მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის
წმინდა ალექსი შუშანია
XII
შური და მტრობა სენია სულისა და ზღვაა გულის ღელვისა
, რომელსა შინა მოიშთობის საღმრთო თვისებანი და ვითარცა ხე, მატლისაგან გულ-გამოჭმული ფუღურო, ტყავითა ოდენ მდგომარე, ეგრეთ უბადრუკი მონაზონ-ბერი შურითა და მტრობით გულ-შეჭმული, ატარებს უნაყოფო ანაფორასა და კუნკულს დასასჯელად და შემარცხვენელად მისსა.წმინდა ალექსი შუშანია
XII
***
შური და მტრობა ტყუპი ძმებია უძლიერესად ყოველთა ვნებათა მებრძოლნი სულისა. და ვაი იმ მონაზონს უბედურს, ვის გულში ეს ორ თავიანი გველ-ვეშაპი ბუდობს! არ ვიცი სწორედ, თუ რასათვის ახურავს მას კუნკული და რად ატარებს იგი ანაფორას?! ვინ იხსნას საცოდავი ესე ამ სულისა და ხორცთა სიცოცხლის დამაბნელებელის ეშმაკის მიერ დაუფლებულ და შეპყრობილ ჯაჭვითა კრულებისაგან, თუ არა უფალმან განსწავლა იგი სასტიკის სასჯელის გარდამოვლინებითა.***
შური ისეთი უხილავი შავი ღრუბელია სულისთვის, როგორც ცათა შინა წყლით გაბერილი ღრუბელი, რომლის დროს ჰაერთა აშლა, ჭექა-ქუხილი და მეხი შეძრწუნებულ ჰყოფს ადამიანებს და სხივი მზისა ყოვლადვე დაფარულ არს. თანასწორად ვხედავ შურსაც შავ ღრუბლად სიხენეშით გაბერილს, ხოლო მის ნაშობს მტერობას ჭექა-ქუხილად და მეხის ცემად, რომლის დროს ბრწყინვალება სულიერის მზისა სრულიად მიფარულ არს და მხოლოდ სულთმხუთავს ნისლში გახვეულ არს გვამი, გინა არსება ჩვენი და ცა იგი შინაგანი ზარ-დამცემის საშიშარის ძვრით სტანჯავს ადამიანს. ამისთვის იტყვის წერილი: "შური სიხენეშისა დააბნელებს სულსა". ვაი მონაზონისა მის, რომლისათანა დამკვიდრებულ არს ესე მძვინვარე სენი.XIII
სოფლის დამტევებელთათვის პირმშო მშვენიერება სიწმიდეა, რასაც სოფლითგან გამოსვლაცა ამტკიცებს, რომ უპირატეს შესაწირავად უძღვნის მაცხოვარს სიწმიდით თავის დაცვის აღთქმას. ყველა სხვა სათნოებანი ამ დიდებულ უბიწოების დედას უკმევენ საკმეველს, რათა ესე ანგელოზთა თანასწორი და საღმრთო ბუნების თვის შორის გამომხატველი სიწმიდე შარავანდედითა მისითა ანათლებდეს, რადგან უამისოდ სათნოებანი ხრწნილების მორევში ინთქმიან.ჩვენს სამონაზვნო დასში არიან ისეთნი პირნი, რომელთა ბუნება ნელ-თბილობით შობილი, ვერა ებრძვიან ძლიერად კვეთებით ვნებულ გულის-თქმათა, ხოლო არიან ისეთნი, რომელთა ბუნება ცეცხლებრ მგზნებარედ ეკვეთების და ბრძოლა სასტიკად მოიწევიან მათზედა. აი, ამათ ესაჭიროებათ გმირული დათმენა და შებრძოლება.
***
მხედრობა მონაზონთა, მხედრობაა ვნებათა წინააღმდეგ მებრძოლი; ამისთვის დიდი უარყოფა ნებათა და სურვილთა გემოვნების გადატანა წინა უძევს ამ დიდებულ მხედრობას.***
ზედ-გამოჭრილით მთლად ამის შესაფერი და ძალა-მოსილი სიტყვით განგვსწავლა მოციქულმან: "განვლოთ ჩვენ ცეცხლი და წყალი და შევიდეთ განსასვენებელსა"-ო, ეს სიტყვები მონაზონთათვის უძვირფასესი გაკვეთილია. ჩვენი შინაგანი ბუნებური ცეცხლი და წყალი დუღს, ადამიანი სასტიკად იტანჯება, იწვის გულის-თქმის ცეცხლით და გემოვნებანი ხორცთა აღძვრით ათრობს მას, მაგრამ მხედარიც მაშინ იქებინ, როცა ბრძოლის ველზე, მიუხედავად სასტიკ-ჭრილობისა, მაინც გმირულად იბრძვის, რომლის გამარჯვების შედეგს ენა ვერ დახატავს კალმით. ასეთია ჩვენი ბრძოლის ველზე გამარჯვების შედეგი - საუკუნო განსასვენებელი.***
სიწმინდით ცხოვრების აღმრჩეველნო, ბუნების შორის საკვირველ ძალის აღჭურვილნო, უმშვენიერეს თავ მოყვარებით ხორცის შეუგინებლად ზენარის მოტრფიალენო! დეე, ყოველივე თქვენი წილხდომილი სოფლიო დიდება და გემოვნება დაიღუპოს და დაიკარგოს თქვენთვის, მხოლოდ ესე ლამპარი თქვენი სულის ნათელ-მშვენიერებისა, ნუ დაგეკარგებათ - ქალწულთა-ქალწულება, ხოლო არა ქალწულთა, კვლავ ძაღლებრ ნათხევართა არა მიქცევით, სიწმიდე.***
სათნოებათა მზეო, ადამიანის უმაღლეს ამა სოფლის ბუნებათა აღმამაღლებელო, ხელ-შეუხებელ პიროვნებით ნათლით მოსილო ქალწულებაო! შენ ხარ მშვენიერება მშვენიერებათა, შენ ხარ ბუნებით ღვთის ნაპერწკალი, შენ ხარ სიქადული ხორცთა შინა მყოფთა სულისა და უხორცოთა ანგელოზთა, შენ საკვირველების ღირსო, მსგავსება ხარ ღვთისა და განსასვენებელი მისი: "რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო და წმიდათა შორის განისვენებ".ბუნების შორის უსაკვირველესო მშვენიერებაო ქალწულებავ! ვის ძალ უძს შენის სახის ბრწყინვალე შუქთა აღწერა, რამეთუ არა ხარ შენ ქვეყნის ბუნებისაგანი, არცა ნაშობი სისხლთა და ხორცთა, არამედ ნათელი ნათლისაგან მამისა გამოსული.
თვალნი მრუშებით სავსენი და გულნი ბიწიერებით აღვსილნი შენ ვერ გიცნობენ და ვერც იხილვენ ნათელსა დიდებისა შენისასა, ვერცა განძღებიან გამოჩინებასა დიდებისა შენისასა, უკეთუ არა მოიქცენ და წმიდა იქმნენ სულით და ხორცით.
***
სიწმიდისა და არა წმიდების შესახებ მონაზონთათვის ლაპარაკის გაგრძელება ნუ თუ საჭიროა, ნუ თუ არა იცით, რომ მეძავი მონაზონი ყოვლად საზიზღარია და საძაგი წინაშე ღვთისა და კაცთა?***
სადაცა ჰყარს მძორი, მუნ მტრედნი ვერ განისვენებენ და ივლტვიან იქეთგან. საკვირველია სწორედ, თუ ვითარ ხორციელი ტრედი ბაძავს ბუნებით ჩვენს სულიერ ტრედს. ოჰ, შენ ძვირფასო, ჩვენი ბუნების შვენებაო, ჩვენი სულის სატრფო თვისებაო, ჩვენი სულის პირველ ყოფილ საღმრთო ბუნებაო, შენ მაღლის წმიდაო, მოვედ ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა!XIV
ანგარებას, გინა ვერცხლის მოყვარებას მოციქულმა კერპთ-თაყვანისცემა უწოდა და ესე წოდება უცილობელი ჭეშმარიტებაა მით, რომ ანგარის სული და გული ფულშია. იგია მისი ღმერთი, მისი თვალთა ხედვა და ისე შეკრულ არს მისის ტრფიალებით, რომ თავის საგემოვნოთაც აღარ ელევა, რათა განიხაროს ცხოვრების პატივით. ასეთია ანგართა კერპთ-თაყვანისცემა ფულისა.***
მონაზონი ანგარი უწყალოების ჯაჭვით შეკრულ არს. მას არ ესმის ქრისტეს სიტყვები: "უმჯობეს არს მიცემა უფროს, ვიდრე მოღება", "როჭიკნი თქვენნი კმა გეყავნ, რამეთუ არა ვისი მონაგები ნამეტნავარს მისსა". წინააღმდეგ ამ მცნებისა ანგარი მარადის ცდილობს, თუ ვითარ მოიხვეჭოს და გამოსტყუოს ვისმეს რამე.***
ანგარი მონაზონის ლოცვა ეშმაკის მსხვერპლია, და მოღვაწება მისი ამაოა. საცოდავი ადამიანი თავის საკუთარ ცოდვების ვერ მძლევი, ანგარების სიყვარულით დამთვრალი, ვერ მხედი თავის მძიმე საპასუხო ცოდვებისა, ზედ უმატებს ტვირთად და საპასუხოდ ქვეყნის მონახვეჭ-მოანგარებულ ნაოფლარის პასუხის-გებას, რომელიც უმწარეს არს გეენიისა.***
ოჰ, უგუნურო მონაზონო! სოფელი მისთვის დაუტევე განა, რათა უფრო დახელოვნებულად მოიანგარო?! უფრო უშრომელად შეიძინო? ვაი არს შენდა სხვისის ნაშრომის და ქონების მოანგარება, რამეთუ ვერ განერიდები პასუხის-გებას, ვიდრე არა მისცე უკანასკნელი წვლილი მონახვეჭისა შენისა სათნოებათა მადლისაგან, მაგრამ საძიებელ არს გაქვს თუ არა მადლი და სიმდიდრე სულიერი, ნაანგარევის სანაცვლოდ მისცე და შენთვისაც გეყოს? ცდები, რამეთუ უძვირეს პირველისა მარადის ვნებათა შეძენისათვის რბის ფეხი შენი ანგარების ქვესკნელისაკენ.***
"ვერცხლისა და ოქროისა და სამოსელისა არავისი გულმან მითქვა, სახსარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა ხელნი ესე ჩემნი მსახურებდეს" (საქ. მოც. 20, 33-35), - ასე ასურათებს პავლე მოციქული თავის უანგარო ნათელ ცხოვრებას. ამის მსმენელი მონაზონი წინააღმდეგია ქრისტეს მოწაფეობისა, ოდეს კადნიერად მისდევს ფულისა და ნივთის მოანგარებას.***
გაკვირვება შემიპყრობს, როცა წარმოვიდგენ ძველ მამების ცხოვრებას, - რა უპოვარებით ცხოვრობდენ! მათი კელიის დიდებას ჭილობი შეადგენდა და სანოვაგის მოსამზადი ჭურჭლები, ტანისამოსი ყოვლად უნდო და ძონძი, ფულს არავისგან არ მიიღებდენ.***
ვაი ჩვენს უბადრუკებას. არიან ისეთი შინაგანნი ვნებანი, რომელთა დათრგუნვა ჩვენის ხორციელის ხელის ძალით შეუძლებელია და ეს არის სამწუხარო და საგლოველი, თორემ რაც გარეგანია და ჩვენ ხელთ უფლებაშია, უპოვარება - ნუ თუ რამე გვეთქმის ამის საპასუხოდ, რათა არა შეგვრცხვეს საუკუნოდ?!***
მონაზონთაგან სიკვდილის დროისთვის დაუნჯებული ათასობით ნაანდერძევი ფული თუნდაც სიქველის სამოქმედოდ და სარგებელ იყოს, მაინც სირცხვილის საუნჯეა და მათი სულიერის ნაკლულევანების გამოცხადებაა, რადგან ვერ შეელივნენ თავიანთ სიცოცხლეში ღარიბ გაჭირვებულთა დასარიგებლად.***
არის ცთომები, რომელნიც სინანულსა გვრიან კაცსა, ხოლო არიან ისეთებიც, რომელნიც შეუმჩნევლად სუფევენ მის გულში და შეუნანებლად გადადიან მისთანა საუკუნოდ. სხვა მრავალთა შორის ზემო თქმულიცა იგულე მკითხველო, რამეთუ ყოველი ბერი, რომელიც იუნჯებს საანდერძოდ, იგი თითქო ხარობს და არა უწყის თუ ვითარ დამხსნელია სახარებისა: "ნუ იუნჯებთ ქვეყანასა ზედა".