როგორც ცნობილია, IV-VII საუკუნეების ყველა ერესი - ნესტორისა, მონოფიზიტური თუ მონოთელიტური - ხატთა თაყვანისცემას გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა. ხატთაყვანისცემას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდნენ მუსლიმებიც, რომელნიც ქრისტიანებს განუწყვეტლივ უკიჟინებდნენ, ერთი, ჭეშმარიტი უფალი დაივიწყეთ და სამი ღმერთის თაყვანისცემა და კერპთა გაღმერთება დაიწყეთო. ამ ბრალდებას გულმოდგინედ იმეორებდნენ იუდეველებიც, რომელნიც ერთ შემთხვევასაც არ უშვებდნენ ხელიდან, ქრისტიანებისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინათ.
შესაძლოა, სულიერი ცხოვრებისა და განათლების დაცემის ჟამს ხატები, რომლებიც ძველთაგანვე ყოველი ქრისტიანისთვის მოკრძალებული თაყვანისცემის ობიექტები იყო, გაუნათლებელ ხალხში ზოგჯერ მართლაც გაუღმერთებიათ, მაგრამ ეკლესიის მამები ასეთ შემთხვევებს არასდროს ტოვებდნენ მხილების გარეშე და ნებისმიერი ცრურწმენის წინააღმდეგ ხმას უთუოდ იმაღლებდნენ.
იმპერატორ ლეონ ისავრიელს, რომელმაც სახელი მაჰმადიანებთან ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცით გაითქვა, იმედი ჰქონდა, რომ ხატების განადგურებით მხოლოდ ეკლესიას კი არ იხსნიდა ცრუ რწმენისგან, არამედ მუსლიმებსა და იუდეველებსაც ქრისტიანობაზე მოაქცევდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, წმინდა გერმანემ, რომელსაც იმპერატორმა თავისი განზრახვა გაუზიარა, მას ხატთაყვანისცემის ჭეშმარიტი არსი განუმარტა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მეფეს, რომელიც ჯიუტად ადგა თავის აზრს, გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა. მაშინ ის იძულებული გახდა, ხმამაღლა განეცხადებინა, რომ არც მეფესა და არც პატრიარქს ეკლესიის ადათ-წესების შეცვლის უფლება არ ჰქონდათ და რომ თვითონ უსჯულო საქმეში მონაწილეობას უმალ სიკვდილს ამჯობინებდა. ლეონზე არც პატრიარქის განცხადებასა და არც რომის პაპის პროტესტს გავლენა არ მოუხდენია. 730 წლის 17 იანვარს, სვინკლიტის სხდომაზე, იმპერატორმა უმაღლეს არისტოკრატიას შესთავაზა, ხელი მოეწერა ბრძანებისთვის, რომლითაც ხატთაყვანისცემა იკრძალებოდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელის მოწერაზე კატეგორიული უარი თქვა. მაშინ იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და მის ადგილას ხატმებრძოლი ანასტასი აღასაყდრეს, წმინდა გერმანე კი კონსტანტინოპოლიდან განდევნეს. იგი, ღრმად მოხუცებული, დევნილობაში აღესრულა.
მთავარი, რასაც ხატმებრძოლნი ბრალად სდებდნენ ქრისტიანებს, კერპთაყვანისმცემლობა იყო. ისინი ასეთ კითხვას სვამდნენ: რას გამოხატავს ხატები? თუ თავად ღმერთს, ეს წმინდა წერილს ეწინააღმდეგება, რადგან ღმერთი სულია, რომლის გამოსახვა და შეცნობა შეუძლებელია; მაშასადამე, ხატი უფლის გამოსახულება კი არ არის, არამედ კერპი. თუ ხატები ქრისტეს, როგორც ღმერთსა და კაცს, ერთ ხატად გამოსახავს, ეს მონოფიზიტობაა, რომელიც მაცხოვრის ორ ბუნებას ერთში აერთიანებს, ხოლო თუ ისინი განხორციელებულ მაცხოვარს მისი ერთი, ოდენ კაცობრივი ბუნებით აღბეჭდავს, ეს ნესტორის ერესია, რომელიც ქრისტეს, როგორც კაცს, ღმრთეებრივი ლოგოსისგან სრულიად აცალკევებს. ზემოთქმულის კვალობაზე, უფლის ყველა გამოსახულება ერესი და ღვთისგმობაა.
ერეტიკული სწავლების საპირისპიროდ, იოანე დამასკელმა ხატსა და მის თაყვანისცემაზე მართლმადიდებლური სწავლება ჩამოაყალიბა, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს: სამყაროში ყოველივე ხატია, გამოსახულება; თავად კაცი ხატი და მსგავსია ღმრთისა. ყოველი საგანი ხატია იდეისა. ხატსა და პროტოტიპს შორის, მატერიასა და სულს შორის, არსებობს კავშირი. თუკი ხატმებრძოლნი სულთან მატერიის ამ კავშირს სრულიად უარყოფენ, მაშინ ისინი მანიქეველები ყოფილან, რომელნიც ღმერთთან მატერიალური სამყაროს ყოველგვარ ზიარებას გამორიცხავდნენ.
ხატმებრძოლების აზრით, ხატთაყვანისმცემელთა სწავლებიდან გამოდიოდა, რომ ხატებსა და პროტოტიპს ერთი არსი ჰქონდათ, რაზეც მართლმადიდებლები პასუხობდნენ, ხატსა და პროტოტიპს შორის შინაგანი ერთობააო. მაგალითად, მეფის გამოსახულება ამავე დროს ხატია სამეფო ხელისუფლების იდეისა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მეფის გამოსახულებასა და მეფეს შინაგანი ერთობა აქვთ. ამგვარად, ხატი არის მატერიალიზაცია რეალობისა - ღმრთისა, მატერიალური ასახვა ზეგრძნობადი სამყაროსი. ეს აზრია გამოხატული თეოდორე სტუდიელის დისტიქში: "ოდეს უმზერ ხატებს, სწვდები გამოუთქმელ სანახაობას ზეცისა".
741 წელს ლეონ III გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ძე, ფანატიკოსი ხატმებრძოლი კონსტანტინე V. მტრულად განწყობილ წრეებში მას კოპრონიმს უწოდებდნენ - აქაოდა, მონათვლისას ემბაზში ჩაისვარაო, და მიუხედავად იმისა, რომ არაბებთან ბრძოლაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა, ბიზანტიური წყაროები მასზე უარესად არც ერთ იმპერატორს არ იხსენიებდნენ.
კოპრონიმის ოცდათხუთმეტწლიანი მეფობა ქრისტეს აღმსარებელთათვის საშინელი გამოცდა იყო. განადგურდა ქრისტიანული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები, მრავალ ტაძარში კედლებიდან ჩამოფხიკეს ფრესკები, რომლებიც სახარებისეულ მოვლენებს გადმოსცემდა, და ბუნების სურათებითა და ნადირობის ამსახველი სცენებით შეცვალეს.
775 წელს კონსტანტინე კოპრონიმი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი ლეონ IV ავიდა. ახალი იმპერატორი, მამის დარ-ად, ხატმებრძოლობის ერესის მიმდევარი გახლდათ, თუმცა თავისი წინამორბედივით ფანატიკოსი არ ყოფილა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ცოლად ჰყავდა ათენელი ირინე, გონიერი და განათლებული ხატთაყვანისმცემელი ქალი.
ლეონ IV-მ მხოლოდ ხუთი წელი იმეფა. 780 წელს მის ტახტზე მცირეწლოვან ვაჟთან კონსტანტინესთან ერთად მისი თანამეცხედრე აბრძანდა. დედოფალს ხატმებრძოლთა წინააღმდეგ ძალადობა არ გამოუყენებია, მისი კეთილგონიერების წყალობით ჭეშმარიტებამ უსისხლოდ გაიმარჯვა ერესზე. ირინემ უწინდელი პატივი დაუბრუნა წმინდა ნაწილებსაც, რომელთაც მწვალებლები დაუნდობლად შეურაცხყოფდნენ. თუმცა ხატთაყვანისმცემლობის საბოლოო აღდგენისთვის მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა იყო საჭირო.
786 წლის ზაფხულში კრებისთვის ყველაფერი მზად გახლდათ. მაგრამ ხატმებრძოლებმა აამოქმედეს ახალი და ძლიერი იარაღი - ჯარი, რომლის წიაღშიც ერეტიკულ სწავლებას მძლავრად ჰქონდა გადგმული ფესვი. 31 ივნისს, სწორედ მსოფლიო კრების გახსნის წინ, ჯარში იფეთქა ამბოხებამ, რომელსაც ხატმებრძოლი ეპისკოპოსები მეთაურობდნენ. შინაომი რომ არ გაჩაღებულიყო, დედოფალი სიმკაცრის გამოჩენას მოერიდა, მაგრამ მიხვდა, რომ კრების მოწვევამდე ჯარი იქაურობისთვის უნდა გაერიდებინა. გამოაცხადა, თითქოს მაჰმადიანებზე გალაშქრებას აპირებდა და სპა სალაშქროდ მოამზადა, მაგრამ გავიდა თუ არა ჯარი კონსტანტინოპოლიდან, ირინემ ბრძანება გააუქმა და ჯარისკაცები დაითხოვა. მსოფლიო კრება გაიმართა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, როცა მღელვარება საბოლოოდ ჩაცხრა, მაგრამ უკვე არა კონსტანტინოპოლში, არამედ ნიკეაში.
კრებამ, რომელიც 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა, ხატმებრძოლთა ცრუ სწავლება დაგმო და დაასკვნა, რომ ეს ერესი მანამდე არსებულ ყველა ცდომილებასა და მწვალებლობას იმეორებდა და ერთად აღებულს მოიცავდა.
ხანმოკლე მშვიდობის შემდეგ ხატმებრძოლობამ აღმოსავლეთში ისევ იჩინა თავი და კიდევ მრავალი წელიწადი აშფოთებდა ეკლესიას. ეს იყო დრო განუწყვეტელი მღელვარებისა. იმპერიას სათავეში ლეონ სომეხი ჩაუდგა, რომელმაც ხატმებრძოლობის ერესის აღსადგენად ყოველ ღონეს მიმართა. ლეონ V-ის მმართველობის წლებს (813-820) ბიზანტიის ისტორიაში ხატმებრძოლობის მეორე პერიოდად იხსენიებენ. მართლმადიდებლებს არ უსარგებლიათ 787 წელს მეშვიდე მსოფლიო კრებაზე მოპოვებული გამარჯვებით და ხატმებრძოლთათვის სამაგიერო არც დევნითა და არც შევიწროებით არ გადაუხდიათ, ამიტომ პროვინციებში ეს ერესი ისევ ძლიერი იყო, რის გამოც მისი აღორძინება იოლი ჩანდა.
ლეონ სომეხის, მიხეილისა და თეოფილეს იმპერატორობის ოცდახუთი წლის მანძილზე განუწყვეტლივ ანგრევდნენ მონასტრებსა და უდაბნოს სენაკებს, შეურაცხყოფდნენ ხატებს.
იმპერატორი თეოფილე რომ გარდაიცვალა, დედოფალმა თეოდორამ, რომელიც ხატებს ფარულად ქმრის სიცოცხლეშივე სცემდა თაყვანს, სამეფო კარის წარჩინებულ პირთა შეგონებით ხატთაყვანისცემის აღდგენა გადაწყვიტა. დედოფალმა განდევნილი მართლმადიდებლები გადასახლებიდან დააბრუნა. რაკი ხატების თაყვანისცემის თაობაზე მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებანი უკვე არსებობდა, თანაც მსოფლიო კრების მოსაწვევად ხანგრძლივი სამზადისი იყო საჭირო, გადაწყდა, მხოლოდ ადგილობრივი კრება ჩაეტარებინათ. კრება 842 წელს იქნა მოწვეული. მისი აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა. ადგილობრივმა კრებამ ხატმებრძოლთა ერესი დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა, რომელსაც, იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასწაულობს.
ლევან მათეშვილმა