ნეტავ, უფალო, ისე მიყვარდე, როგორც ბოროტი შემყვარებია...
განვაგრძობთ ჟურნალის წინა ნომერში დაწყებულ საუბარს მირქმის ტაძრის მსახურთან დეკანოზ ლაზარე ვარდოსანიძესთან.
- მამაო, რას ნიშნავს უსიყვარულობა?
- უსიყვარულობა, სიყვარულისაგან მოშორება სათავეა ყოველი ცოდვისა. სიყვარული არ იცნობს ცოდვას, ბოროტებას, ყოველი ცოდვა და ვნება მისი მოკლების შემდეგ წარმოიშობა. პირველად უსიყვარულობამ თავი მაშინ იჩინა, როცა ანგელოზი ცოდვით დაეცა - მან ვერ აიტანა ღვთის დიდება და სიყვარულის ნაცვლად შურმა, ამპარტავნებამ დარია ხელი. "ღმერთი სიყვარული არს" და რაკი ყოველი ბოროტება უფლისგან დაშორებაა, ცოდვა სიყვარულისგან დაშორება ყოფილა.
- ანგელოზის დაცემის შემდეგ შეიქმნა სამყარო. როგორც მამები ამბობენ, სამყაროს და უპირატესად ადამიანის შექმნა ღვთის უდიდესი სიყვარულის გამოვლინება იყო...
- სიყვარულმა (ღმერთმა) სიყვარულით შექმნა ადამიანი. ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამო. უფალმა თავისი წყალობით შექმნა სამყარო, ცა, დედამიწა და მისი გვირგვინი - ადამიანი, რათა სიყვარულის ობიექტი, ამ გრძნობის გამნაწილებელი ჰყოლოდა. აქედან გამომდინარე, ყოველი ადამიანი ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა, მისი ხატება და მსგავსება. ამიტომაც არის, რომ ადამიანის უსიყვარულობა ღვთის შეურაცხყოფაა. უნდა ვეცადოთ, შევიძინოთ სიყვარული ყველა ჩვენი ახლობლის, ყოველი ადამიანის მიმართ. ამგვარად შევძლებთ ღვთის სიყვარულის მოპოვებასაც, რადგან წარმოუდგენელია, არ გიყვარდეს მოყვასი და გიყვარდეს ღმერთი ან პირიქით.
- მაგრამ თუ ყოველი ცოდვა უსიყვარულობის გამოვლინებაა, გამოდის, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს ვერავინ მიიღებს - ყოველი ადამიანი ხომ, თუნდაც სულიერების მაღალ საფეხურზე იდგეს, ცოდვილია?..
- ჩვენ გვყავს უამრავი წმინდანი, - ერის მამები, დედები, მოწამეები, მონაზვნები, - რომლებმაც ამ ცხოვრებაშივე მიაღწიეს გარკვეულ სრულყოფილებას. ცხადია, აბსოლუტურ სრულყოფილებას არ ვგულისხმობ, რადგან სრულყოფილი მხოლოდ უფალია; სრულყოფილების ყველა საფეხურს ვერავინ დაიპყრობს, "რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". ყველა, ვინც სასუფეველში შევიდა, ცოდვილი იყო, მაგრამ რწმენით, თავმდაბლობით და სიყვარულით სძლია ცოდვებს და ღვთის მოწყალებით საუკუნო სუფევა დაიმკვიდრა. სხვაგვარად შეუძლებელია - ცხონება უფლის კაცთმოყვარების, მოწყალების ძალით ხდება. ერთი მამა ამბობდა, უნდა გვიხაროდეს, რომ უფალი მხოლოდ სამართლიანი კი არა, მოწყალეც არისო. ეს რომ არა, ცხონებას ვერავინ შეძლებდა... ის, რომ უცოდველი არავინ არის, რომ არავის ძალუძს იმ სიყვარულის განცდა, რომელიც უფალს აქვს ჩვენდამი, უფლებას არ გვაძლევს მოვეშვათ. ყოველი მორწმუნე სრულყოფილებისკენ უნდა ისწრაფოდეს - "იყავით სრულნი, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს".
- პავლე მოციქული, როცა სამ აღმატებულ სათნოებაზე - სიყვარულზე, სარწმუნოებასა და სასოებაზე ლაპარაკობს, დასძენს, რომ მათ შორის უპირატესი სიყვარულია...
- სიყვარული ის სათნოებაა, რომელიც ადამიანს აქაც და საუკუნო ცხოვრებაშიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს. სარწმუნოება უხილავის რწმენაა, მაგრამ დადგება დღე, როცა ჩვენს თვალში უფალი ხილული გახდება და სარწმუნოებაც განქარდება, ანუ ცხადი გახდება ის, ვინც უნდა გვერწმუნა. ასევეა სასოებაც, ხოლო სიყვარული დარჩება სამარადჟამოდ.
თუ ადამიანს სიყვარული არ ექნა, ვერც ერთ სხვა სათნოებას ვერ მოიპოვებს, რადგან სათავე ყოველივესი ღმერთია, ე.ი. სიყვარული. უფლის მთელი ცხოვრებაც სიყვარულის დადასტურება იყო, ამიტომ ეს სათნოება მისგან უნდა ვისწავლოთ. თუ ადამიანს სიყვარული არ ექნა, როგორ შეძლებს დათმენას, ჭირის, განსაცდელის მადლობით მიღებას, განკითხვისგან თავის შეკავებას, ამპარტავნების დათრგუნვას, სიმდაბლის მოპოვებას? გიყვარს და ამიტომ, კი არ განიკითხავ, არამედ ზრუნავ მასზე, ამხილებ, მის გამოსწორებას ცდილობ; გიყვარს, ამიტომ კი არ გშურს, საკუთარ თავს მასზე აღმატებულად კი არ წარმოაჩენ, ამპარტავნებას კი არ ეძლევი, არამედ სიმდაბლით ცხოვრობ, ის შენზე უპირატესად მიგაჩნია. გიყვარს უფალი, გწამს მისი? - ყოველი განსაცდელი მადლობით მიიღე. გიყვარს ქრისტე და გინდა მადლობა შესწირო შენთვის გაღებული მსხვერპლის გამო? - როცა რამე შეგემთხვევა, მასავით დაითმინე... სიყვარულის გარეშე ყოველი საქმე ფუჭია.
- თუმცა ამ ცნებას ხშირად ვამახინჯებთ. დავიწყოთ იმით, რომ გვიჭირს ცოდვის პიროვნებისგან გამიჯვნა. მამები გვასწავლიან, ადამიანში ცოდვა შევიძულოთ, მოყვასი კი გვიყვარდეს. ასე იშვიათად ვიქცევით და დაცემულს საბოლოოდ გამოვუტანთ ხოლმე განაჩენს...
- როგორც მამები ამბობენ, ყველაფერი მართლაც ისე რომ ხდებოდეს, აღარც განკითხვა იარსებებდა და აღარც ათასგვარი სხვა ვნება. სწორედ ის, რომ ვერ ვმიჯნავთ ცოდვას პიროვნებისაგან და დაცემულს ვიძულებთ, ჩინებულად მეტყველებს ჩვენს უსიყვარულობაზე. ყოველი ცოდვის საწყისი ბოროტია, ამიტომ ადამიანში ბოროტი უნდა შევიძულოთ. ჩვენ არ ვიცით, რატომ სცოდავს ადამიანი. განა ჩვენ ნაკლები ცოდვა გვაწევს? მასზე უკეთესები თუ ვჩანვართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფარისევლობის უფრო დიდი ნიჭი გვაქვს, უფრო უკეთ ვინიღბებით ან არასოდეს ჩავვარდნილვართ ისეთ დღეში, ის რომ ჩავარდა, არ გვიცხოვრია ისეთივე ცხოვრებით, თორემ, მერწმუნეთ, ჩვენც მასავით მოვიქცეოდით.
ზოგი ნებით სცოდავს, ზოგი - უნებლიეთ, ზოგი - ღვთის განსაკუთრებული დაშვებით. ასე რომ, ყველა ცოდვილი ვართ და რა უფლება გვაქვს, სხვა განვიკითხოთ?! უფალი ამბობს: არ განიკითხო და არ განიკითხები. უფალი მტრისთვის ლოცვის, მისი სიყვარულისკენ მოგიწოდებს და მოყვასი თუ არ შევიყვარეთ, რა გამოვა?! ერთადერთი სწორი გზა ის არის, ვაიძულოთ თავი (კარგი გაგებით) გვიყვარდეს და ვილოცოთ ამ ადამიანისთვის.
- ზოგს მოყვასში არა იმდენად ცოდვა, რამდენადაც ნაკლოვანება აღიზიანებს. მაგალითად, მორწმუნენი ხშირად შფოთავენ იმის გამო, რომ მათ ახლობლებს საეკლესიო კანონები არ ესმით, ვერ აღასრულებენ საყოველთაოდ მიღებულ წესებს.
- გახსოვთ ალბათ სახარების ეს ეპიზოდი: "და აღმოვიდიან მამა-დედანი მისნი წლითი წლად იერუსალიმდ დღესასწაულსა მას პასექისასა. და იყო რაი იგი ათორმეტი წლის, აღმოვიდეს იგინი იერუსალიმდ, ვითარცა ჩვეულ იყვნეს, დღესასწაულსა მას, და აღასრულნეს დღენი იგი და წარსვლასა მას მათსა დაშთა იესუ ყრმაი იერუსალიმს, და არა უწყოდეს იოსებ და დედამან მისმან... და მოვიდეს დღისა ერთისა გზასა და ეძიებდეს მას ნათესავთა შორის და მეცნიერთა და არა პოეს იგი... და იყო შემდგომად სამისა დღისა პოეს იგი ტაძარსა მას შინა მჯდომარე შორის მოძღვართა, ისმენდა მათსა და ჰკითხვიდა მათ... და იხილეს იგი და განუკვირდა. ჰრქუა მას დედამან მისმან: შვილო, რაი ესე მიყავ ჩვენ ესრეთ? აჰა ესერა მე და მამაი შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ. და მან ჰრქუა მათ: და რაისა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაი? და მათ ვერ გულისხმა-ყვეს სიტყუაი იგი, რომელი ჰრქუა მათ. და წარვიდა მათ თანა". სიყვარული იყო მასში და მიუხედავად იმისა, რომ ვერ მიუხვდნენ, არ დაბრკოლებულა, არ გაბრაზებულა, არამედ მორჩილებით წაჰყვა მშობლებს და წავიდა მათთან ერთად. ასევე არ უნდა დავბრკოლდეთ ჩვენც. ადამიანებმა ბევრი რამ არ ვიცით. ჰოდა, მოყვასს უცოდინრობას თუ შევატყობთ, ამან მისდამი სიყვარული არ უნდა გაგვინელოს.
- სიყვარულს იმ მხრივაც ვამახინჯებთ, რომ ზოგჯერ მოყვასს უფალზე წინ ვაყენებთ...
- საოცარი წიგნი დაგვიტოვა უფალმა - სახარება. პარალელს მაცხოვარსა და სახარებას შორის უფალიც ავლებს - რომელმან გაწიროს თავი თვისი ჩემთვის გინა სახარებისა ამისთვისო, რომ ამბობს, ღვთისა და სახარების სიყვარული აქ ერთსა და იმავე რანგშია აყვანილი. ამიტომაც მორწმუნემ სახარებით უნდა იხელმძღვანელოს, მასში კი გარკვევით ამბობს უფალი: ვისაც ჩემზე მეტად უყვარს დედა, მამა, ცოლი, შვილი, სახლი, აგარაკი, - არ არის ჩემი ღირსი; ვინც თავს გაწირავს ჩემთვის, მან პოოს იგიო. ბუნებრივია, უპირველესად უნდა გვქონდეს მაცხოვრის, დიდი მშობლის, შემოქმედის იმედი და მერე - ნებისმიერი კონკრეტული პიროვნებისა.
ზოგჯერ მოძღვარს აკერპებენ და ცხოვრებას ისე წარმართავენ, რომ არავითარი სულიერი წინსვლა, ღმერთთან მიახლოება არ ხდება. თვითონვე აღმართავენ ხოლმე ბარიერს მასა და უფალს შორის და მოძღვარს ღმერთს ანაცვალებენ... გასაგებია, რომ მოძღვარი ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ ის შუამავალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის, რისთვისაც მოძღვარი გჭირდება, დაივიწყო, სულიერი მამა კი გააკერპო. მღვდელი გამტარია, დამაკავშირებელი, ღვთის ნების გადმომცემი მხოლოდ და მხოლოდ.
- ამგვარ დამოკიდებულებას შეიძლება სიყვარული ვუწოდოთ?
- ეს არ არის სიყვარული. ეს კერპმსახურებაა, ის, რასაც მართლმადიდებლობა გმობს. არ შეიძლება, ჭეშმარიტი სიყვარული ფანატიზმად, კერპთაყვანისცემად იქცეს, თუნდაც ეს იყოს სიყვარული მღვდლის, დედის, მამის, შვილის, მეუღლის მიმართ. ჩვენი მიზანი ხომ სულის ცხონებაა. აი რას ამბობს სახარება: "სჯულის მეცნიერ ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღვარ, რაი ვქმნე, რაითა ცხორებაი საუკუნოი დავიმკვიდრო? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოგიკითხავ? ხოლო მან ჰრქუა: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყვასი შენი - ვითარცა თავი თვისი. ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე".
- მოგვეთხოვება თუ არა ეშმაკის სიყვარული? უფალი ხომ მტრის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს...
- ეშმაკის შეყვარება არ შეიძლება. ის ბოროტებაა და მთელი არსებით უნდა გვძულდეს. მასთან ყოველგვარ კავშირს უნდა გავურბოდეთ. როცა ვიყვარებთ ბოროტს, თავს გვატყდება უამრავი ცოდვა. მტრის სიყვარულში ადამიანური, პირადი მტერი იგულისხმება და არა საზოგადო. მაგრამ სამწუხაროდ ცოდვას უფრო მეტად ვიყვარებთ, ვიდრე იმას, ვინც მართლა უნდა გვიყვარდეს.
- წეღან მხილება ახსენეთ. ხშირად სწორედ ეს იქცევა სიყვარულის განქარვების მიზეზად. როგორ ვამხილოთ მოყვასი და როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენ გვამხელენ?
- ვიმეორებ, ყველაფერი სიყვარულზე უნდა იყოს დამყარებული. რასაც უნდა აშავებდეს ადამიანი, სიყვარულით უნდა ამხილო, სიყვარულით მიუთითო შეცდომებზე. თუ ასე არ მოიქცევი, ვერც პასუხად მიიღებ სიყვარულს და საბოლოო ჯამში მიზანს ვერ მიაღწევ. თუმცა ერთიც არის: ნუ ამხილებ უგუნურს, თორემ შეიძენ მტერს; ამხილე ბრძენი და მეგობარს შეიძენო, ნათქვამია. უნდა ამხილო ის, ვინც ამას გაიგებს, ვისაც საამისო სულიერება აქვს. როცა შენ გამხილებენ, მაშინაც უნდა გახსოვდეს ეს სიტყვები და თავად უნდა განსაჯო, რა გირჩევნია - უგუნურება თუ სიბრძნე. როცა გამხილებენ, იფიქრე: "აი, მე ვცოდავ, ეს კი ზრუნავს ჩემზე, სურს, გამოვსწორდე, კი არ განმიკითხავს, ზურგს უკან კი არ ავსიტყვაობს, არამედ გული შესტკივა..." დავინახოთ ასეთ დროს სიყვარული, თანაგრძნობა მამხილებლისა და პრობლემაც ადვილად მოგვარდება.
- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მორწმუნეებს ხშირად არათუ მტრის, მოყვასის სიყვარულიც გვაკლია, ჭირსა თუ ლხინში უახლოესი ადამიანების გვერდით დგომასაც ვერ ვახერხებთ, უფრო სწორად, არ ვცდილობთ...
- მართლმადიდებელი, ცხადია, უნდა ეხმარებოდეს მოყვასს. ჩვენ, ამდენსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის ერს, ეს ძვალსა და რბილში უნდა გვქონდეს გამჯდარი. მაგრამ... დახმარება უნდა შეგვეძლოს ჭირშიც და ლხინშიც, განსაცდელშიც და სიხარულის ჟამსაც, მუდამ მოყვასის გვერდით უნდა ვიყოთ. სიხარულშიც დახმარება სჭირდება ადამიანს, რადგან შეიძლება, მარტომ ვერ ზიდოს ეს ბედნიერება. განსაცდელში დახმარება, მით უმეტეს, სჭირდება, ნუგეში სჭირდება. სჭირდება იმის დანახვა, რომ ვინმეს უყვარს. დახმარება ყველანაირად შეიძლება: ფიზიკურად, ფინანსურად, საქმით... თუ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, სიტყვას რაღა უდგას წინ?! განა ნუგეშისცემა ძნელია, დიდ ძალას მოითხოვს?!
- დაგვლოცეთ, მამაო.
- ღმერთმა დაგლოცოთ და მოგანიჭოთ ჭეშმარიტი სიყვარული, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
მინდა, პავლე მოციქულის სიტყვებით დაგემშვიდობოთ. მოვუსმინოთ, რას ამბობენ სიყვარულის სრულყოფილებას მიღწეულნი:
"ვინ განმაშოროს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს: რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩვენ მარადღე და შევირაცხებით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კვლადნი. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩვენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყვარნა ჩვენ. რამეთუ მწამს მე, ვითარმედ არცა სიკვდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა".
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე