- ყველას ვულოცავ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს, თაბორის ღვთაებრივი ნათელი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს. ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ერი, რომელიც ვიდოდა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ",- ღაღადებს და გალობს წმინდა ეკლესია. მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ, თორმეტ მოციქულთა შორის გამოირჩია პეტრე, იაკობ და იოანე და აღიყვანა თაბორის მაღალ მთაზე, რომელიც მდებარეობს ისტორიულ გალილეაში. თაბორის მთაზე მაცხოვარმა ფერი იცვალა და "განაბრწყინა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი იქნა, ვითარცა სპეტაკ, ვითარცა თოვლი". მაცხოვარმა კეთილი ინება, მოციქულთათვის განეცხადებინა ღვთაებრივი ბუნების სიდიადე, რადგან ახლოვდებოდა ჯვარცმის დღე, რომელზედაც საუბრობდნენ უფლის წინაშე წარმდგარი მოსე და ილია წინასწარმეტყველი. ამ დროს მოციქულები შიშნარევმა, ენით აუწერელმა ნეტარებამ მოიცვა.
პეტრე მოციქულმა კი წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ნათლად ასახავს ღმერთთან სიახლოვის ბედნიერებასა და სიხარულს - "უფალო, კეთილ არს ჩვენთვის აქ ყოფნა და თუ გნებავს გავაკეთოთ სამი ტალავარი - ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთიც კიდევ ელიასათვის, რამეთუ არა იცოდა რას იტყოდა. ღმერთთან სიახლოვის ნეტარი მდგომარეობა, რომელიც მოციქულებმა განიცადეს, შესაძლებელია განიცადოს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, მაგრამ ამისათვის ადამიანში საჭიროა მოხდეს ფერისცვალება და შინაგანი გარდაქმნა. "მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი. მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას", - ბრძანებს წმინდა მეფე დავით მეფსალმუნე. ადამიანმა პრინციპულად უნდა გადაწყვიტოს, რომ მიატოვოს მავნე ჩვევები და ცოდვითი მიდრეკილებები.