სამ წელიწად-ნახევარი გაატარეს ერთად. შვილები არ მიეცათ, მაგრამ ისეთი ცოლქმრობა ჰქონდათ, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლე ვერ წარმოედგინათ. ქსენია გრიგორიევნას თავდავიწყებით უყვარდა თავისი მეუღლე. ამ სიყვარულის საზღაურად კი საღვთო მადლის ღირსი შეიქმნა ზენაარისაგან - ეს მოხდა მათი შეუღლების მეოთხე წელიწადს. ანდრეი ფეოდოროვიჩი ციებ-ცხელებით გახდა ავად.Qქსენია გრიგორიევნა დღედაღამ თავს დასტრიალებდა ქმარს, სულ გადაავიწყდა საკუთარი თავი - არც ჭამა ახსოვდა, არც ძილი და არც დაღლილობას გრძნობდა. ქმრის ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. ერთ ღამეს მშვიდად მიაბარა სული უფალს.
სიკვდილამდე ერთი საათით ადრე ანდრეი ფეოდოროვიჩი გამოფხიზლდა და სრულ გონებაზე მყოფმა მღვდლის მოყვანა ითხოვა. აღსარება თქვა, ეზიარა, მეუღლეს უხმო და ლოცვა-კურთხევა დაუტოვა: - ღმერთს ემსახურე და განადიდე სახელი მისი!
ქსენია ქვითინით ჩაეკრა თანამეცხედრის უსულო სხეულს და მთელი ღამე არ მოსცილებია. ყველას ეგონა, ჭკუაზე შეცდაო. სინამდვილეში კი იმ ღამეს ქსენია გრიგორიევნა გამოეთხოვა არა მარტო მეუღლეს, არამედ ჩვეულებრივ მოკვდავთა ცხოვრებას და იქცა სულიწმინდის მადლით მოსილ უფლის მხევლად - სალოს ქსენიად.
მეუღლის გარდაცვალების მეორე დღეს ქსენია ვეღარავინ იცნო - დედაბერს დაემსგავსა. ანდრეი ფეოდოროვიჩი არ მომკვდარა! - განუცხადა მან მოულოდნელად გარშემომყოფთ, - ქსენია გრიგორიევნა გარდაიცვალა.Aანდრეი ფეოდოროვიჩი თქვენს წინაშეა, იგი ცოცხალია და კიდევ დიდხანს იცოცხლებსო.
ქმრის დაკრძალვის დღეს ქსენია ქმრის ტანსაცმელში გამოწყობილი მიჰყვებოდა კუბოს და თუ ვინმე ქსენიას დაუძახებდა, ყვედრებით უპასუხებდა: - მოეშვით მიცვალებულს, ნუ ურღვევთ მყუდროებასო.
უმძიმესი დანაკარგით გამოწვეული დიდი მწუხარებაც თითქოს გაუნელდა. ქსენია ახლა უკვე ყველამ ნამდვილ შეშლილად მიიჩნია.
მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ქსენიამ გაყიდა სახლ-კარი და ფული ეკლესიაში მიიტანა, დანარჩენი ქონება გააჩუქა. მთელი სიცოცხლე ქსენია პეტერბურგელმა გაატარა ისე, რომ არ ჰქონია არც ბინა, არც პატარა კუთხე, არც თბილი ტანსაცმელი და არც სახვალიო საზრდოზე უფიქრია. ხალხი თანდათან მიეჩვია მის უცნაურობებს და ცდილობდა, დახმარების ხელი გაეწოდებინა ალალბედზე მოსიარულე ქალისთვის, რომელსაც ტანს ქმრის ჟამით დაძონძილი სამოსი უფარავდა, ხოლო ყინვით დაწითლებული შიშველი ფეხები დაგლეჯილ ფეხსაცმელებში ჰქონდა გაყოფილი. ქსენიას ბაზრობის დახლიდარი თუ ჰკითხავდა, - ანდრეი ფეოდოროვიჩ, თქვენთვის ქურთუკი ხომ არ მეჩუქებინაო, პასუხობდა, - აჩუქე მას, ვინც უბედურია უმისოდ, ვისაც ის გაახარებსო.
- შენ რით შემიძლია გაგახარო? - არ ეშვებოდა გამყიდველი.
- გიყვარდეს მოყვასი შენი. როდესაც კეთილ ადამიანს ვხედავ, ეს მახარებს ყველაზე მეტად!
ქსენიას ხშირად ჩუქნიდნენ ხურდას, რომელსაც ის მაშინვე სხვა მათხოვრებს უნაწილებდა, თვითონ 10-15 კაპიკს იტოვებდა თვეში აბანოსთვის, ხოლო მისთვის გაღებული მოწყალებით ქსენია რამდენიმე ასეულ ღარიბ ოჯახს ინახავდა.
ქსენია არაერთგზის უნახავთ საღამოს ლოცვის შემდეგ რომელიმე გაჭირვებული კაცის საბოსტნე ნაკვეთში, ხან თოხნიდა, ხან ბარავდა. დაღლილს არაერთგზის ჩაუმუხლავს და ჩასძინებია კიდეც. წვიმასა და ყინვაში გამოაღვიძებდნენ და შინ შეიპატიჟებდნენ ხოლმე. ის კი პასუხობდა: - ყინვასა და სიცივეს მიჩვეული ვარ, მხოლოდ ადამიანების გულში ვერ ვეგუები ავდარს. თუ მართლა გეცოდებით და გიყვარვართ, ნურავის გაუკეთებთ ცხოვრებაში ბოროტებას; მხოლოდ მტრობა და ადამიანური უკეთურება იწვევს ჩემს გულისწუხილს, ხოლო ამ საბოსტნე ნაკვეთში ისევე გამოვიძინებ, როგორც ფუმფულა ლოგინში.
ქსენიას ერთი საკვირველი თვისება ჰქონდა: მის თუნდაც სულ უმნიშვნელო დახმარებას ბედნიერება მოჰქონდა. ხოლო ის ადამიანი, ვინც მისი მეშვეობით მცირე თანხას მოიგდებდა ხელთ, სულ მალე, რაღაც იდუმალი და ამოუცნობი გზებით, მდიდრდებოდა და, თავის მხრივ, თვით ხდებოდა უხვი მწყალობელი.
ბაზრის გამყიდველებმა უკვე იცოდნენ - საკმარისი იყო, ქსენია დილით მათ დუქანში შესულიყო და აეღო ერთი ღვეზელი ან სულ უმნიშვნელო რამ, რომ იმ დღეს შესანიშნავად მისდიოდათ საქმე, და, პირიქით, თუ ის უარს იტყოდა მოწყალების მიღებაზე, თამამად შეეძლოთ დაეკეტათ დუქანი - სულერთია, მაინც ვერაფერს ივაჭრებდნენ.
ამიტომაც ქსენია ბაზარში თუ გამოჩნდებოდა, მაშინვე გარს შემოერტყმებოდნენ დახლიდარები და თითო-თითო კაპიკს სთავაზობდნენ: - მიიღე, ანდრეი ფეოდოროვიჩ, ჩვენი სულის სახსენებლადო,Mმაგრამ ქსენია პასუხობდა: - არა, ძმაო, შენგან არ მივიღებ, შენ მომხმარებელს წონაში ატყუებო. სხვას ეტყოდა: - არა, ჩემო კარგო, შენ ღარიბებს ერჩიო. ასეთი ზნეობრივი გაკვეთილები საკმაოდ მტკივნეულად მოქმედებდა ბაზრის გამყიდველთა ჯიბეზეც და სულ მალე მათ შორის დამყარდა თავისებური შეჯიბრი, ვინ უფრო მეტად დაეხმარებოდა გაჭირვებულებს. ხალხმა მას "სიტნი" ("მაძღარი") დაარქვა.
ქსენიას სალოსური ცხოვრების პირველივე წლებიდან გამოჩნდა, რომ მას ჰქონდა ადამიანთა ბედისა და მათი აზრების ამოცნობის, წინათგანჭვრეტის იშვიათი უნარი. თავის ნიჭს ნეტარი დედა იყენებდა იშვიათად და განსაკუთრებული მოწადინების გარეშე. ამას იქმოდა ოდენ ადამიანთა საკეთილდღეოდ, ღვთის კარნახით და არა კაცობრივი დიდების ან ფულის მოსახვეჭად. სიავეზე იგი მხოლოდ ქარაგმებით მიანიშნებდა, რათა ნირი არ წაეხდინა ადამიანებისათვის. ასე მიუთითა, მაგალითად, ერთი ვაჭრის მეუღლეს, კრაპივინას, მოსალოდნელი საშიშროების შესახებ: "ჭინჭარი ქორფაა და მალე კი დაჭკნება" ("კრაპივა" რუსულად ჭინჭარია). მაშინ ვერავინ გაიგო ამ სიტყვების აზრი. სულ მალე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა და მიხვდნენ ამ ქარაგმის არსს. ერთ ქალს შაურიანი გაუწოდა და უთხრა: "აჰა, წაიღე და ნუ შიშობ, ჩაქრება". გაოგნებულმა ქალმა ფული გამოართვა. შინ მისულს ხანძარი დაუხვდა, რომელიც, ჩანს, ქსენიას ლოცვა-კურთხევით, მალე ჩააქრეს. უამრავი იყო ამგვარი შემთხვევა. ქსენიას ჭეშმარიტი დიდება მოუტანა 1761 წელს ერთმა წინასწარმეტყველებამ. წლის ბოლომდე რამდენიმე დღით ადრე ქსენია მთელი დღეები დარბოდა ქუჩებში და გაიძახოდა: - აცხვეთ ბლინები, აცხვეთ ბლინები, მალე მთელი რუსეთი დაიწყებს ბლინების ცხობას! მართლაც, 25 დეკემბერს გარდაიცვალა დედოფალი ელისაბედ პეტრეს ასული და მთელი რუსეთი 40 დღე აცხობდა ბლინებს მისი სულის საოხად.
1764 წლის გაზაფხულის დამლევს ქსენია ცრემლად იღვრებოდა. ხალხს ეცოდებოდა სალოსი, ფიქრობდნენ, ვინმემ აწყენინაო: - რა გატირებს, ანდრეი ფეოდოროვიჩ, აუგი ხომ არავის უკადრებია?
- იქ სისხლია, სისხლი! - პასუხობდა ქსენია, - იქ მდინარეები ივსება სისხლით, არხები სისხლით არის სავსე! - და უმატებდა მოთქმას.
ტირილის მიზეზი გაცხადდა რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც პეტერბურგში ხმა დაირხა, რუსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრის, იოანე VI-ის (ანტონოვიჩის) ტანჯვით სიკვდილის შესახებ.
გამოხდა ხანი და თავადაც მიიცვალა ნეტარი ქსენია, მაგრამ იგი გარდაცვალების შემდეგაც აღასრულებდა სასწაულებს - უამრავი მომლოცველი მიდიოდა მის ძვალთშესალაგთან პეტერბურგელის გარდაცვალების დღეს - 24 იანვარს, თავს იყრიდა 5000 კაცამდე და ასამდე პანაშვიდი იხდებოდა. შემდეგ მადლიერი მომლოცველები ჰყვებოდნენ ქსენიას მიერ მოხდენილი სასწაულების შესახებ, რომელთაგან ერთი თვალსაჩინო შემთხვევა თვით მეფის ოჯახს ეხება:
მძიმე ავადმყოფ მეფის ძეს, მომავალ იმპერატორ ალექსანდრ III-ს თავს ადგა და უვლიდა მეუღლე, დანიის მეფის ასული, მართლმადიდებლობაში - მარია ფეოდოროვნა, რომელსაც ურჩიეს, ნეტარ ქსენიას შევედრებოდა შველას და ქვიშაც უწილადეს ქსენიას საფლავიდან ავადმყოფის თავთით ამოსადებად.Qქალი ასეც მოიქცა და იმავე ღამეს ჰქონდა ხილვა - მის წინ იდგა ხნიერი უცნობი ქალი და ეუბნებოდა: - შენი ქმარი გამოჯანმრთელდება, ხოლო ბავშვი, რომელსაც მუცლით ატარებ, გოგონად მოევლინება ქვეყანას. დაარქვით მას ჩემი სახელი - ქსენია. იგი თქვენი ოჯახის მფარველი იქნება ყოველგვარ გაჭირვებაშიო. ყოველივე ახდა - მეუღლე გამოჯანმრთელდა, ცოლ-ქმარს გაუჩნდა მეოთხე შვილი, ქსენია. ეს იყო უკანასკნელი რუსი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის და, რომელიც 1875 წელს დაიბადა, ხანგრძლივი ცხოვრება განვლო, ასცილდა ორივე ძმის ტრაგიკული ბედი და 1960 წელს მიიცვალა ემიგრაციაში. ბევრი იყო ქსენიასგან სხვა კეთილი წინასწარმეტყველებებიც, რომლებიც რიგით რუსულ ოჯახებს ეხებოდა.
Nნეტარი ხშირად შეუვლიდა ხოლმე, მაგალითად, გოლუბევების ოჯახს - ქვრივ დედასა და მის პირმშვენიერ 17 წლის ქალიშვილს. ქსენიას განსაკუთრებულად უყვარდა გოგონა მისი კეთილი გულისა და თვინიერი, სათნო ხასიათის გამო. ერთხელ, ქსენიას სტუმრობისას, დედა-შვილი ყავას ამზადებდა.
- ეი, თვალხატულავ, - მიმართა ქსენიამ გოგონას, - შენ აქ ყავას ადუღებ, შენი ქმარი კი ოხტაზე ცოლს ასაფლავებს. სწრაფად გაიქეცი იქით!
- რა ქმარი? - განცვიფრდა ქალიშვილი, - მე ქმარი კი არა, საქმროც არა მყავს; შენ კი ვიღაც ქმარზე მელაპარაკები, თანაც ცოლს რომ მარხავს.
- წადი, რომ გეუბნები, - გაჯავრდა ქსენია, რადგან არ იყო ჩვეული შეპასუხებას.
გოლუბევებმა იცოდნენ, რომ ქსენია ამაოდ არაფერს იტყოდა,Aამიტომ დედა-შვილი ერთად გაემართა ოხტისკენ. დაინახეს სასაფლაოსკენ მიმავალი სამგლოვიარო პროცესია და მას შეუერთდნენ. მარხავდნენ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მშობიარობას გადაჰყოლოდა. როდესაც ქალი დაკრძალეს და ხალხი წავიდ-წამოვიდა, გოლუბევებმაც დააპირეს წასვლა. უეცრად დაინახეს ახალგაზრდა ქვრივი კაცი, რომელიც მწარედ მოთქვამდა საყვარელი მეუღლის საფლავზე. ყმაწვილს გული წაუვიდა და დედა-შვილის ხელებში ჩაესვენა.
მის გონზე მოყვანის მცდელობაში გაიცნეს უცნობი ქვრივი. ერთი წლის შემდეგ გოლუბევა ამ კაცის - ექიმის ცოლი გახდა.
ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ ღრმა სიბერემდე. დედამ შვილებს დაუბარა, მუდამ მიეგოთ პატივი ნეტარი ქსენიას ხსოვნისათვის.
საბჭოთა პერიოდში ყოველმხრივ ცდილობდნენ წაეშალათ ხსოვნა ნეტარი ქსენიასი, მაგრამ ხალხი მაინც ახერხებდა პეტერბურგის სმოლენსკის სასაფლაოზე მის განსასვენებელთან საკუთარი სავედრებლით მისვლას. 1947 წელს ხელისუფლება იძულებული გახდა, სამლოცველო გაეხსნა, მაგრამ ხრუშჩოვისეული საეკლესიო დევნის პერიოდში დადგინდა - საბოლოოდ დაესამარებინათ მისი ხსოვნა. 1957 წელს ქსენიას სამლოცველოში გადაწყვიტეს ფეხსაცმელების სახელოსნოს გახსნა. სამაროვანი დაგმანეს და მასზე აღმართეს შენობა, სადაც უნდა ემუშავათ მეწაღეებს.Mმაგრამ მათ ერთი ლურსმნის ჩაჭედებაც ვერ მოახერხეს - იარაღი ხელიდან უვარდებოდათ. შემდეგ იმ პერიოდის შესაფერისი ძეგლების აღმართვა დაიწყეს: ხან "ქალი ავტომატით" დადგეს, ხან "ქალი ნიჩბით" - დაკეტავდნენ სამლოცველო-სახელოსნოს და დილით ძეგლი დამსხვრეული ხვდებოდათ. ქსენია პეტერბურგელის სული ფხიზლად დარაჯობდა თავის მარადიულ ნავსაყუდელს, ვიდრე 1988 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მისი კანონიზება არ მოახდინა და ნეტარი ქსენიას სახელი წმიდანთა რიგში არ ჩაწერა!
ადრე ღობით მოზღუდულ სამლოცველოსთან ადამიანებს წერილობითი სახით ფარულად მოჰქონდათ თავიანთი თხოვნები და ყვავილებთან ერთად ღობის ღრიჭოებში ტოვებდნენ. დღეს, როდესაც სამლოცველო ღიაა მომსვლელთათვის, მათ კვლავაც მოაქვთ იმგვარივე ბარათები და სამლოცველოს კედელთან ან ფანჯარასთან ტოვებენ. ნეტარი ქსენიაც არავის თხოვნას არ ტოვებს უყურადღებოდ. მეტად ღირსშესანიშნავი მოვლენების შესახებ იტყობინებიან სამლოცველოში მომსახურენი. ქვემოთ მოგითხრობთ სამიოდ ასეთ შემთხვევაზე.
***
ვეტერან ჯარისკაცს ტელევიზიით უნახავს გადაცემა ნეტარი ქსენიას შესახებ და მისი მეშვეობით მრავალი წლის შემდეგ მიუგნია თავისი მხსნელისათვის. მეორე მსოფლიო ომში, პრაღაში მიმდინარე ბრძოლის დროს, ერთ-ერთი სახლის სარდაფში მას და მის მეგობარს გამოეცხადა თურმე თავსაფრიანი ქალი, რომელმაც რუსულად უთხრა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეს სარდაფი - აქ ჭურვი ჩამოვარდება და დაიღუპებითო. "ვინა ხარ?" - უკითხავთ მათ. "მე ნეტარი ქსენია ვარ, მოვედი თქვენს გადასარჩენად!" - უპასუხია და გამქრალა. 45 წელი ეძებდა ჯარისკაცი თავის კეთილისმყოფელს. როცა იპოვა, სასწრაფოდ შეეხმიანა პეტერბურგში მცხოვრებ დას და სთხოვა, ღირსეულად შეემკო ქსენია პეტერბურგელის საფლავი.პეტერბურგის სმოლენსკის სასაფლაოზე ქსენია ხილულად გამოეცხადა ერთ მლოცველ ქალს, რომელიც ქმრის ლოთობისგან დასახსნელად იყო თხოვნით მისული. სამჯერ შემოატარა იგი ტაძრის ირგვლივ და უეცრად გაქრა. ოჯახს მშვიდი ცხოვრება დაუბრუნდა.
იყო კიდევ ასეთი შემთხვევა: ოჯახს ქალიშვილი ჰყავდა მძიმე ავად. როცა გოგონა მთელი საათის განმავლობაში ვერ მოიყვანეს გონს, ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. ამ დროს მამა სავედრებელ ლოცვებს კითხულობდა ქსენია პეტერბურგელისადმი. ბავშვს ჯერ გონება დაუბრუნდა, ხოლო მერე სრულიად გამოჯანმრთელდა. მამამ აღთქმა დადო, რომ სემინარიაში ჩააბარებდა. ნეტარის საფლავზე იგი უკვე დიაკვნის ხარისხში ნაკურთხი მივიდა მადლიერების გამოსახატავად!