იქვე აღმართული იყო ჯვარი. კიბით შეგეძლო მასთან მიახლოება... ახლაც თვალწინ მიდგას ის წუთები, როცა ჯვართან ვიდექი, როდესაც სანთლები ციალებდნენ და იღვენთებოდნენ, ახლაც მახსოივს ის დამატყვევებელი სურნელი, რომელიც ჰაერში იფრქვეოდა. ჩემი მოგონება, ალბათ, ღვთის ნება იყო, რადგანაც ის წუთები წმინდათაწმინდა გახლდათ". ეს მისი სიყრმის ყველაზე ნათელი მოგონება იყო.
ბერ ანდრიას (ერში ნუგზარ მილორავა), დედით სვანს, ძალიან უყვარდა ეს დღესასწაული და ის დღეც არ ავიწყდებოდა, როცა 4 წლისა პირველად ბილიკს მაღლა და მაღლა აჰყავდა და დანისლულ ტყეში შეჰყავდა, სადაც "გოროზი კლდიდან შლეგი ჩანჩქერები ნაპრალებზე ხტიან და კისრისტეხით ჩაედინებიან აშარ ენგურში".
სწორედ ამ დღეს, წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს, 2011 წლის 28 ივლისს, გარდაიცვალა. ამ დღეს გადასახლდა იმიერში მისი ხორციელი ტკივილებით გათანგული ძლიერი, უფლის მოყვარე და ამქვეყნად ბოლო ამოსუნთქვამდე უფლის მადიდებელი სული...
"ვისაც სიკეთის თესვა არ შეუძლია, მის სიცოცხლეს აზრი არა აქვს. სიკეთის მთესველი ადამიანი უზომოდ ბედნიერია".
"მადლი არის ის სიწმინდე, რაც გვიფართოებს უფლისკენ მიმავალ ვიწრობს, ის უნდა ვთესოთ დაუღალავად, სწორედ მადლისა და სიკეთის თესვის მამაპაპურმა ტრადიციამ გადაარჩინა ჩვენი ერი".
"გავა დრო და გავიზრდები. გავიზრდები და აუცილებლად დავეხმარები ღატაკთ, უსავანოთ, უბედურთ... იქნებ მართლა შევძლო ეს, იქნებ... დავიამო ჩემი ტკივილი", - წერდა ბერი ანდრია, როცა ჯერ კიდევ 10-12 წლის ლაღი, ჯანსაღი, ღვთისმოსავი, ბერობაზე მეოცნებე ყმაწვილი ნუგზარ მილორავა იყო. შემდეგ კი...
შემდეგ ღვთის სათნო ჭურჭელს სულიერად გამოსაწრთობად უცნაური, მისი ასაკისათვის არადამახასიათებელი, უმძიმესი სახის სიმსივნე აღმოაჩნდა.
2010 წლის მაისიდან ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ბავშვთა განყოფილების პაციენტის, მორჩილი ნიკოლოზის შეუდრეკელ სულს აშკარად ებრძოდა ბოროტი - ვერ კი გატეხა. ბავშვობის ოცნება, უფლის ნებით, 2011 წლის 13 აპრილს მარტყოფის "ღვთაების" მამათა მონასტრის მღვდელმონაზონმა, მამა შალვამ აუსრულა ჩვენი პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის, მეუფე იაკობისა და მეუფე შიოს კურთხევით - 8 თვე ლოგინს გაუნძრევლად მიჯაჭვული მორჩილი ნიკოლოზი ბერად აღკვეცეს, მისთვის სათაყვანებელი წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და მისი უხილავი მეგობრის, აფხაზეთში უმოწყალოდ დახვრეტილი მღვდელმონაზვნის, ანდრია ყურაშვილის სახელით.
ენით აღუწერელი ტკივილებით გათანგული ყმაწვილი, ბერი ანდრია შესთხოვდა დედას, მილედი ჩხვიმიანს:
"დედა, შემპირდი, რომ როცა ძალიან გაგიჭირდება, იმაზე იფიქრებ, რომ მალე ერთად ვიქნებით და ეს მარადისობაში იქნება, დე. მერე სულ ერთად ვიქნებით, ვერავინ დაგვაშორებს, ვერც ერთი სიმსივნე. ოღონდ უნდა ეცადო. შემპირდი, დე, და მამიკოსაც უთხარი მერე... უნდა გაძლიერდეთ, დე. დედა, გახსოვდეს, უფალს ხომ უყვარს ღვთისმშობელი, ალბათ მასაც ეხუტებოდა და ეფერებოდა და გრძნობდა დედაშვილურ სიყვარულს. მისი შექმნილია ეს სიყვარული და მას არ წაგვართმევს, დე. ამ სიყვარულს შევიგრძნობთ და ვიქნებით ბედნიერი და ისევ იმ სიყვარულს განვიცდიდეთ იქნება. გპირდები, დედა, მე გაძლევ ბერის სიტყვას, დე, ერთად ვიქნებით, ოღონდ მოინდომე.
დე, შენ და მამიკომ უნდა გააძლიეროთ ერთმანეთი, ერთმანეთის ჯვარი უნდა ზიდოთ. ბავშვი თუ არ გეყოლათ, აიყვანეთ და გაზარდეთ. დიდი მადლია, დე. ძალიან მიჭირს, დედა, ამაზე რომ გელაპარაკები, მაგრამ რა ვქნა, დედა. რომ იცოდე, როგორ ძალიან მინდა სიცოცხლე. მინდა ჩემი ოცნების ასრულება - მონასტერში მოღვაწეობა შევძლო. მაგრამ არ ვიცი, ღვთის ნება როგორი იქნება.
დე, იცი, როცა ის დრო დადგება, დე, შენ როგორც ღვთისმშობელმა დაითმინა, მორჩილად და მშვიდად ის ტკივილი, ისე უნდა დაითმინო, დე.
დე, ტაძარში იარე, დე, ყოველდღე იარე წირვაზე და ილოცე.
როცა გარდავიცვლები, მადლობდე უფალს, დე, და ეს დიდი მადლია. ღვთის წინაშე დიდ მადლს პოვებ, როცა ლოცვებით გამაცილებ..."
სულისა და ხორცის გაყრამდე სხვათათვის ლოცვას არ იშურებდა. ლოცვითა და მადლით იკვალავდა გზას ნათელი იმიერისკენ. საგზლად სიკეთე მიჰქონდა, მადლი, რომელსაც აქვე თესავდა. მისი პალატა-კელიისკენ ეჭირათ თვალი ამ განყოფილების პატარა პაციენტებს, აქ ხომ ბერი ანდრიას თბილი მზერის, ნუგეშის, კეთილი სიტყვის, მისი ლოცვა-ფერების გარდა, სასურველი და სანატრელი საჩუქრები ელოდათ. კეთილმა ახალგაზრდა ბერმა იცოდა, რა გაახარებდა, გაახალისებდა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, იცოდა, ვის რა სჭირდებოდა, რა გამოადგებოდა, იცოდა, როგორ ენუგეშებინა მათი და მათნაირი სენით დაავადებული გარდაცვლილი ბავშვების მშობლები. სწორედ მათზე ზრუნვას სთხოვდა და უბარებდა მშობლებს, ახლობლებს უფლის გზისკენ მიმავალი ბერი ანდრია. მისი ბოლო სიტყვებიც ხომ ეს იყო: "დე, ხომ არ მიატოვებ მარიამს და ამ ბავშვებს, დე, ხომ მპირდები?"
მისმა მშობლებმაც არ დააყოვნეს, შექმნეს შვილის, ბერი ანდრიას სახელობის ფონდი, უფლის ნებით ეხმარებიან კეთილ ადამიანებს მადლის გამრავლებაში, ზრუნავენ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი მშობლების სულისა და ხორცის სიჯანსაღეზე.
საბანკო კოდი GE 73 თB 71 7153 6080 1000 02
სატელეფონო ზარები
0-901 50-05-35
ჯეოსელი, მაგთი, ბილაინი
მიმღები ბერი ანდრიას
სახელობის ფონდი