წმინდა ბარსანოფი ოპტელის საუბრები სულიერ შვილებთან
მომეცი ძალა, თუ მტერი არ მეყვარება, ვაპატიო მაინცდიდება შენდა, ღმერთო! კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ. მიყვარს ეს საღამოები. სული ჩემი ისვენებს ამ დროს, მიყვარს სენაკში განმარტოებით ჯდომაც. მრავალმა ჰპოვა აქ სულიერი სიმშვიდე (წმინდა ბარსანოფის სენაკში ადრე ძველი ოპტელი მამები ცხოვრობდნენ, - კ.კ.). სწორედ ამ სენაკში, მამა მაკართან საუბრის შემდეგ სულიერად ფერი იცვალა დიდმა მწერალმა ნიკოლოზ გოგოლმა - უდიდესი გარდატეხა მოხდა მასში. ის მტკიცე ხასიათის ადამიანი იყო, არ შეეძლო კომპრომისი. როცა გაიგო, ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, მაშინვე შეუდგა ქრისტეს და ილტვოდა ზეციური იერუსალიმისკენ. იმოგზაურა რომში, წმინდა ადგილებში, საიდანაც წერილებს სწერდა მეგობრებს. ეს წერილები წიგნად შეიკრა, რომლის გამოც თანამედროვე საზოგადოებამ განიკითხა. გოგოლს ჯერ არ დაეწყო ქრისტეში ცხოვრება, მხოლოდ მოისურვა და ქრისტესმოძულე სოფელმა დევნა დაუწყო, საშინელი განაჩენიც გამოუტანა - ჭკუაშერყეული უწოდა. როცა რუსეთში ჩერნიშევსკისა და კომპანიის მსგავსები წუხდნენ გოგოლის გენიის დაღუპვის გამო, გერმანული და მსოფლიო ლიტერატურის ისტორიკოსმა, ლუთერანმა შერხმა, რომელიც არ იცნობდა რუსულ სულს, სულ სხვანაირად შეაფასა მწერალი. გოგოლის თვალსაწიერი არაჩვეულებრივად განვითარდა, გაფართოვდა, მისი ფიქრი ისწრაფოდა უსასრულობისკენ, თანამემამულეები კი განიკითხავდნენ. ყოველ სულს, რომელსაც ახალი ცხოვრება, ქრისტეში ცხოვრება სურს, სოფელი დევნის, შიგნითაც საშინელი ბრძოლა აქვს მტრებთან. ეს განსაცდელი გარდუვალია, მაცხოვარი ამბობს: "უკეთუ მე მდევნეს, თქვენცა გდევნიდნენ", - მაგრამ გვანუგეშებს: "უკეთუ სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, თქვენიცა დაიმარხნენ" (იოანე 15,20).
ამ განსაცდელებს სხვადასხვანაირად უნდა შეხედოთ: შინაგან მტერს შეუპოვრად უნდა ვებრძოლოთ და ღვთის მადლით ვძლიოთ, ხოლო გარეშე მტერს მივუტევოთ. ამ ბრძოლისა არ უნდა შეგვეშინდეს. ღმერთი განგვაძლიერებს და მოგვანიჭებს ისეთ ენით გამოუთქმელ სიხარულს, რომლის ერთ წუთთანაც ვერ მოვა მთელი ამსოფლიური სიხარული. ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ. იყო დრო, როცა ვცხოვრობდი როგორც ყველა, ვერ ვიტყვი, რომ ღვთისაგან განშორებულად. მთელი რიგი დამთხვევები მაშინ შემთხვევითობა მეგონა, მერე მივხვდი, რომ უფალი ამით ჩემი სულიერი ფერისცვალებისთვის ზრუნავდა. ღვთის წინამძღოლობა ამგვარად დაიწყო. ყაზანში ერთხელ ზიარება დიდმარხვის ბოლო კვირისთვის გადავდე. ვნების შვიდეულის ხუთშაბათს აღსარების ჩასაბარებლად სამხედრო ტაძარში წავედი. გზად პატარა, ჩემთვის უცნობი ტაძარი შევნიშნე. მითხრეს, ივანოვოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერიაო. ჯერ კიდევ ივანე მრისხანის დროს დაარსებულა. შევედი შიგნით. ერთ მოხუც მოძღვარს ვუთხარი, აღსარების თქმა მსურს-მეთქი. შემდეგ ვკითხე: ის სენაკი ვისი არის-მეთქი. ჩვენი მონასტრის იღუმენის, მამა ბარსანოფისო. რა ძნელად წარმოსათქმელი სახელია-მეთქი. "რატომ? ჩვენს მონასტერში მღვდელმთავარი ბარსანოფი გამორჩეულია. იქნებ მისულიყავით მის საფლავთან და გელოცათ?" - მირჩია მამა სერგიმ. მას მერე ხშირად დავდიოდი ამ მონასტერში. ჩემი თანამშრომლები კვირობდნენ, - ნეტავ რა დაემართა, არისტოკრატიულ ოჯახებში, მაგალითად, ობუხოვებთან, მოლოსტოვებთან, მიღებული კაცი (ის ერში მაღალჩინოსანი სამხედრო გახლდათ, - კ.კ.) ახლა ბერებთან ჩაის სვამს და მათთან საუბრით ტკბება. უთუოდ გაგიჟდაო. მეორენი ამბობდნენ, უფროსობა კი კმაყოფილი ჰყავს. სამსახურში საქმე აწყობილი აქვს, არც ჩინი აკლია და თანამდებობაც საპასუხისმგებლო აქვს. მის ხელშია აღმოსავლეთ რუსეთში მთელი არმიის მობილიზაცია და ჩინებულადაც უძღვებაო. არ ვიცი, ამას როგორ ახერხებს, მაგრამ ერთი კია, ბერებს დაუახლოვდაო. ეს "საბუთი" აჩუმებდა ჩემს დამცველს და ყველა თანხმდებოდა, რომ ძალზე საწყენი იყო ასეთი ჭკვიანი კაცის დაღუპვა. ამნაირმა შემოძახილებმა უფრო განმაშორა ამ სოფელს, მაგრამ ჭეშმარიტი გზის პოვნამდე მთელი ათი წელი გავიდა განსაცდელებსა და ძიებაში.
უფალი უნუგეშოდ არ მტოვებდა: ისეთი სულიერი აღფრთოვანების წუთებს განვიცდიდი, რომ ამ სულიერი აღმაფრენის სანაცვლოდ სიხარულით დავთანხმდებოდი, ეწამებინათ ჩემი სხეული. ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. მაგრამ რა მექნა, მრჩეველი არავინ მყავდა. ამგვარ ტანჯვასა და ძიებაში განვლო სამმა წელმა. ამ პერიოდში ვოლგაზე ვიმოგზაურე, ვნახე რამდენიმე მონასტერი, მაგრამ არც ერთმა არ მიმიზიდა. სად წავსულიყავი? ყაზანში ყველა მიცნობდა. მე კი იქ ვირჩევდი წასვლას, სადაც არავინ მიცნობდა. ერთმა კეთილმა ადამიანმა, რომელმაც ჩემი ზრახვები იცოდა, მირჩია: ღვთის ნებას მიენდე. ილოცე: "მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი" (ფსალ. 142,8) და ყველაფერი კარგად აეწყობაო. დავმშვიდდი. ძალისაებრ ვლოცულობდი დილა-საღამოს ლოცვებს, ხანდახან "დავითნის" ერთ კანონსაც მივუმატებდი ხოლმე. მაშინ სამსახურის გამო ბევრი ლოცვის დრო არ მქონდა.
ერთხელ შტაბში მოხსენებით მივედი უფროსთან, ადგილზე არ დამხვდა. დაველოდე. ერთი საათის შემდეგ მითხრეს, - უფროსი ცუდად არის და დღეს აღარ მოვაო. საქმე არა მქონდა და შტაბში გავიარ-გამოვიარე. ერთგან შევამჩნიე ყავისფერყდიანი ჟურნალი "რწმენა და გონება". გადავშალე და ასეთ ცნობას წავაწყდი: "კალუგის გუბერნიაში, ქალაქ კოზელსკის ახლოს არის ოპტის უდაბნო. იქ მოღვაწეობს უდიდესი ბერი, მამა ამბროსი, რომელთანაც მთელი რუსეთიდან ათასობით მნახველი მიდის და ეკითხება რჩევას". აი, ვინ მეტყვის, რომელ მონასტერში წავიდე-მეთქი. შვებულება ავიღე და ოპტის უდაბნოსკენ გავწიე. მივედი სკიტში. იქ გარეთ ბერს ვერ ნახავ. ვიღაც ერისკაცს ვკითხე, - სად არიან ბერები-მეთქი. თავ-თავის კელიაში. თქვენ ალბათ მამა ამბროსი გინდათო - და გზა მიჩვენა. მამა ამბროსის უამრავი სტუმარი ჰყავდა. ბოლოს, როგორ იქნა, მიმიღო. ბერად შედგომა მინდა, მაგრამ არ ვიცი, რომელ მონასტერში წავიდე. იქნებ მირჩიოთ-მეთქი. მიპასუხა: - გამოცდა კიდევ ორი წელი უნდა გაგრძელდეს, მერე კი მოდი ჩემთან და მიგიღებო. შემდეგ მკითხა, ხელფასი რამდენი გაქვსო. ვუპასუხე. ბრძანა: მორჩილებისთვის შესწირე ნაწილი ეკლესიასო და დამისახელა კიდეც. თადარიგში არ წავიდე? - ვკითხე. არა, ორი წელი დავიცადოთო.
დავბრუნდი ყაზანში, გავყიდე ჩემი საცხოვრებელი, ვიქირავე პატარა ბინა. ორი წლის შემდეგ მივაკითხე. მამა ამბროსი ამ დროს უკვე შამორდინოში (წმინდა ამბროსის დაარსებული დედათა მონასტერი, - კ.კ.) ცხოვრობდა. შეხვედრისთანავე მითხრა: - ახლა კი განაცხადე სამსახურის დატოვების შესახებ, ქრისტესშობამდე მოდი ჩემთან და გეტყვი, რა უნდა გააკეთოო.
დავბრუნდი ყაზანში. მსახურ ბიჭს ძალზე გაუხარდა ჩემი დანახვა. რა იცოდა, რომ მალე საუკუნოდ გამოვემშვიდობებოდი. ჩაის სმისას მითხრა, - სიზმარში გნახეთ. ვითომ თეთრებში გამოწყობილი ქალაქიდან სასაფლაოზე მიდიოდით და გალობდით: "წყალი განვლე, ვითარცა ხმელი და ეგვიპტის ბოროტებას განვექეც". შემდგომში ეს სიზმარი ასე განმიმარტეს: ქალაქი - წუთისოფელია, სასაფლაო, რომელიც ყაზანის აღმოსავლეთით მდებარეობდა, ზეციურ იერუსალიმს ნიშნავდა. მივდიოდი, რათა მოვმკვდარიყავი სოფლისთვის. თეთრი სამოსელი - სულის განსპეტაკება იყო, რადგან იმ დროს უკვე გადაწყვეტილი მქონდა ყოველივეს დატოვება. საგალობელი, "წყალი განვლე, ვითარცა ხმელი", იგალობება ყრმათათვის წესის აგებისას და ნიშნავდა გალობას ამა სოფლისთვის მკვდართათვის.
ყაზანიდან ოპტის უდაბნოში 17 დეკემბერს წამოვედი. ამ დღეს მოიხსენიებენ სამ ყრმას - წმინდა ანანიას, აზარიას და მისაელს, ბაბილონის სახმილთ გადარჩენილთ. ამ დღეს მოვშორდი სოფელს. ჩამოვედი მოსკოვში. სამი დღე მქონდა და დარჩენა გადავწყვიტე. წმინდა მიტროპოლიტ პეტრე მოსკოველის ხსენების წინა საღამოს მწუხრის ლოცვაზე წავედი მაცხოვრის ეკლესიაში. ტაძარში ბნელოდა. გალობაც არ მომეწონა, დაღლა მომერია, მოთმინება დამეკარგა და სხვა ტაძარში წასვლა გადავწყვიტე, სადაც კარგი გალობა იქნებოდა. ჩემს გვერდით ვიღაც ბატონი იდგა. ვკითხე: - მოსკოვში თუ არის ტაძარი, სადაც მგალობელთა კარგი გუნდია. ამათი გალობაAარ მომეწონა-მეთქი. ეს ხომ მშვენიერი გუნდია, იმიტომ არ მოგეწონათ, რომ რეგენტი არ არის ადგილზე. მოითმინეთ, ის ალბათ მალე მოვაო.
ვიფიქრე, მონასტერში მივდივარ და მოთმინებასაც ხომ უნდა მივეჩვიო-მეთქი. დავრჩი. ამ დროს გალობა დაიწყეს: "ქრისტე იშვება, ადიდებდეთ". უეცრად ვიგრძენი, რომ ეს მე მეხებოდა. მაგრამ ეს რა ხდება? გალობა სრულიად შეიცვალა. თურმე რეგენტი მოსულა. გამოუთქმელი სულიერი სიხარულით ვიდექი მთელი ლოცვა, ასეთი რამ ადრე არასოდეს მიგრძნია. რამდენადაც ლოცვის პირველი ნაწილი დამქანცველი იყო, მეორე ნაწილი საზეიმო გახლდათ და სასიხარულო. მეორე დღეს წირვაზე წავედი. ტაძარში რომ შევედი, მღვდელს ხელთ ბარძიმი ეპყრა და ღაღადებდა: "ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე". გუნდმა კი იგალობა: "აღავსე პირი ჩვენი ქებითა შენითა, უფალო".
შობას უკვე მონასტერში ვიყავი.
შემდგომში მივხვდი იმის მნიშვნელობას, რაც ადრე უბრალო შემთხვევითობად მეჩვენებოდა. მოსკოვის მწუხრის ლოცვა ჩემს ცხოვრებას ასახავდა, თავიდან მძიმეს, უღიმღამოს, შემდეგ კი ქრისტეში გახარებულს: "აღავსე პირი ჩვენი ქებითა შენითა, უფალო!"
ვიმეორებ, ყოველ კაცს, რომელიც სწორ გზაზე დადგომას მოინდომებს, განსაცდელების გადატანა მოუწევს. ნეტარია და ყოვლადნეტარი ის, ვინც სწორ გზაზე შემდგარა. როგორ შევძლოთ ამ გზაზე სიარული, როცა ყველა მხრიდან მტერი გვიტევს? - სახარების მცნებათა აღსრულებით და იესოს ლოცვით. გაწყენინა ვინმემ, მოითმინე. "არ მინდა შენი მცნებების მოსმენა, უფალო, რამეთუ ძნელია შესასრულებლად", - იტყვის კაცი და მერე მოყვასს ისე მოექცევა, რომ თვითონვე შეძრწუნდება. იესოს ლოცვა გასწავლით სიმდაბლეს, მოთმინებას, სიმშვიდეს. ღმერთო, მომეცი ძალა, თუ მტერი არ მეყვარება, ვაპატიო მაინც.
ბევრი ჩვენი დიდი მწერალი ესწრაფვის უკეთეს ცხოვრებას, მაგრამ ამას ისინი ეძებენ იქ, სადაც არ არის. ამიტომაც ჩანს მათ ნაწარმოებებში მწუხარება და უკმაყოფილება. მაგალითად, ლერმონტოვს ტანჯავს ეს ამაო და უმიზნო ცხოვრება, სურს აფრინდეს მთაზე, მაგრამ ფრთები არა აქვს. მისი ლექსიდან "Я, Матерь Божия, ныне с молитвою" ჩანს, რომ არ ესმოდა ჭეშმარიტი ლოცვის არსი "და ლოცვა მათი ცოდვად შეერაცხათ", - ბრძანებს წინასწარმეტყველი. მართლაც რას აღმოთქვამს ლერმონტოვი, რაზე ლოცულობს? - "Не о спасении, не с благодарностью иль покаянием", - ეს რანაირი ლოცვაა? კაცი სულაც არ ფიქრობს სულის გადარჩენაზე, არ ინანიებს ცოდვებს და არ მადლობს უფალს ყველაფრისთვის. მართლაც რა სამწუხაროა, როცა პოეტი თავის სულს "უდაბურს" ეძახის! და ეს უდაბური სული იქამდე მივიდა, რომ დემონს დაუწყო გალობა. განცალკევებით დგას მის პოეზიაში ორი თავისი იდეით მართლა მშვენიერი ლექსი: "ანგელოზი" და "ცხოვრების მძიმე წუთებში". ბოლო ლექსში გამოხატულია ნამდვილი ლოცვა, რომლის დროსაც "И верится, и плачется, и так легко, легко..." ამ ნაპერწკალმა ვერ გაანათა პოეტის უდაბური სული. ის დუელში მოკლეს, ცხოვრება საშინლად დაამთავრა...