დედა ეკლესია ყოველთვის ზრუნავდა და ზრუნავს გაჭირვებულებზე.
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ექიმი ზურაბ ვარაზი:
- ბატონო, ზურაბ, რამდენად ევალება ეკლესიას გაჭირვებულთა სოციალური უზრუნველყოფა?
- სოციალური დაცვის ფუნქცია ერთ-ერთია, რომელიც აქვს წმინდა ეკლესიას. ეკლესიის უპირველესი ფუნქცია ღვთისმსახურებაა, რომელსაც ეკლესია-მონასტრები აღასრულებენ; მეორე არის საგანმანათლებლო ფუნქცია, რომელიც სემინარია-აკადემიებს აკისრიათ; მესამე - მისიისა და ევანგელიზაციის ფუნქცია, ანუ ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელება და ქადაგება; მეოთხე გახლავთ სოციალური დაცვის ფუნქცია, რომელიც თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ასწავლა ეკლესიას: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". საერთოდ, სოციალური დაცვა ჩასახულია ეკლესიის წიაღში. შემდგომ ეკლესიამ თანდათან გააფართოვა სოციალური დაცვის ფუნქცია და მხოლოდ ლუკმა-პურს კი არ აწვდიდა გაჭირვებულს, არამედ მის წიაღში იქმნებოდა სასნეულოები, სადაც სასულიერო პირები პატრონობდნენ სნეულთ. ეკლესია ზრუნავდა ხეიბრებზეც, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვების სწავლა-განათლებასაც უწყობდა ხელს. გარდა ამისა, ეხმარებოდა ქვრივ-ობლებს. როდესაც ოჯახი მარჩენალის გარეშე რჩებოდა, მასზე პასუხისმგებლობას ეკლესია იღებდა. შემდეგ ისტორიულად სახელმწიფომაც დაიწყო ამ ფუნქციების შესრულება და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა მუნიციპალური სოციალური სამსახურები, შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტრო, რომელმაც ავადმყოფების მოვლა-გამგეობა ჩაიბარა. სოციალური დაცვის სისტემა ჩამოშორდა ეკლესიას და თანდათან სახელმწიფოს ფუნქციად იქცა. თუმცა ეკლესია მაინც ინარჩუნებს სოციალური დაცვის ფუნქციას. რჩება ისეთი საკითხები, რომელთა მართვა სახელმწიფოს არასოდეს შეეძლება. მაგალითად, ეკლესიის წიაღში შესაძლოა იყვნენ ისეთი კეთილი ნების ადამიანები, რომლებიც უანგაროდ დაეხმარებიან გაჭირვებულებს, დაულაგებენ სახლს, გაუკეთებენ სადილს. მრევლის წევრები თავიანთი სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ერთმანეთს ეხმარებიან. თუ მრევლის რომელიმე წევრი ხდება ავად, ან რაიმე უჭირს, დანარჩენები უანგაროდ ეხმარებიან მას, ზრუნავენ... საერთოდ, მრევლი ძალიან საინტერესო სოციუმია. მრევლის წევრები არ არიან ერთმანეთის ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, თანამშრომლები, მაგრამ ერთმანეთს სახით იცნობენ, უყვართ, საჭიროების შემთხვევაში ზრუნავენ. ეს ეკლესიის თვისებაა. ქვრივებს, შვილმკვდარ დედებს და ობლებს უადვილდებათ ეკლესიის წიაღში სულიერი ტრავმების გადატანა.
ევროპის მდიდარ ეკლესიებში სოციალური დაცვის ფუნქცია ორგანიზებულად ხორციელდება. ეკლესიებს აქვთ თავისი საავადმყოფოები, თავშესაფრები. საქართველოს ეკლესიას კარგად ჰქონდა მოწყალების ფუნქცია განვითარებული. სწორედ ეკლესიური ცხოვრებიდან მოდის ჩვენში ასე ფესვგამდგარი ერთმანეთის დახმარების ტრადიცია. ათეისტური ყოფისას ეკლესია ფიზიკურად განადგურდა. როგორც უწმინდესი ბრძანებს, მან სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა. ადამიანებს ჰგონიათ, ეკლესიის შემოსავალი ძალიან დიდია. გაყიდული სანთლიდან შემოსული თანხა ხშირად ტაძრის შენახვასაც არ ჰყოფნის. ნუ დაგვავიწყდება, რომ მღვდელს ხელფასი არ აქვს, მისი შემოსავალი ღვთისმსახურებისას მიღებული შემოწირულობაა. ყბადაღებული საკითხი: ეკლესიას აქვს დიდი შემოსავალი, სახელმწიფო ყოველწლიურად მას 25 მილიონს ურიცხავს. ეს თანხა, შეიძლება ითქვას, იმ უზარმაზარი ზარალის კონპენსაციაა, რომელიც 70 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ეკლესიას განადგურებით მიაყენა. გაიძარცვა ტაძრები, დაიკარგა ეკლესიის ძვირფასეულობა, ეკლესიას ჩამოერთვა სასოფლო-სამეურნეო მიწები, დაინგრა ტაძრები. ადამიანმა რომ ეს დანაკარგი დაიანგარიშოს, სახელმწიფოს გაცილებით დიდი თანხის გადახდა მოუწევს ეკლესიისთვის, რაც შეუძლებელია... ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკურად ერთი მილიონი გაჭირვებული ადამიანია, რეალურად სულ ორნახევარი მილიონი ვართ. როგორ გგონიათ, სოციალური დაცვის მიზნით 25 მილიონი ლარი რომ ერთ მილიონ გაჭირვეულს დაურიგო წელიწადში ერთხელ, თითოეულს რამდენი შეხვდება? თითოეულ გაჭირვებულს შეხვდება მხოლოდ 25 ლარი, რას გააკეთებს ის ამ თანხით? 25 მილიონი ლარი ერთად აღებული, რასაკვირველია, დიდი თანხაა, მაგრამ თუ თქვენ მას სახელმწიფოში ანაწილებთ, ცოტაა. ეკლესიას აქვს თავისი პრიორიტეტები, ისინი განსაზღვრავენ, როგორ განაწილდეს თანხა ქვეყანაში. მოდის მომავალი თაობა, რომელიც უსახსრობის გამო უფასო განათლებას ვერ იღებს, რჩება უცოდინარი, უინიციატივო და შემდგომში აუცილებლად უპოვარი გახდება. ამიტომ ეკლესია ასეთ ახალგაზრდებს აძლევს გარკვეულ განათლებას. ეკლესიის წიაღში არსებული საქველმოქმედო სასწავლებლები და უნივერსიტეტები სწორედ ამ საქმეს ემსახურება. რიგი დგას იქ ჩაწერაზე. მატერიალურად გაჭირვებული მშობლებისათვის ასეთი სასწავლებლები დიდი შვებაა. დაე, თვითონ გააკეთოს ეკლესიამ არჩევანი - ადამიანს ბეჭედი უყიდოს, განათლება მისცეს, თუ ყოველწლიურად ჯიბეში 25 ლარი ჩაუდოს. არის ეკლესიის ორგანიზებით დაარსებული უამრავი ბავშვთა სახლი, სადაც მამები უპოვარ, გაუბედურებულ, უპატრონო ბავშვებს კრებენ, ასწავლიან ხელობასა და ხელსაქმეს. თეთრი წყაროს რაიონში ეკლესიამ შეისყიდა სახლები და კომლებად დასახლდნენ ასეთი ბავშვები თავიანთ ლიდერებთან და აღმზრდელებთან ერთად. აქ ისინი მისდევენ სოფლის მეურნეობას, მესაქონლეობას. უწმინდესს მიაჩნია, რომ ასეთი უპოვარი და კალაპოტიდან ამოვარდნილი ბავშვების ორგანიზება და აღზრდა უკეთესია სოფლებში, ვიდრე ქალაქად. სოფლის ცხოვრებაში ბავშვების ჩართვა უფრო ადამიანურ თვისებებს აღვივებს მათში, ვიდრე გაუხეშებული ქალაქური ცხოვრება.
- გვიამბეთ, როგორ დაარსდა თქვენი დეპარტამენტი.
- 1993 წლიდან საპატრიარქოში ფუნქციონირებდა სოციალური განყოფილება, რომელსაც ევალებოდა გარკვეული ჰუმანიტარული მისიების გატარება. ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა მძიმე იყო, ჯერ სამოქალაქო ომი ატყდა, შემდეგ აფხაზეთის ომი დაიწყო. ქვეყანაში უამრავი დევნილი გაჩნდა. მოსახლეობის უმრავლესობა მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდა. შეიქმნა მოწყალების სახლი, რომელიც ყოველდღიურად 2000 ადამიანს აპურებდა. სოციალური დახმარება ძირითადად შემოწირული თანხებით ხორციელდებოდა. ყოველდღიურად გაიცემოდა პური, ცხელი კერძები... მაშინ ეკლესიამ ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. შემდეგ თანდათან ჩაერთვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი დახმარებით შემოდიოდა ჰუმანიტარული ტვირთი, კეთდებოდა ასევე მცირე შემოწირულობები. 1998 წელს უწმინდესმა გადაწყვიტა, შექმნილიყო ცალკე დეპარტამენტი, რომელიც სოციალურ დაცვას მოემსახურებოდა. ასეც მოხდა, აგერ უკვე მეთხუთმეტე წელია, საპატრიარქოში ფუნქციონირებს სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს. საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავშესაფარში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, უბინაოდ დარჩენილნი შევიფარეთ. თავდაპირველად განზრახული გვქონდა, შეგვეფარებინა მხოლოდ დედები და შვილები, ისე მოხდა, რომ ზოგ მარტოხელა დედას ძმა ჰყავდა, ზოგს მეუღლე დაუბრუნდა. ამჟამად თავშესაფარში ზოგი ოჯახებად ცხოვრობს. ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა, რასაც მიველტვით, რაც მოგვწონს. მაგრამ ჩვენ მივეცით ადამიანებს ელემენტარული თავშესაფარი. საპატრიარქოს გადმოეცა ყოფილი საწყობის სათავსო, რომლისგანაც ამ ადამიანებმა საკუთარი ხელით გააკეთეს პატარა ოთახები. ეს გახლავთ ერთი დასახლება. მათ აქვთ ძალიან მძიმე მატერიალური, ფიზიკური და სულიერი პრობლემები. ზოგმა სამსახური იშოვა, ზოგი ვერ შოულობს, ზოგი მოწყალებას ითხოვს... მოვახერხეთ მათი სოციალური ინტეგრაცია, გავუკეთეთ საბუთები, ვუწევთ უფასო სამედიცინო დახმარებას, ვუნაწილებთ ჰუმანიტარული დახმარებიდან შემოსულ პროდუქტებს. გვაწუხებს მათი ყოველდღიური პრობლემები, ხან ვეხმარებით მათ მოგვარებაში, ხან ვერა. მათ უნდა ისწავლონ თანაცხოვრება და უპატრონონ თავიანთ ოჯახებს. ეს არაა მონასტერი.
წლების განმავლობაში დაქვემდებარებული გვქონდა რამდენიმე სამკურნალო დაწესებულება, რომელიც ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა, უწევდა სამედიცინო დახმარებას სასულიერო პირებს, მრევლს, გაჭირვებულ ადამიანებს. შემდეგ მოხდა სტრუქტურული ცვლილება, ჯანდაცვის სამინისტრომ ჩათვალა, რომ ეს ფორმა შეიძლება შეცვლილიყო. დღეს საყოველთაო დაზღვევის პირობებში ეს სამედიცინო დაწესებულებები ფუნქციონირებას აგრძელებენ.
- ბოლო დროს ადამიანები ხშირად ითხოვენ მოწყალებას...
- სამწუხაროდ, დღეს ჩვენს რეალობაში ჩამოყალიბდა პროფესია მათხოვარი. ადამიანები თავს მათხოვრობით ირჩენენ, დადიან კარდაკარ. ხანდახან ხურდა ფული ეცოტავებათ, ამბობენ, რომ შიათ, თუკი დიასახლისი მათ უმასპინძლდება, ამბობენ, რომ ფული ურჩევნიათ... ერთხელ ჩვენმა სოციალურმა სამსახურმა ტაძრის ეზოში მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს შევთავაზეთ ასეთი სამსახური: მივცემდით ძაფს, მატერიალურ საშუალებას, რომ მოექსოვათ ჯარისათვის წინდები, რომლებსაც შემდგომ შევისყიდდით. უარი განაცხადეს, გვითხრეს, ჩვენ მათხოვრობით დღეში 30-50 ლარს ვშოულობთ და წინდის ქსოვაში რა უნდა ვიშოვოთო. სამწუხაროდ, ეს უხეში მაგალითია, მაგრამ რეალობაა. ერთხელ უწმინდესმა ბრძანა, - კონფუცი ამბობს: თუ ადამიანი პურს გთხოვს, არ მისცე პური, ასწავლე პურის მოყვანა, თუ ადამიანი თევზს გთხოვს, ასწავლე თევზის დაჭერა. კონფუცის ამ სიბრძნეში ჩანს, რომ ადამიანები არ უნდა შევიყვანოთ სოციალურ გეტოში, მათ ამით ვართმევთ ინიციატივას, თვითონ მოიპოვონ სამსახური. უცბადვე ჩნდება კითხვა: აბა, სად არის სამსახური. ნებისმიერი მსახურება ადამიანისა, არის საპატიო... ძალიან ბევრს აქვს სოფელში დაკეტილი სახლი, ქირით ცხოვრობს ქალაქში და მათხოვრობით ირჩენს თავს. სოფლის მეურნეობას ურჩევნია, ქუჩა-ქუჩა მოწყალების თხოვნა. თავს გაიმართლებენ, რომ არ აქვთ ტრაქტორი, არ აქვთ სასუქის ფული და ასე შემდეგ. სოფელში ვხედავ ხოლმე ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ტრაქტორი, თუმცა საკუთარი ძალებით აქვთ კარგი ფერმერული მეურნეობა. ასეთებს აქვთ შინაგანი სიზარმაცე და არ სურთ ბრძოლით მოიპოვონ საარსებო ლუკმა-პური.
- მოწყალების სახლი ახსენეთ...
- მოგახსენეთ, რომ იგი პატრიარქის კურთხევით აფხაზეთის ომის შემდგომ პერიოდში შეიქმნა, ხელმძღვანელი გახლავთ ქალბატონი მზია კაცაძე. ის წლების განმავლობაში თავდადებით ემსახურება გაჭირვებულებს. დღესაც მოქმედებს საპატრიარქოს კარის ეკლესიის ეზოში უფასო სატრაპეზო. ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სამსახური პერიოდულად იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაეროს სასურსათო ფონდიდან და გადავცემთ მოწყალების სახლს. ეს სახლი ძირითადად შემოწირულობებით მოქმედებს და უამრავ ადამიანს აპურებს ყოველდღიურად.
ანალოგიური სატრაპეზო ჰქონდათ ხუდადოვის ქუჩის დასაწყისში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, ასევე ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ ეკლესიაში...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი