პატრიარქმა ათონელი ბერებისგან თავად აიღო კურთხევა
ათონის მთა ხმელთაშუა ზღვაში, ქალკედონის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
გადმოცემის თანახმად, 680 წელს, VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებით, ათონის მთა საცხოვრებლად საბერძნეთის არქიპელაგის სხვადასხვა კუნძულზე გაფანტულ ბერებს გადაეცათ. სამი საუკუნის შემდეგ აქ ქართველებიც დამკვიდრდნენ და ქართული სავანე ააშენეს, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის სახელითაა ცნობილი. ათონური გადმოცემით, ეს სავანე ზუსტად იმ ადგილას აშენდა, სადაც ღვთისმშობლის ხომალდი მიადგა წმინდა მთას.როგორც ვიცით, ათონის ივერთა მონასტრის აშენება და იქ ბერმონაზვნური ცხოვრების დაწყება ხუთი უდიდესი ქართველი წმინდანის - იოანეს, ექვთიმეს, გაბრიელის, იოანე თორნიკყოფილისა და გიორგი მაშენებლის სახელს უკავშირდება.
ქართველები ყოველთვის ცდილობდნენ, დახმარებოდნენ ათონის ივერთა სავანეს. მონასტრის კეთილისმყოფელთა შორის იყვნენ საქართველოს მეფეები: ბაგრატ III და ბაგრატ IV, დავით აღმაშენებელი, გიორგი III, თამარი, კახეთის მეფეები - ლევანი და ალექსანდრე, ერეკლე II, იმერეთის მეფე სოლომონი და სხვები, რომელთა სახელები ივერთა მონასტრის აღაპებში იხსენიება. XV საუკუნის მიწურულს სავანე ახალციხის ათაბაგმა ყვარყვარე ჯაყელ-ციხისჯვარელმა და მისმა ძემ ქაიხოსრომ განაახლეს. მათი ძალისხმევით აშენდა მონასტრის დიდი ციხე-კოშკი და საავადმყოფო, განახლდა გალავანი.
სამცხის ეპისკოპოსს მეუფე ამბროსის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ძვირფასი პერანგით შეუმოსავს და მონასტრისთვის ოქრო-ვერცხლი შეუწირავს. XVII საუკუნეში აშოთან მუხრან-ბატონმა, წმინდა მოწამე ქეთევან დედოფლის მამამ, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ახალი ეკლესია აღაშენა, გაამშვენა და სრულიად მოახატვინა თავისი საფასით. თავადაც იქვე ყოფილა გამოხატული ძესთან, იესესთან ერთად.
ქართველი მამები XIX საუკუნემდე განაგებდნენ მშობლიურ სავანეს. 1801 წლიდან, როცა რუსეთთან შეერთების გამო მონასტერმა საქართველოს მეფეების მფარველობა დაკარგა, ქართველთა მდგომარეობა ათონის მთაზე შეიცვალა. მათი რიცხვი ივერთა სავანეში შემცირდა, რის გამოც მონასტრის წინამძღვრად ბერძენი მამები ინიშნებოდნენ.
1820-იან წლებში ათონი თურქთა ჯარმა დაიკავა. ბერძენი ბერების უმეტესობამ დატოვა ივერთა მონასტერი, სავანეში დარჩნენ მხოლოდ ქართველი და მხცოვანი ბერძენი მამები. იმხანად დიონისეს მონასტერში მოღვაწე ღირსი ილარიონ ქართველი უშიშრად წარდგა თურქთა ჯარის სარდლის, წარმოშობით ქართველის, ლიფური-ფაშას წინაშე და არაერთგზის ამხილა ჭეშმარიტი რწმენიდან განდგომასა და ქრისტიანებისადმი სასტიკ მოპყრობაში. ღვთის განგებით, ქრისტესთვის სიკვდილს მოწყურებული მამა ილარიონი ცოცხალი გადარჩა და მისი შუამდგომლობით ფაშამ ივერთა მონასტერი და ათონის სხვა სავანეებიც დაინდო.
ომის დასრულების შემდეგ ქართველ ბერებს მაინც მოუწიათ მშობლიური სავანის დატოვება და წმინდა ილია წინასწარმეტყველის სკიტში გადასახლება. ამ სკიტში მოღვაწეობდნენ წმინდა ცხოვრებით სახელგანთქმული მამები ბენედიქტე ქიოტიშვილი და ბესარიონ ქიქოძე, წმინდა გაბრიელ ქიქოძის ძმა.
გავიდა ხანი. ათონის მთაზე ქართველი მამების მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა. მაშინ წმინდა გაბრიელ ქიქოძის მიერ ბერად აღკვეცილი ახალგაზრდა იუნკერი მამა ბენედიქტე ბარკალაია, ქართველი მღვდელმთავრების ლოცვა-კურთხევით, თავგანწირულ ბრძოლას შეუდგა ათონის იოანე ღვთისმეტყველის გაუკაცურებული ქართული სავანის აღდგენისა და წმინდა მთაზე მიმოფანტული თანამემამულეების შემოკრებისთვის. არაერთი მძიმე განსაცდელის გადალახვის შემდეგ რუსი მამების თანადგომით ახალი ივერთა სავანის მშენებლობა წარმატებით დაგვირგვინდა და მალე ორმოცამდე უსახლკარო ქართველმა ბერმა თავშესაფარი პოვა. ამ სავანეში მოღვაწეობდა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა იოანე (მაისურაძე), რომელიც ღვთის განგებით 1903 წელს წმინდა მთაზე აღმოჩნდა და იქ 17 წელიწადი დაყო. უკანასკნელი ქართველი ბერი ათონზე ტიხონ ფაღავა ყოფილა. იგი 1956 წელს გარდაცვლილა 90 წლისა, სიკვდილის წინ კი ეკლესიის კედელზე თავისი გვარი ამოუჭრია ქართულად.
დღეს, ღვთის მადლითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობით, ათონის წმინდა მთაზე რამდენიმე ქართველი მამა მოღვაწეობს. წმინდა მთის მოსალოცად საქართველოდანაც ბევრი სასულიერო თუ საერო პირი ჩადის.
- მისი უწმინდესობის ჩაბრძანებას წმინდა მთაზე მოღვაწე მამები დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდნენ. ყველა კურთხევას იღებდა, - გვიამბობს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე, - პატრიარქმა მათ მიმართა: თქვენი ღვაწლი მთელ მსოფლიოშია ცნობილიო და მასთან მისული ბერებისგან თავად აიღო კურთხევა და ხელზე ემთხვია. ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი, გერონდა ეფრემი გაოცებული დარჩა, უწმინდესმა უბრალო ბერებისგან როგორი სიმდაბლით ითხოვა ლოცვა-კურთხევა. ამას თურმე თითქმის ყოველი ტრაპეზის დროს ქადაგებს. ამბობს: ქართველების პატრიარქისგან, პირველ რიგში, თავმდაბლობა უნდა ვისწავლოთო.
- მამა გიორგი, არაერთხელ მოგილოცავთ ათონი, იქაური სიწმინდეები. შეხვედრიხართ სახელმოხვეჭილ მამებს. როგორია ქართველი მოძღვრის თვალით დანახული ათონის მთის წარსული და აწმყო?
- ათონის მთაზე ბერმონაზვნობის უწყვეტი ჯაჭვი მუდამ არსებობდა და დღემდეა შენარჩუნებული. ბერმონაზვნური ცხოვრება ფესვია ეკლესიისა. სადაც ბერები აღარ არიან, იმ ქვეყნის მდგომარეობა სავალალოა.
ათონის მთაზე თაობიდან თაობას გადაეცემა წმინდა და ანგელოზებრივი ცხოვრების ღვაწლი. ფაქტობრივად, აქ დღესაც გრძელდება განდეგილური ცხოვრება. მთაწმინდაზე მოღვაწეობს თორმეტი განდეგილი ბერი, რომლებიც განსაკუთრებულ ღვაწლს იჩენენ ღვთის წინაშე და მათი ცხოვრება იდუმალებითაა მოცული. ასეთი ტრადიცია აქვთ - როცა ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლება, გამოარჩევენ ხოლმე რომელიმე ბერს და ჩუმად მიჰყავთ თავისთან.
ათონზე მოსალოცად ჩასული ადამიანი უამრავ საოცრებას ხვდება, უამრავ მოღვაწე მამას ნახულობს. პირადად მე წილად მხვდა ბედნიერება, რამდენიმე მათგანს გავსაუბრებოდი. მათთან ურთიერთობისას მართლაც მიგრძნია საოცარი მადლი, ამ ადამიანებისგან რომ გადმოედინება.
ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთ-ერთ სკიტში, რომელიც ვათოპედის მონასტერს ეკუთვნის, ღვთისმსახურებისას საოცარ ბერს - მამა გერვასის შევხვდი. სახელით მომმართა და ჩემი განვლილი ცხოვრების ეპიზოდები მომითხრო. სახტად დავრჩი! ასეთი მადლიანი ადამიანები, ღვთის წყალობით, ძალზე ბევრნი არიან. ამიტომაც უამრავი ადამიანი სტუმრობს წმინდა მთას და უდიდეს სულიერ სარგებელს ღებულობს. ჭეშმარიტი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა აქ შეურყევლადაა დაცული.
- სულ რამდენი მონასტერია ათონზე?
- დღესდღეობით 22 დიდი მონასტერი, რამდენიმე სკიტი და ასობით მცირე კელია მოქმედებს. სკიტები მათთვის პატარა, ჩვენი საზომით კი საკმაოდ მოზრდილი მონასტრებია. თითოეულ სკიტში 10-15 ბერია, მონასტრებში კი 35-დან 100 კაცამდე ცხოვრობს.
მთებში, განმარტოებით, განდეგილები იღვწიან. ზოგიერთ ბერს სამოცი წელია არ დაუტოვებია კუნძული.
საერთო მმართველობა კინოტის ხელშია. კინოტზე ყველა მონასტრის იღუმენები იკრიბებიან და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ.
იმას, რაც ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, მეუდაბნოე ეგვიპტელი მამების შესახებ წაგვიკითხავს, ათონის მთაზე დღესაც საკუთარი თვალით ნახავ.
- განსაკუთრებით რომელი სულიერი ღვაწლით გამოირჩევიან მამები?
- უპირველესად შინაგანი, გონიერი იესოს ლოცვით. საოცარი მადლია, როცა ადამიანი ამ ლოცვით შინაგან სრულყოფილებას აღწევს და ღმერთს ჭვრეტს. ასეთი მოღვაწისგან მუდამ სიყვარული და უდიდესი სულიერება გადმოედინება, მათთან ურთიერთობა კი დიდი მადლია ქრისტიანისთვის. მამებთან ყოველი მიახლებისას სულიერ წამლობას იღებ.
- ასეთ ღვაწლს როგორ აღწევენ?
- ამას უზარმაზარი შრომა და გამოცდილება სჭირდება. ღვთის სიყვარულთან ერთად სულიერი მოძღვრის მორჩილებაა აუცილებელი. ქრისტიანმა მთელი ცხოვრება, გული, გონება უფალს უნდა მიუძღვნას. როცა მამები სრულყოფილებას აღწევენ, ღვთის სახელის გარდა აღარაფრის გაგონება სურთ. საოცარია, განდეგილი ბერები წუთისოფელშივე გრძნობენ საოცარ სითბოს მარადიული ცხოვრებისას. ამიტომაც ცხოვრობენ განმარტოებით და ამიტომაც არის ათონის წმინდა მთა უდაბნო. წუთისოფელთან მათ მხოლოდ ლოცვა აკავშირებთ, ისინი ხომ მთელი მსოფლიოსთვის, თითოეული ადამიანისთვის ლოცულობენ, რათა ღმერთმა შეგვინდოს ურიცხვი შეცოდებანი.
- წმინდა მიწაზე ალბათ მკაცრი ტიპიკონი აქვთ...
- ლოცვას დილის 3-4 საათზე იწყებენ, აღასრულებენ შუაღამიანს, ცისკარს, ჟამნებს, 8 საათზე წირვას აყენებენ. შემდეგ მცირე ხანს ისვენებენ, ტრაპეზობენ და 11-დან 16 საათამდე მორჩილება აქვთ (ზოგი ბოსტანში მუშაობს, ზოგიც ხელსაქმობს...). 16 საათზე მორჩილებას წყვეტენ და საღამოს ლოცვისთვის ემზადებიან მე-9 ჟამით, ამას მწუხრი, ტრაპეზი და სერობა მოსდევს, რომელშიც ღვთისმშობლის დაუჯდომელია ჩართული. ყოველდღიურად ემთხვევიან წმინდა ნაწილებს (ათონზე უამრავი სიწმინდეა: იოანე ოქროპირის თავის ქალა უხრწნელი ყურით, რომელშიც პავლე მოციქული ჩასჩურჩულებდა, როდესაც მისი ეპისტოლეების განმარტებებს წერდა; გრიგოლ ღვთისმეტყველის წმინდა ძვლები, წმინდა გიორგის, წმინდა მარინეს, წმინდა თეოდორე ტირონის, წმინდა მღვდელმთავრებისა და მამების წმინდა ნაწილები). საღამოს მსახურება 8 საათისთვის სრულდება.
ეს მონაზონთა ცხოვრების ხილული მხარეა, უმთავრესი კი მომლოცველთა თვალთაგან დაფარულია. საღამოს ლოცვის შემდეგ მონაზვნები სენაკის კანონებს იწყებენ, რაც 3 საათამდე გრძელდება. განმარტოებულნი მეტანიებს აღასრულებენ იესოს და ღვთისმშობლის ლოცვის თანხლებით, კითხულობენ ფსალმუნებს... დიდ მარხვაში მეტანიები ორმაგდება და 600-საც კი აღწევს.
მათი ტრაპეზი მეტად მოკრძალებულია. ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, უზეთო საკვებს მიირთმევენ ღვინის გარეშე. მხოლოდ კვირა დღეს, ლიტურგიის შემდეგ, მცირეოდენ ზეთს და თითო ჭიქა ღვინოს იღებენ და მათი ზეთით ხსნილი ტრაპეზიც ისევ მკაცრდება მთელი კვირით. ზოგჯერ დღეში ერთხელ ტრაპეზობენ. არის დღეები, როცა საერთოდ არ იკვებებიან და მთელ დროს იესოს ლოცვას უთმობენ.
სკიტებში ასეთი ტრადიცია აქვთ: განდეგილი ბერები დღესასწაულებზე და კვირაობით იკრიბებიან ეკლესიაში, ღვთისმსახურებას ესწრებიან, ეზიარებიან, შემდეგ შენდობას სთხოვენ ერთმანეთს და მომავალ დღესასწაულამდე თავიანთ პირად კანონებს განმარტოებულად ასრულებენ.
საოცრად ცოტა სძინავთ. შესაძლოა დღეში ორიოდე საათი ჰქონდეთ ძილისთვის დათმობილი. მათი უმთავრესი ღვაწლი კი შინაგანი ლოცვა გახლავთ.
- მამაო, ვიცით, რომ ათონის მთის მოლოცვის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. იქნებ გვიამბოთ, რატომ ეკრძალებათ ქალებს წმინდა მთაზე ფეხის დადგმა?
- იმპერატორმა არკადიმ ათონზე მონასტრის აშენება რომ გადაწყვიტა, თან დედა იახლა. დედოფალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და ათონის დატოვება მოსთხოვა, რადგან მისი ერთადერთი დედოფალი თავად დედა ღვთისა ბრძანდება. მას შემდეგ ამ წმინდა მიწაზე ქალის ფეხი არ დადგმულა, თუ არ ჩავთვლით ბერძენი მილიარდერის ონასისის გაამპარტავნებულ ცოლს, რომლისთვისაც მიუღწეველი მიზანი არ არსებობდა და მოსალოცად წასულ ქმარს თან გაჰყვა. უკან მობრუნებულმა ფეხი მოიტეხა. ამას ოჯახური უბედურებები მოჰყვა. შინ დაბრუნებულმა შეიტყო, რომ მეუღლე ღალატობდა... სასოწარკვეთილი და ჭკუიდან შეშლილი გარდაიცვალა. ასე ემართება ყველას, ვინც კადნიერად მოეპყრობა ათონის მთას, მას ხომ დედა ღვთისმშობელი იფარავს.
- როგორი დამოკიდებულება აქვთ ათონზე საქართველოს, ქართველი მამების, ქართველი წმინდანების მიმართ?
- ქართველების მიმართ ძალიან თბილი განწყობა აქვთ. წმინდა მთაზე უდიდესი და უსაყვარლესი ივერიის ღვთისმშობლის ხატი ბრძანდება. ივერონის მონასტერში წმინდა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების, თორნიკე ერისთავისა და გაბრიელ ბერის საფლავებია. ამ მონასტერში განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ქართველებისადმი.
ფილოთეოს მონასტერში დაბრძანებული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "გლიკოფილუსა" ანუ "ტკბილი ამბორი" ლევან კახთა მეფის მიერაა შემკული.
ათონის მონასტრებში უამრავი სიწმინდეა: მირონმდინარე და ცრემლმდინარე ხატები, სასწაულმოქმედი ხატები, რომელთაც განსაცდელის ჟამს სისხლი სდით...
ღვთის წყალობით, უამრავი ქართველი ჩადის ათონის მთის მოსალოცად. რამდენიმე მათგანი დარჩა კიდეც და ბერად აღიკვეცა.
საოცარია იქაურობა. ანგელოზებრივი ცხოვრება გეშლება თვალწინ.
- მამაო, როგორც ვიცი, თქვენი ტაძრისთვის ვათოპედის მონასტერში საგანგებოდ დაიწერა "პანტანასას" სახელით ცნობილი ღვთისმშობლის ხატი.
- დიახ, ვათოპედის მონასტრის იღუმენის, გერონდა ეფრემის კურთხევით, რომელთანაც ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს, დაიწერა "პანტანასას" სასწაულმოქმედი ხატის ასლი.
მინდა, ამ ხატის მოკლე ისტორია მოგითხროთ. ხატი მე-17 საუკუნისაა. იგი ვათოპედის მონასტერშია დაბრძანებული და ავთვისებიანი სიმსივნით სნეულთა მკურნალად ითვლება. მართლაც არაერთი სასწაულებრივი განკურნების ფაქტი უკავშირდება ხატს. მისი პირველი ასლი საბერძნეთისთვის დაამზადეს 1993 წელს და ბერების თანხლებით საზეიმოდ გადაასვენეს დანიშნულების ადგილას. ამჟამად იგი ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქის - კავალას შესასვლელთან არის დაბრძანებული. ხატის სასწაულებრივმა ძალამ მსოფლიოს ყველა კუთხემდე მიაღწია.
რამდენიმე წლის წინ საშუალება მომეცა, ათონის წმინდა მთა მომელოცა და "პანტანასას" სასწაულმოქმედი ხატი მეხილა, გავცნობოდი მის ისტორიასაც. პეტრეპავლობის მარხვაში რამდენიმე სასულიერო პირი მიტროპოლიტ იობთან (აქიაშვილი) ერთად მთაწმინდაზე გავემგზავრეთ. მეუფე იობს ნება დართეს, ივერიის ღვთისმშობლის ხატთან ქართულად ჩაეტარებინა წირვა. ვათოპედის მონასტრის იღუმენმა ეფრემმა ყველას საჩუქრები დაგვირიგა. მეუფეს ოქროს პანაღია გადასცა ნიშნად დიდი სიყვარულისა. მოვილოცეთ ვათოპედის მონასტერიც.
"პანტანასას" ხატის ხილვისთანავე სურვილი გამიჩნდა, მისი ასლი საქართველოშიც ყოფილიყო. მეუფე იობის კურთხევით, ჩვენმა მრევლმა, ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებმა და პაციენტებმა ვათოპედის მონასტრის იღუმენსა და მამებს თხოვნის წერილი გავუგზავნეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ ათონის წმინდა მთიდან პასუხი მივიღეთ. გვატყობინებდნენ, რომ შედგა კინოტის კრება და გადაწყდა საქართველოსთვის სასწაულმოქმედი ხატის ასლის დაწერა და წმინდა ქეთევანის სახელობის ტაძარში ჩამობრძანება. მის ჩამობრძანებას სამწლიანი მუშაობა უძღოდა წინ. ხატი საგანგებოდ აღვლენილი ღამისთევის ლოცვების ქვეშ იწერებოდა, ბოლო ერთი თვე კი მასზე დასვენებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე აღესრულებოდა საღმრთო ლიტურგია. დღეს ეს ხატი ჩვენს ტაძარში ბრძანდება და მრევლი მადლს და კურნებას იღებს.
გერონდა ეფრემის კურთხევით, კიდევ ერთი უდიდესი სიწმინდე მოგვეცა - ევდოკიმე ვათოპედელის წმინდა ნაწილი. წმინდა ევდოკიმე XII საუკუნის უდიდესი მოღვაწე გახლდათ. მისი წმინდა ნაწილების პოვნა სასწაულებრივად მოხდა: როცა მუშები საძვალეს ასუფთავებდნენ გასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარებლად, კედელი გაიხსნა და საოცარი სურნელება გადმოიფრქვა. ნახეს, რომ კედელში ბერი ესვენა და გულზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. საოცარი სურნელი მოდიოდა მისგან. მაშინვე იღუმენს უხმეს. ამ დროს მონასტერს თურმე ორი ეპისკოპოსი სტუმრობდა. მიცვალებულს საგანგებო პანაშვიდი გადაუხადეს, თუმცა მისი ვინაობა არ იცოდნენ. ამიტომ დაარქვეს სახელი - ევდოკიმე, რაც ბერძნულად მორჩილს ნიშნავს. მისი ხსენება 18 ოქტომბერს დააწესეს. ამ დღეს საქართველოს ეკლესია წმინდა მამის გრიგოლ ხანძთელის ხსენებას აღნიშნავს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მამა ეფრემთან დღეს ხუთი ქართველი ბერი მოღვაწეობს.
ათონზე გამორჩეულად აღნიშნავენ ქართველი წმინდანების ღვაწლსაც ღვთის წინაშე. ჩვენი თხოვნით, ვათოპედის მონასტერში წმინდა ქეთევანის ხსენების დღეს ზეიმობენ.
ვუსურვებ ყველა მამაკაცს, ვისაც ჯერ არ მოულოცავს ათონის წმინდა მთა, ერთხელ მაინც შეძლოს იქ ჩასვლა და უდიდესი წყალობის მიღება.