აღდგომიდან 40 დღის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა. ამაღლდა მოციქულების თანდასწრებით, ელეონის მთიდან. გაოგნებული მოციქულები შეჰყურებდნენ უფალს მანამ, სანამ ღრუბლებს არ მიეფარა... და სწორედ ამ დროს დაინახეს ორი ანგელოზი ნათლით მოსილ ჭაბუკთა სახით, რომელთაც აუწყეს: "კაცნო, რას უყურებთ ცაში? უფალი იესო როგორც ამაღლდა ზეცად, ისევე დაბრუნდება დიდებით". გახარებული მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ, იმ სახლში, სადაც ქრისტემ პირველად აზიარა ისინი.
...ამაღლებამდე კი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა უფალი მოციქულებს და ასწავლიდა ღვთიურ საიდუმლოებათა შესახებ, რომლებიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.
უფლის ამაღლების დროს ელეონის მთაზე იმყოფებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც, რომელმაც თავისი ძისა და უფლის ამაღლების ხილვისას კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა.
მაცხოვარი ამაღლდა. ამაღლდა, რათა მოევლინა სული ნუგეშინისმცემელი... ამაღლდა, რათა მართალთათვის გაეკვალა გზა სასუფევლისა... იგი კვლავაც დაბრუნდება. მის დიდებით მოსვლამდე კი, მოციქულთა მსგავსად, ეკლესიური ცხოვრება გვმართებს, რათა უფლის მთელი მისი დიდებითა და ბრწყინვალებით მოახლოების ჟამს ამ დიდების გარეშე არ დავრჩეთ!
თუ ჩვენს გულში არ სუფევს სიხარული და სასოება, რწმენა და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, ამაში თავადვე ვართ დამნაშავე. ვეცადოთ საღმრთო მაცხოვნებელ და მხსნელ მცნებათა აღსრულებით ღმერთთან დაახლოებას, რათა ყველანი ერთად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
დემეტრე ტლაშაძემ