გვესაუბრება ათონის წმინდა მთის, წმინდა პავლეს მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერი, სქემ-მონაზონი იერონიმე:
-"არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაითა თქუენ წარხვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ" (იოან.15:16).
იოანეს სახარებაში უფალი ამ სიტყვებით, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი რომელშიც ჩაითესა სურვილი მონოზვნური ცხოვრებისა, მასში ეს არ მომხდარა ყველაფრისგან დამოუკიდებლად, თავისით, რადგან უფალმა მოუწოდა ამ ადამიანს, რომ შედგომოდა ასეთი ცხოვრების წესს, ვინაიდაინ მონოზვნურ ცხოვრებას ჩვენ კი არ ვინდომებთ, არამედ უფალმა გამოგვარჩია, მოგვიწოდა და დაგვადგინა ასეთ გზაზე. მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ეს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, რადგან ღმერთი არავის ნებას არ ეწინააღმდეგება, მან ადამიანებს მოგვცა თავისუფალი ნება, მოგვანიჭა არჩევანის გაკეთების უფლება და თვითონ არ ერევა ჩვენს არჩევანში.
თუმცაღა ის, რომ ვიღაც აღიკვეცება მონაზვნად, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უფლის რჩეულია, რადგან სახარებაში ასეთ რამეს გვეუბნება მაცხოვარი: "რამეთუ მრავალ არიან წვეულნი და მცირედი – რჩეულნი" (მათ.22:14).
ბევრი ადამიანი მიდის მონასტერში, ზოგის ძალა არ მოდის შესაბამისობაში სურვილთან და მალევე უბრუნდება საერო ცხოვრებას, მრავალი ფაქტი არსებობს, როცა მონასტერში მოსული ადამიანი, თუნდაც (კაბოსანი თუ უკაბო) მორჩილი, თუნდაც სამონაზვნედ (მონაზვნად) აღკვეცილი ადამიანი დაბრუნებულა საერო ცხოვრებაში, ვინაიდან მათ თავი ვერ იპოვეს ასეთი ცხოვრების წესში.
მაგრამ ერთია, როცა აღკვეცამდე ბრუნდება საერო ცხოვრებაში ადამიანი და მეორეა, როცა უკვე აღკვეცილი ადამიანი ბრუნდება ერში, რადგან პირველი შემთხვევა მისაღებია და კარგიც, რომ ადამიანი მალევე, დროულად მიხვდა და გამოარკვია საკუთარ სულში, რომ მისი ინტერესი და მოწოდება არ იყო ასეთი ცხოვრება.
ხოლო მეორე შემთხვევაში, ადამიანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება და გამოსავალი ამ პრობლემიდან ფაქტობრივად არ არსებობს ერში დაბრუნების თვალსაზრისით, ვინაიდან ადამიანმა უკვე დადო სამონაზვნო აღთქმა უფლისა და მთელი ზეციური დასის წინაშე, აღკვეცის დროს პირდაპირ ეუბნება აღმკვეცელი-აღსაკვეცს: "იხილე შვილო თუ ვითართა აღთქმათა აღუთქუამ მეუფესა ქრისტესა, რამეთუ ანგელოზნი აქა მდგომარენი არიან უხილავად, და აღჰსწერენ აღსარებასა შენსა, რომელი ესე იძიოს შენგან დღესა მას მეორედმუსვლისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა". ანუ წინასწარ აფრთხილებს მოძღვარი, რომ დაფიქრდეს თუ ვის აძლევს აღთქმას და რომ მის მიერ დადებული აღთქმების პასუხისგება მოხდება მეორედ მოსვლის დროს, ეს იმას ნიშნავს რომ მონაზვნის აღთქმა, რომელიც უფალს მისცა, არის სამუდამო და ამ პასუხისმგებლობას ის ვერასდროს გაექცევა, რადგან მან ეს აღთქმა საკუთარი სურვილით დადო, აღკვეცის ერთ მომენტში სწორედ ამას შეახსენებს წინამძღვარი თავის სულიერ შვილს: "იხილე, რამეთუ არა ვინ გაიძულებს მიღებად წმიდისა ამის სქემისა, იხილე, რამეთუ შენ თვისითა ნებითა გამოირჩიე ესე წინდი, დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისა", რაზეც მონაზონმა პასუხი გასცა: "ჰე, ნებითა ჩემითა, პატიოსანო მამაო". ამიტომ ის მონაზონი ვინც საკუთარ არჩევანში ეჭვს შეიტანს და განუდგება მის მიერ არჩეულ ცხოვრებას, ვერავის დააბრალებს იმას, რომ ძალით აღკვეცეს, რადგან ეს ასე არ და ვერ მოხდება.
ფოტოზე: მამა იერონიმე და არქიმანდრიტი პართენი - წინამძღვარი წმინდისა მონასტრისა პავლესი, ნეა სკიტისა და ლაკო სკიტისა.
ასევე აქტუალურია, როცა ხშირად იძიებენ ერის ადამიანები დიდი ინტერესის და ცნობისმოყვარეობის გამო, ამა თუ იმ ადამიანის მონაზვნად აღკვეცის მიზეზს.
ხშირად ამას უკავშირებენ საერო ცხოვრებაში გადატანილ დიდ ტრაგედიების, ასევე დიდ წარუმატებლობას ან კრახს, ან რაღაც ძალიან მძიმე და მომაკვდინებელი ცოდვის ჩადენას და ა.შ რასაც სამწუხაროდ ხშირად თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი მონაზონი რის გამო წავიდა მონასტერში. ვფიქრობ, ეს ძალიან პირადული და ინდივიდუალური საკითხია, რაზეც წესით საუბარი არ შეიძლება.
უმთავრესი მიზეზი კი მონასტერში მოსული ადამიანისა არის ღვთის სიყვარული, რომლის გარეშეც ის იქ უბრალოდ ერთი დღეც ვერ გაჩერდება. დანარჩენ მიზეზებზე კი ბევრჯერ დაწერილა და უსაუბრიათ წმინდა მამებს, მათ შორის წმინდა იოანე სინელს, რომელმაც მონასტერში წასვლის მსურველთა სამი კატეგორია გამოყო:
პირველი - ნაწილი ადამიანებისა მონასტერში საერო ცხოვრებაში ჩადენილი მძიმე ცოდვების გამო მიდის.
მეორე - სამაგიეროს მიღების სურვილი, ანუ როცა ადამიანი ფიქრობს რომ ღმერთს თუკი ემსახურება: ლოცულობს, მარხულობს და ხშირად ეზიარება, უფალი ამას დაუფასებს და სანაცვლოდ სასუფეველში დაამკვიდრებს .
და მესამე - ღვთის სიყვარული - ამგვარი სანატრელი მიზეზით მონასტერში მოსულ ადამიანებს , ის ცეცხლი, რაც გულში უნთიათ, დიდად ეხმარება, რომ იყვნენ მოშურნეები და მოიპოვონ მადლი და ნიჭი სულისა წმინდისა.
ბოლოს კი წმინდა იოანე ასეთ რამეს ამბობს: "თუ ამ სამიდან არც ერთი არ იყო მათი განზრახვის მიზეზი, მაშინ ამ უკანასკნელთა სოფლიდან გასვლის მიზეზი უგუნურება ყოფილა.", ასე რომ ძალიან ფრთხილად და დაფიქრებულად მიღებული გადაწყვეტილებაა საჭირო აღკვეცისთვის. მაგრამ წმინდანი იქვე დასძენს, რომ "ნურც მათ ვაძაგებთ, რომლებსაც რაიმე იძულებისა და გაჭირვების გამო დატოვეს სოფელი; რადგან მინახავს მიწაზე შემთხვევით დავარდნილი თესლი, რომელიც აღმოცენდა, გაიხარა და უხვი ნაყოფი გამოიღო; სხვა კი საგანგებოდ დათესეს და უნაყოფო აღმოჩნდა". თუმცა, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათად გვხვდება. ამიტომ გამართლების პრინციპით არ უნდა მივუდგეთ საკუთარ არჩევანს.
