ჯვარი - ქრისტიანობის სიმბოლო - სიყვარულის გამოხატულებაა. ჰორიზონტალური ხაზი - კაცთა შორის, ვერტიკალური კი ღმერთსა და ადამიანს შორის სიყვარულის ნიშანია. ამ ორი ხაზის გადაკვეთა უნდა მოხდეს ჩვენს გულებშიც. თითოეულმა ჩვენგანმა თავის გულში უნდა გამოისახოს უხილავი ჯვარი. "ამით სცნან ყოველთა ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყუარებოდეთ ურთიერთარს" - სწორედ სიყვარულია ის ნიშანი, რომელიც ჩვენ სხვებისგან უნდა გამოგვარჩევდეს. რაოდენ სამწუხაროა, რომ უფლის ამ სიტყვებს ხშირად ვივიწყებთ და მოყვასის მიმართ სიყვარულის მაგიერ გული შურით, ამპარტავნებით, განკითხვით და ზოგჯერ სიძულვილითაც გვაქვს სავსე.
გვესაუბრება ნუცუბიძის მირქმის სახელობის ტაძრის მსახური, დეკანოზი ლაზარე ვარდოსანიძე.
- მამაო, რა არის სიყვარული და მისი არსი?
- ვინც სიყვარულზე ლაპარაკს ცდილობს, თვით ღმერთზე კადრულობს სიტყვის დაძვრას, ღმერთზე ლაპარაკი კი უკრძალველი ადამიანისთვის დიდად საფრთხილო და სახიფათოა. რადგან სიყვარული ღმერთია, ვისაც მისი სიტყვით გადმოცემა სურს, იმ ბრმას ჰგავს, რომელიც ზღვის ფსკერზე ქვიშის დათვლას ცდილობს. სიტყვა "სიყვარული" მხოლოდ ანგელოზებისთვისაა ცნობილი და მათთვისაც არასრულად, მხოლოდ მათი ნათლის შესაბამისად.
"ესერა ჰგიეს სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, სამი ესე და უფროს ამათსა სიყვარული არს". იოანე სინელი ამბობს: პირველ მათგანს - სარწმუნოებას - მხურვალებას ვუწოდებთ, მეორეს - სასოებას ანუ იმედს - სინათლეს, მესამეს - სიყვარულს - მზისთვალს. ხოლო სამივეს ერთად - ბრწყინვალებას და შარავანდს. რადგანაც პირველ მათგანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მეორეს ღვთის მოწყალება შეურცხვენლად იცავს, მესამე კი არასოდეს "დავარდების", არც მისი სრბოლა შეჩერდება, მის მიერ დაჭრილ გულს ღვთის ტრფიალება არასდროს მოასვენებს.
მაინც რა არის სიყვარული? სიყვარული ბუნებით ღვთის მსგავსებაა, რამდენადაც ეს ადამიანისთვისაა შესაძლებელი, სარწმუნოების წყაროა, მრავლის მოთმინების უფსკრული და ზღვა სიმდაბლისა. სიყვარულის ძალა იმედია, რადგანაც სიყვარულის საფასურს მისი საშუალებით მოველით. სიყვარული წინასწარმეტყველების სათავეა, სიყვარული ნიშების მომცემელია, სიყვარული ბრწყინვალების უფსკრულია, სიყვარული ცეცხლის წყაროა და სადაც ის წყარო ამოვა, დაწვავს მწყურვალს. სიყვარული ანგელოზების სიმტკიცეა, მარადიული წინსვლაა, სიყვარულია თვით უფალი.
- რითი შეიცნობა ჭეშმარიტი სიყვარული?
- ღვთის შიშით, უფალთან სიახლოვის სურვილით. ჩვილს არ სურს იმდენად დედასთან ყოფნა, რამდენადაც უფლის სიყვარულის ძეს სურს მასთან სიახლოვე. როცა ადამიანს ვინმე ძალიან უყვარს, გამუდმებით მის ნახვას ოცნებობს. მასზე შინაგანი სიტკბოებითაა მიჯაჭვული, ძილშიც კი არ უნელდება სურვილი და მით უფრო მაშინ, როდესაც მას ხედავს. ასე ხდება არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი სიყვარულის დროსაც. ამიტომ ამბობს ღვთისმოყვარე დავითი: "სწყურის სულსა ჩემსა ღვთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა". "ღვთის მოყვარული ამჯობინებს ღვთის შემეცნებას ყველა მისი ქმნილებისაგან. ვისი გონებაც ამ გრძნობით არის მიჯაჭვული ღმერთზე, იგი არაფრად აგდებს ყველა ხილულს, თვით თავის სხეულსაც კი, თითქოს უცხო იყოს. სიყვარული არის კეთილგანწყობილება სულისა, რომელიც არაფერს არსებულს არ ამჯობინებს ღვთის შემეცნებას. მაგრამ ასეთ მოსიყვარულე განწყობილებამდე შეუძლებელია მივიდეს ის, ვისაც აქვს სიყვარული რამე მიწიერისა ან სიძულვილი თუნდაც ერთი კაცისა. ნეტარია ის, ვისაც ყველას თანაბრად სიყვარული შეუძლია", - წერს მაქსიმე აღმსარებელი. სიყვარული იშვება უვნებობიდან, უვნებობა - სასოებიდან, სასოება - დიდსულოვნებიდან, მოთმინებიდან, ეს უკანასკნელი - თავშეკავებიდან, თავშეკავება - ღვთის შიშიდან, შიში ღვთისა - რწმენიდან.
ღვთის შიში, თუ ის სულის მხურვალებისაგან არის აღძრული, გალევს და მოსპობს მწიკვლოვანებას, რადგან ამბობს წინასწარმეტყველი: "შემსჭვალენ შიშსა შენსა ხორცნი ჩემნი". ღვთის შიშის აღორძინება სიყვარულის დასაბამია, სრული სიყვარული - ღვთისმეტყველების საწყისი.
ღვთისმოყვარემ ჯერ ძმა შეიყვარა, რადგანაც ეს მეორე პირველზე მეტყველებს. ვისაც მოყვასი უყვარს, მასზე ავს არასოდეს დაუგდებს ყურს, ცუდის გაგონებაზე ცეცხლი მოედება გულზე. ვინც ამბობს, - უფალი მიყვარს, მოყვასი კი არაო, იმ კაცს ჰგავს, რომელიც სიზმარში გარბის.
მაქსიმე აღმსარებელი წერს: - მოყვარული ჩემი, - ამბობს უფალი, - ჩემს მცნებებს იცავს, მცნება ჩემი ესე არს: დაე, გიყვარდეთ ერთმანეთი. ასე რომ, ვისაც მოყვასი არ უყვარს, არ იცავს მცნებებს, ხოლო მცნებების არდამცველს არ შეუძლია უყვარდეს თვით უფალი.
- ყველაზე დიდი, ალბათ, ის სიყვარულია, რომლითაც ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ...
- რა თქმა უნდა. სიყვარულის ორგვარი სახე არსებობს: ადამიანური და ღვთიური. ღვთის სიყვარული კაცთადმი შეუდარებლად დიდია, ვიდრე ადამიანისა უფლისადმი. ყველაზე მეტად უფლის სიყვარული იმით გამოიხატა, რომ მაცხოვარი მოგვივლინა. დაცემის შემდეგ ადამი სამოთხიდან განიდევნა, მაგრამ უფალმა არ გაწირა თავისი ქმნილება და აღუთქვა, რომ მოუვლენდა მხსნელს, ვინც დააბრუნებდა ადამიანს სამოთხეში. სწორედ ეს მხსნელი იყო მაცხოვარი - ძე მისი. ესრეთ შეიყვარა უფალმა სოფელი, რომ ძე თვისი მხოლოდშობილი მისცა მას.
უკეთუ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ თვისი მხოლოდშობილი ძე მოევლინა კაცთათვის, მაშ, ვისღა შეეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ანუ ადამიანთა რომელი ცოდვები, ბოროტი საქმეები და უმადურობა დააბრკოლებდა უფლის ამ კაცთმოყვარულ სურვილს?
აბრაამმაც მოინდომა საკუთარი შვილის ღვთისათვის მსხვერპლად მიტანა, რამეთუ მისდამი დიდი სიყვარული ამოძრავებდა, მაგრამ მას ამ საქმეში ხელი შეუშალა უფლის განუზომელმა გულმოწყალებამ და მისმა სახიერმა სიყვარულმა.
ვის ძალუძს იმაზე უფრო შეიყვაროს ღმერთი, ვიდრე მას, დამბადებელს უყვარს ადამიანი? დიახ, ადამიანს უყვარს ღმერთი, მაგრამ რატომ არ შესწირა მან საკუთარი ძე მსხვერპლად? ცხადია, იმის გამო, რომ მას არ გააჩნდა ისეთი სიყვარული ღვთისადმი, როგორიც შემოქმედს აქვს კაცთა მიმართ.
უყვარს ადამიანს ღმერთი, მაგრამ უყვარს გაორებულად, უფალს კი ადამიანის მიმართ ამგვარი გაორებული სიყვარული არ გააჩნია და სწორედ ამ განსაკუთრებულობის გამო იყო, რომ მან თავისი ერთადერთი ძე კაცთა ხსნას შესწირა მსხვერპლად. ადამიანმა განიზრახა თავისი ძის უფლისთვის მსხვერპლად შეწირვა, მაგრამ მას თავად ღმერთი აღუდგა წინ. შემოქმედს კი ვინ აღუდგებოდა წინ?
- რაც შეეხება ადამიანის ღვთისადმი სიყვარულს, ის, როგორც აღნიშნეთ, უპირველესად, მცნებების დაცვაში ვლინდება.
- რა თქმა უნდა. ყველაზე ნათელი დასტური იმისა, რომ უფალი გიყვარს, არის ის, რომ გაქვს მოყვასის სიყვარული. მოყვასის სიყვარულში უპირატესად მშობლის სიყვარული იგულისხმება. მცნება გვაუწყებს: "პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა".
ადამიანთათვის მამა არის უფალი, ხოლო დედა - წმინდა ქალწული მარიამი, რომლისგანაც განკაცდა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. სულითა და გულით უნდა გიყვარდეს უფლის მხოლოდშობილი ძე, პატივს სცემდე მას, მხურვალე სიყვარულით უნდა გიყვარდეს დედა, ყოვლადწმინდა დედუფალი ჩვენი და მარადის ქალწული მარიამი. უკეთუ გიყვარს და პატივს სცემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მის ძეს, მაშ, გიყვარს და პატივს მიაგებ შენს ხორციელ დედასა და მამას. ამის გამო ბრძანა უფალმა: "პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა" და "შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი". თუ ხილულ დედ-მამას პატივს არ მიაგებ, როგორღა შეძლებ, შეიყვარო ძე ღმრთისა და ყოვლადწმინდა დედა მისი, რომელთაც ვერ ხედავ? როგორღა იტყვი, ღმერთი მიყვარსო, თუკი გძულს მამაი და დედაი შენი? მაშინ მტყუანი ხარ წინაშე უფლისა.
ამის გამო არ ინება ღმერთმა, რომ სჯულის ფიცრებზე დაწერილიყო - "მე შემიყვარეთ" ანდა "დაემორჩილენით იმას, რასაც გეუბნებით", არამედ ბრძანა: "პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა..." რაც იმას ნიშნავს, რომ უკეთუ ხორციელ მშობლებს არ მიაგებთ პატივს, მაშინ არც მე დამემორჩილებით, არც მე შემიყვარებთ და არც ჩემს მიერ მოცემულ მცნებებს, რომლებიც გულის ფიცრებზე დაგიწერეთ, რათამცა პატივს მიაგებდეთ და გიყვარდეთ ძე ჩემი დედითურთ მისით.
კარგად რომ გავიგოთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიყვარულს და რომ მის გარეშე არანაირი საქმე არ შეიწირება, ნიკიფორესა და საპრიკიოსის ამბავს მოგიყვებით. ადრე ორივენი ღვთივსულიერნი და ურთიერთმოყვარენი იყვნენ და სიყვარულის ანგელოზთა სწორი ერთობა ჰქონდათ. მაგრამ ერთხელაც ნიკიფორე წაეჩხუბა საპრიკიოსს და ამაში დამნაშავე ეს უკანასკნელი იყო. მათი სიყვარული ავმეხსიერებაში გადაიზარდა და ვნება ესე საპრიკიოსის შინაგან სამყაროში ჩაინერგა - ნიკიფორეს დანახვაც კი აღარ შეეძლო. ამგვარი ავმეხსიერების გამო საპრიკიოსმა მოწამებრიობის ის გვირგვინი დაკარგა, რომლითაც გვირგვინოსანმყოფელი მის დაჯილდოებას აპირებდა.
საპრიკიოსს ისეთი ჭირნი ჰქონდა გადატანილი, რომ ზეციური გვირგვინი მისი თავიდან მხოლოდ შვიდი წყრთის სიმაღლეზეღა იყო გაჩერებული, მაგრამ ავმეხსიერების შვიდთავიანი უსჯულოება გვირგვინს საპრიკიოსის შუბლის შესამკობად დაბლა ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევდა... როგორ არ ევედრებოდა ნიკიფორე შერიგებას, ის მაინც უარს ამბობდა და დათმობას არ აპირებდა, არ სურდა შეწყნარება მეგობრის თხოვნისა.
ნიკიფორე, თვისი გულწრფელი სიყვარულიდან გამომდინარე, საპრიკიოსს მუხლებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა, რათა მათ შორის აღმდგარიყო წინანდელი სიყვარული, მაგრამ საპრიკიოსმა არამცთუ სიყვარულის აღდგენა, ძველი მეგობრის შეხედვაც კი არ ისურვა და ნიკიფორეს თავისი სიყვარული საპრიკიოსისადმი მოწამეობად და შეუდრეკელ აღმსარებლობად გადაექცა, რამაც იგი მოწამეობის გვირგვინით დააჯილდოვა!
ნიკიფორემ, როგორც მორჩილმა და თვინიერმა, გვირგვინისმიმნიჭებელი მაცხოვრისაგან უხრწნელი გვირგვინი მიიღო. საპრიკიოსი კი თავისი უსულგულობით აღმსარებლობის დაკარგვით და ავმეხსიერებით კერპთაყვანისმცემლობის ჭაობში დაინთქა.
აქედანაც ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიყვარულს და რომ მის გარეშე ყოველგვარი ღვაწლი უფასურდება.
ბოლოს, მინდა გავიხსენო წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ქადაგება სიყვარულზე: "ჰოი, სიყვარულო, ყოვლადსაწადელო, ნეტარი არის ის, ვინც ამბორს-გიყო შენ, რადგანაც აღარ ინდომებს იგი ვნებიან ამბორს მიწითშობილი მშვენებისადმი; ნეტარი არის, ვინც შენ შეგეწნა საღვთო ტრფობით, რადგანაც განუდგება იგი მთელ ქვეყანას და კაცთაგან ახლომყოფი არავისგან არ შეირყვნება; ნეტარი არის, ვინც ეამბორა შენს სიტურფეებს, ვინც იშვებს მათგან უსასრულო გულისთქმით სავსე, რადგანაც განწმენდს მის სამშვინველს წყალი და სისხლი, შენგან უხრწნელად რომ მოწვეთავს; ნეტარი არის, ვინც წადიერად შეგეტკბო შენ! კეთილცვალებით შეიცვლება ის სულიერად და განიხარებს სამშვინველით, რადგან შენ ხარ სიყვარული და სიხარული მიუთხრობელი. ქების ღირსია, ვინც შენკენ ილტვის; ხოლო უმეტეს საქებელი, ვინც შენვე გპოვებს. მაგრამ უფრორე ნეტარია, ვინც თვით იყვარე, ვინც ითვისე, ვინც შენ განსწავლე, ვინც დაემკვიდრა შენს წიაღში, ვინც შენს მიერ მიიღო საზრდო - ქრისტე უკვდავი, ქრისტე ღმერთი, ქრისტე მაცხოვარი ჩვენი. შენ ხარ სრულყოფა რჯულისა, რომელიც შეგვიპყრობ და აღგვანთებ, რომელიც მძლავრად აღაგზნებ გულში უსაზღვრო სურვილს ღვთისა მიმართ, ძმათა და მამათა მიმართ. შენ ხარ მოძღვარი წინასწარმეტყველთა, თანამსრბოლი მოციქულთა, ძალი მოწამეთა, შთაბერვა მამათა და მოძღვართა, სრულქმნილება ყველა წმინდანისა. ღვთაებრივი დავითი ამბობს: "განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა". ძალისამებრ ესწრაფოდეთ მას, სარწმუნოებით სრბოდეთ მისკენ და თუ ეწევით, არასოდეს გამტყუნდება თქვენი იმედი. ამაოა და ყოვლად ურგები ყოველგვარი გულმოდგინება, ყოველგვარი ღვაწლი და გარჯა, თუ არ მივილტვით შემუსვრილი სულის წიაღ სიყვარულისკენ. არანაირ სხვა სათნოებას, საუფლო მცნების არანაირ აღსრულებას არ შეუძლია საჩინო-ყოს ქრისტეს მოწაფე, რადგანაც ამბობს თვით მაცხოვარი: "ამით გიცოდიან ყოველთა, რამეთუ მოწაფენი ჩემნი ხართ, უკეთუ იყუარებოდეთ ურთიერთარს". სიყვარულის გამო "ხორცი გახდა სიტყვა და დაემკვიდრა იგი ჩვენში". მანვე, სიყვარულისთვის განკაცებულმა, ნებსით დაითმინა ყველა ცხოველმყოფელი ვნება, რომ გამოეხსნა ჯოჯოხეთის მახეთაგან თავისი ქმნილება, ადამიანი, აღედგინა იგი და ცად აეყვანა. სიყვარულის გამო ისრბოლეს მოციქულებმა ამ მშფოთვარე სარბიელზე. სიყვარულისთვის დათხიეს სისხლი მოწამეებმა, რადგანაც არ წარწყმიდეს მათ ქრისტე. სიყვარულის გამო წადიერად ანაცვალეს სული კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას ღმერთშემოსილმა მამებმა და ქვეყნიერების წინამძღვრებმა. სამოციქულო სიტყვათაებრ, თქვენ ხართ ჩემი სიქადული, ბეჭედი ჩემი მოძღვრებისა. ამიტომ ყოვლითურთ ესწრაფეთ, ქრისტეს მიერ საყვარლნო, და ურთიერთას სიყვარულით ემსახურეთ ღმერთს".
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე