მამა ელისესთან პირველი შეხვედრა არ მახსოვს, ასე მგონია, მას სულ ვიცნობდი და სულ ისეთი იყო, როგორსაც ვიცნობდი. თუმცა, მოგვიანებით გავიგე, რომ მას ძალიან დიდი სულიერი ცვლილებები განუცდია. სანამ საერო კაცის ცოდვაბრალიანი ყოფიდან ბერის უდრტვინველ ცხოვრებამდე მივიდოდა, სულიერი კათარზისი განიცადა, დამნაშავეთა სამყაროდან ბერული სათნოების ხარისხში ავიდა და ციხე-საპყრობილიდან ღვთისმორჩილი ბერის წმინდა ამბიონზე ამაღლდა.
ჟურნალმა "კარიბჭემ" (2004 წლის #10) დაბეჭდა მამა ელისესა და მისი ძმის, არქიმანდრიტ ბენიამინის ფოტო. ძმებს შავი, ბერული შესამოსელი აცვიათ და სამღვდელო ჯვრები ჰკიდიათ. ბერების იქით სხვადასხვა მარკის მსუბუქი ავტომანქანები დგას, ბუნება მშვენიერობს და ცხოვრების თვალწარმტაცი ამაოებაა. ისინი ბერულ სამოსში ჩამყუდროებულები დგანან და საუბრობენ. რაზე შეიძლება საუბრობდეს ორი ძმა, ორი უფლისთვის თავშეწირული კაცი, თუ არა იმ დიდ სიყვარულზე, რომელმაც ისინი ცხოვრების ამაოებაზე აამაღლა და უფლის გზას შეუყენა. ისინი ამ სურათზე მორჩილები, მშვიდები და ძალიან ლამაზები არიან, რადგან ლამაზია მათი ფიქრი და საქმე. მათ სახეებზე სწორედ ამ ფიქრთა და საქმეთა სილამაზეა ასახული.
ერთხანს მარტყოფის ღვთაების მონასტერში ვცხოვრობდი, სადაც ერთი დღით გვესტუმრა ფოკის მონასტრის წინამძღვარი იღუმენი ელისე - ძმასთან, მამა ბენიამინთან ჩამოვიდა. ძმებმა ერთად წირეს. წირვის შემდეგ მამა ბენიამინმა იქადაგა. ამ დროს აღსავლის კარი ღია იყო და მის სიღრმეში კარგად ჩანდა მამა ელისე, რომელიც ტრაპეზთან იდგა და დიდი რუდუნებით უვლიდა ბარძიმს. ბარძიმის მიმართ მოწიწება საყოველთაოდ არის ცნობილი, მაგრამ მამა ელისეს ფრთხილი და სიყვარულით აღსავსე დამოკიდებულება სხვათაგან განსხვავებული იყო. წმინდა ჭურჭელს კი არ ეხებოდა, არამედ ეფერებოდა. ჯერ ვერცხლის კოვზს ხმარობდა. იმით ნელ-ნელა მოუარა წმინდა შიგთავსს. მერე წითელი ბაღდადით გამოწმინდა. ხელს ნელა, ხაზგასმული მოწიწებით ამოძრავებდა და ყოველ მოძრაობაში ბარძიმის მიმართ განსაკუთრებულ მოწიწებას ამჟღავნებდა.
მრავლისმეტყველად მეჩვენა ეს ფაქტი, რადგან ერთი ძმა ამბიონზე იდგა და უფლის სიყვარულს ქადაგებდა, მეორე ძმა კი წმინდა ტრაპეზთან იყო და ამ სიყვარულს ბარძიმის მიმართ მოქმედებაში გამოხატავდა, ერთი - სიტყვით და მეორე საქმით ემსახურებოდა უფალს.
***
ქრისტეშობიდან 2000 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წინამძღოლობით ქრისტესავით ჯვარცმული აფხაზეთი მოვილოცეთ. მომლოცველთა შორის მამა ელისეც ბრძანდებოდა. წინ ივერიის ღვთისმშობლის ხატი გავიძღოლეთ, ფეხით გადავედით დევნილი მოსახლეობის ცრემლით დასველებულ უღელტეხილზე და კოდორის ხეობაში დავეშვით.ღამე სტუმარმასპინძლობით ცნობილ კორძაიების ისტორიულ სახლში გავათენეთ. ამ სახლის ყოველი კედელი სტუმრის სიყვარულით სუნთქავს და მასში საქართველოზე მოფიქრალი ადამიანები სახლობენ. აფხაზეთის მიწაზე ყოფნით აღფრთოვანებულს არ დამეძინა და აივანზე გავედი. მთვარით განათებულ აივანზე მამა ელისე ზურგით იდგა და სოხუმისკენ დამავალ მთებს გასცქეროდა. ცრემლჩამდგარი მზერით მშობლიურ ქალაქს ეფერებოდა.
მამა ელისე აფხაზეთში დაიბადა, აფხაზეთში გაიზარდა და ბოლოს აფხაზეთის მიწაზე ტრაგიკულად აღესრულა. იგი თავიდან ბოლომდე ამ მიწის ერთგული დარჩა, რადგან მისთვის აფხაზეთის მიწა საწყისიც იყო და სასრულიც.
***
თბილისში გავიცანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ერთი ჯგუფი. მათ საზაფხულო არდადეგებზე ჯავახეთში, ფოკის მონასტერში გაიცნეს ამ მონასტრის წინამძღვარი მამა ელისე ბელქანია. წინამძღვარმა მათზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ამის შესახებ ძალიან დიდხანს საუბრობდნენ. გაიხსენეს მამა ელისესთან ერთად აბულის მთის მოლოცვა: - მიუხედავად ზაფხულისა, მწვერვალზე ციოდა. კანკალმა აგვიტანა, ხელები გვეთოშებოდა და სანთელსაც კი ვეღარ ვანთებდით. მამა ელისემ გვითხრა, ვილოცოთ და დაგვთბებაო. დავიწყეთ ლოცვა. უკვე აღარ ვკანკალებდით და მთის სიცივეც ნაკლებად გვაშფოთებდა. ისეთი სიმშვიდე ჩამოდგა, რომ სიცივე აღარ გვახსოვდა. ლოცვის დროს მოჯარული ღრუბლები გადაიყარა და ცაზე ლამაზი ცისარტყელა გამოჩნდა. მისი ფერების სიკაშკაშემ გაგვაკვირვა. შინაგანად უფალთან სიახლოვე ვიგრძენით და სული საზეიმო განწყობილებით აგვევსო. აბულის მთაზე მამა ელისეს ლოცვა არა მხოლოდ ყურით გვესმოდა, არამედ მთელი არსებით განვიცდიდით. მის ხმას ისეთი სითბო და სიყვარული მოჰქონდა, რომ გვინდოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო.ჯავახეთის ჯგუფის წევრები სხვა კიდევ ბევრ რამეს იხსენებდნენ მამა ელისეს შესახებ და ყველა მათ მონათხრობში მოძღვრის სიყვარული და გამორჩეული პატივისცემა იგრძნობოდა. ამიტომ, როდესაც მამა ელისეს ხსოვნის პატივსაცემად სამომლოცველო მსვლელობის გამართვა გადავწყვიტე, პირველად სწორედ ჯავახეთის ჯგუფის წევრებს დავუკავშირდი. მომლოცველობაც მათი ტაძრიდან დავიწყეთ და ფეხით მივეახლეთ ახალგაზრდებში ესოდენ მაღალი რწმენითი გულმხურვალების აღმძვრელი იღუმენის ელისე ბელქანიას საფლავს მარტყოფის ღვთაების მონასტერში. ეს მომლოცველობა მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით შედგა.
უნივერსიტეტის ეზოში არსებულ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას დავესწარით და შემდეგ საეკლესიო ბაირაღებით, ხატებითა და ლოცვით მამა ელისეს საფლავისკენ გავემართეთ. ლოცვით გავიარეთ დედაქალაქი და მარტყოფის მონასტრის გზას შევუდექით. მთელი გზა ვფიქრობდი: რა ბედნიერია კაცი, რომლისაც ასე სჯერათ, რომელიც ასე უყვართ და ასე ენატრებათ, რომლის სიტყვა და საქმეც ესოდენ დიდი პატივისცემის ობიექტად არის ქცეული.
ერთმა ახალგაზრდამ ხის გულსაკიდი ჯვარი მაჩვენა, რომელიც ოქროს ჯვარზე უფრო ეძვირფასებოდა - მამა ელისეს ხელით გამოთლილიაო და გაიხსენა, როგორი სიფაქიზით თლიდა ჯვრებს იღუმენი და ახალმოქცეულ სულიერ შვილებს ჩუქნიდა. მოძღვარი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი ხელით გამოთლილი ჯვარი კვლავაც იმ მკერდზე კიდია, რომელშიც უფლის სიყვარულით ანთებული გული ფეთქავს. მადლმოსილი ჯვარი წუთით გამოვითხოვე, ხელისგულზე დავისვენე და მოწიწებით ვეამბორე. მას ახლა, უბრალოდ, მამა ელისეს ჯვარი ჰქვია, რომელიც ისეთივე ძვირფასი და საყვარელია, როგორიც თავად მამა ელისე იყო.
***
იღუმენ ელისეს გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ მისი მშობლების მონახულება მომინდა. რატომღაც ამეკვიატა, რომ მათთვის საჩუქრად თაფლი მიმეტანა. ბაზარში სუფთა თაფლი საგანგებოდ შევარჩიე. ეს შერჩევაც რაღაც უცნაურად მოხდა. ერთმა თმაჭაღარა კაცმა თაფლის უამრავი ჭურჭლიდან ერთ-ერთთან მიმიყვანა: აი, ეს არის ის, რასაც შენ ეძებო. ბელქანიების ბინის კარი შავოსანმა დედამ გამიღო. ოთახი ხატებით იყო სავსე, კანდელი კრთოდა და საკმევლის საამური სურნელი იდგა. კედლიდან მამა ელისეს სათნო სახე და სიყვარულით სავსე თვალები იმზირებოდა. თაფლის ქილა მაგიდაზე დავდე.
მწუხარე დედას თვალები გაუფართოვდა და სახეზე ხელები აიფარა. წუთით გაირინდა, მერე ხელები დაუშვა და თვალცრემლიანმა მითხრა, - ალბათ არც იცით, აქ მოსვლით და ამ უცნაური საჩუქრით როგორი სასწაული აღასრულეთო...
"მამა ელისეს გარდაცვალების შემდეგ სულ ვლოცულობ და მისი სახე დედობრივი გულმხურვალებით მენატრება. ამას წინათ ღმერთს შევთხოვე, ჩემი შვილი იქნებ სიზმარში მაინც მახილო-მეთქი. წუხელის პირველად მეჩვენა. სასახლიდან წამოწეულიყო და გადმოსვლას ცდილობდა. ვერ გადმოდიოდა. ხელს თეძოზე იდებდა (მოგეხსენებათ, ხე, რომელმაც მამა ელისე იმსხვერპლა, სწორედ ამ ადგილზე დაეჯახა და მერე მთელი გულ-გვამი სასიკვდილოდ შეუნგრია). ეს ადგილი მტკივაო, წუხდა. რა გიშველის-მეთქი. თაფლიო. თაფლი მოტეხილობას როდის შველოდა-მეთქი. კი, თაფლი მიშველისო, დარწმუნებით გამიმეორა. გათენდა და თქვენც სწორედ თაფლი მოიტანეთ..."
დედის მონათხრობის თანახმად, იმდენად კანონზომიერი დამთხვევა აღესრულა, რომ ამ თითქოსდა მოულოდნელი დამთხვევის მიღმა არსებული იდუმალი ნება ვიგრძენი და პირჯვარი გამოვისახე: დიდება უფალს და დიდება მის საუფლო ნებას!
***
მარტყოფის ღვთაების მონასტერში მამა ელისეს საფლავი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთის მხარესაა. მისი ადგილსამყოფლის ჩრდილო-დასავლეთობა სიმბოლურად მეჩვენა, რადგან მამა ელისე აფხაზეთში დაიბადა, აფხაზეთისთვის მლოცველი ბერი იყო და თავისი მშობლიური აფხაზეთის ტერიტორიაზე აღესრულა. აფხაზეთი ჩვენი სამშობლო-ქვეყნისთვის სწორედ ჩრდილო-დასავლეთია. საფლავთან ყოველთვის უცნაური სიახლოვის განცდით მივდივარ, რადგან მისი უდროოდ გარდაცვალებული სულის მიმართ უცნაურ სიახლოვეს განვიცდი. წმინდა მამები ამას სულიერ ნათესაობას უწოდებენ.
ერთხელ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მის საფლავთან საგანგებო პანაშვიდი გადაიხადა. ცოტანი ვიყავით და ყველანი საფლავის გარშემო ვიდექით. მეუფის ლოცვა სადღაც შორიდან მესმოდა და რაღაც იდუმალი, არამიწიერი განცდა მოჰქონდა. უნებურად ტირილი წამსკდა. ბაგეები მაგრად მოვკუმე, რომ სლუკუნი არ დამცდენოდა, ცრემლები კი ღაპაღუპით ჩამომდიოდა. ბოლოს, მეუფე ნიკოლოზმა იქადაგა. იშვიათად მომისმენია ასეთი სრულყოფილი და მრავლისმეტყველი ქადაგება. გული დამწყდა, რომ ეს საუცხოო ქადაგება ვერ ჩავიწერეთ. მისი აღდგენა კი შეუძლებელია.
სწორედ ამ იშვიათმა ქადაგებამ გამახსენა ის ბიბლიური სწავლება, რომლის თანახმად ზოგჯერ უფალი ადამიანის პირით მეტყველებს. ვფიქრობ, ჩვენ მაშინ ნამდვილად ასეთ ბედნიერ შემთხვევასთან გვქონდა საქმე და საამისო იმპულსი საფლავის იმ ცივი ქვიდან მოდიოდა, რომლის ქვეშაც მამა ელისეს ცხელი გული ასვენია.
***
ამას წინათ ჯავახეთიდან მეგობრები მეწვივნენ. მათთან საუბარში ჩემი მშობლიური აბულის მთა მოვიკითხე. იგი ჩემთვის არა მარტო მშობლიური მთა, არამედ სულიერი ამაღლების ერთგვარი ციტადელიცაა, რომელზეც საკმაოდ ხშირად ვფიქრობ. მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ აბულზე ასვლა გაიხსენეს, როდესაც ღრუბლებში თავშერგულ მწვერვალზე მოულოდნელად მლოცველი ბერი დაინახეს. იგი ჩვენთან შეხვედრას მოერიდა და უხმოდ გაგვერიდაო. ვინ შეიძლება ყოფილიყო მთის მწვერვალზე მლოცველი ბერი? მე რატომღაც მაშინვე მამა ელისე გამახსენდა. ეს ალბათ იმითაც იყო განპირობებული, რომ ფოკის მონასტერი, რომლის წინამძღვარიც მაშინ მამა ელისე იყო, აბულის მთიდან არც ისე შორს არის. აბული არა მხოლოდ მესხეთის, არამედ მთელი სამხრეთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალია. იგი იერუსალიმისა და საერთოდ, უფლის მიწიერი ყოფისკენ მიქცეული საქართველოს ყველაზე მაღალი წერტილია. ასევე მაღალი წერტილია ჩვენი ზეცისკენ თვალმიპყრობილი სამშობლოსი. ამიტომ ძველი ბიბლიური ტრადიციის თანახმად, მასზე ლოცვა ჩემი გაუნელებელი ოცნებაა. და კვლავაც ვკითხულობ, ვინ იყო ის ბერი, რომელიც ჩემს ამ ოცნებას აღასრულებდა. შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ იგი მამა ელისე იყო.
***
უცნაური და მრავლისმეტყველი იყო მამა ელისეს გარდაცვალება. იგი კოდორის ხეობაში სამონასტრო ცხოვრების ასაღორძინებლად ჩავიდა. ჩაიტანა მისთვის დამახასიათებელი სიწრფელე და სიყვარული. მოსახლეობა მხარში ამოუდგა და სამონასტრო ყოფის მოწყობაში დაეხმარა. ერთ დღეს ტყიდან შეშის მოტანა გადაწყვიტეს. მამა ელისემაც მოინდომა გაყოლა. შეცბნენ სვანები: წინამძღვარი ტყეში როგორ გატაროთო?- მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ გემსახუროთ და არა პირიქით, - თქვა მამა ელისემ ღიმილით.
ცხადი იყო, ტყეში ერთად წასვლა მარტო შეშას არ გულისხმობდა. მოძღვარს ხალხთან ერთად ყოფნა და მუშაობა უნდოდა.
წავიდნენ უხმოდ და მშვიდად. მთელი ხეობა თოვლით იყო გადაპენტილი. აქაურობამ ზამთარიც ძალიან ლამაზი იცის. ნაძვები თეთრ ნაბდებს წამოიხურავენ და თოვლის თეთრ სიმშვიდეში ჩაყუჩდებიან. გაშიშვლებული ცაცხვები მლოცველებივით ხელაპყრობილნი დგანან. მთები კიდევ უფრო ზვიადი და მიუკარებლები ჩანან. ზამთრის თეთრი სიმშვიდე ამ დროს აქ ნამდვილად მეფობს.
კორძაიები იხსენებენ: "ყველასთვის საყვარელი პოეტი გოგლა ლეონიძე რატომღაც ჩვენი ხეობის დელეგატად იყო დასახელებული. იგი მამასთან (ვახტანგ კორძაიასთან) მეგობრობდა და განსაკუთრებით ზამთარში უყვარდა ჩვენთან სტუმრობა, აქაური ზამთრის პოეტურობას შეჰხაროდა.
სასმლითა და სიყვარულით შეზარხოშებული მგოსანი დათოვლილ ეზოში იდგა. მისი დიდი, შავი პალტო თოვლის ფონზე უფრო დიდი და შავი ჩანდა. სულგანაბული თოვლიან გარემოს გაჰყურებდა. მერე მის გასაცილებლად შეკრებილ დიდ-პატარას მოგვიბრუნდა, ტყის სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ორივე ხელი მაღლა, თეთრი მთებისკენ აღმართა და დაიბუხუნა: ასეთ მშვენიერ ქვეყანაში არ შეიძლება სიკვდილს ადგილი ჰქონდეს. აქ სულ უნდა იცოცხლოთ და იცოცხლოთ, ადამიანებოო!"
ხელები დაუშვა და უხმოდ წავიდა. წავიდა ის ზამთარიც. წავიდნენ და ცოცხლები აღარ არიან აღარც სასიცოცხლოდ ხელაწვდილი გოგლა და აღარც მისი მაშინდელი მასპინძელი. მაგრამ სიცოცხლე კვლავ გრძელდება. კორძაიების დიდი სახლი კვლავაც ელის სტუმარს. სიცოცხლის სადღეგრძელოს ისევ ხელაწეული ამბობენ სვანები; ამბობენ და ლოცავენ სიცოცხლეს, მაგრამ სიკვდილი მაინც არსებობს და მისი დაუნდობელი არსებობა ახლა იღუმენმა ელისე ბელქანიამ შეგვახსენა.
ხე მოჭრეს და დასაცურებელ ფლატეზე დაუშვეს. მორი ჯერ ნელა დაიძრა, მერე კი ისე სწრაფად წამოვიდა, რომ თოვლს გემივით მიანგრევდა. დასაცურებელი ხევი თავისუფალი იყო და იქ არავინ ჩანდა, მაგრამ ქვევით თოვლით გადათეთრებულ ხრიოკში მოულოდნელად შავი ლაქა გამოჩნდა.
- მამა ელისე! - იყვირა მორჩილმა ტარიელმა და ფლატეზე გადაეშვა.
ტარიელ გურჩიანი, აწ უკვე მამა გიორგი, აქაურია. იგი ერთ-ერთი საუკეთესო სახეა ზოგადად სვანობისა. მან სამი ძმა მიაბარა მიწას, იგი ცხოვრებისგან ნაცემი კაცია. ოჯახს ერთადერთ ძედ შერჩა, მიუხედავად ამისა, ცრემლი და ნაღველი გულში ჩაიბრუნა და ბერობის მძიმე გზას შეუდგა. ასეთი დიდი სულის მქონე ადამიანები ეკლესიასაც ამშვენებენ და ქვეყანასაც. ტარიელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, საეკლესიო მოღვაწედ მამა ელისეს საბერო სკოლაში ჩამოყალიბდა და ის გამორჩეულად უყვარს. ეს სიყვარული ახლა უკვე მის ღირსეულ ხსოვნაში გამოიხატება.
...ტარიელი დაქანებულ ხეს გამწარებული მისდევდა შესაჩერებლად. სხვები ქარაფში თოვლის კორიანტელით მიმავალი ხის წინ მოულოდნელად გამოჩენილ იღუმენს უყვიროდნენ, - გაეცალე! მამა ელისე, გაეცალეო!
მამა ელისემ მოიხედა. იგი უცნაურად მშვიდი ჩანდა. იმდენად მშვიდი, რომ გაცლა არც კი უფიქრია. იქნებ ამ მსუბუქსა და ფაფუკ თოვლში ხით გაჭყლეტა ვერც წარმოიდგინა.
ხე მამა ელისეს გვერდიდან დაეჯახა და წინ გაიძღოლა. მერე იქვე კლდეს შეანარცხა. მოძღვარი კლდეს ზურგით მიეხალა. საშინელი სისწრაფით მცურავი უზარმაზარი ხე მის სხეულს მიასკდა და ორიოდე მეტრზე ისევ უკან გამოვარდა. გაისმა ერთი ყრუ და საკმაოდ გაგრძელებული დარტყმის ხმა. ეს ხმა მკაფიოდ გაიგონეს ქარაფის თავზე დაფეთებული თვალებით გადმომდგარმა ადამიანებმა და ხეს გიჟივით გამონთებულმა ტარიელმა. ამ ხმამ თოვლში ჩამყუდროებულ ტყეს ჟრუანტელივით დაუარა და კოდორის მთელი ხეობა აავსო, მისწვდა დედა საქართველოს... სოხუმს ეს ხმა მაინც ვერ მისწვდა. სოხუმმა თავისი ერთგული შვილის ტრაგიკული სიკვდილი ვერ გაიგო და ვერც მისი აფხაზეთისკენ მომზირალი თვალების დახუჭვა განიცადა.
თეძო და გულგვამშელეწილი ბერი ერთხანს კლდეზე მიყრდნობილი დარჩა. მას ხელები აქეთ-იქით გაეშალა და თითებით კლდეზე მოჭიდებას ცდილობდა. ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს წააგავდა. შავი ანაფორა მკერდს ქვემოთ წამში გაწითლდა. სიწითლე მერე ქვევით წავიდა...
ტარიელი საკუთარი სისხლით გაწუწულ მოძღვარს მივარდა და მკერდში ჩაიკრა. უღონოდ მოწყვეტილი მოძღვარი მის ხელებში უხმოდ ჩაესვენა...
თეთრ თოვლზე მამა ელისეს სისხლი წითელი ყაყაჩოებივით ყვაოდა. თოვლი იყო უბიწოდ თეთრი და ძალიან ცივი, სისხლი კი ძალიან წითელი და ჯერაც თბილი.
საშველი აღარაფერი იყო, მაგრამ საშველად მოსული შვეულმფრენი კოდორის თავზე იმავე დღეს მოგუგუნდა. მის ფრთებქვეშ ავარდნილი თოვლის კორიანტელიდან პირველი მეუფე დანიელი გამოვიდა. ანაფორააკეცილი თოვლს დიდი ნაბიჯებით მოანგრევდა.
სისხლისგან დაცლილი ბერი ხის ტახტზე იწვა. მწუხარებით გამშრალი ადამიანები ფეხზე იდგნენ. მეუფემ მუხლი მოიყარა და საკუთარ სისხლში განბანილი ბერის წინაშე დაიჩოქა. ჩემო ელისე! - წარმოთქვა მან და თავი დახარა. ამ ორმა სიტყვამ ყველა იქ მდგომის გულში გაიარა და მერე ზეცისკენ გაფრინდა. ეს სიტყვები სვანეთის მთებმაც გაიმეორეს. გაიმეორეს მეუფეს მსგავსად - ჩემო ელისე!
ელისე ძველი ბიბლიური სახელია. ამ სახელში მოლოდინი ჟღერს. იგი იმაზე მიუთითებს, ვინც ელის, ანუ ვინც ელისეა. იღუმენი ელისეც ასე იყო. იგი სულ ელოდა. ელოდა თავის აფხაზეთს და ამ მოლოდინით აღსავსე აღესრულა. მისი ნათელი ხსოვნა ცოცხალი მოლოდინია აფხაზეთისა.
ლექსიკოლოგია ამ სახელს სხვაგვარად განმარტავს: ელისე ეწოდება მას, ვისიც მხსნელია ღმერთი. იღუმენი ელისე ბელქანია თავისი მხსნელი ღმერთისადმი გულმინდობილი და მისთვის თავშეწირული ბერი იყო. იგი ამ სახელს მთელი თავისი არსებით ატარებდა. ღმერთი თავისთავად ყველას მხსნელია, მაგრამ მამა ელისეს სახელი მისი საღმრთო ხსნის უშუალო მითითებას წარმოადგენდა.
მამა ელისე კოდორის ხეობიდან ანუ თავისი მშობლიური აფხაზეთიდან თავისი მხსნელი უფლისკენ გაემართა, მის ზეციურ სასუფეველში გადავიდა, რადგან იგი უფალმა იხსნა და ამიტომაც უფლისგან ხსნილ მარად ჭეშმარიტ ელისედ დარჩა.
P.S. ჩემთვის ესოდენ ძვირფას მამა ელისეზე წიგნის გამოცემას ვაპირებდი და მისთვის საჭირო მასალებს ვაგროვებდი, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა... უფლის სიყვარულისთვის დამაპატიმრეს და ციხეში ჩამსვეს. საპყრობილიდან ჩემი განთავისუფლებისთვის, როგორც იტყვიან, ერი და ბერი ფეხზე დადგა, მაგრამ უსამართლობამ სიმართლის ხმა მაინც არ შეისმინა. ამიტომ უფლის ერთგულებისთვის გამოტანილი საპატიმრო სასჯელი თავიდან ბოლომდე, უშეღავათოდ მოვიხადე. გათავისუფლებისთანავე დამირეკა ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა: მამა ელისეზე წიგნს ვამზადებ და მის გამოცემაში მონაწილეობას ხომ არ მიიღებო?
გაგახაროთ ღმერთმა! აღსრულდა დიდი ხნის ნატვრა, რადგან ჩემს საყვარელ იღუმენზე წიგნი გამოდის, მაშინვე მამა ელისეს დედასთან, ქალბატონ ციალასთან წავედი წიგნისთვის საჭირო მასალების გადასაცემად.
ორი ბერის გამზრდელი დედა კიდევ უფრო დაბერებული და გათეთრებული დამხვდა. სახეზე კვლავაც ღვთისმიერი ნათელი ეფინა, თვალებში ისევ სიმშვიდე და სიყვარული ედგა. მომიკითხა და დედობრივი სითბოთი მომეფერა.
შენ ალბათ არც კი იცი, შვილო, რომ მამა ელისეს რამდენიმე სურათიდან მირონმა დაიწყო დენა, - მითხრა ქალბატონმა ციალამ და ერთ-ერთ სურათზე მიმითითა, სადაც მე და მამა ელისე ერთად ვართ ასახული. ამ სურათის იდუმალება ადრეც მენიშნა, მაგრამ არაფერი ვთქვი, რადგან მასზე მეც ვარ გამოსახული.
- სურათი ლამინირებულია და დახურული ლამინატის შიგნით მოთავსებულ ფოტოქაღალდს არ დავკვირვებივარ, - ამბობს დედა და განაგრძობს, - ერთ-ერთმა მომსვლელმა ამ სურათზე ყურადღება გაამახვილა. ხელში აიღო და მეორე მხარეს დახედა. განცვიფრება ვერ დაფარა, რომ სურათის უკანა მხარე მთლიანად ზეთოვანი სითხით იყო გაჟღენთილი და ეს სითხე მის ძირშიც უხვად ჩამდგარიყო - დახურულ ლამინატში გარედან ვერავითარი სითხე ვერ მოხვდებოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ შევამჩნიეთ, რომ ლამინატის შიგნით ზეთოვანი სითხე მატულობდა. ლამინატი გაიბერა და სურათი ბურთივით ამოიბურცა.
გადავწყვიტეთ, ლამინატი გაგვეჭრა და მასში ჩამდგარი ეს უცნაური სითხე გამოგვეშვა. ამის თქმა იყო და, ლამინატის ერთი კუთხე თავისით გაიხსნა, საიდანაც საოცარი სურნელის მქონე ზეთმა დაიწყო დენა. სურათი ლამბაქზე დავაბრძანეთ და ზედ ბამბის ფთილები დავულაგეთ. ბამბა ზეთოვანი სითხით იჟღინთებოდა, რომელიც მერე მორწმუნეებს მიჰქონდათ. ეს ეკლესიის მოძღვრებმაც ნახეს. მომხდარის იდუმალება აშკარად ენიშნათ და აღფრთოვანებულებმა პირჯვარი გადაისახეს.
ძვირფასი შვილების ძვირფასმა დედამ მითხრა, - ბოდბის დედათა მონასტერში მონაზვნად აღვიკვეცები. რამდენიმე დღეში მონასტერში წავალ და ახალ ცხოვრებას დავიწყებო...
ფართოდ გაღებული სარკმლიდან ჩამავალი მზის ოქროსფერი შუქი შემოდიოდა და მისი სხივი მშვიდად მოსაუბრე დედის ჭაღარა თმას ეფინებოდა. დედა ზუსტად ოცი წლის წინ გარდამეცვალა, მამა ელისეს დედასთან შეხვედრისას კი ყოველთვის დედის იდუმალ სითბოს განვიცდი.
თავი ძლივს შევიკავე, რომ ხმამაღლა არ წარმომეთქვა ჩემთვის ესოდენ ძვირფასი და მონატრებული სიტყვა - დედა!
სასწრაფოდ დავემშვიდობე და წამოვედი.
მოვდიოდი და ვფიქრობდი: მამა ელისე იმიტომ იყო ასეთი საყვარელი, საყოველთაო სიყვარულით გარემოცული, რომ ასეთი დედის გაზრდილი იყო.
მეორე დღეს სამონაზვნოდ გამზადებული დედისთვის ყველაზე თბილი, ყველაზე რბილი და ყველაზე ლამაზი ფეხსაცმელი შევარჩიე, რათა მონასტერში სწორედ ჩემი ნაჩუქარი ფეხსაცმლით გამეცილებინა.
უფლის მოსიყვარულე ადამიანებთან შეხვედრა ყოველთვის შინაგან სიდიადეს გვანიჭებს. ეს ის სიდიადეა, რომელსაც ვერც ციხეში ჩასვამენ და ვერც დაივიწყებენ. ამიტომაც დაუვიწყარი და მარადიულია ხსოვნა ჩვენი ელისესი.
მოამზადა
გოგიტა მელიქიძემ
გოგიტა მელიქიძემ