როგორც ჩვენი ცხოვრების დღეებს აკლდება, ჯერ-არს, ჩვენც ასევე დავაკლდეთ დღითიდღე ჩვენს ცოდვებს. მაგრამ ცხოვრება გვეპარება და ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. დღეები და ღამეები აჩქარებით მიქრიან ჩვენი ცხოვრების შესამცირებლად და გვათამაშებენ ისე, როგორც ბავშვები თამაშობენ ბურთს: გადაუგდებს ერთი - გადმოუგდებს მეორე. დღე ღამეს მიგვაგდებს და ღამე - დღეს. შორ გზაზე მივდივართ და ფეხსაცმლისა და საგზლისთვის არ ვზრუნავთ, რადგან ქონების შეძენა გვნებავს, შენაძენის სიხარული გვაცდუნებს და იმ გზის საგზლისთვის არ ვწუხვართ. იცოდეთ, ჩვენს ცხოვრებას აკლდება და ჩვენ გონს ვერ მოვგებივართ. დღეს იმდენი დრო აღარ დაგვრჩა, რადგანაც გუშინ გვქონდა, რადგან დააკლო მას ღამემ, რომელიც მოდის და მიდის; შენ კი დაუდევარი ხარ და ამას ვერ გულისხმა-ჰყოფ. ცხოვრება ხელიდან გვეცლება და სინანულს არ ემატება. მთელი შენი ქონება, რაც გაბადია, ყოველივე რომ გაყიდო შენი სიცოცხლის დღის შესაძენად, ჯერ კიდევ გუშინ შენს განკარგულებაში რომ იყო, ვერ შეიძენ, რადგან გუშინდელ დღესთან ერთად წავიდა და უკან აღარ დაგიბრუნდება.
რატომ გძინავს ასე უგუნურად, შენი მტრები და შენი სულის მეძიებლები ფხიზლობენ... დღეები და თვეები, თავიანთი ძალის შესაბამისად, აკლებენ დროს შენს ცხოვრებას და წელიწადი დიდ ნაწილს მოარღვევს შენი ცხოვრების ნიშნებს. შენი მდევარი სწრაფია, მრავალია და მყისვე აკლებს შენს დღეებს, რომლებიც დათვლილია. შენი ცხოვრება ჟამიერია და მიდრეკილია, როგორც წყალი ჩანჩქერში, და როგორც აჩრდილი მზის დასვლისას. სინანული ამაოდ ქცეულა შენთვის, ის განშორებულია შენგან, ცოდვა კი ახლოს არის. შენ ყოველდღიურად აღასრულებ მას და ამბობ: ხვალ მოვინანიებ. "ხვალ" კი ფრიად შორს არის შენგან და ვაითუ, არც დადგეს. რომელ დღეს აპირებ მონანიებას, გვითხარი, რომ ჩვენც ვიცოდეთ ის დღე და შენთან ერთად გავიხაროთ. შენ მიერ აღთქმული დღე რომ დადგება, შენ მაშინაც დააყოვნებ სინანულს. მრავალმა დღემ განვლო ბოროტმოქმედებაში და შენი დღე აღარ მოიწია. მრავალი ჟამი იცვალა, შენი სინანულის ჟამი კი აქამომდე არ ჩანს.
***
შორს არის შენი სინანულის დღე. როდემდე ველოდოთ მას? ვშიშობ, ვაითუ, სიკვდილმა მოგიტაცოს და ვეღარ აღასრულო ის სიქველე, რასაც განიზრახავ და რისთვისაც ემზადები. ახლავე იმოქმედე, ამ საათსვე, ისწრაფე და აღასრულე. თუ სიკეთის გულისსიტყვა დაგებადება გულში, ნუ დაიძინებ, სანამ მის აღსრულებას არ შეუდგები, რადგან შენი ცხოვრების დღეთა სიმრავლე შენზე არ არის დამოკიდებული და არც მათი რიცხვი იცი.რატომ ახლავე არ შეუდგები სიკეთის აღსრულებას? შენ ხომ არ იცი, რა გემართება ამაღამ? ისწრაფე, სანამ წაქცეულხარ, გაიქეცი, რომ არ დაგეწიონ; აჩქარდი, რათა საპყრობილეში არ ჩაგაგდონ. უთხარი სიკვდილს, არ მოგეახლოს, ვიდრე შენ თვითონ არ უბრძანებ! ალბათ, ფიქრობ, რომ ცოდვით გაძღები და როცა დაბერდები, მაშინ ინებებ სინანულს, შეინანებ და სიკვდილს მაშინღა მოუწოდებ. და თუ შენს უნებართვოდ მოვა, ნუ წაჰყვები და ნურარად შერაცხავ მას. თუ ამის შემძლე ხარ, მაშინ მეც არ გაჩქარებ სინანულს. მაგრამ ჭეშმარიტად იცოდე: სიკვდილი შენს სიტყვებს არ შეიწყნარებს და არც შენი შეძლებისა და ძალაუფლებისა ეშინია; არც შენი ჭაბუკური მშვენიერების გამო აყოვნებს და არც შენს ბავშვობას ერიდება; არც შენს სპეტაკ ჭაღარას სცემს პატივს, არც მდიდარი აძრწუნებს, არც გლახაკის ვედრება ესმის და არც შენს სიტყვებს დაიჯერებს, რადგან მრავალგზის აღუთქვი სინანული და აღთქმას უღალატე. აქამომდე არ შესდგომიხარ სინანულს და ვაითუ, შესაძლებლად არც მიგაჩნია მონანიება.
სიტყვის თქმა კი არ არის უმთავრესი, არამედ მისი აღსრულება. მოციქული ამბობს, რომ "სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკუდარ არს". ამიერიდან ლაპარაკისგან თავი შეიკავე და სინამდვილეში შეინანე, რადგან დღევანდელი დღე შენს ხელშია, ხვალინდელი კი არავინ უწყის, ვისი იქნება, და ვაითუ, შენი დამფვლელების ფეხები ამაღამ შენს კარს მოადგნენ. ნუ დაფლავ დღევანდელ დღეს, სანამ შენს შეცდომებს არ დაფლავ... შენი ცხოვრება წარმავალია, როგორც ერთი დღე, და შენი ჟამი დაილევა, როგორც ერთი ღამე. ბავშვობა ცისკარს ჰგავს, სიჭაბუკე შუადღეს და სიბერე მიმწუხრს ედრება. ახლავე აღასრულე სიქველე - დღესვე შეინანე, სანამ დღეა; აჩქარდი, ვიდრე არ დაბნელებულა. იხილე, როგორ მიქრიან დღეები და როგორ განქარდება ჟამი!
***
დღეები მკვდრებივით იფვლებიან და დავიწყებას ეძლევიან, რადგან გუშინდელი დღე დაასამარეთ და დღევანდელ დღეს მწუხრის ჟამს ასაფლავებთ. მაშ, იგლოვე გუშინდელი დღე, რადგან წავიდა, და დღევანდელი დღე გამოიტირე, რადგან ისიც წარმავალია; და ისინი იტაცებენ შენს ცხოვრებას. ღამე დაგფლავს და განთიადი აღგადგენს, ყოველდღე გაკვდინებენ ისინი, რათა შეიგრძნო, რომ მოკვდავი ხარ. ღამე გაშიშვლებს, რათა გეუწყოს, რომ შიშველი განხვალ ამ სოფლიდან; და ცისკარი გმოსავს, რათა პირნათლად აღასრულო ყოველივე. ცხოვრება, რომელიც გუშინ შენი იყო, ხელიდან გაგისხლტა და ვეღარ იპოვი. დღევანდელი ცხოვრებაც ხელიდან გეცლება და მიდის. დაიძინებ თუ იფხიზლებ, ღამე მდინარებას არ მიატოვებს; გულმოდგინე ხარ თუ დაუდევარი, დღე სრბისგან არ დაცხრება. და ესენი იტაცებენ შენს ცხოვრებას. არამედ შენც "იავაზაკე" - გამოსტაცე მათ სულიერი სარგებელი და ნუ ჰგონებ, რომ ცისკარი განგანათლებს, თუ შენი გონება ღვთის მიმართ არ განათლდება. ნუ გგონია, რომ ღამე განსასვენებლად მოგეცა, ვიდრე სული დაბნელებული გაქვს ბოროტი სატკივარისგან. აქამდე ამბობდი, უნდა შევინანოო და არ ინანიებდი. ხოლო ამიერიდან ცოდვის გულისთქმა თუ მოგეძალება, უთხარი მას: "წადი ჩემგან, დღეს შენთვის არ მცალია, დღეს ქველმოქმედებისთვის მოვიცალე, სინანულს შევუდექი, სიმართლის გზას ვადგავარ მტკიცედ და ძველი წყლულების კურნება მნებავს. წადი ჩემგან დღეს და ნუ მაწუხებ, ნუ მომაცდენ იმის აღსრულებას, რაც დავიწყე. როცა მას გავასრულებ, შევხედავ, და თუ ჯეროვნად მივიჩნევ, მე თვითონ მოგიხმობ".
მოდით, ამიერიდან სინანულს შევუდგეთ. როდის დადგება ეს დრო? ვშიშობ, ვაითუ არც დადგეს. მთელი ჩვენი ცხოვრების დრო ამაოების მსახურებაში მოვკალით და ვაითუ, მცირეღა დარჩენილა ჩვენი დღეების სათვალავი. ეკრძალე, რათა ბოროტად არ გაასრულო დარჩენილი ჟამიც ისევე, როგორც წარსული დრო და ღმერთს ემსახურე გულმოდგინედ, რომელიც კურთხეულია აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
თავის თავის მხილება და აღსარება ცოდვებისა, რომელიც წმინდა ეფრემ ასურმა მიიჩემა თავისი სიმდაბლისამებრ.
ვაი მე, საწყალობელს, ყოველდღე ვკითხულობ დაბადებას; ვკითხულობ, რა შეემთხვათ დათანს და აბირონს - მოსეს მოწინააღმდეგეებს: როგორ გასკდა მიწა და დანთქა ისინი მათი სახლეულითა და ქონებითურთ, მე კი ყოველჟამს ვეწინააღმდეგები ღმერთს და არ ვემორჩილები. როგორ გადავურჩები მის სასჯელს?
ვაი მე, საწყალობელს; ვკითხულობ, რა შეემთხვა მარიამ წინასწარმეტყველს - მოსე წინასწარმეტყველის დას - მოსეზე, თავის ძმაზე ნათქვამი ერთი სიტყვის გამო: მისი სხეული კეთრის წყლულებით დაიფარა! და მე, ვინც ყოველდღე განვარისხებ ღმერთს, როგორ გადავურჩები საუკუნო სატანჯველს?
კაენმა თავისი ძმა, აბელი მოკლა. ამისათვის ღმერთმა სასჯელად დაადო შიში და ძრწოლა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე; და ღვთისგან განდგომილები როგორ იხსნიან თავს საუკუნო სატანჯველისგან! წარღვნა ეწია პირველდაბადებულ კაცთა მოდგმას მისი უსჯულოებისათვის, ყველა ერთიანად ამოწყდა; და მეც ვშიშობ, ვაითუ, ერთი მათგანივით დავისაჯო ჩემი მრავალი ცოდვებისათვის. ამიტომ გევედრებით ჩემს ყველა საყვარელ ძმას და ვევედრები თქვენს სიწმინდეს, რომ ღვთისგან წყალობა და შენდობა მოითხოვოთ. ვევედრები ყველა წმინდანს და ნეტარს, მეოხება გამიწიონ და მეშინია, ვაითუ არ შეიწყნარონ ჩემი ვედრება, რადგან მსმენია ეზეკიელ წინასწარმეტყველის მიერ თქმული: "უკუეთუმცა აღდგა ნოვე ანუ დანიელ ვედრებად ერისა ამისთვის, არამცა შეწყნარებულ იქმნა თხოვაი მათი". ყველა წინასწარმეტყველს ვევედრები, მეოხება-ჰყონ ჩემთვის, მაგრამ ვშიშობ, როგორც წინათ სხვებზე თქვა: "არ შევიწყნარებ იერემია წინასწარმეტყველის ლოცვა-ვედრებას ამ ხალხისთვის", ახლა ჩემზეც იგივე არ უთხრას მათ. მარხვას თუ დავიცავ, უფალი ალბათ, მეტყვის: ამგვარი მარხვა არ გამომირჩევია მე. ჩემს ქონებას გლახაკებს თუ გავუნაწილებ, ვაითუ მითხრას: შენი მსხვერპლი არ მოსწონს ჩემს სულს და შენი საკმეველი საძაგელია ჩემს წინაშე. მის სახლში - წმინდა ეკლესიაში რომ შევიდე და ლმობიერად ვევედრო, ვშიშობ, ვაითუ რისხვით მომიგებს: გამშორდი, უსჯულოების მოქმედო. ამიტომაც ვარ, ჩემო ძმებო, შემკრთალი და შეძრწუნებული. უფლის მიმართ რომ მოვიქცე და ჩემი შეცოდებები ვაღიარო, ესეც სავალალოა ჩემთვის - კადნიერი ლირწად თუ დავდგები ღვთის მიმართ სავედრებლად, მეშინია, ვაითუ მიწამ დამნთქას ან მეხის ტეხის ცეცხლი გადმოვიდეს ზეციდან, დამწვას და წარმწყმიდოს.
***
ჩემს მიერ ბავშვობაში ჩადენილ ბოროტმოქმედებათა შესახებ მინდა მოგითხროთ და ამისიც მეშინია - ვაითუ განმაქიქოთ, შემიძულოთ და თითით საჩვენებელი გავხდე მთელი ხალხის წინაშე. ჩემო ძმებო, ბავშვობაში ვიყავი მაგინებელი, შეურაცხმყოფელი, მოპაექრე, დამბრალებელი, მავნებელი, მოძმეთა შემაწუხებელი, ყველას მიმართ შურიანი, ძვირისმოქმედი, მდიდრების მჩაგვრელი, გლახაკთა შეურაცხმყოფელი, დავრდომილთა მიმართ გულგრილი; ერთი სიტყვით, სრული ბოროტმოქმედი. მაგრამ მე ვიცი, რომ ბავშვობაში ჩადენილი ცოდვები ჩემი ნათლისღების ჟამს აღიხოცა; ხოლო ნათლისღების შემდეგ ჩადენილი ცოდვებისგან ვინ გამომიხსნის? მხოლოდ ღმერთია ცოდვების მომტევებელი და მოწყალე მცოდველთა მიმართ. ამიტომაც გევედრებით, ჩემო საყვარელო ძმებო, წყალობა და შენდობა მითხოვეთ მოწყალე ღმერთისგან. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ცოდვის მწვირეში, შურსა და სიძულვილში ვარ ამოვლებული, ჩემს ბოროტ ნებას ვასრულებ, ვმრისხანებ, ვწყრები; ძვირის ხსენებაში, უგუნურებაში, ნაყროვანებაში, უძღებებაში, ხორციელ სიტკბოებაში, ფულის სიყვარულში, გლახაკთა სიძულვილსა და გარეშეთა შეურაცხყოფაში ვარ ჩაფლული. მე, ყველა ადამიანზე ნაკლები, ჩემზე უკეთეს ადამიანებს კადნიერად ვეპყრობი და შეურაცხვყოფ; დიდებულ ადამიანებზე ვქედმაღლობ მე, ნარჩევი კაცთა. და რაც გითხარით, ყოველივე ამაზე უარესი ვარ და უბოროტესი, მნებავს კი, რომ ადამიანები წმინდას მიწოდებდნენ. ცოდვაში ვარ დანთქმული და ადამიანთა წინაშე უბიწოდ გამოჩენა მსურს. მუდამ სიცრუეს ვამბობ და სხვების დასანახად ვითომ მძულს მატყუარები. მუდამჟამს ვისიძავ და ვმრუშობ გონებით, მსიძავებსა და მრუშებს კი ვგმობ და ვურისხდები; მპარავებს ვაძაგებ და მუდამდღე ვიგინები. გარეგნულად სიწმინდეს ვაჩვენებ ადამიანებს და შინაგანად სავსე ვარ სისაძაგლით. სხვა ადამიანებზე წინ ვდგები ეკლესიაში ლოცვაზე და მათ უკან დგომის ღირსიც არ ვარ. დიდება და პატივი მნებავს ადამიანებისგან და ღვთის თვალში არარა ვარ. მიყვარს, ადამიანები თაყვანს რომ მცემენ, მომიკითხავენ და სირცხვილითა და გინებით სავსე ვარ. ***
როცა საერო პირი ვიყავი, ერისკაცებს შორის ვქედმაღლობდი, და როცა მონაზვნად აღვიკვეცე, მამათა შორის ვთავხედობ. სათნოებას ვაჩვენებ ადამიანებს: მდიდრებს - სიკეთეს, უცხოებს - მშვენიერებას, სულელებს - სიბრძნეს, მორწმუნეებს - სისრულეს, გლახაკებს - უწყალოებას, ჩემებს - მანკიერებას.. და პირუტყვებზე უუგუნურესი ვარ. თუ ვინმე მაგინებს, შურს ვიძიებ; თუ შეურაცხმყოფენ, მანკიერებით ვივსები; და თუ სამართლიანობა მომეთხოვება, განვიკითხავ და განვსჯი.თუ ვინმე შემეწინააღმდეგება, შევრისხავ და თუ მაქებს და ამაოდ მადიდებს, მეც ვაქებ მას და ვმედიდურობ. თუ მამხილებენ, ვწუხდები და თუ ვინმე შემივრდება, ვქედმაღლობ. თუ არ მემსახურებიან, ვშფოთავ, მათთან ყოფნა არ მსურს და ძვირს ვუზრახავ მზაკვრულად. თუ ძმა ჭირში ჩავარდება, სრულებით არ მნებავს მისი მიხედვა, და თუ დიდებას მიაღწევს, მასთან ახლოს ყოფნას ვცდილობ, ვხალისობ და გულმოდგინედ ვემსახურები. თუ მოყვასი დასნეულდება, მაშინვე მოვიწყენ მის გვერდით, ხოლო თუ მე ვხდები ავად, მნებავს, რომ მრავალი მემსახურებოდეს, ყველა მე მკითხულობდეს, და მე ფრიად უგულებელვყოფ ამგვარ მსახურებას. თუ სხვა ადამიანი თუგინდ მცირე დაუდევრობას გამოიჩენს, ვმძვინვარებ. ბოროტად შევრისხავ კაცს, რომელიც პირში გელაქუცება და ზურგს უკან ძვირს გიზრახავს. მნებავს, რომ ღირსეულად ვიხსენიებოდე, ღირსეული საქციელისგან კი ფრიად შორს ვარ. მიყვარს ქება და პატივი, ხოლო საქები საქმე და საქციელი უცხოა ჩემთვის.
***
ჩემი საიდუმლოებების აღსარება მსურს თქვენს წინაშე და დაფარულ გულისსიტყვათა გამოცხადება ბოროტი ვნებების მიმართ, დღედაღამ რომ შემაჭირვებენ. ლოცვის დროს მოწყინება მიპყრობს და დასვენების დროს - გულმოდგინება. როცა ფუჭი ზღაპრობა მესმის, მხიარულად ვისმენ და როცა სინანულზე საუბრობენ, სასმენელს ვარიდებ. წიგნების კითხვის დროს მიმერულება და თუ განსჯა და ცილობა მესმის, ვიღვიძებ. სალოცავად რომ დავდგები, ჩემს გონებას სავაჭრო ადგილები და ფოლორცები მიმოიტაცებენ. ჩემი პირი გალობას წარმოთქვამს და გონება ცოდვაში იწვრთნება. ჩემი ბაგეები მადლობას სწირავენ და ჩემი გული მზაკვრობას იზრახავს. ვის შეუძლია, აღწეროს ჩემი დაუდევრობა ლოცვის ჟამს და ჩემი გულმოდგინება ამაო შრომის დროს? საზიაროს მოხვეჭა მნებავს და ვაჭრის გაცრუება. მსესხებლისგან ვახშის მიღება მსურს და გლახაკისთვის არაფერი მემეტება. მსახურის შერისხვა მნებავს და მცოდველის დასჯა; მოძმეებისა მშურს და მეგობრებს ვეწინააღმდეგები. თუ ვინმეს აღვუთქვამ რასმე, ვეცრუები; მოყვარეს მიზეზს ვუძებნი და მე თვითონ სავსე ვარ ყოველგვარი მიზეზით. სამართლის მიმართ გულგრილი ვარ და უსამართლობაში მხურვალე, სხვისი ფიცის გამცრუებელი, ტყუილის მოყვარე და მოყვასის მიმართ გულში მანკიერების დამმარხავი. აი, ჩემ მიერ საიდუმლოდ ჩადენილი ცოდვები და ჩემი მონაზვნობის სათნოება. შეძაგებისა და შეძულების რომ არ მეშინოდეს, ჩემს სხვა საიდუმლოებებსაც გამოგიცხადებთ - მათზე უმძიმესსა და უსაზარლეს ცოდვებს. მაგრამ დავიდუმებ, რათა მეტისმეტად არ მომიძულოთ. თქვენს სიწმინდეს, თქვენს ღვთისმოყვარებას ვევედრები, წყალობა მიყავით და ილოცეთ ჩემ ცოდვილისთვის, რომელიც ვამბობ: "აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევე მე ყოველი უღმრთოებაი გულისა ჩემისაი". იგია შემნდობი და მას შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამას, ძეს და სულიწმიდას - აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.