03.01.2013
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში, რომელსაც აფენის თემადაც მოიხსენიებენ, გაიხსნა დედათა მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.
ვესაუბრებით სოფელ გურგენიანის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს მამა რევაზ გელაშვილს.
- ათი წელია, მღვდელი ვარ სოფელ გურგენიანში, რომელიც დაგოდეხის რაიონშია. არაჩვეულებრივი სოფელია და დიდებული ხალხიც ცხოვრობს.
კიდევ ერთი დედათა მონასტერი შეემატა ჩვენს ეპარქიას - გაიხსნა ივერიის ღვთისმშობლის წითელი აგურით ნაგები მშვენიერი ტაძარი, რომელიც აკურთხა და პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა ნეკრესელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სერგი ჩეკურიშვილმა.
უამრავი სტუმარი გვეწვია თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ამ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად. ღვთის დიდი წყალობა და მადლია, რომ ყვავილებითა და მწვანე ნარგავებით დამშვენებული ტაძრის ეზოში ფუნქციონირება დაიწყო აფენის თემის დედათა მონასტერმა, რომლის წინამძღვრად განაწესეს მონაზონი ნატალია. სავარაუდოდ, ტაძრის მოძღვარი იქნება მღვდელმონაზონ ანტონი. იგი წირვას ყოველ შაბათ-კვირას და დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე დააყენებს, მანამდე კი ეპარქიის სხვადასხვა ტაძრის მოძღვრები მორიგეობით გადავიხდით ყოველდღიურ პარაკლისებს.
დღევანდელი დღე იმითაც მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან ახალგახსნილ ტაძარში დაიდებს ბინას ათონის მთაზე შექმნილი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც მაისში ჩამოაბრძანეს საქართველოში ათონელმა ბერებმა. ღვთისმშობლის პორტაიტის სასწაულმოქმედი ხატის ასლი ივერონის მონასტრის ქტიტორის შეკვეთით დაიწერა. იგი დედახატზეა მიახლებული, თითქმის ნახევარ წელზე მეტია ხატი ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს ამშვენებდა. იქიდან წამოვაბრძანეთ სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, იქვე გადავიხადეთ პარაკლისი და ამის შემდეგ, დაახლოებით 8 კილომეტრი, ფეხით მოვაბრძანებდით დედათა მონასტრის ტაძარში - ხატი ხომ ამ მონასტრისთვის დაიწერა და დღეიდან აქ იქნება, ვიდრე ეს ტაძარი და დედათა მონასტერი იარსებებს...
- მამა რევაზ, როგორც მითხრეს, აქედან ნახევარი საათის სავალზეა სოფელი მსხალგორი, სადაც ერთ-ერთ ტაძარში ღვთისმშობლის სისხლმდინარე ხატია დაბრძანებული. რას გვეტყოდით ამ ხატზე?
- სოფელ მსხალგორში წმინდა ნიკოლოზის სახელობის მშენებარე ტაძრის ღვთისმშობლის კანკელის ხატს ვნების კვირეულში შუბლიდან და თვალებიდან სისხლდენა დაეწყო, რომელმაც რამდენიმე დღე გასტანა და ზუსტად აღდგომას შეწყდა. ხატიდან წამოსული სითხე პირველად მართლაც წითელი, სისხლისფერი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სისხლდენა შეწყდა, უფრო მუქი შეფერილობა მიიღო. ისეთი, როგორიც კანზე შემხმარ სისხლს აქვს ხოლმე. რამდენადაც ვიცი, გაკეთდა ლაბორატორიული ანალიზი, რომლის პასუხზეც არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ასეთი სასწაული იმის ნიშნად უნდა მივიღოთ, რომ ხატი ცოცხალი არსებაა და არ შეიძლება მას ისე მოვეპყროთ, როგორც ნივთს, ეს ჩვენთვის უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ ეკლესიურად და ქრისტიანული ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, გავაგრძელოთ ლოცვა და ვიქონიოთ პატივისცემა ხატის მიმართ.
ღმერთმა დაგლოცოთ, შეგეწიოთ დედა ღვთისმშობლის მადლი და წმინდა ნიკოლოზის ახალაშენებული ტაძარი, რომელიც, ღვთის ნებით, მალე ამოქმედდება.