რომის კათოლიკური ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ქრისტეშობას 25 დეკემბერს თანამედროვე გრიგორიანული კალენდრის მიხედვით აღნიშნავს.
კონსტანტინოპოლის (ათონის გამოკლებით), ანტიოქიის, ალექსანდრიის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, ელადის და ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიები 25 დეკემბერს ახალი იულიანური კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ, რაც თანამედროვე გრიგორიანულ კალენდარს, ანუ "ახალ სტილს" ემთხვევა.
სომხური ეკლესია ქრისტეშობას 6 იანვარს ნათლისღების დღეს აღნიშნავს და დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებს.
კაცობრიობა უკვე დიდი ხანია სარგებლობს ტერმინებით "ახალი ერა", "ჩვენი ერა", რომლის ათვლაც ქრისტეშობიდან იწყება. უფრო დიდი ხანია მიმდინარეობს დავა იმის შესახებ, სინამდვილეში რომელ წელს დაიბადა იესო ქრისტე. ამასთან, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ქრისტეშობის ზუსტი თარიღის დადგენა, რადგან, მათი აზრით, კანონიკურ სახარებებში, საიდანაც იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ საიმედო ინფორმაცია შეიძლება იქნეს მოპოვებული, ბევრი "გადაულახავი წინააღმდეგობაა". სინამდვილეში კი სახარებებში არავითარი შეუსაბამობა არ არის, უფრო მეტიც, მათში ასახული ქრონოლოგიური მინიშნებები საშუალებას იძლევა გამოვიკვლიოთ და დავათარიღოთ მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი მოვლენები იესო ქრისტეს ცხოვრებაში.
იმ დროს სჯეროდათ, რომ გამორჩეული პიროვნების დაბადების შემთხვევაში ცაზე ახალი ვარსკვლავი უნდა გაჩენილიყო. ამავე დროს, მოგვებს სპარსეთის სამეფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაელებისაგან უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია მესიის მობრძანების შესახებ. მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ბალაამის წინასწარმეტყველებაც, სადაც ვკითხულობთ: "ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელ მოდგმას" (რიცხ. 24:17). აქ სიტყვა "მოაბში" მესიის მტრები იგულისხმებიან. მოგვებს სწამდათ, რომ მესიის გაჩენა ცაზე შესაბამისი სამხილით გაცხადდებოდა. ვარსკვლავი ბალაამის წინასწარმეტყველებაში სულიერი თვალსაზრისით არის ნაგულისხმევი, მაგრამ იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ღვთის რწმენის მოზიარენი წარმართებიც გამხდარიყვნენ, უფალმა ცაზე მათთვის ცნობადი ნიშანი გამოაჩინა. იხილეს მოგვებმა ვარსკვლავი და მიხვდნენ, რომ ისეთი ახალი მეფე უნდა დაბადებულიყო, რომელსაც მათთან ერთად მთელი ქვეყანა ელოდა.
ეპიფანია (ბერძნ. ღვთის "გამოცხადება") - იესო ქრისტეს გამოცხადება - ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ უდიდეს მოვლენას, რომელიც მოგვებმა აღმოსავლეთით გამოჩენილი მოკაშკაშე ვარსკვლავის ბრწყინვალებაში დაინახეს (მათ. 2:2).
2. მუცლადღებული იოანე წინასწარმეტყველის მიერ ელისაბედისა და წუთისოფლის ხარება. ელისაბედისა და წუთისოფლის ხარება ღვთისმშობლის ხარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა და იგი მუცლადღებული იოანე ნათლისმცემლისაგან იქნა გაცხადებული. დაწერილია: "შევიდა (მარიამი - რ.ჩ.) ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ" (ლუკ. 1:40-45); ეუწყა იმის შემდეგ, რაც ყრმა სიხარულით შეიძრა ელისაბედის სხეულში!
ეს იყო ქვეყნის, მთელი სამყაროს და ყველა იმ ადამიანის ხარება, ვისაც ჰქონდა რწმენა და ნამდვილი მოლოდინი უფლისა, რადგან დაწერილია: "ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ". ელისაბედის ამ სიტყვებს მარიამის წინასწარმეტყველება მოჰყვა და თავისი წინასწარმეტყველებით მადლითმოსილი ქალწული ყოველ ადამიანს ცალ-ცალკე და ერთდროულად მთელ კაცობრიობას შეეხმიანა. ყოვლადწმინდა ქალწულმა ბრძანა: "წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი" (ლუკ. 1:51-53). ეს სიტყვები ეხება ყველა დროის და ყველა ჯურის ადამიანს, ვის ყურსაც შეუძლია ამ საოცარ ამბავს შესწვდეს და ვის გულსაც ძალუძს ეს სიხარული გაიზიაროს;
3. ზეცაზე განცხადებული საყოველთაო ნიშანი - წარმართების ხარება, ანუ აღმოსავლეთის ვარსკვლავი. მოგვებისათვის კოსმოსი მრავლის მაუწყებელი იყო. მოგვები ასტრონომები და ასტროლოგები იყვნენ და ზოდიაქოს ნიშნები და მათი მნიშვნელობა კარგად იცოდნენ. ისინი ზეცას ღმერთის სიტყვის ამოკითხვის მიზნით აკვირდებოდნენ, ხოლო ვარსკვლავების გადაადგილების მიხედვით მომავალს წინასწარმეტყველებდნენ. უფლის განკაცებამდე ეს რეალურად ასე ხდებოდა, რადგან თუ ადამიანი ღვთისკენ მიმავალ გზას ეძებდა, ღმერთიც ადამიანს მისთვის მისაწვდომი ნიშნებით ეხმარებოდა. მაცხოვრის მობრძანების შემდეგ დადგა ბოლო ჟამი, წარმართული ნიშნებით ღმერთის ძიების დრო დასრულდა, "ღმერთი (უკვე ყველასათვის - რ.ჩ.) გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით" (1 ტიტ. 3:16).
როდესაც მოგვებმა ცაზე ნიშანი იხილეს, ისინი ამ ხილვისათვის მომზადებულნი იყვნენ და მათ ამ სახილველის მნიშვნელობა მაშინვე ამოიცნეს. მიხვდნენ, რომ სამყაროს მოევლინა მეფე! არაჩვეულებრივი მეფე! ყველა დროის, ყველა მეფეთა მეფე! მეფე, რომელსაც ყოველგვარი მეფობის ძალა უნდა გაეუქმებინა. მრავალი ქრისტიანისათვის ეს ღვთაებრივი ნიშანი დღევანდლამდე აუხსნელ საოცრებად რჩება, მაგრამ ვინაიდან ადამიანი ყველაფერში გარკვევასა და ყველაფრის ახსნას ცდილობს, ვნახოთ, ამ მოვლენის შესახებ რა ცოდნას გვაწვდის თანამედროვე მეცნიერება.
ვარსკვლავთმრიცხველთა ძველი და მეცნიერთა ბოლო დროის გამოკვლევები ქრისტეშობის კოსმოსური ნიშნის შესახებ: აღორძინების ეპოქაში ფიქრობდნენ, რომ მოგვებმა ცაზე კომეტა დაინახეს. სხვები მიიჩნევდნენ - ეს ზეახალი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ერთბაშად მთელი ზეცა გაანათა. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ მოგვებისათვის კომეტა სიკვდილის ნიშანი იყო, ხოლო ახალი მეფის დაბადებას ზეახალი ვარსკვლავი არ იუწყებოდა. შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორის, ასტრონომ დევიდ ჰიუსის აზრით, მოგვებისათვის მეფის დაბადების მაუწყებელი შეიძლებოდა პლანეტების გარკვეული განლაგება გამხდარიყო. მას მიაჩნია, რომ ამ ვერსიის მნიშვნელოვანი საბუთმტკიცება ლონდონში ბრიტანეთის მუზეუმში ინახება და ეს არის თიხის ფირფიტები, რომელზეც ძველ ბაბილონურ, ანუ მოგვების მშობლიურ ენაზე შემონახული ტექსტები იკითხება. ზოგიერთი მათგანი ასტრონომიულ კალენდარს წარმოადგენს. ერთ-ერთ ფირფიტაზე ძვ. წ. აღ-ის 7 წელს პლანეტების სატურნისა და იუპიტერის მოძრაობაა გამოსახული. ამ პლანეტებს მოგვებისათვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, რადგან მეფეთა ჰოროსკოპებში ახალი პიროვნების გამეფებაში მთავარი როლი იუპიტერს მიეკუთვნებოდა. იუპიტერი მომავალი მეფის სიმბოლო იყო, სატურნი კი ძველი - წარმავალი მეფის ნიშანი. მათი ურთიერთდაახლოება მმართველობის შეცვლას იუწყებოდა, ხოლო თუ ისინი თევზების ზოდიაქოში იკვეთებოდნენ, ვინაიდან ეს თანავარსკვლავედი ისრაელის ზოდიაქური სიმბოლო იყო, ცვლილებაც იქ უნდა მომხდარიყო. ძველი წელთაღრიცხვის 7 წელს იუპიტერი და სატურნი თევზების თანავარსკვლავედში სამჯერ გადაიკვეთა, რაც ყოველ 820 წელში ერთხელ ხდება. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ იესო ქრისტე ძვ. წ. აღ-ის 7 წელს დაიბადა.
მოგვიანებით მეცნიერებმა ახალ საბუთს მიაკვლიეს: როჯერსის უნივერსიტეტის პროფესორმა, ასტრონომმა მაიკლ მოლნერმა ისეთი მტკიცებულება მოიპოვა, რომლის გათვალისწინებით მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, იყო თუ არა თევზები ისრაელის ნიშანი. მან ისრაელის უშუალოდ იმ კუთხის ზოდიაქოს მიაგნო, სადაც იესო ქრისტე დაიბადა. მოლნერის ხელთ რომის მმართველობის პერიოდში იუდეაში მოქმედი ძველი მონეტა აღმოჩნდა, რომელზედაც ამ კუთხის მაშინდელი ზოდიაქოს ნიშანი "ვერძია" გამოსახული. ეს ვერძი კოსმოსურ სივრცეში მოძრაობს და თან თვალს მის ზურგსუკან დარჩენილ ვარსკვლავს ადევნებს. შემდეგ მოლნერი კლავდიოს პტოლემეოსის ასტროლოგიური ენციკლოპედიით დაინტერესდა და მასში იესო ქრისტეს ცხოვრების წლების შესახებ გარკვეული ინფორმაცია აღმოაჩინა. პტოლომეოსს თავის მასალებში ქვეყნების შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნების სახელწოდებები ორჯერ აქვს ჩამოთვლილი და ამ ჩამონათვალითაც დასტურდება, რომ იუდეას ვერძის ნიშანი შეესაბამებოდა. ე. ი. უნდა ვიფიქროთ, რომ მოგვებმა კოსმოსური ნიშანი ვერძის ზოდიაქოში დაინახეს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძვ. წ. აღ-ის 7 წელს იუპიტერი და სატურნი ვერძის ნიშანში არ გადაკვეთილა.
საგულისხმოა, რომ ერთი წლის შემდეგ, ძვ. წ. აღ-ის 6 წლის 17 აპრილს, ვერძის ზოდიაქოში ისეთი ასტრონომიული მოვლენა განხორცილდა, რომელიც მოგვებს უეჭველად განაცვიფრებდა: პლანეტების მეფე იუპიტერი მთვარემ გადაფარა. მოგვებისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა ყოფილიყო, რადგან იგი იუწყებოდა, რომ იუდეაში უნდა დაბადებულიყო მეფეთმეფე, რომლის სიმბოლოც ვერძი იქნებოდა. ციური სხეულების ასეთი გადაადგილების დანახვა მხოლოდ აღმოსავლეთში იყო შესაძლებელი, რადგან ამ დროს იუპიტერი სწორედ აღმოსავლეთის ცაზე მოჩანდა. მოგვებისათვის ეს იქნებოდა ცისკრის ვარსკვლავის გადაფარვა, ანუ, როგორც გაირკვა, ყველაფერი ისე მომხდარა, როგორც ამ ამბის შესახებ წმინდა მათემ გვაუწყა. მოლნერის და სხვა მეცნიერების აზრით, ის დღე - ძვ. წ. აღ-ის 6 წლის 17 აპრილი, როდესაც მთვარემ იუპიტერი გადაფარა, იესო ქრისტეს დაბადების თარიღად უნდა მივიჩნიოთ.
ამრიგად, ევროპელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ იესო ქრისტეს შობის დღე 17 აპრილია. მაგრამ ეს ვერსია ჩვენთვის არადამაჯერებელია, ჯერ ერთი, მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, ახალი სტილით აპრილში მარიამის ხარება იყო და იგი ეწინააღმდეგება წმინდა იოანე ოქროპირის, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელისა და სხვა წმინდა მამების აზრებს და, ამავე დროს, თუ სახარების ტექსტს დავაკვირდებით, აშკარაა, რომ იუპიტერის მთვარით გადაფარვა ის დღე იყო, როდესაც მარიამი ელისაბედთან მივიდა და მუცლადღებულმა იოანე ნათლისმცემელმა მუცლადღებული იესო ქრისტე შეიგრძნო. და კიდევ, ვარსკვლავმა იუდეა მიუთითა და არა ნაზარეთი ან გალილეა, სადაც ღვთისმშობელს მთავარანგელოზმა იესო ქრისტეს მუცლადღება ახარა. ღვთისმშობლის ხარებას 17 აპრილამდე დაახლოებით 10 დღე, ანუ ის დრო აშორებს, რაც მარიამს ელისაბედთან მოსვლისათვის უნდა დასჭირვებოდა.