კლიმენტი ალექსანდრიელის რჩევით, ღვინო ყველამ უნდა განაზავოს წყლით, და არ სვას წყალივით. კლიმენტი ალექსანდრიელი მკაცრად გმობს მემთვრალეობის ვნებას, თუმცა ეს სენი იმდროინდელ ქრისტიანებში იშვიათობა იყო. ამასთან, გვირჩევს, ერთდროულად არ მივიღოთ სხვადასხვა სახის ღვინო და სასმელი. საერთოდ კი, მისი თქმით, უცხო ქვეყნის ღვინის სმა სასურველი არ არის. "აუცილებელია, ღვინის სმის დროს სათანადო წესი დაიცვათ, - წერს კლიმენტი ალექსანდრიელი, - გაშმაგებით კი არ დაეწაფოთ, არამედ მშვიდად სვით. სმის დროს არ უნდა დაგესვაროთ ტანსაცმელი და წვერი, რაც მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ერთი ამოსუნთქვით ცლით ღვინით სავსე თასს... სმის დროს თასით მთელ სახეს ნუ დაიფარავთ. ქალებმა არ უნდა სვან ვირწოყელიანი თასიდან, რადგან ამ დროს ისინი თავს ურცხვად სწევენ და აშიშვლებენ ყელს, რაც მიუღებელია ქრისტიანისთვის".
კლიმენტი მრავალ რჩევას იძლევა იმის თაობაზეც, თუ როგორ უნდა გვეჭიროს ნადიმზე თავი ღირსეულად. იგი მიიჩნევს, რომ ქრისტიანული ოჯახისთვის შეუფერებელია ხმაურიანი მუსიკა, ცეკვა, "საძაგელი სანახაობა, გარყვნილება". თეატრი, მისი წარმოდგენით, ნადიმია, სადაც შეკრებილნი მოურიდებლად იქცევიან, ფლეიტაზე, წინწილაზე, ბობღანსა და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ, ცეკვავენ და ამგვარად ერთობიან. დასაშვებია მხოლოდ მოწიწებული და უმწიკვლო მელოდიების დაკვრა და მოსმენა, მაგრამ ყოველნაირად უნდა ვერიდოთ გაცვეთილ, არაწმინდა, გონების მომადუნებელ, სიმშვიდის და გრძნობათა მყუდროების დამრღვევ ხელოვნებას. ვისაც ქნარზე დაკვრა და სიმღერა შეუძლია, ამის გამო საყვედურს არ იმსახურებს. ამას დავით მეფსალმუნეც აკეთებდა - ღმერთს მადლობდა. მაგრამ თუ გვინდა, ღირსეულად გამოვიყენოთ სიმღერისა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ნიჭი, სასიყვარულო სიმღერები კი არ უნდა შევასრულოთ, არამედ უფალს, სამყაროს შემოქმედს აღვუვლინოთ დიდება, მადლიერება ჩვენდამი გულუხვობისთვის.
კლიმენტის სურს, გართობა, რომელიც წარმართთა ნადიმს ახასიათებს, საერთოდ განდევნილ იქნეს ქრისტიანთა შეკრებებიდან. მისი აზრით, მხიარულება საზღვრებში უნდა მიექცეს, განზე დარჩეს ყოველგვარი მოურიდებლობა, სამარცხვინო არაფერი ვთქვათ და მოვისმინოთ, ხოლო მანკიერებანი არც კი ვახსენოთ. ნადიმზე არ უნდა დავცინოთ სხვებს - სწორედ აქედან იბადება შეურაცხყოფა, რაც კამათს, მტრობასა და უსიამოვნებებს უდებს სათავეს.
"სიყვარულისთვის და სიყვარულით იკრიბებიან ნადიმზე და რა საჭიროა, შეკრების მიზეზის საპირისპიროდ, დაცინვით მტრობა გამოიწვიო?" - წერს იგი.
კლიმენტი ახალგაზრდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ახალგაზრდები, მისი აზრით, საერთოდ არ უნდა დადიოდნენ ნადიმებზე, ვინაიდან მათში სარწმუნოება მყარი არ არის, იქ კი ბევრ ისეთ რამეს ნახავენ და მოისმენენ, რამაც შეიძლება ზიანი მოუტანოთ, ვნებები აღუძრათ. გათხოვილ ქალბატონებსა და გოგონებზე კი აი რას ამბობს: "გათხოვილი ქალები, როცა ნადიმზე გამოჩნდებიან, მხოლოდ მოკრძალებული ჩაცმულობით კი არ უნდა გამოირჩეოდნენ, შინაგანი კდემამოსილებითაც უნდა იყვნენ შემკულნი, ხოლო მამაკაცების ნადიმზე საერთოდ არ უნდა ცხადდებოდნენ".
ქრისტიანებისთვის წარმართთა წვეულებებზე დასწრება ნებადართული არ გახლდათ. თუნდაც იმიტომ, რომ მათთვის უხერხული იყო ლოცვისა და გალობის წარმოთქმა საზრდელის მიღების წინ და შემდეგ. საზოგადოდ კი, წარმართებთან ერთად რელიგიურ-წარმართულ ნადიმზე ყოფნას ქრისტიანები ცოდვად მიიჩნევდნენ. ესპანელ ეპისკოპოს მარციალუსს (დაახლ. 250 წ.) დიდ დანაშაულად ჩაუთვალეს სტუმრობა "წარმართთა სამარცხვინო და ბილწ წვეულებებზე", რისთვისაც კათედრაც კი ჩამოართვეს. ტერტულიანეს ცნობით, ქრისტიანები ერიდებოდნენ საზოგადოებრივ თავყრილობებს, იმპერატორის პატივსაცემად რომ იმართებოდა. წარმართები ამაში პოლიტიკურ დანაშაულს ხედავდნენ, თავად ტერტულიანე კი ირონიულად აღნიშნავდა: "ერთობ მტკიცე საბუთია ერთგული ქვეშევრდომობისა: ჩირაღდნების ანთება და ქუჩებში სარეცელთა დაგება (ძველად წამოწოლილები ნადიმობდნენ - ავტ.), უზარმაზარი ნადიმების გამართვა და მთელი ქალაქის სამიკიტნოდ ქცევა, ყველგან ღვინის ჩამოსხმა, ყოველგვარი თავხედობა და უწესობა. ნუთუ ხალხის სიხარული საერთო სირცხვილში უნდა ვლინდებოდეს?!"
დროთა განმავლობაში ქრისტიანებს წარმართულ ნადიმებზე დასწრებით ღირსების გრძნობა დაუჩლუნგდათ, რაც განსაკუთრებით საქორწინო წვეულებებში გამოვლინდა, ამიტომ ლაოდიკიის კრებამ (დაახლ. 370 წ.) დააკანონა: "თუ ქრისტიანი ქორწილში იმყოფება, კი არ უნდა იხტუნოს და იცეკვოს, არამედ მშვიდად მიირთვას საჭმელი, ხოლო მღვდელი და ეკლესიის მსახურნი არ უნდა უყურებდნენ არავითარ წარმოდგენას; როგორც კი მასხარები გამოჩნდებიან, მათ იქაურობა უნდა დატოვონ".
IV საუკუნეში, ალბათ, მკაცრად უკვე აღარ უყურებდნენ ქრისტიანთა ქორწილებში წარმართი მასხარებისა და მუსიკოსების მიწვევას, მათ ცქერას და მოსმენას ცოდვად აღარ აღიქვამდნენ და ასეთYსანახაობაში ქრისტიანების მონაწილეობაც კი აღარავის გააკვირვებდა. სწორედ ამ უწესობამ გამოიწვია VII მსოფლიო კრების მითითება: მიმიკური წარმოდგენებისა და სატანური სიმღერების დროს მრევლს ქორწილი უნდა დაეტოვებინა.
მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა