...ახლოვდებოდა იესო ქრისტეს ჯვარცმის დღე. იგი უნდა ვნებულიყო ადამიანთა ცოდვებისთვის. უფალმა იცოდა, რომ ბევრი ვერ გაუძლებდა ამას, ბევრი დაკარგავდა სასოებას და იმედს საუკუნო ცხოვრებისას, ამიტომ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ისინი რწმენით განემტკიცებინა.
უფალმა თავის მოწაფეთაგან ამოირჩია პეტრე, იაკობ და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. მაცხოვარს სურდა, მოციქულთათვის ეჩვენებინა თავისი ღვთაებრივი ნათელი, ეჩვენებინა იმ ზომით, რა ზომითაც მათ შეეძლოთ ამის დატევა, რათა შემდგომ განსაცდელისა (როდესაც მაცხოვარს ჯვარცმულს იხილავდნენ), არ დაბრკოლებულიყვნენ, არ შეშინებოდათ, თანაც დარწმუნებულიყვნენ იმ სიბრძნეში, რომ ვინც სულიერად არ ამაღლდება, ის ვერც ღვთაებრივი დიდების ხილვის ღირსი გახდება.
სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. როცა ძილისგან გამოფხიზლდნენ, ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: სახე მისი გაბრწყინდა, როგორც მზე, სამოსი მისი განსპეტაკდა, ვითარცა თოვლი, რომელიც თვალისმომჭრელ ნათელს გამოსცემდა: "და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი" (მათე 17:2). ამ დროს უფლის წინაშე წარმოდგნენ ზეციური დიდებითა და საღვთო ნათლით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველნი, რომლებიც მაცხოვართან საუბრობდნენ იმ ვნებებისა და ტანჯვის შესახებ, რაც მას მოელოდა იერუსალიმში.
ამის მნახველი მოწაფეები ისეთმა ენით აუწერელმა ნეტარებამ მოიცვა, რომ პეტრემ ანგარიშმიუცემლად წამოიძახა: "მოძღვარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ (კარავი), ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა..." (ლუკა 9:33). შემდგომ ღრუბელი ნათლისაი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ღვთის ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ" (მათე 17:5). (ნათლისღების შემდეგ ფერისცვალების დღეც არის ყოვლადწმინდა სამების განცხადების ჟამი; მამა ღმერთის ხმა, გაბრწყინებული ძე და ღრუბელი ნათლისაი - სული წმინდა). მოწაფეები შიშით პირქვე დაემხნენ. მათთან მივიდა იესო, ხელი შეახო და უთხრა: "აღდეგით და ნუ გეშინინ!" (მათე 17:7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.
მთიდან ჩამოსვლისას იესო ქრისტემ გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, სანამ მკვდრეთით არ აღდგებოდა.
თაბორის თავზე გაბრწყინებული მაცხოვრის ხილვის ღირსი გახდა ქრისტეს სამი მოწაფე, რომელთაც უნდა განემტკიცებინათ სხვა მოციქულები უფლისადმი მათი სასოების გამოცდის ჟამს და რწმენა იმისა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად ძე ღმერთია. მაგრამ მაინცდამაინც ეს სამი მოწაფე რატომ აირჩია? უფალმა გაიყოლა სამი გამორჩეული მოციქული, ვინც ადრევე გახადა ღირსი გამხდარიყო მოწმე იაიროსის ასულის აღდგინების უდიდესი სასწაულისა; ესენი შემდგომშიც გახდებიან მოწმენი უფლის უდიდესი მწუხარებისა გეთსიმანიის ბაღში; იახლა სწორედ იმიტომ, რომ "ისინი გარდაემატებოდნენ დანარჩენებს: პეტრე - იესოს ძლიერი სიყვარულით, იოანე - მისადმი განსაკუთრებული ერთგულებით, ხოლო იაკობი - იმ პასუხის გამო, რომლითაც თავის ძმასთან ერთად მიმართა იესოს: შეგვიძლია შევსვათ სასმისი; იგი ისეთი მკაცრი და ცივი იყო იუდეველებისადმი, რომ ჰეროდე ფიქრობდა მის მოკვლას, რათა ამით ესიამოვნებინა იუდეველნი" (წმინდა იოანე ოქროპირი). წმინდა იოანე დამასკელის თქმით, "იესომ წაიყვანა პეტრე, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტეს ღვთაებრიობაზე მისი მოწმობა (ფერისცვალებამდე ექვსი დღით ადრე) მტკიცდებოდა მამის მოწმობითაც და რათა დაერწმუნებინა იგი თავის ნათქვამში, რომ თვით ზეციურმა მამამ გაუხსნა ეს მოწმობა; მან წაიყვანა იაკობი, რადგან სხვა მოციქულებაზე უწინ ჰქონდა სურვილი, მომკვდარიყო ქრისტესთვის; და ბოლოს, წაიყვანა იოანე, ღვთისმეტყველების წმინდა ორღანი, რათა მას ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისთვის და დაექუხა: "პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი". თუკი უფალი მარტო იუდას დატოვებდა ქვევით, დანარჩენებს კი წაიყვანდა, მაშინ ზოგიერთებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამან შეურაცხყო იუდა და ამიტომაც გასცა თავისი უფალიო, მაგრამ უფალმა ქვევით დატოვა რვა მოწაფე, რათა სამი განედიდებინა ჩვენებით, ხოლო დანარჩენები გაეხადა ნეტარნი გაგონილის რწმენით, როგორც თავადვე ამბობს: "ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავს და ვრწმენე" (იოანე 20:29).
როცა პეტრემ უთხრა უფალს, რომ კარგი იყო მათი იქ ყოფნა, ამით მას უნდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო ფერისცვალება ანუ ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც იმჟამად დაეუფლა მათ. ეს სიხარული მომავალი საუკუნის, ცათა სასუფევლის ნეტარება იყო, რამეთუ მხოლოდ ღვთაებრივი ნათლის სხივებში იძენს ადამიანის გული სიხარულსა და მშვიდობას. თაბორზე, ფერისცვალების დიდებაში, უკვე გამობრწყინდა გოლგოთაზე უფლის ჯვრის დიდება. ქრისტესთვის თაბორი უძღოდა წინ გოლგოთას, ქრისტიანისთვის კი გოლგოთაა თაბორის წინამორბედი.
თავისი ფერისცვალებით უფალმა გვიჩვენა, თუ როგორ იქნებიან ადამიანები მომავალ ცხოვრებაში, ცათა სასუფეველში, თუ როგორ გარდაისახება ჩვენი მიწიერი ყოფა სამომავლოდ.
ფერისცვალების სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე ეკლესია ფსალმუნებითა და განსაკუთრებული ლოცვა-საგალობლებით ადიდებს უფლის ყოვლისშემძლეობას, მის სახიერებას და კაცთმოყვარებას, რაც ადამიანთა მოდგმის ხსნაში გაცხადდა.
ფერისცვალების დღისთვის მწიფობაში შედის მრავალი სახეობა ხილისა. მორწმუნეებს, ეკლესიური ჩვეულების მიხედვით, ტაძარში მიაქვთ ახალი ნაყოფი, რომელიც ეკლესიაში იკურთხება. ეს ჩვეულება ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის (გამ. 23: 19; ლევ. 23: 10). ამგვარი წესი მიანიშნებს იმას, რომ დედამიწაზე, ადამიანით დაწყებული და მცენარეებით დამთავრებული, ყოველივე უფალს ეკუთვნის, ამიტომაც საჭიროა ყოველგვარ საკვებზე კურთხევის მიღება, რადგან, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "უფლისაი არს ქვეყანაი, და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა" (ფს. 231).
პალესტინის მთებს შორის თაბორის მთაზე ლამაზი არა არის რა. მარტო დგას იგი ეზდრილონის ველზე, ნაზარეთიდან შვიდიოდ კილომეტრის მოშორებით, უდაბნოში, ათასგვარი ხეებითა და კეთილსურნელოვანი ყვავილებით დაფარული, როგორც საკვირველი დასაგები ფეხქვეშ, დიდებით ფერშეცვლილი უფლისთვის - სწორედ ამ ადგილას იცვალა სახე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.
ფერისცვალების დღესასწაულის უდიდესი მნიშვნელობა და შინაარსი უაღრესი ლაკონურობით არის ასახული ამ დღისადმი მიძღვნილ ტროპარსა და კონდაკში.
ლევან მათეშვილმა