მომთმენი აცხოვნებს თავსაც და სხვებსაც
"რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს, - ეს დარიგება უფალმა თავის მოწაფეებს მაშინ მისცა, როცა ბოლო ჟამის შესახებ აუწყებდა, - მაშინ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფება მეუფებასა ზედა და იყვნენ სიყმილი და სხვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად...
და იყვნეთ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათვის, განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა... რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისათა ვიდრე აქამდე, არცღა ყოფად არს..."ყოველი ქრისტიანის სულს შეძრავს და აძრწუნებს ეს სიტყვები. იგი მხოლოდ სამყაროს აღსასრულს როდი ეხება. მაცხოვრის წინასწარი უწყება აღსრულდა მოციქულებზე, ქრისტიანებზე და სრულდება დღესაც ყველა მის მოწაფეზე, მისი მცნებების დამცველზე. მოთმინება კი სწორედ ის იარაღია, რითიც ამ ადამიანებმა გამარჯვება მოიპოვეს, საუკეთესო საშუალებაა ცოდვასთან ბრძოლისა. მის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა, არ არსებობს გადარჩენა... განკაცებული, ნატანჯი ღმერთი - იესო ქრისტე და ყველა, ვინც ცათა სასუფევლის ღირსი გახდა, მოთმინებით მივიდა ამ ძლევამდე.
უთანხმოებები, განსაცდელები, ავადმყოფობები, შური, სიძულვილი, სხვადასხვა ცოდვითი მიდრეკილებAა, რომლებიც შხამავს სულს - ქრისტიანის ცხოვრების თანამდევია. მათი დათმენა მეტად რთულია და სწორედ მაშინ, როცა ბრძოლა პიკს აღწევს, მორწმუნე იღლება, სასოწარკვეთას ეძლევა და ის-ის არის, უარი უნდა თქვას უფალზე, აღთქმულ ნეტარებაზე, ჩაესმის კაცთმოყვარე ღმერთის მანუგეშებელი სიტყვები: - მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი. სწორედ ეს აცოცხლებს, ანუგეშებს, ბოროტთან ბრძოლისთვის ძალას მატებს ქრისტიანს.
გვესაუბრება წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მსახური, არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილი.
- მოთმინება რწმენის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ის რწმენიდან გამომდინარეობს. საუცხოო მაგალითი მოთმინებისა თვითონ მაცხოვარია, რომელმაც დაითმინა ამქვეყნიური ტანჯვა, შეურაცხყოფა და თავისი თავი სამსხვერპლოზე მიიტანა ჩვენი ცოდვებისთვის. ნებისმიერი წმინდანი, რომელსაც ვეთაყვანებით, მოთმინებით შევიდა სასუფეველში. მოთმინების უამრავი მაგალითი გვაქვს საქართველოშიც. დავით გარეჯელი. ადამიანი, რომელმაც მოითმინა თბილისში ყოფნის დროს შეურაცხყოფა, ავიდა მთაწმინდაზე. არც იქ მოასვენეს, მოთმინებით გადაბრძანდა უდაბნოში და ჩანს კიდეც, ამ მოთმინებით რა შედეგს მიაღწია. მას მთელი მსოფლიო ეთაყვანება. დიდ პატივს სცემენ რუსეთშიც. ერთ-ერთ ეკლესიაში მის სახელზე ყოველ კვირას წირვა აღესრულება. მოთმინება არის სწორედ ის სათნოება, რომლის გამოც უარს ვეუბნებით ცოდვას, ვიტანთ გასაჭირს და ღმერთს არ ვაყვედრით, არ ვგმობთ. მის გარეშე შეუძლებელია ცხონება.
ყველა, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, უნდა ეცადოს, მოიპოვოს ეს სათნოება, რაც ადვილი არ არის. ეს ნიშნავს საკუთარი თავის, დაცემული ბუნების წინააღმდეგ წასვლას. მაგრამ უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, გვიგზავნის ისეთ შემთხვევებს, რომ მოთმინება გვასწავლოს.
- ალბათ მოთმინების მოსაპოვებლად საუკეთესო საშუალება მარხვაა, როცა გიწევს ხორციელ და სულიერ "სიამოვნებაზე", ცოდვით მიდრეკილებებზე უარის თქმა. ზოგს საჭმელზე უჭირს უარის თქმა და ამ მოტივით ტაძარშიც არ დადის. სხვებს, რომლებმაც ეს დაბრკოლება გადალახეს, უფრო შინაგან ვნებებთან აქვთ ჭიდილი.
- პირველ რიგში, ეს იმის ბრალია, რომ არასწორად ვმარხულობთ. ადამიანმა მარხვა უნდა დაიწყოს შიგნიდან. "უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". როცა ასეთი განწყობით შეუდგები მარხვას, შენთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება, რას შეჭამ, გაგიადვილდება სახსნილო საკვებზე უარის თქმაც. მარხვის დროს შემწვარ ხახვს ისე გემრიელად შევექცევი, ვერანაირი მწვადი და ხინკალი ვერ შეედრება - მწამს, ასე ჩემი თავისთვის ვაკეთებ. მაგრამ თუ ამას მოვაყოლებ მეზობლებთან ჩხუბს, განკითხვას, ჭორაობას, მაშინ გინდ ხორცი მიჭამია და გინდ ხახვი. შეიძლება ამან უფრო მეტადაც შეურაცხყოს ღმერთი. ამიტომ ვეცადოთ, შიგნიდანაც ვიმარხულოთ. მაგრამ არც საკვებია უმნიშვნელო. ის გვეხმარება მოთმინების სწავლაში. როცა მორწმუნე ავადმყოფია და მისთვის მარხვა არ შეიძლება, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ დათმენა არ მოეთხოვება. თვით სახსნილო საკვების მიმართაც უნდა გამოიჩინოს ზომიერება, მოთმინება. აქაოდა, მოძღვარმა მაკურთხაო, არ უნდა ჩავარდეს ნაყროვანებაში, გემოთმოყვარეობაში. პირობითად რომ ვთქვათ, ჭამოს ყველი, მაგრამ არა ხაჭაპური, ხორცი, მაგრამ არა ხინკალი.
წმინდა ფილარეტ გროზდოვს მოხუცმა ქალმა უთხრა: - მამაო, მარხვას ვერ დავიცავ, რაზე მაკურთხებთ, რა შეიძლება ვჭამოო. მეუფემ უპასუხა: - ჭამე ყველაფერი, ადამიანის ხორცის გარდა. ადამიანს ნუ შეჭამო. ადამიანის შეჭმაში, თავადაც ხვდებით, რაც იგულისხმება.
- იმისათვის, რომ ღვთივსათნოდ იცხოვროს, ქრისტიანს, არამარტო მარხვის დროს, ბევრ ყოფით სიამოვნებაზე უხდება უარის თქმა. ბევრისთვის ეს გაუგებარია. რატომ ვიკლებთ მორწმუნეები ამქვეყნიურ სიამეებს?
- იმიტომ, რომ მიწიერი და ზეციური სიამოვნება ერთად არ არსებობს. თუ გწამს ღმერთი, გჯერა, რომ უკვდავი ხარ, გჯერა საუკუნო ცხოვრების, იცი, რომ რაღაც უნდა დაითმინო, რათა მიიღო სასუფეველი. ორი სასუფეველი არ არსებობს. თუ გინდა მიწიერი სამოთხე, შენი ნებაა, მაგრამ უნდა გახსოვდეს, ასე ზეციურს ვერ მოიპოვებ. ბედნიერია კაცი, რომელიც არ ცვლის მიწიერ სასუფეველს ზეციურზე. ამიტომაც ვებრძვით ვნებებს და უარს ვეუბნებით ცოდვებს. სამწუხაროა, რომ ასე ყოველთვის არ ვიქცევით და ჩვენსა და ბოროტს შორის ბრძოლაში გამარჯვებული მაინც ბოროტი გამოდის...
- ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მოსათმენი ცოდვა განკითხვაა. ეს არის ვნება, რომელიც განსაკუთრებით ებრძვის ეკლესიურ ადამიანებსაც კი...
- არათუ ეკლესიურ ადამიანებს, არამედ სასულიერო პირებსაც. თან განკითხვა ყველაზე მეტად მაშინ მოგვინდება, როცა ტაძარში ვართ.
- რატომ ხდება ასე და როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ვნებას. როგორ უნდა ვისწავლოთ მოთმინება, რომ არ განვიკითხოთ მოყვასი?
- მე ჩემს სულიერ შვილებს ხშირად ვეუბნები - მოდით, ვისწავლოთ ერთი ლოცვა, კერძო ლოცვა ჩვენი სიტყვებით, როცა შემოხვალ ეკლესიაში, ღმერთს შეევედრე - უფალო, მომეცი სიბრმავე, რათა არავის ვხედავდე, გხედავდე მარტო შენ, სიყრუე - რათა არავის ვუსმენდე, გისმენდე მხოლოდ შენ, სიმუნჯე, რათა არავის ველაპარაკო, გელაპარაკო მხოლოდ შენ. ვეცადოთ, ასე ვიცხოვროთ. ისევ ვიმეორებ ეფრემ ასურის სიტყვებს: "უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". საკუთარი იმდენი ცოდვა გვაქვს, რომ ჩამოვთვალოთ, დღეები არ გვეყოფა. საკუთარ ვნებებზე ვიფიქროთ და მეეჭვება, ასეთ დროს სხვის მანკიერებებს დავუწყოთ ყურება.
- ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ძლევა მაინც გვიჭირს. რა ვქნათ, თუ ცოდვას ვერ ვითმენთ? ზოგი გამოსწორების იმედს კარგავს და ეკლესიიდან მიდის, ზოგიც ზედმეტი განცდით სასოწარკვეთილებას ეძლევა. როგორ მოვიქცეთ, თუ ასე გვიჭირს მოთმინება?
- მივმართოთ ფსალმუნს, განსაკუთრებით 50-ეს. მორწმუნემ რწმენა იმის გამო არ უნდა დაკარგოს, რომ რაღაც უჭირს, რაღაც არ გამოსდის. მთავარია სწამდეს, რომ რასაც ანიჭებს ღმერთი, განსაცდელი იქნება ეს თუ სიხარული, საცხოვნებლად საჭირო და აუცილებელია. ღმერთი არ მოგვცემს იმაზე დიდ ტვირთს, რისი ზიდვაც არ შეგვიძლია. ვერ ითმენ? ეცადე, ეცადე სიცოცხლის ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. როცა ღმერთი დაინახავს შენს დაუღალავ შრომას, აუცილებლად დაგიფასებს, თუ ამ ცხოვრებაში არა, იმ ცხოვრებაში მაინც. ერთი პატერიკი გამახსენდა. კაცი ღმერთს ყვედრიდა - უფალო, ჩემს გარდა ყველას მსუბუქი ჯვარი აქვს, რატომ მომანიჭე ასე მძიმე ჯვარიო. დაეძინა. ხედავს, უფალმა უზარმაზარ, ჯვრებით სავსე ოთახში შეიყვანა და უთხრა, სასურველი ამოირჩიეო. მოეწონა ერთი, მივიდა, მოკიდა ხელი, ვერ აიღო. ვერც მეორე დაძრა. ასე მოსინჯა თითქმის ყველა მათგანი. ბოლოს კუთხეში პატარა ჯვარი დაინახა, მისკენ გაიქცა, აიღო, გაუხარდა და ღმერთს სთხოვა - ეს მომეციო. უფალმა უპასუხა, - კი ბატონო, მაგრამ სანამ წაიღებ, გადმოატრიალეო. გადმოატრიალა - ზედ მისი სახელი ეწერა. ეს იყო სწორედ მისი ჯვარი, რომელიც ასე მძიმე ეჩვენებოდა.
- ალბათ მაშინ, როცა გვიჭირს რაიმეს დათმენა, სულიერ მოძღვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რამდენად აქვს მას უფლება, აგვიკრძალოს ესა თუ ის ქმედება?
- უფლება აქვს, მაგრამ რაღაც ეტაპამდე. თუ სულიერმა შვილმა არ შეისმინა, იქ მღვდელი ვერას გახდება. ბევრი ალბათ ჩვენც, სასულიერო პირებსაც გვეშლება. ოღონდ მრევლს არ ვაწყენინოთ და ზოგჯერ ცოდვებზეც კი თვალს ვხუჭავთ. სულიერი შვილი მეუბნება, - მამაო, მართალია მარხვაა, თავშეკავება მმართებს, მაგრამ ისეთი კონცერტია, რომ არ წავიდე, არ შეიძლებაო. ჩავიქნევ ხელს - კარგი, წადი-მეთქი. მაგრამ რას ნიშნავს ეს "კარგი"? ეს ჩვენი სისუსტეა. ჩემს მოძღვარს (მამა იოანე კრესტიანკინს) როცა რაიმეს ვთხოვდი, თუ შემატყობდა, რომ თვალები სხვანაირად მიელავდა, თუ დაინახავდა, რომ ჩემში იღვიძებდა საერო ცხოვრების ნატვრა, სწორედ იმაზე მეუბნებოდა უარს. ოღონდ ასეთ დროს მორწმუნემაც უნდა იხმაროს გონიერება და მოძღვარი რამეს რომ დაუშლის, აღარ გააკეთოს. ერთხელ შევესწარი მამა იოანესა და მისი სულიერი შვილის, ასევე სასულიერო პირის საუბარს. მოძღვარს სთხოვა, რაღაცას გავაკეთებო. მოძღვარმა უარი უთხრა. ცოტა ხნის მერე ისევ გაუმეორა. მამა იოანემ უთხრა, - ასეთ შემთხვევაში წმინდა მამები გვირჩევენ, სხვანაირად ვიმოქმედოთო. ბოლოს, წასვლისას, კიდევ სთხოვა. მამა იოანემ უპასუხა, - რაც გინდა, ის ქენიო. ეს არის არა კურთხევა, არამედ კურთხევის გამოტყუება. მერე ვკითხე მამაოს, რატომ უპასუხე ერთსა და იმავე კითხვაზე სხვადასხვანაირად-მეთქი და - თავად სახარება გვასწავლის, ჯერ მარტოს ვუთხრათ, მერე ვინმეს თანდასწრებით, მაგრამ საბოლოოდ თუ ის ჩვენს შეგონებას არ ისმენს, თავი დავანებოთ. ასე რომ, მაქსიმალურად მორჩილნი უნდა ვიყოთ. მორჩილება კი მოთმინებას მოგვანიჭებს.
მოთმინება იმიტომაც არის უდიდესი სათნოება, რომ მრავალ ცოდვას შველის. ერთხელ მოვიდა ქალი, რომელიც უდიდეს ცოდვაში იყო - აბორტი ჰქონდა განაკეთები. ეს მართლაც უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ გვჯერა, რომ უზომოდ მოწყალე უფალი მონანულს შეუნდობს. ჰოდა, ამ ქალს ვუთხარი, - შვილო, მე ჯერ სასჯელს არ დაგადებ, მაგრამ გირჩევ, ოთხშაბათსა და პარასკევს საკვები საერთოდ არ მიიღო. იცოდე, ამას იმისათვის აკეთებ, რომ ღმერთმა მოგიტევოს, დაინახოს, რომ გაწუხებს შენი საქციელი და ცდილობ, რაღაც დაითმინო, რაღაცაზე უარი თქვა მისი გულისათვის-მეთქი. გავიდა ხანი. ეს ქალი მოვიდა გახარებული - მამაო, ისეთი ბედნიერი ვარ, ვგრძნობ, უფალი იწირავს ჩემს ვედრებასო. შემდეგ ამ ქალს გაუჭირდა კანონის აღსრულება, მაგრამ გაუძლო. აი, ასე მიდის ადამიანი ღმერთამდე.
- ძალიან რთულია წყენის დათმენა. როგორ მოვიქცეთ, როცა მოყვასთან უთანხმოება გვაქვს?
- იმ წუთში აუცილებლად უნდა გაჩუმდე, მოითმინო. თუ ეს პიროვნება გონიერია, დაფიქრდება, მიხვდება თავის დანაშაულს, მოვა და შეიძლება სიამაყის გამო ბოდიში ვერ მოიხადოს, მაგრამ საქმით გაგრძნობინოს, რომ ნანობს და თავისი საქციელით გთხოვს შენდობას.
რწმენისა და მოთმინების სიმაღლე ისაა, როდესაც გაფიცხებულ ადამიანს უთმენ, თორემ ცეცხლს თუ ნავთი დაასხი, რით განსხვავდები მისგან? უნდა მოითმინო, უფრო სწორად, უნდა მოითმინოს იმან, ვინც თავის თავს მორწმუნეს უწოდებს.
ასეთ დროს მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავინახოთ ჩვენი დანაშაული. რაღაცაში ხომ აუცილებლად ვიქნებით მტყუანი. რაღაც შეცდომა აუცილებლად გვექნება დაშვებული. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თავი დამნაშავედ მივიჩნიოთ. ჩხუბის დროს უნდა შევძლოთ დათმენა. განა ვინმეს რამეს მოუტანს ასეთ დროს კამათი? მერე კი, როცა დაწყნარდებით, თავად ღმერთი მოგცემს იმ "საცერს", რომელშიც გაცრი მომხდარს და სწორ დასკვნას გააკეთებ.
უწმინდესმა ეფრემმა მკითხა ერთხელ, - თუ იცი, ადამიანს რატომ აქვს ორი ყურიო. ალბათ ერთი ყური რომ ჰქონდეს, ლამაზი არ იქნება-მეთქი. არაო. ხან რა მოვიფიქრე, ხან რა, ბოლოს თვითონ მითხრა - ერთ ყურს ჰქვია "ისმინეო", მეორეს - "ისხლიტეო", მათ შორის გონება კი - საცერი, ფილტრი არისო. გონებაში მხოლოდ სიკეთის ინფორმაცია უნდა დააგროვო. თავი ათასი სისულელით არ უნდა გამოიჭედო და მაშინ იქნები დადუღებული, დამშვიდებული. მშვიდად აღიქვამ მოკამათის საუბარს, მაგრამ თუ აფეთქდი, განრისხდი, შეიძლება ის ადამიანი არც ცდილობდა შენთან ასე მოქცევას და შენი ქცევით მიიყვანე ამ ზომამდე. კიდევ ვიმეორებ, უნდა ვეცადოთ, ალის დაცხრომის მერე მივიდეთ, დაველაპარაკოთ ამ ადამიანს მშვიდად: ალბათ გაგაბრაზე, ჩემი ბრალია, ასეთ დღეში რომ ჩავარდი. მოდი, შევრიგდეთ. ზოგი რამ მე გავაფუჭე, ზოგი - შენ. გამონვახოთ საერთო ენა, ჩვენ ხომ ძმები, დები ვართ, ღვთის შვილები ვართ-თქო. როგორ შეიძლება გვერქვას მორწმუნეები, როცა ღმერთს შეურაცხვყოფთ?! უფალმა ადამიანს თავისი მსგავსი და ხატი უწოდა. ამიტომაც ჩვენ ერთმანეთის წყენინებით უფალს შევცოდეთ.
- მარტო გაჩუმებაც ალბათ არ ნიშნავს დათმენას...
- რა თქმა უნდა. სიმშვიდე არ უნდა დაკარგო, ეცადო, გააღვიძო მოყვასში ადამიანური გრძნობები, არ გაბრაზდე, არ გაბოროტდე და შენი ბოღმა სხვაზე არ გადმოაფრქვიო. უნდა ეცადო, გამოსწორდე შენც და ისიც გამოასწორო. მაცხოვარმა თავისი მოწაფეები ქრისტიანებთან კი არა, წარმართებთან გაუშვა, რადგან მათ სჭირდებოდათ ქრისტიანობის სწავლა. ყოველი ქრისტიანი თავისი საქციელით ქადაგებს. რა ქრისტიანი ხარ, თუ მოყვასს არ უშველი, გულში ბოღმა თუ ჩაიდე, ერთხელ თუ გაჩუმდი, მაგრამ მერე უარესი ჩაიდინე? განა ეს დაგვიბარა მაცხოვარმა? არა. მან თქვა, ერთმანეთი რომ გეყვარებათ, ამით უნდა გიცნონ სხვებმა, ამით უნდა მიხვდნენ, ჩემი მოწაფეები რომ ხართო. სიყვარული არის ნამდვილი ქრისტიანისთვის დამახასიათებელი თვისება.
- ე.ი. მოთმინებით შეიძლება ადამიანი მოაქციო კიდეც?
- დიახ. მე მყავდა სულიერი დედა, დიდსქემმონაზონი ტატიანა უროტაძე, რომელსაც მოსახსენებელში პირველ რიგში ეწერა მამის მკვლელი. განა ეს მოთმინება არ არის?! ეს ქალი იყო იღუმენია ანას მორჩილი. იღუმენია იყო მოთმინების განსახიერება, დედა ტატიანა კი ფიცხი. ხანდახან ვეკითხებოდი - შენ ხარ იღუმენია თუ დედა ანა-მეთქი. დედა ანა მოთმინებით იტანდა მორჩილის ასეთ ხასიათს. განა არ შეეძლო, სხვა მორჩილი ჰყოლოდა? იცოდა, რომ ასე უნდა დაიმსახუროს ადამიანმა სასუფეველი. იმდენი ქნა თავისი სითბოთი, მოთმინებით, დედობრივი მზრუნევლობით, რომ ტატიანა დიდსქემმონაზონი გახადა. ასეა, მომთმენი აცხოვნებს თავსაც და სხვებსაც.
- განსაკუთრებით რთული ცილისწამების მოთმენაა...
- მართალი ბრძანდებით. აქ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ერთი ასეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაშიც იყო. ბათუმში ვიყავი მღვდლად. 26 წლის გახლდით. დამაბრალეს მეძავთან მრუშული კავშირი. იმ ქალის 5 წლის შვილიც თითქოს ჩემი იყო. ავდუღდი, განვრისხდი. როგორია, მღვდელს ასეთ რამეს რომ გაბრალებენ! ჩამოვედი თბილისში, უწმინდესთან. მოვუყევი ყველაფერი. ისიც ვუთხარი, დამბრალებელს ან ვცემ, ან საშინლად გავუბრაზდები-მეთქი. პატრიარქმა კი მკაცრად გამაფრთხილა, - ხმა არ ამოიღოო. წავედი ბათუმში. ეს ამბავი უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა. ვერ მოვითმინე. ისევ პატრიარქთან მივედი. მოკლედ, რამდენიმეჯერ შევაწუხე უწმინდესი. ბოლოს მითხრა, - დაელაპარაკე იმ ქალს, ვინც მოგიგონა, ოღონდ არც გალანძღო, არც გაუბრაზდეო.
მფარველად წმინდა ნიკოლოზს მივიჩნევ. ბათუმში სწორედ მისი სახელობის ტაძარში ვმსახურობდი. მისი იმედი მქონდა, ვევედრებოდი, დახმარებას ვთხოვდი. ერთხელ, დღესასწაულზე, ტაძარი ხალხით იყო სავსე. ჯვარზე მთხვევის დროს დავინახე, ჩემი ცილისმწამებელიც სამთხვევად მოდიოდა. რომ მომიახლოვდა, ვუთხარი, შენზე ნაწყენი ვარ-მეთქი. შეცბა. შევატყვე, მზად იყო, ეჩხუბა. გარშემომყოფებმა ყურები ცქვიტეს. მახსოვდა პატრიარქის სიტყვები - მაქსიმალურად ფრთხილად იყავიო. მით უმეტეს, კომუნისტების დრო იყო და ერთ ხმამაღალ სიტყვაზე ციხეში ამოგაყოფინებდნენ თავს. მოკლედ, არ ვიცი, როგორ, მაგრამ ძალიან სერიოზული სახით იმ ქალს ვუთხარი - რატომ თქვი, რომ იმ ქალისგან შვილი მყავს? ტყუილია, მე ხუთი შვილი მყავს და ხუთივე სხვადასხვა ქალისგან-მეთქი. დღემდე არ ვიცი, ეს სიტყვები საიდან მომივიდა, როგორ ვუთხარი - თუ არა ღვთის სასწაული. გაშრა. ხმა ვერ ამოიღო. ყველა მიხვდა, რაც ხდებოდა. მაგრამ ეს ღვთის მადლით იყო. ეს სიბრძნე უნდა ვეძიოთ მთელი სიცოცხლის მანძილზე და ამ სიბრძნის მომცემი არის მხოლოდ უფალი. აი, რამდენად გვაკაჟებს, გვაძლიერებს რწმენა და გვაძლევს მოთმინებას.
- მაგრამ ასე მოქცევას ყველა ვერ შეძლებს...
- აკი გითხარით, ეს ჩემს დიდ სულიერებაზე კი არა, ღვთის მადლზე მეტყველებს-მეთქი. ყველგან ერთნაირად, ცხადია, ვერ მოიქცევი. ასეთ დროს მოძღვრის, გამოცდილი ადამიანის რჩევებს უნდა მისდიო და, რაც მთავარია, უფალს სთხოვო დახმარება. ვინც წრფელი გულით ითხოვს, მას ღმერთი ყოველთვის შეეწევა. რწმენა მიანიჭებს მოთმინებას.
- ხშირად რთულია განსაცდელების დათმენაც. ზოგი სასოწარკვეთილებას ეძლევა. როგორ უნდა დავითმინოთ განსაცდელები?
- განსაცდელი თუ გევლინება, ე.ი. უყვარხარ ღმერთს. არ შეიძლება, ცოდვილი განსაცდელების გარეშე ცხოვრობდეს. განსაცდელები ჰქონდა ყველას, ვინც შევიდა სასუფეველში. ეს არის საშუალება, ისწავლო მოთმინება და სხვა მრავალი სათნოება. დღეს ეკლესიაში უმეტესად გაჭირვებული ხალხი დადის, მაგრამ იმხელა რწმენა აქვთ, რომ ითმენენ. ერთი რუსი მორჩილი მყავდა. ერთხელ მითხრა, - მამაო ანტონ, შეიძლება, ზეთიანი საკვები მხოლოდ შაბათ-კვირას მივიღოო? გამიკვირდა - რატომ-მეთქი. მთელი კვირა რომ ვჭამო, კანდელისთვის აღარ მეყოფაო. გამაოცა ამ პასუხმა. განსაცდელები ჰქონდა მრავალტანჯულ იობს, მაგრამ ერთი საყვედური არ წამოსცდენია. სულ ამბობდა, რაც მაქვს, იმის ღირსი ვარო. ერთი ამბავი გამახსენდა. პროტოდიაკონი იყო, ამბროსი ახობაძე, რომელიც უწმინდეს ეფრემთან ერთად დააპატიმრეს. უწმინდესს 10 წელი მიუსაჯეს, მამა ამბროსის კი დახვრეტა. არ ეკუთვნოდა, მაგრამ ასე დასაშინებლად მოიქცნენ. როცა გამოიძახეს და ღვთის უარყოფა მოსთხოვეს, სამი სიტყვა თქვა, - ღმერთი, სამშობლო, დედა. ამის გამო მხარზე გახურებული რკინა დაადეს, ხელი დაუწვეს და ფეხი მოსტეხეს. ეპილეფსია დაემართა. ამიტომაც ვერ გახდა მღვდელი და დიაკვნად დარჩა. მოთმინების საოცარი ნიჭი ჰქონდა. ყვედრების, გმობის სიტყვა არასდროს არ წამოსცდებოდა. როცა ვეკითხებოდით, როგორ ხართო, მე რომ მინდა, ისე არ ვარ, ეშმაკს რომ უნდა, არც ისე, ღმერთს რომ უნდა, ისე ვარო. ამ სიტყვებს ჩვენც ვიმეორებდით. ერთხელ თვითონ მკითხა, როგორ ხარო. დაუფიქრებლად მივუგე, - იმაზე კარგად, ვიდრე ვიმსახურებ-მეთქი. მას მერე უკვე ასე ვპასუხობდით. ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს კმაყოფილი იმით, რაც აქვს. ასე მოიპოვებს თავმდაბლობასაც. მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ ამ სათნოებიდან, მაგრამ ეს არის მცდელობა, მოვიპოვო ის.
- განსაცდელები შეიძლება სხვადასხვა სახით მოევლინოს ადამიანს, ყველაზე ხშირად - სნეულების სახით...
- სნეულება განსაცდელი კი არა, ბედნიერებაა მორწმუნისათვის. ამ დროს ადამიანი, უნდა თუ არა, თავისთავად ფიქრობს, რომ სიკვდილი უახლოვდება, რომ ღვთის წინაშე წარდგება. ფიქრობ იმაზე, თუ რატომ მოგევლინა ავადმყოფობა. ნელ-ნელა გახსენდება წარსული ცოდვები და იწყება სინანული. როცა გახსოვს უფალი, რომ მისი ნებით ხდება ყველაფერი, პრობლემებიც უფრო ადვილად გვარდება.
- ზოგჯერ ოჯახის წევრი ავადდება. ამას ვერ უძლებენ, უჭირთ ავადმყოფის მოვლა, მით უმეტეს, რომ ზოგს ფსიქიკურადაც ერყევა ჯანმრთელობა. ამიტომაც თავშესაფარში მიჰყავთ ხოლმე...
- ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, შვილმა ცოცხალ მშობლებზე უარი როგორ უნდა თქვას! მესმის, რომ ზოგს მძიმე ხასიათი აქვს, მაგრამ გაქვს კი უფლება, არ მოუთმინო, არ მოუარო? დედის ცრემლი შვილს აუცილებლად დაუბრუნდება. ერთი იაპონური თქმულებაა - კაცმა ცოლის გამო მშობელზე უარი თქვა. ჩასვა მამა გოდორში, მთაზე აიტანა და დატოვა. უკან რომ ბრუნდებოდა, მამამ დაუძახა, - შვილო, მე ამომსვი და ისე დამტოვე, ეს გოდორი კი შენს შვილებს წაუღე, შენს ამოსაყვანად გამოადგებათო. ეს უნდა ახსოვდეს ყოველ ადამიანს და არ გაუკეთოს მშობლებს ის, რაც არ სურს, რომ მისმა შვილებმა გაუკეთონ.
- არის შემთხვევები, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ ეწყობა, ვერ უთმენს. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს?
- არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიძულონ ერთმანეთი, უნდა ილოცონ ერთმანეთისთვის, მაგრამ კავშირი გაწყვიტონ, რადგან ასეთ ურთიერთობას ცუდის მეტი არაფერი მოაქვს.
- თუ ოჯახის წევრია, მეუღლეა?
- ასეთ დროს უნდა მოუთმინო, დაუთმო. ეს ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ რაკი უფალმა ასე ინება, უნდა დაითმინო. ერთი სულიერი შვილი მყავს, ძალიან მორწმუნეა, მაგრამ ცოლი ჰყავს ურწმუნო. ერთხელ ამის გამო ჩემი გულისტკივილი მასაც გავუზიარე. მან კი ისეთი რამ მითხრა, შემარცხვინა - მამაო, განა შენ თვითონ არ მასწავლიდი, რომ მორწმუნე ქმარმა შეიძლება თავისი ქცევით აცხოვნოს ურწმუნო ცოლიო. ეს ჭეშმარიტებაა და ყველას ვუსურვებ, დაეთმინოთ ეს ჯვარი.
- ზოგჯერ უფალი სურვილს არ გვისრულებს.
- მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ... ერთ შემთხვევას მოგიყვებით. ჩემი სულიერი ძმა, არქიმანდრიტი ტიხონი, რომელიც ფსკოვ-პეჩორის მონასტერშია, ერისკაცობაში კინორეჟისორი იყო, საკმაოდ პერსპექტიულიც. მშობლები პროფესორები ჰყავდა. მოკლედ, ასეთი წარმოსადეგი, განათლებული ჭაბუკი მოვიდა მამა იოანესთან და უთხრა, - ბერობა მინდაო. მამა იოანემ უარი უთხრა - ჯერ არ ხარ საბეროდ მზადო. ტიხონი უკან არ იხევდა - სანამ არ მომცემ თანხმობას, მანამ არ გავალ ამ ოთახიდანო. ბოლოს მამა იოანემ წინამძღვარს სთხოვა, მორჩილად მიეღოთ და ყველაზე რთული სამუშაო დაეკისრებინათ მისთვის. ასეც მოიქცნენ. მონასტერი დაბლობზეა აგებული, მის ზემოთ, გარშემო ქალაქია. ტიხონს მონასტრის მოედნის თოვლისგან გაწმენდა უბრძანეს. არადა ისეთი ადგილია, რომ მთელი ქალაქის თოვლი ქარის დროს იქ იკრიბება. ერთ ბოლოში რომ გავიდოდა, მეორე უკვე თოვლით იყო სავსე. ასეთ გაჭირვებულ, შეუწყვეტელ შრომაში გაატარა მთელი ზამთარი. მამა იოანეს უთხრეს, - ყველაფერს კარგად აკეთებსო. მაშინ უბრძანა, ბოსელში გაეშვათ. ღამეებს იქ ატარებდა, 32 ძროხასთან. ბოლოს ავსებია მოთმინების ფიალა - პროფესორების შვილი, ასეთი მომავლის მქონე ხელოვანი ამ ბოსელში რას ვაკეთებო. მოკლედ, ისე გამწარებულა, ცოტაც და მონაზვნობაზე უარს იტყოდა. ამ ფიქრში იყო, რომ ძროხას რაღაც გაუფუჭებია, განრისხებული მივარდნია საქონელს და ის იყო, ნიჩაბი უნდა ჩაერტყა მისთვის, რომ ცხოველს კუდი მოუქნევია და ტიხონს სახეში მოხვედრია. დაუგდია ნიჩაბი, გაქცეულა, შევარდნილა მამა იოანეს სენაკში, გაუღვიძებია და უთქვამს, - აქედან არსად არ წავალ, ბერი უნდა ვიყოო. აი, რა შეუძლია მოთმინებას. უკანასკნელ წამამდე ტანჯავდა ეშმაკი, მაგრამ მოთმინებამ და ღვთის სიყვარულმა რა გააკეთებინა!
უფალი ამბობს, აკაკუნეთ მანამ, სანამ კარს არ გაგიღებენო. ითხოვდეთ და მოგეცეთ, ეძიებდეთ და ჰპოვოთო.
- მოგვეთხოვება თუ არა მოთმინება მაშინ, როცა ვინმე ღმერთს, ეკლესიას შეურაცხყოფს?
- არ მოგვეთხოვება, რომ ღვთის შეურაცხყოფას გავუჩუმდეთ. უნდა დაიცვა ზღვარი, რომ არც გაჩუმდე და მორჩილად თავი დაუხარო და არც ზედმეტ შფოთს არ მიეცე. უნდა იცოდე, რომ ძალადობა არასოდეს არ არის გამართლებული. არ შეიძლება, ქრისტიანმა ჯვრით ხელში კაცი გალახო. თუმცა არც ის იქნება სწორი, უფლის შეურაცხყოფა მოითმინო. განა ქრისტემ თავად არ გამოყარა ეკლესიიდან ვაჭრები, რომლებიც ტაძარს შეურაცხყოფდნენ? ერთხელ მოსალოცად ვიყავი პოჩაევში. წამოსვლისას ავტობუსს შეაგვიანდა. მოლარესთან მინდოდა მისვლა, - ადრე ბილეთი ურიგოდ მომცეს და ამით გათამამებული ისევ იმ შესასვლელს მივადექი. დამხვდა ვინმე მაქსიმე, რომელიც თურმე ათეისტების ჯგუფის ხელმძღვანელი ყოფილა და 50-ზე მეტი ბერი ჰყავდა ციხეში ჩასმული. დამინახა თუ არა, კარი მომიხურა. გავბრაზდი და მთელი ძალით გამოვაღე. თურმე სახელურს ყოფილა ჩაჭიდებული და კარებს გამოჰყვა. განრისხდა, შემაფურთხა. ფაქტობრივად, ეს მე კი არა, ჯვარს გაუკეთა ავი. ისე განვრისხდი, დავარტყი. ციხეში ჩამსვეს. ვფიქრობ, არასწორად მოვიქეცი. როგორ შეიძლება, ჯვრით ხელში ვინმეს სცემო? ქრისტე უნდა დაიცვა, ეშაფოტზეც რომ აგიყვანონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, შენ აიყვანო სხვები ეშაფოტზე.
- შეიძლება თუ არა, მოთმინებამ ამპარტავნებაში ჩაგვაგდოს?
- არასწორმა მოთმინებამ შეიძლება ამპარტავნებაშიც ჩაგვაგდოს. შეიძლება მოთმინების გამო ვინმემ შეგაქოს. ქება კი საშინელებაა. ერთი მოძღვარი ამბობდა, როცა გაქებენ, ან შენთვის ცუდის გაკეთება უნდათ, ან უკვე გაგიკეთესო. ქება დამღუპველია ქრისტიანისათვის. რისთვის გაქებენ, რამე რომ მოითმინე? კარგი რომ ხარ? ვინ მოგცა უფლება, ცუდი იყო. ეს დამსახურება კი არა, მოვალეობაა. როგორც მუშას არავინ შეაქებს იმისათვის, რომ მუშაობს, ისე არავინ უნდა შეგვაქოს, თუ წესისამებრ ვიქცევით. ჩვენც ვიფიქროთ, მონანი ვართ უხმარნი და რაი-იგი თანაგვედვა, აღვასრულეთო.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე