მღვდელმონაზონ ილიას (ფანცულაია) ჩანაწერები
XX საუკუნის დამდეგს მღვდელმონაზონი ილია (ფანცულაია), ათონზე მოღვაწეობისას
, გაეცნო იქაურ ქართულ ხელნაწერებს, შეადგინა "ათონის ივერიის მონასტრის წიგნების კატალოგი" (##1140, 1141). მამა ილია #1140 ხელნაწერში წერს ათონელ ქართველთა ცხოვრებასა და განსაცდელებით ავსებულ წუთისოფელზე, იმაზე, რაც ივერიელებს მთაწმინდაზე შეხვედრიათ. "1918 წ. 30 დეკემბერს მიიცვალა ღირსი მამა მღვდელსქემოსანი იონა, ქართველთა ძმათა წინამძღვარი, ახალგამოჩენილი ავადმყოფობისგან, რომელსაც "ღრიპს" უძახიან.
1919წ. 11 იანვარს დაიბარა ივერიის მონასტრის უფროსებმა ქართველი ბერების დროებითი მმართველი მღვდელსქემმონაზონი სიმონი და მელეტი და გამოუცხადა: ანუ დაემორჩილონ მონასტერს, ანუ კელია ჩვენ უნდა ჩავიბაროთო. 15 დღის ვადა მოგვცეს მოლაპარაკებისა, 24 იმავე თვისას მივმართეთ მღ. ილიამ და ივანემ ათონის მთის "რეფორმატორს" სტეფანიდს და დროება ვსთხოვეთ გზის გახსნამდის. მან მონასტერთან გაგვგზავნა, ორი თვის ვადა ვსთხოვეთ. ამავე დღეს, ისევ მივედით მონასტერში და ვსთხოვეთ და დაგვპირდნენ ვადის გაგრძელებას, მაგრამ ამავე წლის თებერვალს, ისევ დაგვიბარა მონასტერმა და ძალდატანება და შევიწროება დაგვიწყო, უნდა დაგვმორჩილდეთო და ისევ 20 დღის ვადა მოგვცა. 11 თებერვალს ივერიის მონასტრის წარმომადგენელმა გამოაცხადა კინოტში. ერთი კელია გვაქვს, რომელსაც უფროსი მოუკვდა და მემკვიდრე არ დარჩათ და უნდა ჩავიბაროთო. და ყველა მონასტრის წარმომადგენლები დაეთანხმნენ და ეს კი არ იკითხეს, ვისი კელიაა ანუ ვინ ცხოვრობენ შიგო. 17 თებერვალს კვლავ მივედით ივერიის მონასტრის ეპიტროპთან და ვთხოვეთ ვადის გაგრძელება და დაგვპირდნენ. მაგრამ ამავე თვის 27-ს, კვალად დაგვიბარეს და გამოგვიცხადეს, 2 ბერი უნდა გამოვგზავნოთო და თქვენთან დავაყენოთო. 28-ში დილით ისევ მივედით მონასტერთან და გზაში შეგვხვდა მათი გამოგზავნილი 2 ბერი და დავაბრუნეთ. ძმები არ მღებულობენო, უთხარით. 1 მარტს კვალად მივედით მონასტერთან და ვსთხოვეთ დავმორჩილდებით თქვენ კანონს, მაგრამ უარი გვითხრეს, ახლა არ შეიძლება, მონასტერმა ისე გადაწყვიტაო, 2 კაცი უნდა ჩავაყენოთო. ამავე დღეს საღამოს გამოგზავნა მონასტერმა 3 ბერი და რადგან შინ არ შეუშვეს, მოიყვანეს პოლიციის ჟანდარები და თავისი სარდლები და ძალადატანებით გააღებინეს კარები და შემოვიდნენ შიგნით. 2 მარტს გადაწყვიტეს ივერიის მონასტრის უმჯობესებმა ნამდვილი ქართველი ბერების გადაყრა და ამოვიდნენ შემდეგნი პირნი: არქიმანდრიტი სოფრონი, იღუმენი ღარიგენტსანთიმოს, გრიგორი, ამფილოქე, გერასიმე, აღწერეს ყორიფელი და ნება დართეს, ხაბაკები გავიტანოთ აღდგომამდის. საეკლესიო სამოსლები და ნივთები გამოიტანეს და ერთ ოთახში დააწვინეს და დაბეჭდეს მათი და ჩვენი ბეჭდებით, ყველა ბერი ერთ ოთახში დაამწყვდიეს და სახლები დაჩხრიკეს ყველგან და ბერებს ჯიბეები და უბე დაუსინჯეს. სახლების ჩხრეკის დროს მამა იოანეს, მღვდელმონაზონს, ერთი ლივერიველი ქონდა მიბარებული მორჩილ არჩილ დათიკაშვილისა (გორის მაზრიდან), რომელიც 1914 წელს ომში იყო გაწვეული და ის ნახა ჯანდარმა და თვითონ წაიღო. მერმე რაც მოეწონათ, სახლების ჩხრეკის დროს, ყორიფელის თხოვა დაიწყეს. უმფროსი პოლიციის უმფროსს ერთი სტოლის დასადგამი საათი ენახა ერთი ძმათაგანის ოთახში, ის მოსწონებოდა მას და შეიხმო მამა იოანე და უთხრა საიდუმლოდ: ის საათი მომეცით მე და არაფერს გიზამო. იოანემ უთხრა, ჩემი არ არის, ეკლესიის მოსამსახურებისაა და ვეტყვი, თუ მოგცათო. მ. იოანემ სთხოვა საათის პატრონს, რომ ეთავაზა ის საათი, მაგრამ საათის პატრონმა ვარი უთხრა, მეორე დღეს თვით ჯანდარმი და პროიღუმენი მონასტრისა ათანასე შევიდნენ საათის პატრონთან და ესევა სთხოვა და ვაჭრობა დაუწყეს, მაგრამ მან უთხრა, თუ ძალით მართმევთ, წაიღეთ, თუ არადა, ამას არავის ვაძლევო, სახლიდან მაქვს გამოტანილიო, მაშინ შერცხვათ და თავი დაანებეს.
ერთი სიტყვით, ენისგან გამოუთქმელია, რაც ამ დღეს უბედურება დაგვაყენეს. მეორე დღეს სამ მარტს, დიდმარხვის 2 კვირიაკეს, თვითონ სწირავს, ეკლესია ჩვენ ჩამოგვართვეს. 4 მარტს ისევ ჩავიდნენ მამა სიმონი და იოანე მონასტერში და სთხოვეს, ნებას აძლევენ თუ არა წავიდნენ სახლის საქირავებლად, მათ უთხრეს, დღეს კაცებს გამოვაგზავნით, ხაბაკებს აღვწერთ და მერე წადითო და როცა სხალი იშოვოთ, შეგვატყობინეთო. ამავე დღეს გამოგზავნეს მონასტრიდან აღმწერლები. მესამე ეპიტროპი პროიღუმენი ამფილოქე, ბერი ეპიფანე, მღვდელმონაზონი სოფრომი. მწერალი, დიაკონი კირილე და აღწერეს მონასტრის ხაბაკები, სანოვაგე, საღვინე, საზეთე და შაქრის აღწერის დროს ყველა იმას დაესიენ, რადგან შაქარი არსად იშოვებოდა ათონში და ას ოკამდის შაქარში მარტო 40 ოკა დასწერეს, სხვა თვითონ გააპარეს, ზოგი თხოვით და ზოგი ქურდულად. ყორიფელის კილტები ჩამოგვართვეს პადვლიდან ღვინო, ზეთი, რაოდენიც უნდოდათ, გააცალეს ზოგი ქურდულად და ზოგიც ცხადად. მოუთმენელი იყო ამის ყურება ჩვენთვის, მაგრამ რა უნდა გვექმნა. მეორე დღეს ხუთს მარტს წავიდნენ სახლის საშოვნელად დროებით მართველ მღ. მონაზონი სიმონი, მღ. მონაზონი გაბრიელი, მღ. მონაზონი ივანე და მონაზონი მათე. მამა სიმონი და გაბრიელი მივიდნენ რუსის ანტიპროსოპთან მღ.მონაზონ პინუფრისთან. მამა იოანე და მათე წავიდნენ რუსის ანდრიას სკიტეში, რუსის კონსულის კორესპონდენტთან პავლოვსკთან, რათა შეეტყობინებინა, რაში დაასრულეს ჩვენი საქმე. ხოლო რუსის ანტიპროსოპი პინუფრიო(ს) წაეყვანა მამა სიმონი და გაბრიელი კინოტში და ეთქვა, ეს რა ამბავია, ეს კაცები გამოგიყრიათო. მაგრამ ყველა 17 ბერის მონასტრების წარმომადგენლები ერთად აცვივდნენ და სიტყვის თქმაც არ აცალეს იმათ, ისე ხვდებაო, რამოდენ შფოთი ატეხეს აქაო და, თქვენი ბრალია, იმათ ეწევითო. მარტო კრების თავმჯდომარემ, პირველმა ეპისტატმა სერბიის მონასტრისამ ილაპარაკა ჩვენზე, მაგრამ რა გაუვიდოდა ერთ კაცს. ბოლგარიის მონასტრის წარმომადგენელი არ იყო კრებაში.
შემდეგ წავედით რუსის პანტელეიმონის მონასტერში მღ.მონაზონი სიმონი, მღ.მონაზონი იოანე და ვეახელი მეცა მღ. მონაზონი ილია. მამა გაბრიელი და მათე უკან დაბრუნდნენ. მივედით იღუმენთან და ვსთხოვეთ, სადმე თავის მონასტრის მამულში ადგილი მოეცათ გზის გახსნამდი. დაგვიბარეს, მეორე დღისათვის, კრებას ვიზამთო და წმინდა სტეფანეს კელიას მოგცემთო გზის გახსნამდის, არენდითო.
მეორე დღეს, 6 მარტს ქმნეს კრება და დასთანხმდნენ და გვითხრეს, ხვალ 7 მარტს 3 საათზე იქ დაგვხვდითო და იღუმენის მოადგილე და იკონომოსი მოვლენო და ჩაიბარეთო, მაგრამ, ავდრის გამო ამ დანიშნულ დღეს ვერ მოვიდნენ და მესამე დღეს მოვიდნენ, 8 მარტს იღუმენის მოადგილე და სამი კიდო იკონომოსები მონასტრისა და გაგვიღეს კარები და ვინახულეთ სახლები, თუმცა ძალიან მოუხერხებელი ადგილი და სახლები არი, მაგრამ რას ვიზამდით და დავსთანხმდით, იმ პირობით, რომ თვეში 50 დრახმა გვეძლია მონასტრისთვის სახლის ქირა და შეშისთვის კიდე ცალკე 5 დრახმა საპალნეში.
მაგრამ, საუბედუროდ, მეორე დღეს, 9 მარტს, ზოგიერთს ჩვენს ძმებს თხელი ჭკუის პატრონებს აეყოლებინათ სხვებიც. ჩვენც იქ ვერ გავძლებთო, მძიმე საყოფი არისო. ისევ მონასტერთან (ივერონში - კ.კ.), მივიდეთ ყველა ერთად დავიჩოქოთ და ისე ვიტიროთ, რამეფრად გზის გახსნამდი გვაცალონ, ღვთის გულისათვის, როგორც ქრისტიანი კაცები და ბერებიო და მერმე წავალთ, უთხრათო. ამნაირი ფუჭ აზრს დასთანხმდებოდა სხვებიც და ეთქვათ მონასტრის ბერებისათვის, რომელნიც ჩვენ სავანეში იყვნენ - პროიღუმენი ათანასე, ბერი ეპიფანე და მღვდელმონაზონი სოფრომისათვის თავისი აზრი, ასე მივდივართ მონასტერში ამ აზრისათვის. იმას თუმცა პირველად დაეშალა ეს საქმე, მაგრამ როცა ენახა აღარ უჯერებდნენ, გაეგზავნა მონასტერის თავისი კაცი და მიეწერა, ასე მოდიან. იმათ მოსწერეს ეს საიდუმლოება, ალბათ გამოუშვით და მან უთხრა, ახლა ნება არის, წადითო. და წამოსულნი იყვნენ ყველა ერთად, მარტო ორი მოხუცებული დარჩენილი იყო, ავადმყოფი, და როცა წამოსულიყვნენ ერთი ჯანდარიც თან წამოსულიყო მაგენთან და როცა მონასტერს მოუახლოვდნენ, იქ გზაზე შეხვდა პირველი ეპისკოპოსი, პროიღუმენი ამფილოქე და გააჩერა და უთხრა მარტო მამა წამოდი, სხვებმა აქ მოიცადეთო და წაიყვანენ სიმონი და ივანე და როცა მივიდნენ სინოდიკში, იქ იყვნენ მონასტრის უმფროსები თავ-მოყრილი და ისე გაცეცხლებულნი, რომ ქაფი მოსდიოდათ პირზე. და უთხრეს მამა სიმონი და ივანეს, რა გინდათ რას მოსულხართო. მოახსენეს, ჩამოვედით თქვენთან სავედრებლად, რომ მუხლმოდრეკით დავიჩოქოთ და ისე ვიტიროთ, რამეფრათ მოწყალება გვიყოთ ღვთის გულისთვის და გზის გახსნამდის ვიყოთ იქ ჩვენს ადგილზე და მერმეო, ჩვენ წავალთო.
მაშინ მაგათ უთხრეს, თქვენზე მოწყალება ეს გადაწყვიტა მონასტერმა, მეტს თქვენს კელიაში აღარ შეხვალთო და მაშინ დაუძახეს ბერს, რათა ეთქვა მეჯორე ბერისთვის 10 ჯორი გაემზადებინა.
და შემდეგ იწყეს თითო კაცის შეშობა შიგნით, თოფიანი სალდათების ხელქვეით და ხაბაკების გამოტანა და ისე უჩქაროდენ, რომა ნახევარი ხაბაკის გამოტანას ვერ ასწრობდნენ. რაც კარგი რამ იყო და მოეწონათ, თვითონ დაიტაცეს, ე.ი. საათები, დურბინდები, სარკეები და სხვა რამე მოსაწონი ნივთები. ზოგს შაქარი ჰქონდა სახლში მიცემული, იგიც წაართვეს. ერთნაირად სამწუხარო შესახედავი იყო ეს ბარბაროზული საქციელი. იყო ყვირილი და ხმაურობა და ზოგს კიდევაცა სცემეს. ასე ღამეც მოახლოვდა და ჯორებიც წავიდნენ დატვირთულნი წმინდა სერაფანეს კელიაში, სხვა ბერების ხაბაკი ისე დარჩა მინდორში და ბერებიც, რომელთაც შეეძლოთ და იქით-აქეთ წავიდნენ რუსებთან და სხვები მოხუცებულები, რომელთა ვერ შეძლეს სიარული, ისინი მინდვრად დარჩნენ საცოდავად.
მეორე დღე, 10 მარტი, კვირა იყო და ჯორები აღარ მოგვცეს და 11-დან იწვეს ისევ ბარგების გადატანა ძმების სენაკებიდან 12 მარტს ჯორები უკვე აღარ მოგვცეს, მეტს ვეღარ გათხოვებთო, 14 მარტს რუსის ანდრიას სკიტემ გვათხოვა თავისი ჯორები და გადავიტანეთ ხვარბალი და ფქვილი. ამავე დღეს მე, მღ. ილია, მივედი ჩვენი ბერების სანახავად სავანეში, რათა ნუგეში მეცა მათ დაღონებულ გულზე და ორი ოყა თევზიც ვიყიდე და მივუტანე, რადგან ხარება მოახლოებული იყო და გარეთ შევხვდი ეზოში ჩვენს ბერებს და ერთი ჯანდარა და მონასტრის მღვდელმონაზონი იდგა იმგენთან და მივესალმე. ხოლო ჯანდარმა, სალამის მაგივრად, აქ მოდი თქო და შემიყვანა ერთს ოთახში, სადაც კაცს არ შეესვლებოდა და შემაყენა თითქმის ერთ-ნახევარი საათი და მონასტერში კაცი გაგზავნეს. ასე ილია მოვიდა და დავატუსაღეთო. შემდეგ მოვიდნენ მონასტრიდან მეორე ეპიტროფი ანთიმოს და მესამე ამფილოქე და პროიგუმენი გერასიმე და ბერი იაკობი და მაშინ დამიძახეს და გამომიყვანეს და მკითხა პროიგუმენმა ანთიმოზმა, - შენ რა დაგემართა, რა გინდოდა აქაო. მე უთხარი როგორც იყო: აი, თევზი მოუტანე ამ კაცებს ხარების დღესასწაულისთვის და ასე დამატუსაღა ჯანდარმა და ამ თქვენმა მღვდელმონაზონმა-თქო, მაშინ იმან მითხრა, მიეცი თევზი და წადი შენს სახლშიო და ასე გამომისტუმრეს, თვითონ შევიდნენ შიგნით დათვალიერებად ფქვილის და ხვარბლის, რომელიც მათ ხელში იყო და გაუღეს კარები ქართველ ბერებს და - აბა, გამოიტანეთო. აგრეთვე 15 მარტს გაიტანეს ჩვენმა ბერებმა ღვინო და ზეთი და ორი ჭური ზეთი თვითონ დაიტოვეს 150 ოყამდის, ეკლესიისთვის გვინდაო. ეპიტროპერ ანთიმო და ამფილოქე, ამ დღესაც იყვნენ და ისინი აგებდნენ ამ საქმეს. ზემოთ მოვიხსენიეთ შაქარისათვის როგორც დაიტაცეს და რაც დარჩენილიყო ცოტა, ის მოგვცეს და იმის თხოვაც დაგვიწყო უსირცხვილოდ არქიმანდრიტ სოფრომა, ერთი ორი ოყადონეთი მე მომეცითო, რა უნდა გვექმნა შევშინდი, რომ არ მივცეთ უფრო გადაგვემტერება, სხვა საქონელებს აღარ მოგვცემსო და ავიღეთ და მივეცით.
ჯანდრები ყაჩაღურად იდგნენ და რაც მოსწოდათ იტაცებდნენ - საპონი, ჩაი და სხვა რამეებს. 19 მარტს ბართლომეს დიაკონი, თოაკიმ და მორჩილი გიორგი სცემეს ეპიტროპოს ანთიმოსის ბრძანებით და ისე გააგდეს ჯანდარმებმა და გამოგვიცხადეს, მეტი ფეხი არ დაადგა აქაო"...