ვისაც მონოზვნური ცხოვრება სურს, მათ წმინდა მამები განსაკუთრებულად აფრთხილებენ და აძლევენ რჩევას, რომ მონასტერში წასვლის სურვილი კარგად გამოიძიონ და გამოარკვიონ საკუთარ თავში.
სამწუხაროდ მონასტერში წასვლა და მონაზვნური ცხოვრების დაწყება, ბოლო დროს ძალიან ტენდენციური გახდა და ბერობა თითქოს ტრენდად იქცა. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი მართლმადიდებლური ქვეყნის მოქალაქე, განსაკუთრებით კი მორწმუნე საზოგადოება დიდი პატივისცემით და კრძალვით ექცევიან მონაზვნებს. ხშირად ხდება, როცა ბერებს ხოტბას შეასხამენ და განადიდებენ, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად. ამის შემყურე ადამიანს, რომელსაც უფიქრია მონაზვნობაზე, ეს ფიქრი შინაგანად უღვივდება და აღეძვრება სურვილი, რომ თვითონაც გახდეს მსგავსი ხოტბის შესხმის ადრესატი.
ამავდროულად, ჰგონიათ როგორი მარტივიც ჩანს გარედან ერთი შეხედვით მონასტრული ცხოვრება, ისეთივე მარტივია შიგნით ყოფნისას, მონასტრის წევრობისას, რაც მტკნარი სიცურეა. ხშირ შემთხვევაში ასეთი სურვილი გაუაზრებლად, საკუთარი შესაძლებლობების გაუაზრებლობით და უდიდესი პატივმოყვარეობითაა განპირობებული. ამიტომ, შეიძლება ადამიანი აჩქარდეს და თავისი ნაჩქარევი ნაბიჯით საკუთარი სული მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს.
ახლა კი ვისაუბროთ ისეთ შემთხვავაზე, როცა ადამიანი სწორად წყვეტს, რომ გადადგას ნაბიჯი სამონასტრო ცხოვრებისკენ და შეუდგეს სამონაზვნო ცხოვრების წესს. მონასტერში მოსული ადამიანი თუ აღმოაჩენს, რომ დროთა განმავლობაში, შინაგანად თავისუფლდება სულიერი სიმძიმეებისგან და მისი სული მსუბუქდება, ჰარმონიულ განწყობაზე დგება და უძლიერდება სურვილი მოშურნეობისა, მაშინ მან მიაგნო საკუთარ ცხოვრების გზას და სულის ნავსაყუდელს და თუკი პირიქით ხდება და ადამიანი მონასტერში მძიმდება, იბოჭება, მოწყენილობა ეუფლება და ტანჯვად აქვს ქცეული დროთა სვლანი, მაშინ იგი უნდა მიხვდეს, რომ მისი ადგილი მონასტერში არ არის.
მონასტერში მოსულ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი ნება-სურვილების დამორჩილება და არა ნება-სურვილებზე დამორჩილება... წმინდა პაისი ათონელი ამბობს: "არ წახვიდეთ მონასტერში, თუ თქვენ მთლიანად ვერ იმორჩილებთ გულს, იმიტომ რომ აუცილებლად დამარცხდებით.". თუმცაღა ამის გამომუშავება და საკუთარი სულის წვრთნა მონასტერში მოსვლის შემდეგ ხდება ყველაზე ეფექტური და ნაყოფიერი. წმინდა ბერი ღირსი იერონიმე ამბობს: "ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - მონანიების ცრემლები.", ანუ მთავარია, ადამიანი ღვთისა და ადამიანების სიყვარულით მოვიდეს მონასტერში და მისი სულიერი ხე აუცილებლად გაიზრდება, რომლის ფესვიც სიყვარული იქნება, სინანულის ცრემლებითა და ლოცვით კი უდიდესი ნაყოფი მიეცემა მონოზონს.
თუ ადამიანი ერის ადამიანთაგან განშორებას და სამონასტრო ცხოვრების დაწყებას, მათდამი ზიზღისა და სიძულვილის გამო ესწრაფვის, ეს ადამიანი ვერასდროს მოიპოვებს ჭეშმარიტ მონოზვნურ სულს, ვინაიდან მონოზონი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს "სრული ვითარცა მამა ზეციერი" (მათ. 5,48)
და ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა არის "შეიყვარო მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი" (მარკ. 12,31), აქედან გამომდინარე თუ ადამიანი ამბობს, რომ მას სძულს სოფელი და სოფლისანი და უყვარს მხოლოდ ღმერთი, დიდად ცრუობს. წმინდა იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) ამბობს: "ღვთისმოყვარემ ჯერ ძმა შეიყვარა; რადგანაც ეს მეორე პირველზე მეტყველებს.". თუკი ადამიანი მოყვასში ვერ ხედავს ღვთის ხატებასა და მსგავსებას და არ უყვარს ისე, როგორც საკუთარი თავი, ძალიან გაუჭირდება ასეთ ადამიანს მონასტერში ცხოვრება, რადგან მონასტერი შეიძლება ჩაკეტილი სივრცეა, მაგრამ შინაგანად ამავდროულად ყველაზე გახსნილი არეალია.
მონასტერში საძმოსთან კომუნიკაციისა და სულიერი წმინდა ძმური კავშირის გარეშე, კინოვიურ საცხოვრებელში ცხოვრება ბერს ძალზედ გაუჭირდება, ვინაიდან მონასტერი ერთი დიდი, უფლის მადლით შეკრული ოჯახია, სადაც სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სიწმინდე, უწყვეტი ლოცვის მადლი და ბედნიერება სუფევს. მონასტერში წინამძვარი არის მამა, ხოლო დანარჩენნი ერთმანეთის ძმები.
წმინდა მამა პაისი ათონელი ბრძანებს: "მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მოკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა ადამიანებს."
ჩვენი, მონაზვნების ცხოვრების რეჟიმი მოგეხსენებათ აბსოლუტურად განსხვავებულია ერში მცხოვრები ადამიანების დღის წესრიგისაგან, ვინაიდან ვიღვიძებთ მაშინ, როცა ერს ჯერ კიდევ ძინავს. გამთენიისას ვიწყებთ მსახურებას და ლოცვას უფლის წინაშე - მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.
როგორც საზოგადო მსახურებაზე, ასევე პირად ლოცვებში მუდამ ვევედრებით მონაზვნები ყოვლადწმიდა სამებას, რომ დაამყაროს "მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
პირადად ჩემთვის, დღე იწყება და მთავრდება საქართველოზე ფიქრით და ლოცვით.
ყველა ბერს აქვს რაღაც განსაკუთრებული თხოვნა უფალთან, რომლის აღსრულების მოლოდინშიც არიან, მაგალითად: ბერძენ ბერებს ჩემთვის უთქვამთ, რომ მათი ოცნებაა იხილონ კონსტანტინეპოლში მდებარე "აია სოფიას" ტაძარში აღვლენილი მართლმადიდებლური წირვა, ხოლო ტაძრის თავზე ჯვარი.
ჩემი თხოვნა არის ღვთის მიმართ ის, რომ ვიხილო საქართველო გამთლიანებული, გაბრწყინებული და დღე იგი სანატრელი, როცა აფხაზეთში დავესწრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას. დაე, უფალმა ინებოს რომ ასეც მოხდეს!
მშვიდობა და კურთხევა უფლისა თქვენზედა ივერიელნო, მადლი სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა!
ქრისტესმიერი სიყვარულით, საქართველოდან შორს მყოფი - საქართველოსთვის,
სქემ-მონაზონი იერონიმე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი