რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
თავი VII (გაგრძელება)
აპოლონის მონასტრის გარშემო ათამდე წარმართული სოფელი იყო.
დიდი ტაძარიც ედგათ, რომელშიც კერპი დაესვენებინათ. ქურუმები, ბაკქელებივით გაშმაგებული ბრბოს თანხლებით, ამ კერპს შემოატარებდნენ ხოლმე სოფლებს და ასრულებდნენ თავიანთ ბილწ მსახურებას, ვითომდა წვიმის მოსაყვანად. სწორედ ამ რიტუალის დროს მათ გვერდით ჩაუარა ნეტარმა აპოლონმა, რამდენიმე ძმასთან ერთად. შეებრალა ეს საცოდავი, ბოროტი სულისგან გაშმაგებული ბრბო, მოიდრიკა მუხლნი, მოუხმო უფალს და მაცხოვარს ჩვენსას! რიტუალის მონაწილენი შეჩერდნენ, ფეხი წინ ვერ წადგეს - რაღაც უხილავი ძალა აკავებდათ. მთელი დღე საშინელი სიცხე მოსწვავდათ და არ იცოდნენ, რა უღობავდათ გზას... ქურუმებმა უთხრეს ხალხს: "უდაბნოს ახლოს ერთი ქრისტიანი ცხოვრობს, აპოლონი. ეს მისი ჩადენილია... თუ ის შეგვიწყალებს, უბედურებას თავს დავაღწევთო".თავი VII (გაგრძელება)
ყოველი მხრიდან უამრავი ხალხი მოვიდა ამბის გასაგებად. კერპთაყვანისმცემლები მხრებს იჩეჩდნენ - ეჭვად გვაქვს, რომ ეს ერთი კაცის საქმეა და ვთხოვთ შეგვიწყალოსო.
- მართალია, აქეთ მომავალი ჩვენც დავინახეთო, - პასუხობდა ხალხი. ელჩი გაუგზავნეს ღვთის კაცს და დაჰპირდნენ, - თუ გაგვათავისუფლებთ ამ საკვრელთაგან, მაშინ ის ჩვენს ცდუნებათა საკვრელებსაც დაამსხვრევსო.
ამბა მაშინვე მივიდა მათთან, ილოცა და გახსნა ისინი უხილავ ბორკილთაგან. ყველა ერთსულოვნად მიცვივდა მასთან, რწმენით თაყვანი სცეს ღმერთს და მადლობა შესწირეს.
საოცარი რამ ხდებოდა: ხის კერპი ცეცხლს მიეცა, ხალხი მიჰყვა ღვთის კაცს, მისგან სწავლობდა რწმენის საფუძვლებს და შედიოდა ღვთის ეკლესიის წიაღში.
ბევრი დარჩა მაშინ მასთან, ახლაც კი შეგიძლიათ ნახოთ ისინი სავანეებში. ეს საკვირველი ამბავი გავრცელდა და იმ ქვეყანაში თითქმის არ დარჩა კერპთმსახური.
კარგა ხნის მერე საზღვრების გამო მტრობა ჩამოვარდა ორ დასახლებას შორის. ეს რომ შეიტყო, ღვთის კაცი სწრაფად გაეშურა მათ მოსარიგებლად. მაგრამ სიძულვილით ავსებულ მტრებს მშვიდობა არ სურდათ. განსაკუთრებით ერთ მხარეს - ეიმედებოდა ვიღაც ავზაკის ძალისა. ეს კაცი, როგორც ჩანს, იყო კიდეც წამქეზებელი. მისი სიჯიუტე რომ შეამჩნია, აპოლონმა უთხრა: "მეგობარო, მშვიდობის ჩამოგდებაში თუ დამეხმარები, შევევედრები ღმერთს, რომ შეცოდებანი შეგინდოს".
ამის გამგონე ავაზაკი ვედრებით ჩაუვარდა ღვთის კაცს ფეხებში. მერე კი მიუბრუნდა მომხრეებს და უბრძანა, მშვიდობიანად დაიშალეთო. ყველა შინ წავიდა, თვითონ კი დარჩა აპოლონთან. აპოლონმა ის თავისთან წაიყვანა, თან გზაში არიგებდა: - უპირველესად აუცილებლად სრულიად უნდა შეცვალო შენი ცხოვრება, მოთმინებით ევედრო ღმერთს გულმოწყალებას... რწმენით ელოდე პირობის ასრულებას... რამეთუ ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნეთათვის.
საღამოს ისინი ერთად დაწვნენ სენაკში დასაძინებლად. ორივემ ერთი და იგივე სიზმარი ნახა: ისინი ზეცაში, ქრისტეს საყდრის წინაშე დგანან... გარშემო ანგელოსები და წმინდანები ლოცვებს აღუვლენენ უფალს. თვითონაც ლოცვას იწყებენ... ღვთის ხმამ დაიქუხა მათ თავზე:
- არ არის კავშირი ნათელისა ბნელთან, არც ნაწილი უძევს ურწმუნოს მორწმუნესთან!.. შენი ლოცვების გამო, აპოლონ, მიეცემა მას ცხონება.
რასაც ისინი ხედავდნენ და ესმოდათ, ვერც ენას შეუძლია გამოთქვას და არც ყურს ძალუძს მისი მოსმენა...
გამოეღვიძათ და ყველაფერი უამბეს გაოცებულ ძმებს. მონანულმა და უკვე განწმენდილმა ავაზაკმა შეიცვალა ცხოვრება, შინაგანი წყობა, მოიქცა სიწმინდისა და ღვთისმოშიშებისკენ, ნამდვილი მგელი კრავად იქცა, ესაია წინასწარმეტყველის სიტყვისაებრ: "მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა და ვეფხვი თიკანთა თანა განისვენებს და ზვარაკი და ლომი და კურო ერთად ძოვდენ" (ესაია 11,6).
აპოლონის სავანეში რამდენიმე ეთიოპიელიც (ინდოელი) ვნახეთ. ისინი ბერებთან ერთად ცხოვრობდნენ და მრავალ მათგანს აღემატებოდნენ კიდეც ღვთისმოშიშების სიმკაცრით და სულიერი სრულყოფილებით, თითქოს აღსრულდა წმინდა წერილის სიტყვები - "ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემად ღმრთისა" (ფს. 67,32).
წმინდა აპოლონის ნამოქმედარზე გვიამბეს: ერთხელ ასევე ატყდა ჩხუბი ქრისტიანთა და წარმართთა დასახლებებს შორის. დატრიალდა იარაღი. შემთხვევით მათ სიახლოვეს წმინდა აპოლონმა ჩაიარა. სცადა მტრად წაკიდებულთა შერიგება, მაგრამ მტრობის გამჩაღებელი წარმართთა მთავარი, კაცი უხეში და სასტიკი, მძვინვარებდა: - მშვიდობა არ იქნება! არ დავუშვებ, თუნდა თვით სიკვდილი მოვიდესო!
- კარგი, იყოს შენი სურვილისაებრ, - უთხრა ამბამ, - შენს გარდა არავინ დაიღუპება და შენი ზნის თანახმად, შენი საფლავი მძვინვარე მხეცებისა და მტაცებელი ფრინველების მუცელი იქნება!
წმინდანის სიტყვები მაშინვე ასრულდა. შეტაკებაში არავინ მოუკლავთ წარმართების მეთაურის გარდა და ნადირ-ფრინველთაგან დაფლეთილ-დაძიძგნილი ქვიშაში ჩაფლეს... ყველანი გაოცებულნი იყვნენ წინასწარმეტყველების საოცარი აღსრულებით და უფლისა და მაცხოვრის რწმენისკენ მიიქცნენ, ადიდებდნენ აპოლონს, როგორც წინასწარმეტყველს...
დადგა წმინდა აღდგომის დღე. სადღესასწაულო ცისკარი ილოცეს. ძმები ეზიარნენ წმინდა საიდუმლოებას. დარჩენილი მარაგიდან მომზადდა კერძი ძმების მოსაძლიერებლად. ჰქონდათ მხოლოდ მცირეოდენი დაობებული პური და მწნილი... წმინდა აპოლონმა თქვა:
- თუ გვაქვს რწმენა, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურებს, მაშინ დაე თითოეულმა თქვენგანმა ამ სასიხარულო დღისთვის გამოითხოვოს ღვთისგან ის, რასაც სიამოვნებით შეჭამდა.
ძმებმა თვითონ მას სთხოვეს, ღვთისთვის მიემართა, რადგან ყველას აღემატებოდა ასაკითა და მოღვაწეობით. ამბამ ცხოველი სიხარულით გადმოღვარა ლოცვა ღვთის წინაშე. დასასრულს კი ყველამ თქვა, - ამინ! უეცრად მღვიმის შესასვლელთან გამოჩნდა სრულიად უცნობი ხალხი უხვი, მრავალფეროვარი კერძით ხელში. მათ შორის იყო ისეთი ჯიშის ვაშლი, რომელიც ეგვიპტეში არ ხარობს, ყურძნის უჩვეულოდ დიდი მტევნები, კაკალი, ლეღვი, ფინიკი, ბროწეული, ფიჭის თაფლი და რძე, უზარმაზარი ასურული ფინიკები და უჩვეულოდ თეთრი თბილ-თბილი პური, ისიც, როგორც ჩანდა, უცხო ქვეყნის ხორბლისა იყო. მოიტანეს და სასწრაფოდ უკან დაბრუნდნენ. ბერებმა მადლობა შესწირეს ღმერთს და შეუდგნენ ტრაპეზს. უხვი სანოვაგე სულთმოფენობამდე ეყოთ.
აი, კიდევ რა გვიამბეს: ძმათაგან ერთ-ერთს თავმდაბლობა აკლდა, ჭირვეული იყო და ამით იტანჯებოდა. უფალს ევედრებოდა, მისთვის თავმდაბლობა და სიმშვიდე ებოძებინა. მართლაც, მისი ლოცვით მიეცა ეს მადლმოსილი ნიჭი - რითაც ძმები გაოცებულნი დარჩნენ.
ერთხელ თებაიდაში შიმშილობა ჩამოვარდა. ხალხმა იცოდა, რომ განდეგილები, აპოლონთან ერთად, ღვთის მადლით ხშირად საკვების გარეშეც განძღებოდნენ. მივიდნენ მასთან და სთხოვეს საზრდელი და კურთხევა. აპოლონს უყოყმანოდ გამოჰქონდა ძმათათვის განკუთვნილი საჭმელი და უხვად ურიგებდა თითოეულს. სამი კალათიღა იყო დარჩენილი. შეჭირვებულთა შემყურემ გამოატანინა ძმებს, აღამაღლა ხელები ზეცად და შეკრებილი ხალხის გასაგონად წარმოთქვა:
- ნუთუ უფლის ხელს არ შეუძლია მისი გამრავლება? ასე ამბობს სულიწმინდა: არ გამოილიოს კალათებში პური, ვიდრე ჩვენ ყველა ახალ ნაყოფს არ ვიგემებთ!
მრავალი თვითმხილველი გვარწმუნებდა, რომ ოთხი თვის მანძილზე არ შეუწყვეტიათ კალათიდან პურის ამოღება და მას არ აკლდებოდა... სხვა დროს მან ამგვარივე რამ მოიმოქმედა თესლსა და ზეთზეც... როგორც გადმოგვცეს, მისი სულის იერით შეშინებულმა ბოროტმა სულმა უთხრა: - ელია წინასწარმეტყველი ანდა მოციქული ხომ არ ხარ, რომ ბედავ ასეთი ნიშ-სასწაულების მოხდენასო.
- რას ამბობ? - შეეპასუხა აპოლონი, - განა წინასწარმეტყველები და მოციქულები ადამიანები არ იყვნენ, და განა მათ არ შეეძლოთ გადმოეცათ ჩვენთვის თავიანთი რწმენა და მადლმოსილი ძალა? განა მხოლოდ მაშინ იყო ღმერთი და ახლა აღარ არსებობს?! ნუ იყოფინ!.. ღმერთი ყოვლისშემძლეა და რის გაკეთებაც ძალუძს, ყოველთვის აკეთებს! მაგრამ თუ ღმერთი ასეთი სახიერია, მითხარი, შენ რატომ ხარ ასეთი გაბოროტებული.
ჩვენ ვხედავდით, ცარიელ მაგიდებზე როგორ დგამდნენ პურით სავსე კალათებს, ნატრაპეზევს მათ არაფერი აკლდებოდა...
საერთოდ, მრავალი საოცარი რამ ვიხილეთ წმინდა აპოლონის სავანეში სტუმრობისას, რაზეც უთუოდ უნდა მოგითხროთ.
სამნი ძმანი გავემგზავრეთ მასთან. სავანიდან ჯერ კიდევ შორს ვიყავით, როცა ძმები ფსალმუნთა გალობით შემოგვეგებნენ - სამი დღით ადრე იცოდნენ ჩვენი სტუმრობის ამბავი. მიწამდე თავი მოგვიდრიკეს და ძმურად გვეამბორნენ. ერთმანეთს ჩვენზე მიუთითებდნენ და ამბობდნენ: - ეს ის იერუსალიმელი ძმები არიან, რომელთა მისვლაზეც სამი დღის წინ გაგვაფრთხილა ამბა აპოლონმაო.
დამხვედრ მამათაგან ერთ-ერთი წინ მიგვიძღოდა, დანარჩენები კი უკან მოგვყვებოდნენ. წინანიც და უკანანიც ფსალმუნებს გალობდნენ. სავანე გამოჩნდა. ფსალმუნთა გალობაზე თვით წმინდა აპოლონი გამოვიდა ჩვენს შესახვედრად, მოიდრიკა მიწამდე თავი და დაგვკოცნა. შევედით სავანეში. უპირველესად ვილოცეთ, მერე კი აპოლონმა საკუთარი ხელით დაგვბანა ფეხები... იზრუნა, რომ მოგზაურობის შემდეგ მოვძლიერებულიყავით... ასე ეპყრობოდა ის ყველა სტუმარს.
ასეთი წესი ჰქონდა შემოღებული: მასთან მყოფი ძმები ხორციელი საზრდელის მიღებამდე წმინდა საიდუმლოს ეზიარებოდნენ ხოლმე. ეს ხდებოდა დაახლოებით დღის ცხრა საათზე. ამის მერე, ზოგჯერ საღამომდეც კი, ღვთის სიტყვას ჩაუღრმავდებოდნენ, შეუსვენებლად სწავლობდნენ საღმრთო სჯულს, მზის ჩასვლისას იტრაპეზებდნენ. მერე ზოგი უდაბნოში გავიდოდა და ღვთის სიტყვას განიხილავდა, სხვები კი სავანეში რჩებოდნენ და გათენებამდე დაუდუმებლად ადიდებდნენ უფალს, ვითარცა დაუძინებელნი დარაჯნი. მე ვიყავი ამის მოწმე და თვითმხილველი... ზოგიც დაახლოებით დღის ცხრა საათზე ეზიარებოდა. ჩამოდიოდნენ მთიდან, მიმოიფანტებოდნენ მაშინვე და მხოლოდ ეს საღმრთო საკვები კმაეყოფოდათ. ასე იქცეოდნენ ისინი მრავალი დღის მანძილზე.