- ვუახლოვდებით დიდ მარხვას და ეკლესია იწყებს მორწმუნეთა სულების შემზადებას დიდი მარხვისათვის. ეს იწყება - მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან. როგორ უნდა გავიაზროთ მარხვა, როგორც ღმერთთან მიახლების საშუალება, როგორი მარხვა გვმართებს, როგორი გულით უნდა ვიმარხულოთ, რომ სათნოვეყოთ უფალს? როგორი განწყობით უნდა დავიწყოთ მარხვა? ამ კითხვებზე პასუხს ვიგებთ დღევანდელი წაკითხული სახარების საკითხავიდან უფლის იგავით, მეზვერესა და ფარისეველზე...
გადავხედოთ კიდევ ერთხელ, "ორი კაცი აღვიდოდა ტაძრად" სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მეზვერე. შეგახსენებთ, იმ დროს ფარისეველნი ითვლებოდნენ მართალ ადამიანებად და გამოირჩეოდნენ იმით, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ხოლო მეზვერეები ანუ მებაჟეები იყვნენ გადასახადის ამკრეფები, რომელნიც ძირითადად დამპყრობელ რომაელებს ემსახურებოდნენ და ებრაელებს ისინი არ უყვარდათ. ფარისეველი დადგა და ასე ლოცულობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან სხვა კაცთა მსგავსად არა ვარ მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭო.
ერთი შეხედვით, რა კარგად იწყებს ლოცვას ფარისეველი მადლობით, თითქოს მოწიწებაც ჩანს მის სიტყვებში და შემდეგ როგორ აგრძელებს; გმადლობო, უფალო, რომ არა ვარ სხვა კაცთა მსგავსად (ცოდვებს ჩამოთვლის) ცოდვილიო და იწყებს თავისი საქმეების, "სათნოებების" ჩამოთვლას...
როგორია ასეთი ადამიანის სულიერი მდგომარეობა ამ დროს?
თვითკმაყოფილი, დაჯერებული იმაში, რომ ის კარგია, რომ ბევრს სჯობია, იმასაც კი, რომელიც იქვე, მასთან ახლოს დგას ფიზიკურად, მერე რა, რომ ისიც სალოცავად დგას, ის ხომ "მეზვერეა"... ფარისეველი თითქოს საკუთარ თავსაც განიხილავს და საკუთარ სულშიც იხედება, რაც კარგია ასევე, მაგრამ როგორ განიხილავს, რას ხედავს თავის სულში? ეს არის საკითხავი... ისეთი კი არა ვარ, არამედ ორჯერ ვმარხულობ, მოწყალებას გავცემ, ვლოცულობო და ა.შ. შეგვიძლია ჩვენც გავარძელოთ ეს ნუსხა და დავამატოთ: სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია, პატივისცემის მეტი არაფერი მიქმნია... და ა.შ. მგონი, ნაცნობი ფრაზაა... დღესაც ბევრი ფიქრობს და ამბობს, როცა რაიმე განსაცდელი შეხვდება, რატომ დამემართა ეს, სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებიაო...
ასე იმიტომ ხდება, რომ თუ ადამიანს სიმდაბლე არა აქვს, ფუჭია მისი საქმეები; მოწყალება, ლოცვა, მარხვა, ფუჭია მისი ღვაწლი და სიყვარულიც კი, რადგან თუ ადამიანს სიმდაბლე არა აქვს, ამპარტავნება ყველაფერს დააკარგვინებს...
***
...სიმდაბლე არის ყველა სათნოებაზე მაღლა მდგომი სათნოება, ეს ის მწვერვალია, რომელსაც პირველად ღვთისმშობელი შესწვდა უცოდველი ცხოვრებით, და რომელიც ამ შემთხვევაში ცოდვილ მეზვერეს აღმოაჩნდა... იგი იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამასო... აი ეს არის ლოცვა, ნამდვილი, აღმომსკდარი გულიდან და სულიდან... და არა განცხადებასავით ნათქვამი... ეს ლოცვა წარმოშვა სინანულმა და სიმდაბლემ, ზეცა გახსნა ასეთმა ლოცვამ...
ზოგჯერ მორწმუნე ადამიანს ახასიათებს, ასე ვთქვათ, "პატარ-პატარა" გადაცდომები, აი მაგალითად: როცა მოისმენს იგავს სახარებიდან მეზვერესა და ფარისეველზე, თავის თავს წარმოიდგენს, როგორც მეზვერეს, ე.ი. კარგს; როცა მოისმენს იგავს მოწყალე სამარიტელზე, თავი მოწყალე ჰგონია, ან კიდევ, როცა მოისმენს ამბავს მაცხოვართან ჯვარცმულ ავაზაკთა შესახებ, თავი იმ ავაზაკად წარმოუდგენია, რომელმაც ღმერთი შეიცნო და სასუფეველში პირველი შევიდა... ასეთი მიდგომა სულიერებაში წინ ვერ წაგვწევს...
ამ იგავებმა მორწმუნე ადამიანს არ უნდა მისცეს სარწმუნოებაში და საეკლესიო წესების დაცვაში საბაბი სიზარმაცისა, არ უნდა აფიქრებინოს, რომ ახლა მეც მეზვერესავით ვერ ვიცავ ზუსტად წესებს, ცოდვებს ჩავდივარ, მაგრამ შემდეგ მეზვერესავით მეც შევინანებ და ვილოცებო, ჯერ შევცოდავ და მერე შევინანებ და მასავით გავმართლდებიო. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენი გულთა მხილავია, და თან წინასწარ არ ვიცით, ხვალინდელ დღეს ვიხილავთ თუ არა...
ჩვენ ახლავე გვმართებს სინანული, სიმდაბლე და კეთილი გულისხმისყოფა, უმჯობესია დღეს ჩვენ ჩვენს ფარისევლობას ვტიროდეთ, ჩვენს ამპარტავნებასა და უმოწყალობას ვტიროდეთ, იმაზე ვტიროდეთ, რომ წლები გავიდა და ვერ ვწვდებით ღვთივსათნო ცხოვრებას...
უმჯობესია, სინანულის ნაყოფი გამოვიღოთ, ვიდრე ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მართლები ვართ... ძალიან საშიში დრო დგება, რადგანაც ძნელი ხდება ადამიანების გარჩევა, დღეს შეიძლება მეზვერე, რომელიც ღმერთს სათნო ეყო, ფარისეველივით იდგეს, ხოლო ფარისეველი კი სახარებისეულ მეზვერეობას იჩემებდეს, ყველა ნიღაბს ირგებს და ყველა კეთილმსახურებას იჩემებს, დღეს თითქმის ყველაფრის აღრევა ხდება; რელიგიების, კულტურების, ერების, სქესებისაც კი... შფოთავს დემონი და აგონიაშია, რადგანაც ახლოვდება დღე მეორედ მოსვლისა დიდებით უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი...
და ამ ბოლო დროს, შემთხვევითი არ არის ისიც, რომ ზოგიერთნი, სასულიერო პირნიც კი, აღარ ესაუბრებიან თავიანთ მრევლს ბოლო ჟამზე... ცდილობენ ათასგვარი ტკბილი სიტყვებითა და ლიქნით ესაუბრონ მათ, შეალამაზონ საშინელი სამსჯავრო... ეს ძალიან სამწუხარო და დამაბრკოლებელია ბევრისთვის, რადგანაც ფიქრობენ, რომ აგვიანებს უფალი მოსვლას, დრო გვაქვს დროს ტარებისთვის, განლაღებისათვის, "მერე შევინანებთ"... და სინამდვილეში კი უკვე კართან დგას უფალი, ბოლო ჟამია და ვაი იმას, ვინც არ მოელის მას... "ჰე, მოვალ ადრე!" ამბობს უფალი იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსში... ჰე, მოხვიდოდე, უფალო ჩვენო, იესუ ქრისტე!!!
მაშასადამე, სიმდაბლით და სინანულით შემუსვრილი გულით უნდა ვილოცოთ, როგორც მეზვერემ, რომ წყალობა მოვიღოთ უფლისგან... და გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხსნა ჩვენს ხელთაცაა...
ბოლოს კი მაცხოვარი ასე ამთავრებს დღევანდელ იგავს: "გეტყუი თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თუისა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თუისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თუისი, იგი ამაღლდეს". ხედავთ, უფალი როგორ ამბობს აქაც - "გარდამოვიდა ესე განმართლებული... ვიდრე ფარისეველი იგიო", ე.ი. არ იგულისხმება აქ ის, რომ ფარისეველი იმ წუთსვე ჯოჯოხეთს მიეცა, აქვს ფარისეველს კიდევ იმის შანსი, რომ ჩასწვდეს ლოცვის შინაარსს, რომელიც სიმდაბლესა და სინანულს გულისხმობს... რომ გულისხმაჰყოს ღვთიური ჭეშმარიტება: "რომელმან აღიმაღლოს თავი თუისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თუისი, იგი ამაღლდეს..."
ღმერთმა მოგვმადლოს სიმდაბლე, სინანული, ლოცვა გულწრფელი და წყალობა ღვთისა...
მადლი და სიყვარული განმრავლდინ თქვენ შორის!
ამენ!