ოჯახური და მონაზვნური ცხოვრების გზა - ორივე კურთხეულია ღვთისაგან რამდენადაც მათგან ორივეს შეუძლია, სამოთხეში მიიყვანოს ადამიანი.
ხშირად ახალგაზრდები განიცდიან, როდესაც ფიქრობენ, თუ როგორ ჯობს არჩეულ გზაზე შედგომა და მასზე სიარული ისე, რომ ყოველთვის ღმერთთან ერთობაში იმყოფებოდნენ. როგორც მამა პაისი გვასწავლის, ეს სულიერი ჯანმრთელობის ნიშანია. თუკი ახალგაზრდას არჩეულ გზაზე შედგომა არ აღელვებს და მასზე არ ფიქრობს, ეს პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ გულგრილი ადამიანია, რის გამოც ის წარმატებას ვერ მიაღწევს.
თუკი ადამიანს საერთოდ ყოველგვარ საქმეში მოეთხოვება დაფიქრება და სიფრთხილე, მით უფრო საჭიროა ის სამუდამო კავშირის - ქორწინების წინ. ვერშემდგარი ქორწინება "მრავალი უბედურების მიზეზია" ადამიანთა ცხოვრებაში, ტანჯვათა სათავეა.
ვინც ოჯახის შექმნას აპირებს, პირველ რიგში, ისეთი ადამიანის პოვნას უნდა შეეცადოს, რომელიც მის გულთან ახლოს იქნება. იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის გული თავისებურად ხედავს. ზოგი ერთ ადამიანთან გრძნობს სიახლოვეს, ზოგი კი - მეორესთან. უმეტესი ყურადღება გარეგნობას კი არა - მომავალი მეუღლის შინაგან მშვენიერებას უნდა ექცეოდეს. ამასთან, თუკი რჩეულს ღვთის შიში და სიმდაბლე ექნება, მაშინ ისინი ერთად შეძლებენ, ხელიხელჩაკიდებულებმა გადალოხონ ამა სოფლის ბოროტი მდინარე.
ჩვეულებრივ, ქორწინებაში ბედნიერნი არ არიან ქორწინების ზნეობრივ-რელიგიური პირობების დაუცველობის მიზეზით.
რადგან ქრისტიან ცოლ-ქმარს საერთო პირადი ცხოვრება აქვს, ამის გამო ორი პირობის დაცვაა საჭირო: საქმროსა და საცოლის ურთიერთსიყვარული ან ღრმა ურთიერთსიმპათია და შეთანხმება რელიგიურ-ზნეობრივ შეხედულებებში.
სიყვარული არ არის უბრალო განწყობილება: განწყობილებები გარემოებათა მიხედვით იცვლება: სიყვარული არაა ასევე გრძნობით თრობა, ვნებიანი გატაცება, რადგან ამგვარი მდგომარეობა ადრე თუ გვიან გაივლის და მას ჩაენაცვლება გამოფხიზლება. ის, ვინც ვნებას აყოლილი ქმნის ოჯახს, ბედნიერი არ არის. ვნებები ცივდება და სიყვარული ქრება. თავისი ნამდვილი სახით სიყვარული არის სულის სწრაფვა მეორე სულისკენ. ცოლ-ქმარი ერთმანეთთან განწმენდილი სიყვარულით უნდა იყოს დაკავშირებული. იმისათვის, რომ თანხმობით იცხოვრონ, მათ უპირველეს ყოვლისა ცხოვრებას საფუძვლად სიყვარული უნდა დაუდონ, - სწორედ ის ძვირადღირებული სიყვარული, რომელიც სულიერ კეთილშობილებაში, თავგანწირვაში მდგომარეობს და არა - ცრუ, ხორციელი სიყვარული. თუკი სიყვარული და თავგანწირვა არსებობს, ერთი ადამიანი ყოველთვის აყენებს საკუთარ თავს მეორის ადგილას, შეუძლია, გაუგოს მას, მისი ტკივილი განიცადოს.
როდესაც მეუღლეთაგან ერთ-ერთს მეორე უყვარს, შორს მყოფიც კი - თუკი ამგვარი რამ მდგომარეობამ მოითხოვა, მასთან მაინც ახლოს იქნება, იმიტომ, რომ ქრისტესმიერმა სიყვარულმა მანძილი არ იცის. მაშინ როდესაც, თუ მეუღლეებს შორის, ღმერთმა დაიფაროს და, სიყვარული არ არსებობს, ერთად ყოფნისასაც კი შესაძლოა, რომ არსობრივად ერთმანეთისაგან სრულიად დაშორებული იყვნენ. ამიტომაა, რომ მეუღლეთაგან თითოეული უნდა ცდილობდეს, მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში შეინარჩუნოს სიყვარული მეორისადმი და საკუთარ თავს გამუდმებით მსხვერპლად სწირავდეს მას.
მეუღლეებმა სიყვარულის სათნოება მთელი ძალისხმევით უნდა გამოიმუშაონ, რათა ორნი ყოველთვის ერთობაში იმყოფებოდნენ და რათა მათთან გამუდმებით იმყოფებოდეს მესამე - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რა თქმა უნდა, ვიდრე ახალდაქორწინებულთა ოჯახური ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში არ ჩადგება, ვიდრე ისინი ერთმანეთს როგორც საჭიროა, ისე არ გაიცნობენ, შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ. ასეთი რამ ნებისმიერი საქმის დასაწყისში შეიძლება მოხდეს.
როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ნამდვილი ქორწინება უნდა მოხდეს არა მხოლოდ ღრმა სიმპათიის გრძნობით, არამედ გონივრულად. ვინც ქორწინდება, უნდა გამოსცადოს საკუთარიც და მეორე პირის სიყვარულიც, აგრეთვე, თავისი (და მეორე პირის) მზადყოფნა და მოვალეობის გრძნობა - თავის უარყოფით იტვირთოს ოჯახური ცხოვრების არსი.
სიყვარულს ან ღრმა სიმპათიას ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდეს თანხმობა რელიგიურ და ზნეობრივ შეხედულებებში. ამის გარეშე ქორწინება უბრალო ბუნებრივი ურთიერთობაა და არა პიროვნულ-სულიერი.
ცოლქმრობა არის ერთობა ყველა ცხოვრებისეული თვალსაზრისით. ბუნებრივია, ის ასევე უნდა იყოს ერთობა ყველაზე მთავარში, რაც ცხოვრების უმაღლეს აზრს გულისხმობს - ესაა ღმერთში ცხოვრება. რელიგიური ერთობა ქორწინების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ქორწინებაში ყველაზე მტკიცე საყრდენი რელიგიური ერთობაა.
მეუღლეების ხასიათში არსებული მცირეოდენი სხვაობა ჰარმონიული ოჯახის შექმნას უწყობს ხელს, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი ავსებს მეორეს. ავტომობილისათვის ორივე პედალი აუცილებელია: ერთი - გაზისთვის, - რომ იაროს და მეორე - მუხრუჭისათვის, რომ დროულად დამუხრუჭება შეძლოს. ავტომანქანას რომ მხოლოდ მუხრუჭის პედალი ჰქონოდა, ის ადგილიდან დაძვრასაც კი ვერ შეძლებდა; ასევე, მას რომ მხოლოდ აქსელერატორი ჰქონდეს, მაშინ გაჩერებას ვეღარ შეძლებდა.
განსხვავებული ხასიათის მეუღლეები შვილების აღზრდის საქმეში უკეთეს შედეგებს აღწევენ, მეუღლეთაგან ერთ-ერთი გამუდმებით ამუხრუჭებს ბავშვებს, მეორე კი ამბობს: "მოდი რა, ცოტა მეტი თავისუფლება მიეცი მათ!" თუკი ცოლიც და ქმარიც საკუთარ შვილებს მხოლოდ მოუჭერენ და მოუჭერენ ქანჩებს, დაკარგავენ მათ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც მოუწევთ შვილების დაკარგვა, თუკი ორივე ნებას მისცემს მათ, ის აკეთონ, რაც თავში მოუვათ. თუკი მამა და დედა განსხვავებული ხასიათებისანი არიან, მათი შვილები გაწონასწორებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, საკუთარი ხასიათის თავისებურებები მეუღლეებმა ერთმანეთს თავს არ უნდა მოახვიონ, არამედ თითოეული მათგანი თავისი ბუნების თავისებურებიდან გამომდინარე უნდა ეხმარებოდეს მეორეს.
ცოლქმრობაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ დროებითი ბედნიერება, არამედ თვით მარადიული ცხონებაც. ამიტომ არ უნდა მიუდგნენ ამ საკითხს დაქორწინების მსურველები ზედაპირულად. როდესაც სახლს ვყიდულობთ, ვიკვლევთ და ინფორმაციას ვაგროვებთ გამყიდველზე, ძველ მფლობელებზე, მეზობლებზე, შენობის ხარისხზე; გაცილებით მეტი წინდახედულობა მართებს მას, ვისაც ოჯახის შექმნა აქვს გადაწყვეტილი. ცუდი სახლი შეიძლება გაყიდო, მაგრამ უფლის მიერ შეუღლებული მეუღლის უარყოფა ცოდვაა და ეკლესიის მიერ დაუშვებელია მრუშობის ცოდვის გარეშე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი