილია ასეთი შემთხვევა: ერთ ღრმადმორწმუნე მენავეს ერთ ნიჩაბზე ეწერა: "იშრომე", მეორეზე კი "ილოცე". ერთხელ მას ურწმუნო მგზავრი ჩაუჯდა და როდესაც ეს წარწერები წაიკითხა, დასცინა - "იშრომე" მესმის, შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ ლოცვა რა საჭიროაო? როდესაც ტბის შუაგულში გავიდნენ, მენავემ მხოლოდ იმ ნიჩბის მოსმა დაიწყო, რომელზეც "იშრომე" ეწერა. ნავმა ერთ ადგილზე დაიწყო ბრუნვა. მგზავრი შეშფოთდა - მეორე ნიჩაბიც მოუსვი, წყალში არ გადაგვყაროო. ხედავ, თურმე ლოცვაც საჭირო ყოფილა ნაპირზე მშვიდობით გასასვლელადო, - უთხრა მენავემ ურწმუნო მგზავრს. ასევე საჭიროა ერთმანეთთან შერწყმული ლოცვა და საქმე, რათა ადამიანმა მშვიდობითა და კეთილდღეებით განვლოს მიწიერი ცხოვრება და დაიმკვიდროს ციური სასუფეველი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი