აი, რას გვიამბობს დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი: "კურთხეული საუკუნიდგან ქალაქი, რომელსა შინაც თვით ღმერთმან, დამბადებელმა მსოფლიოსა, სათნო იჩინა ხორციელად გამოცხადება ცხოვრებად ქვეყანისა ყოვლადწმიდისა ქალწულისა მარიამისაგან, არის მთის გრეხილის ფერდობზედ დაშენებული დაშვებულს ვაკეზედ. იგი აშენებულია სამხრეთიტ იერუსალიმისა ორის საათის მანძილზედ. სარმრთო წერილში იგი იწოდება ბევრაირად: "ბეთლემი", "ბეთლემი იუდეანთა", გასარჩევად ბეთლემისა გალილეანისა, რომელიც ეკუთვნოდა ზაბულონის ტომსა, "ევფრათა", ანუ "სახლი ევფრათა", თვისის არა ჩვეულებრივის ნაყოფიერებისათვის, ვინაიდგან ევფრათა ებრაულად ნიშნავს ბარაქიანობას, ნაყოფიერებას; იწოდება აგრეთვე "ქალაქად დავითისა", ვითარცა სამშობლო წინასწარმეტყველისა და მეფისა დავითისა. ბეთლემი ურიულად ნიშნავს-სახლი პურისა. ეს სახლი პურისა გამოსჩნდა სახლად კურთხევისა და მადლისა ღმრთაებრივისა, რომელიც აღმოგვიცენდა დავრდომილს კაცობრიობას აქ განხორციელებითა მხოლოდ შობისა ძისა ღმრთისათა".
და ბოლოს თქვენს წინაშე აღიმართება დიდებული ტაძარი, რომელიც ჰფარავს უფლის შობის გამოქვაბულს. პირველ ქრისტიანებს ამ წმიდათაწმიდა ადგილზე მცირე ეკლესია ჰქონდათ. რომის იმპერატორმა ადრიანემ აქ ბომონი ააგო. ელენე დედოფალმა კი დაამხო კერპები და ქრისტეს შობის ადგილზე ეკლესია აღაშენა, რომელიც მეექვსე საუკუნეში განაახლა და გააფართოვა მეფე იუსტინიანემ. 614 წელს პაესტინაში შემოჭრილმა სპარსმა დამპყრობლებმა თითქმის ყველა ქრისტიანული ტაძარი მიწასთან გაასწორეს. ბეთლემს მიწევნული სპარსთა ლაშქარის თვალწინ გრანდიოზული ეკლესია გადაიშალა, რომლის ფასადზეც შობის ამსახველ მოზაიკაზე მათ აღმოსავლურ სამოსში გამოწყობილი სამი მოგვი იხილეს. ტაძარი დანგრევას გადაურჩა.
ტაძრის მთავარი საკურთხევლის ქვეშ იმყოფება მღვიმე, სადაც იშვა უფალი. შობის ადგილი დაფარულია მარმარილოს ფილით, რომელშიც ცასმულია კანდელების შუქით განათებული ვერცხლის ვარსკვლავი წარწერით: "აქ იშვა ქრისტე ქალწულ მარიამისაგან". მარჯვნივ, ორიოდე ნაბიჯის მოშორებით, არის ბაგა, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სახვევებში შეხვეული ჩვილი მიაწვინა; ამ ბაგაში მწოლიარე უფალს თავყვანი სცეს მწყემსებმა, რომლებსაც ანგელოზმა ახარა შობა მხსნელისა. მღვიმის ბუნებრივ ჭერსა თუ კედლებზე დაკიდებული ურიცხვი კანდელის მკრთალი ნათელი ეფინება ამ ზეციურ სავანეს, რომელიც დღესაც თითქმის ისეთივე უბრალო და ღარიბულია, როგორიც მაცხოვრის შობის დღეებში იყო.
აქვე, ტაძრის ეზოში, ვიხილეთ საძვალე, სადაც დასვენებულია ჰეროდეს მიერ ბეთლემსა და მის შემოგარენში მოწყვეტილ ყრმათა წმინდა ძვლები. შორიახლოს კი არის ადგილი, სადაც მისულა მარიამ, დედა უფლისა და მცირეოდენი მარცვალი უთხოვია, მაგრამ მას არაფერი მიუცია. ამის შემდგომ მუხუდო მთლიანად ქვებად ქცეულა. ამ ადგილზე ახლაც მიმოფანტულია მუხუდოს მსგავსი ქვები.