მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის
მთელი მსოფლიო ცხოვრება მიისწრაფვის ერთის მიზნისკენ, რომელ არს უნეტარესის ცხოვრების ძიება.
და ეს ერთი მიზანი ადამიანთა წინსვლისა, ცხოვრების განეტარებისა და, რაოდენად შესაძლოა, ბოროტების ტანჯვათაგან ზნეობრივად განთავისუფლებისა, იდეალია. და კიდეც ადამიანის უგონიერესობა ამაშია და ამით არის ადამიანი კაცი და არა პირუტყვი. ეს საერთო იდეალი არჩევანთა შორის თითოეულის საკუთრებასაც შეადგენს და აქვს უფლება ყველას, ვის როგორ ენებება ეგრეთ ეტრფიალოს. ამ საერთო იდეალში ჩვენი არჩევანი - ბერობა არის უმაღლესის ნეტარებისაკენ მისწრაფება, რისთვისაც შეუდგებით კვალსა ქრისტესსა, პირველად ხორცის შეუგინებლად წმინდა ცხოვრების აღთქმით, რამეთუ "ღმერთი პირველად სიწმინდე არს", ვითარცა იგი თავადი ვიდოდა, რომელსაც უნდა შეუდგინოთ ის ზნეობრივი სულიერი მეუფება, რომლითა მოქალაქობდა მაცხოვარი ჩვენი. და რომ მიწევნა ქრისტეს მიმბაძველ ნათელ ცხოვრებისადმი მოითხოვს ჯერ პირველად თავის გაწმენდას, ბრძანა მაცხოვარმან: "მკურნალო განიკურნე პირველად თავი თვისი" - "აღმოიღე დვირე თვალისაგან შენისა, რათა შეძლო აღმოღებად წველსა თვალისაგან ძმისა შენისა". და ესრეთ რა ვიდოდეთ, მაშინ აღესრულება სიტყვა მაცხოვრისა საზოგადო მიმართულებისა: "ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა". აი, სწავლა ჭეშმარიტების ნათლისაგან ნაჩვენები, რომელსაც აქვს ზედ მოქმედება სათაყვანო, როგორც პირადად მოღვაწისადმი, აგრეთვე ზეგავლენაცა საზოგადოების სულიერ წარმართების შთამგონებლობით. თვინიერ ამ გზით სლვისა, ვერ ვინ გაანეტარებს თავის მდგომარეობას და ვერც საზოგადოების წყლულებას დაეხმარება, არამედ უფროსად მავნებელ ექმნება მოყვასთა თვისთა. ამისთვის, რომელთა გვსურის შესვლა ქრისტეს სუფევასა, ვისმინოთ ნათელი მოძღვრება მისი: "მკურნალო, განიკურნე პირველად თავი თვისი". ე.ი. მთელის ჩვენის ძალ-ღონით და მხურვალე გულს-მოდგინებით ვებრძოლოთ თავის ნაკლულევანებებს. და რაოდენიცა განვლოთ და გამოვიცადოთ გზისა მის სივიწროისა შემთხვევანი, იგიცა ვასწავლოთ ძმათა ჩვენთა სიმდაბლით და ნურარას ვეტყვით უმაღლეს საზომისა ჩვენისა.I
"პირველადა ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ". ასეთია დაურღვეველი და ძირითადი მცნება მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც დიდრონი ასოებით უნდა ჰქონდეს ამოჭდეული გულის ფიცარზე ყველას, ვისაც განუზრახავს მიღება ანგელოზებრივის სახისა და შესლვა მონაზონებრივ ხარისხსა. თუ არ გესმის აზრი ამ დიადი მცნებისა, არ იცი, რა არის სასუფეველი ღვთისა, არა გაქვს მოდებული მთელ არსებაში მოტყინარე ალი სულის ცხონების შეძენისა, არა გწყურია თავის შეწირვა ქრისტეს ბრძანების განხორციელების გულისათვის, - ნუ მოჰკიდებ, ძმაო, ტყუილად ხელს ბერობას და ნუ დაიბურავ ამაოდ თავსა შენსა კუნკულ-ბარტყულით."არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა". (რომ. 14,17) და ბერობაც განიზომების მხოლოდ მარტოოდენ ამ სათნოებათა შემოსვით, ამ სათნოებათა შეძენით, მათზედა დამყარებულ და აღშენებულ მოქალაქობით, მათთანა შეთანხმებულ და შემტკბარ ცხოვრება-მოქმედებით.
***
საწუთო სოფლიდან ახალ გამოსულის სამონაზვნოს გული, სამგზავრო ნავს უღელვო ზღვაში მცირე წარვლინების თანადვე, ნავთ-სადგურს მიწევნილად ოცნებობს და ასეთ მდგომარეობაში მას საჭიროდ არ უჩანს ვისიმე აზრისა და რჩევის შეწყნარება, რადგან მისი სულიერი ზღვა ჯერ მყუდროებით დგას. წარმოუდგენელია მისთვის ის საშიშარი ჟამი, როცა ქარნი მძლავრნი აღელვებენ ზღვას და ტალღები საშიშრად და ძნელ განსარინებელად ყოველ მხრივ ეკვეთებიან დასანთქმელად.გარნა ესე ყოველი განიცადეს ბრძენთა და ერთ ხმად აღიარეს და კიდეც უცთომელ გზად დაამტკიცეს თავის ნება-სურვილის, მსჯელობის და შემეცნების უარ-ყოფა და სულიერ მამის ხელ-მძღვანელობით ცხოვრება.
II
ვინც უნდა იყოს მონაზონი, უსწავლელი, გინა ნასწავლი, თუ ხელ-მძღვანელი არა ჰყავს და მინდობილია თვის ნებას და ცნობას, დაეცემა; და თუ არ დაეცა, მაინც ვერ პოებს ღვთიურ ძალ-მოსილებას.***
ისტორია მამათა ცხოვრებისა, გამოცდილებით გვასწავლის, რომ ყოველნი, რომელნიც მიადგნენ თავის ნებით და მსჯელობით ცხოვრებას, ზოგნი სრულიად შეიმუსრნენ ეშმაკთა მიერ, ანგელოზთა სახედ მოჩვენებით, ზოგნი გონების ცთომაში შთაცვინდნენ და სიკვდილის დღეს მწარედ განისაჯნენ ყოველთა სახილველად.***
ადამი ოდეს მიენდო თავის ცნობას, მგულვებელი ღმერთ-ყოფად, და დაუტევა ხელ-მძღვანელობა ღვთის ბრძანებისა, მყისვე დაეცა და განიდევნა ნეტარებისაგან.***
წმიდა მამების მიერ განკაფულ გზის მსვლელობის გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ დაღათუ სასწაულიცა ქმნა, მაშინაც დიდი საჭიროა შენთვის, ძმაო, ხელ-მძღვანელი, თორემ ადვილად შთავარდები გონების ცთომაში, რომელიც უსაშიშესია გულის ცთომაზე.ერთი კითხვა იბადება აქ, სახელდობრ - დიდად გამოცდილი სულიერი მამა, რომლის ცხოვრება წამებდეს გულ სავსე ყოფად, რათა მის ხელ-ძღვანელობის ქვეშე შეუორგულებელ ვყოფდეთ თავთა ჩვენთა, ძნელად საპოვნელია და ასეთს შემთხვევაში რა ვქნათ? აი ეს არის ჩვენი დროის უსაჭიროესი საბერო კითხვა. მართალია, საზოგადოდ დღევანდელმა მონასტრებმა იდეალური სახე დაკარგეს, ნაცვლად მაღალ ზნეობრივ სისრულისადმი სრბისა, ცხოვრების განდიდებას დაადგნენ და ვინ რად მოვატყუოთ, რომ ჩვენი მონასტრები დღეს იშვიათად აღზრდიან ახალ გამოსულ წრფელ მორჩილებს ზნეობრივ ბრწყინვალებით, მაგრამ უღონოთა ღონე ღმერთია, რომელიც ჩვენი გულის წრფელ მინდობილებას იხილავს და წაგვიმართავს, რომლის მინდობით უსათუოდ ესრეთ უნდა მოვიქცეთ, ვითარცა გვიხსნიან მამები: 1) რაოდენად შესაძლოა დროთა შესაფერად კეთილ გონიერი პირი, ზნეობის მუშაკი, მოვნახოთ და სარწმუნოებით, ვითარცა ღვთის პირისაგან, რჩევა მისი შეუორგულებელად მივიღოთ. 2) საღმრთო წერილი და მამათა სწავლა ვიპყრათ ხელ-მძღვანელად, მათი სიტყვების ძალა ღრმად შევითვისოთ და თანახმად მათი სწავლისა ვეცადოთ საქმით აღსრულებას.
***
საცოდავია ის მონაზონი, რომელიც თავის თავს მიენდო და მოძღვრის განკანონებით არ ცხოვრობს; მას შემწედ ჰყავს ეშმაკი.***
საჭიროდ ვხედავ, ავხსნათ შემდგომი კითხვაც: ვისდამი ჯერ-არს დამორჩილება, წინამძღვრისა თუ ხელ-მძღვანელი სულიერ მამისა? ამის პასუხს მე ასე ვიწყებ: ჩვენს გვამს აქვს ორი თვალი, რომელიც ორივე უსაჭიროესი შვენიერებაა გვამისათვის. ორივე ესე თვალნი, თუ ბრმა არ არის რომელიმე და ბრწყინვალედ მხედველებენ, მაშინ ერთ-მანეთის დახმარებით მართავენ გვამსა დაუბრკოლებლად. კიდეც ამისთვის გვიპყრია სათუთად თვალნი ჩვენნი და პატივით ვეპყრობით ჩვენდა საკეთილოდ და შვენიერად მოქალაქობისათვის. ამრიგად, წინამძღვრისა და მოძღვრისადმი დამორჩილება წარმართებაა სულიერ თვალთა ბრწყინვალებით ზეციურ მოქალაქობისადმი.***
წინამძღვრის და მოძღვრის მორჩილებას აქვს თვისი განყოფილება. წინამძღვარს, როგორც უფროსს მონასტრისა და მმართველს, მთელი კრებული მოვალეა დაემორჩილოს გარეგან მართვა-განწესებაში, რაშიაც მოძღვარი არ ერევა, თუ რომ არ დაეკითხება უფროსი რჩევით; მოძღვარი, მხოლოდ როგორც მამა კრებულისა და მის წინამძღვარისაც, და მეპასუხე მათის სულიერის მდგომარეობისა, აქცევს ყურადღებას წინამძღვრის განწესებულებას, რათა არა იქმნას სულით მავნებელ და უკეთუ შენიშნავს რაიმეში ვნებას, მაშინ საიდუმლოდ მოელაპარაკება წინამძღვარს და ერთმანეთის თანხმობით განარჩევენ სულიერად. აგრეთვე უნდა მოიქცეს მოძღვარი, როგორც მოვალე და პასუხის მგებელი კრებულის სულიერ მდგომარეობისა და მათი შინაგან ცხოვრების განმაკანონებელი; წინამძღვარს არ აქვს უფლება შეეხოს მის განკანონებას, თვინიერ მამა-შვილურად საიდუმლოდ შეკითხვისა. ასე რო,მ ორთა ამათ შორის ურთი-ერთ შეკითხვა და რჩევა თანხმობით უნდა წარმოებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორნივე შეცდებიან და დაუტევებენ გზასა მას საღმრთოსა. ***
ზოგად ცხოვრებულთა მონასტრის წინამძღვარი და მოძღვარი ორნივე მოსეში უნდა ხედვიდენ მათის თანამდებობის, გინა მოვალეობის მაგალითს, თუ ვითარ საცოდავი ერის გამოსახსნელად შესწირა ფარაოს მეფის სასახლეს შინა ყოფნა და საწუთო პატივ-დიდება, რომლისათვის ადიდა უფალმან კაცთა რიცხვში შეუდარებელის სახელით. ეგრეთ წინამძღვარი და მოძღვარი კრებულის გულ-შემატკივრობით უნდა იყოს გამსჭვალული თავიანთ საწუთო პატივ-დიდების უარ-ყოფით.***
სულიერი სისრულე და თან ერთობლივი ზოგად-ცხოვრებულთა კანონი მოითხოვს წინამძღვრისა და კრებულთ შორის ტანთ-ფერხთ სამოსის და საჭმელ-სასმელით გათანასწორებას.III
აუცილებელი და უსაჭიროესი მოთხოვნილება მონაზონობისა არის თავის ნაკლულევანების ცნობა. მათი გასწორება-აღმოფხვრა და კეთილ მისწრაფებათა ზრდა, ეს შეადგენს მთელ მის ცხოვრების გაკვეთილებს, ამაში მდგომარეობს მისი სულიერი განათლება და სიმდიდრე სათნოებათა. ამ ჭეშმარიტების მხედველი მონაზონი სიხარულით შრომობს აღნიშნულის გზით და სძლევს თავის ნაკლულევანებას.***
რაი არს უსალხინესი უბედურ მშობელ დედისთვინ თავის ძვირფასი შვილის სიკვდილის შემდეგ, თუ არა მარადის ოხვრა, გოდება და მოთქმა?! ეგრეთ მონანულ მონაზონის გულის სალხინოა: ურვა, ოხვრა და გლოვა მისი სულის მომაკვდინებელი ცოდვისათვის. სხვა ყოველი მისთვის უსიამოვნო მოჩვენებაა. რას ახარებს მას ბუნების სიმდიდრე და მშვენიერება? რად სახმარ არს მისდა მზე, მთოვარე და ვარსკვლავთა გუნდის ლაჟვარდ სივრცეში მნათობობა, როცა ცოდვათა ღელვანი აღრჩობენ და ვნებანი ტანჯვით განცდიან მას აურაცხელ საცთურებით?!ცოდვით აღვსებულ ადამიანს ერთი უძვირფასესი საშუალება მიანიჭა უფალმა მის სულიერ თვისებათა შორის. ეს არის სინანული, რომლის ძალით ცოდვით ტანჯული გული იკურნება, თავისუფლდება და ღებულობს ციურ ნათელს სიტყვისაებრ მაცხოვრისა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ღვთისა". ე.ი. სინანული არს კარი, რომლის წყალობით შემოვალს სუფევა - გინა მადლი ღვთისა.
***
ავად მყოფი, როცა გრძნობს წყლულების მწარე ტკივილს, მაშინ ოხვრა კვნესით ითხოვს მკურნალს, აგრეთვე ყოველი ადამიანი და უმეტესად მონაზონი, მცნობელი თავის ცოდვათა მიერ წყლულების შინაგან სიმწარისა, ოხვრა-სულთქმით უნდა ითხოვდეს ღვთისაგან განკურნებას, რადგან ეს განკურნება დამოკიდებულია გულის სიღრმით შენანების საზომზე.***
არიან ზოგიერთნი, რომელთა გულში მარადის ერთ ფერობაა, ასე რომ, სინანული ვერ აჩენს მათს გულში მწარე გლოვიარებით დანაღვლიანებას. ესენი რაღაც სუბუქად ეპყრობიან თავის ცოდვათა წარმოდგენას. ***
სულიერი განკითხვა, თავის ბრალდება-გამტყუნება, დასჯა თავისა თვისისა, ნაკლებად მოძრაობს მათ გულში, სადაცა სინანული თითქო უმოქმედოდ, მხოლოდ ფიქრებით, და ისიც სუბუქ მოგონებით, უმნიშვნელო ხდება.***
ერთ ხმად იტყვიან მამანი, ვითარმედ არა არს ცოდვა ქვეყანასა ზედა ისეთი, რომელიც სინანულს აღემატებოდეს. ამას ამტკიცებს ცოდვის უკიდურეს მამულში ღორებრივ მწუპავი უძღები შვილი, რომელიც მსწრაფლ აღიტაცა სინანულმა და შეარიგა ზეციერ მამასთან.***
ვის გულში ცოდვის შედეგი გლოვა, სინდისის ქეჯნა და სინანული არ კვეთს ორპირ-მახვილის გმერით, მასში ცოდვების ხანგრძლივ ეკალთა აღმოცენებით მკვდარ არს საღმრთო გრძნობანი და მოშთობილ არს სულიერი სიცოცხლე. "აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი".***
ხოლო ურწმუნოთათვის ჩვენ არას ვამბობთ, რომელთა გულში ცოდვა დღესასწაულობს და მეფობს შეუნანებლად, რამეთუ, რაც არა სწამთ, ვითარ შეინანონ? ამათ არცა ამა სოფელში და არცა საუკუნოსა არ მიეტევებიან ცოდვანი მათნი, სიტყვისაებრ მაცხოვრისა.