ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!
ღვთის მადლით დღეს ჩვენ კვლავ ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს, რომლის შინაარსიც ასეთია: წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა წაიყვანა თავისი სამი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე. მათთან ერთად განმარტოვდა მაღალ მთაზე და იწყო ლოცვა. დაღლილ მოციქულებს მიეძინათ. როცა გამოეღვიძათ, დაინახეს, რომ მათ მოძღვარსა და მასწავლებელს - იესო ქრისტეს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი ჰქონდა თოვლივით თეთრი. მასთან გამოცხადებულიყვნენ მოსე და ილია წინასწარმეტყველნი, რომელნიც საუბრობდნენ იმ საშინელ წამებასა და ქვეყნიურ სიკვდილზე, ქრისტეს რომ ელოდა ურიათაგან. როცა მოსე და ილია შორდებოდნენ ქრისტეს, მოულოდნელად ბრწყინვალე ღრუბელმა გაანათა ისინი და მათ მოესმათ ზეციური ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ". მოწაფენი შიშით დაემხნენ მიწაზე. იესო მივიდა მათთან, შეეხო და უთხრა: "ადექით, ნუ გეშინიათ". გამხნევებული მოწაფენი ადგნენ და დაინახეს თავიანთი მოძღვარი, ჩვეულებრივი სახით. აი ამ დიდებულ ამბავს იხსენიებს წმიდა ეკლესია დღეს.
ბუნებრივია, ყოველ ჩვენთაგანს დააინტერესებს მიზეზი მაცხოვრის ფერისცვალებისა. როგორ მოხდა, რომ იესო ქრისტემ თვითონ გამოაჩინა ღვთაებრივი დიდება თვისი მოწაფეთა წინაშე, მაშინ, როცა ყოველთვის გაურბოდა კაცთაგან დიდებასა და პატივს? ფერისცვალების დღესასწაული მართლაც განსაკუთრებულია მაცხოვრის სასწაულთა შორის. იგი ეხება არა ძე კაცისას ზეციდან გარდამოსვლისა და განკაცების საიდუმლოს, არა მაცხოვრის ქვეყნიურ მოღვაწეობას, არამედ საუკუნო ცხოვრებას, მართალთა საუკუნო ნეტარებას. მაცხოვარმა ფერისცვალება ინება იმისათვის, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფერისცვალებისას ქრისტეს სახე გაუბრწყინდა როგორც მზე. წმიდა მოციქული პავლეც იგივეს ამბობს გამართლებულ ადამიანებზე - მართალნი სასუფეველსა შინა ცათასა გაბრწყინდებიან ვითარცა მზეო. როგორც ჩანს ცხონება-გამართლება ადამიანებისა სასუფეველსა შინა, მდგომარეობს მათ ფერისცვალებასა და გაბრწყინვებაში თავიანთი ღირსების მიხედვით ისე, როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტესი თაბორის მთაზე.
მაგრამ საყვარლნო ძმანო ასეთი გაბრწყინვება-გაცისკროვნება, ანუ ფერისცვალება ადამიანისა მოუმზადებლად არ მოხდება, იგი შესაძლებელია მხოლოდ დიდი მოთმინებისა და შრომა-გარჯის შედეგად. მთელი ქვეყნიური ცხოვრება ქრისტიანისა, სხვა არაფერი უნდა იყოს, გარდა განუწყვეტელი, თანდათანობითი ფერისცვალება, ანუ გადასვლა მიწიერი - ცოდვილი მდგომარეობიდან, სულიერ - წმიდა მდგომარეობაში. სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა ნელ-ნელა, დღითი-დღე უნდა იცვლებოდეს, ახლდებოდეს, უმჯობესდებოდეს, მაღლდებოდეს და ვითარდებოდეს. აკი ბრძანებს ამაზე წმ. მოციქული პავლე: "ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისათა, რათა გამოიცადოთ, რა იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული" (რომ. 12, 2). ე.ი. ამ სოფელს ნუ დაემსგავსებით, არამედ შეიცვალენით, გონებით განახლდით, რომ იცნათ ნება ღვთისაო. მართლაც და ძმანო, თუ კაცის გონება თანდათან არ გამდიდრდა ღვთის სიტყვის სწავლით, მაშინ იგი ვერ ჩასწვდება ნებას ღვთისას, რომელმაც უნდა აღამაღლოს და სრულყოს ადამიანი. ღვთის ნებას დაშორებული კაცი კი ემონება ქვეყნიურ ამაოებას, ხორციელ გულისთქმასა და ვნებას, რაც წმ. მოციქულ იაკობის თქმით "მტერობა არს ღვთისა" (იაკ. 4, 4). ამიტომ კაცი ყოველთვის თავის მოქმედებას უნდა იკვლევდეს გულდასმით, ღვთიურია ის თუ არა, არის თუ არა ღვთის ნება და კურთხევა მასზე, რომ ღვთის ნების გატარებით მიუახლოვდეს უფალ ღმერთს - სიმართლისა და სიწმიდის ნათელს და ამ ნათლითა და სისპეტაკით თავადაც განათლდეს და გასპეტაკდეს.
ამიტომ ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, მაცხოვრის ფერისცვალების ამ დიდებულ დღეს მოდით და ჩვენც სულით, გულით და გონებით ავიდეთ თაბორის მთაზე და მოციქულებთან ერთად ვიხილოთ ფერისცვალება იესო ქრისტესი. ვიხილოთ ნათელი დიდებული და თავადაც გავნათლდეთ: ვიხილოთ მეუფე ჩვენი გაბრწყინვებული და ჩვენც გავბრწყინდეთ. აღვიდეთ ძმანო თაბორის მთაზე და ვისმინოთ სანატრელი ხმა უზენაესისა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ", ვისმინოთ საყვარელნო, ჩვენთვის განკაცებული, ჩვენთვის ტანჯული, დაფლული და აღდგომილი იესო ქრისტესი და დავიმარხოთ გულში მცნებანი მისნი. დაუტევოთ ქვეყნიური ზნე და ფერი, გამოვიცვალოთ ხასიათი, დაუტეოთ მიწის ფერი და შევიმოსოთ ბრწყინვალე ზიციური ნათელით, რომ ღვთიური ნათლით შემოსილნი ვმსახურებდეთ უფალ ღმერთს - მამასა და ძესა, და წმიდასა სულსა, რომელსა შვენის ყოველი დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.