ჩვენი იარაღი ჯვარი, ლოცვა, მარხვა, მორჩილება, სინანული და ერთმანეთის სიყვარულია
ჩვენი იარაღი ჯვარი, ლოცვა, მარხვა, მორჩილება, სინანული და ერთმანეთის სიყვარულია
ბორჯომის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერს ადრეც ვსტუმრობდი. მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანდრიას (ტარიადისი) ლოცვა-კურთხევით, ამჯერადაც მოვილოცე დედათა სავანე. ისე კეთილმოუწყვიათ და გაულამაზებიათ აქაურობა, რომ ამ მონასტრის მოლოცვა და იქ მცირე ხნით ცხოვრება სულიერად გავსებს და გაპურებს.

ღამის სამის ნახევარზე ზარის ხმა ლოცვის მოახლოებას გაუწყებს. სამ საათზე მონასტრის დები ლოცვას იწყებენ.

ღვთის სადიდებელი ლოცვით იწყება და მთავრდება ყოველი დღე მონასტერში.

მამა ანდრიას კურთხევით, მონასტრის წევრებს ვესაუბრე. მანამდე მოძღვარიც მესაუბრა.

- უწმინდესისა და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით გადმოვედი ბორჯომის ეპარქიაში. უკვე 15 წელია ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი ვარ. გადავწყვიტე, შემექმნა ამ ადგილას დედათა მონასტერი. ჩემთან ჩამოვიდა დედაჩემი, სქემმონაზონი ევგენია. ღვთის წყალობით გაიზარდა მონასტრის წევრთა რიცხვი. უკვე თერთმეტნი არიან. მამათა მონასტრის დაფუძნებაც მინდოდა. როცა ბერს ერის ხალხთანაც უწევს ურთიერთობა, ცოტა რთულია მისი ცხოვრება... ღვთის წყალობით, სოფელ ყვიბისთან მდებარე ბერის საყდრებში კვლავ აღდგა სამონასტრო ცხოვრება. წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფის მიერ შექმნილ მონასტერში დღეს მამების ლოცვა და ტკბილი გალობა ისმის.

კეთილმოწესე მონაზონი ნინო (ჩიტაძე): - როდესაც ბორჯომის ეპარქიაში მეუფე სერაფიმე ჩამოვიდა, ბორჯომში მხოლოდ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ფუნქციონირებდა. თავიდან ამ ტაძრის მრევლი ვიყავი. ჩემს დასთან ერთად დავდიოდი. მერე შემომთავაზეს გალობა. მამა ანდრია მაშინ დიაკვანი იყო. როცა მეუფემ მოძღვრად აკურთხა, ჩემი მოძღვარი გახდა. ღვთისმშობლის შობის ტაძარი ადრე საკათედრო იყო. მერე აშენდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და მეუფეც იქ გადავიდა. მამა ანდრია და მისი სულიერი შვილები ღვთისმშობლის შობის ტაძარში დავრჩით. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა ანდრიას ძმა, მამა აბიბოსი, რომელიც წალკაში მოღვაწეობდა, სასწავლებლად ათენის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში წავიდა. დედა ევგენია ბორჯომში, მამა ანდრიასთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ძალიან დავუახლოვდი მოძღვარს, დედა ევგენიას და კიდევ უფრო გამყარდა ჩემში მონასტრული ცხოვრების დაწყების სურვილი. თავიდან მამა ანდრიამ ავჭალის იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერში გამიშვა მონასტრული ტიპიკონის შესასწავლად. იქაური მონასტრის წინამძღვრის, მამა რევაზის და იღუმენია იოანას წყალობით, მცირე დროში შევისწავლე ტიპიკონი. ცოტა ხანში სტუმრად მოვიდა რამდენიმე გოგონა და მონასტერში დარჩენის სურვილი გამოთქვა. ეს ძალიან დიდი ნუგეში იყო პირადად ჩემთვის და მოძღვრისთვისაც. ნელ-ნელა გაიზარდა მონასტრის წევრთა რაოდენობა და ვცხოვრობთ ღვთის წყალობით.Mმონასტერიც კეთილმოეწყო. ღვთის წყალობით მონასტრის ეზოში დაახლოებით ორ თვეში ავაშენეთ წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მცირე ტაძარი. მონასტერი კი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა.

მამა ანდრიას კურთხევით ახლა ვარ კეთილმოწესე და როგორც შემიძლია, ვასრულებ მის კურთხევას.

***
მონასტრის წევრებს ყოველთვის ვახსენებ მამა ანდრიას ნათქვამს, - იყვნენ ისეთები, როგორიც ცხოვრებაში არიან და რაც შეიძლება მეტად დავანახოთ ერის ადამიანებს ჩვენი სიყვარული, უბრალოება, სიმშვიდე, მოთმინება. მამა ანდრია გვეუბნება ხოლმე, რომ ტაძარში, ტრაპეზზე სახარებაა დაბრძანებული, სახარება კი არის სიყვარული. პირველ რიგში მონასტერში სიყვარული უნდა სუფევდეს, რათა მაგალითი ვიყოთ ერის ადამიანებისთვის.

მონასტრის ტიპიკონი ასეთია: ვდგებით ღამის სამის ნახევარზე. სამ საათზე ტაძარში ვკითხულობთ შუაღამიანს, ცისკარს და პირველი ჟამნით ვასრულებთ. შუადღისას ვკითხულობთ პარაკლისს და დაუჯდომელს. 11 საათსა და 5 საათზე გვაქვს ტრაპეზი. 6 საათზე მწუხრი და სერობაა (ცისკრის მერე ვკითხულობთ იესოს ლოცვას, ხოლო სერობის შემდეგ 150 ღვთისმშობლის ლოცვას). შუალედებში მორჩილებები გვაქვს. მამა ანდრიას მამიდაშვილი, რომელიც 15 წელი საბერძნეთში მოღვაწეობდა, გვასწავლის ბიზანტიურ ხატწერას, ვქნით სანთლებს, ვწნავთ სკვნილებს, ვქარგავთ, ვაკეთებთ ჯვრებს, ფსალმუნებს.

მონაზონი სრულყოფილებას მაშინ აღწევს, როცა სრულ მორჩილებასა და საკუთარი თავის უარყოფაშია. მაკარი დიდს ბოროტი გამოეცხადა და უთხრა, - სამოთხის კარები ღია გაქვსო. მან უპასუხა, - ვიდრე თავად არ ვიხილავ, რომ იქ სამუდამო სამყოფელი მექნება, ვერ დავიჯერებო. ჩვენ ყოველთვის უნდა გვეგონოს, რომ ვართ ცოდვილები, მაგრამ სასო არასდროს არ უნდა წარვიკვეთოთ. უნდა ვიყოთ სრულ მორჩილებაში და იმედი გვქონდეს გადარჩენისა.

ვისურვებდი, რომ ჩვენი მონასტერი იყოს პირველ რიგში ღვთის მცნებების დამცველი, სიყვარულის მონასტერი, პატრიარქის, საქართველოს ერთგული.

სამონაზვნე თამარი (კაპანაძე): - 15 წლიდან გავხდი აქტიური მრევლი. ჩემი ერის მოძღვრის, მამა იოაკიმეს კურთხევით წავედი ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერში. მოსვლის დღიდან ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ საკუთარ სახლში მოვედი. ისეთი სიხარული ვიგრძენი, თითქოს ფრთები შემესხა. აქ ვიპოვე სიმშვიდე და სიყვარული, რაც ერში ვერ ვნახე. ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე დედა ნინოს, მისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. ვფიქრობდი ერზე და მონასტერზე და ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. ერთ საღამოს მამა ანდრიამ მკითხა, რას ფიქრობ, ერში წასვლა გინდა თუ მონასტერში დარჩენაო. მაშინვე არ მიპასუხია. დავფიქრდი და წმინდა ნიკოლოზს შევევედრე დახმარება. შინაგანად ვიგრძენი, რომ უნდა დავრჩენილიყავი მონასტერში. მოძღვრის ქადაგებებით უფრო მეტად განმიმტკიცდა გადაწყვეტილება. შემდეგ დედა ნინოს, დედაჩემს და ჩემი ერის მოძღვარს გავანდე საბოლოო გადაწყვეტილება. ძალიან გაუხარდათ და დამლოცეს.

უფალმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა და მე მონასტერი ავირჩიე. აქ უფლის სიყვარულის გამო მოვედი. 23 წლის ასაკში სამონაზვნე ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს მონასტერს და ყველას ვუსურვებდი, რომ უფალთან ყველა ერთად წარვმდგარიყავით როგორც უფლის ჯარისკაცები. დღეს ხალხს სიყვარული აკლია და მინდა, ყველა ბედნიერი იყოს, ჰქონდეთ უფლისმიერი სიყვარული.

სამონაზვნე ელენე (კუბლაშვილი): - 16 წლიდან დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. ეკლესიაში სიარულის დროს ძალიან ბევრი ისეთი მეგობრები შევიძინე, რომლებიც დღეს მონასტერში ცხოვრობენ. როცა მონასტრული ცხოვრების სურვილი გამიჩნდა, ვფიქრობდი, ღვთისგან იყო თუ ბოროტისგან და დავიწყე ლოცვა. ერში სოფიო მერქვა და წმინდა სოფიოს დაუჯდომელს ვკითხულობდი. უფალს ვთხოვდი, - უფალო, თუ ეს გზა არის ჩემი და მონასტრისკენ სწრაფვის სურვილის ხმა უფლისგან მოდის, დამანახე მეუფის ბაგეებიდან-მეთქი. მეუფე კალისტრატესთან ვიყავი დაახლოებული, მისი ლოცვა-კურთხევით დავიწყე გალობა, ხშირად მიწევდა გალობა სამეუფეო წირვებზეც. მეუფე ახალგაზრდებს დაოჯახებისკენ მოუწოდებდა. მონასტრულ ცხოვრებას უფრო შუახნის ადამიანებს ურჩევდა. რადგანაც ძალიან გაძლიერებული მქონდა სწრაფვა მონასტრული ცხოვრებისა, მაინტერესებდა მეუფის აზრი. მეუფე კალისტრატემ ზუსტად სამჯერ დამისვა შეკითხვა, - რას ფიქრობ მონასტრულ ცხოვრებაზეო. საბოლოოდ, მირჩია, ეს გზა ამერჩია. ჩემი პირველი მოძღვარი გახლდათ მამა ბესარიონ ხვისტანი. თავიდან ვიყავი ქუთაისის ხარების ტაძრის მრევლი, შემდეგ გალობა დავიწყე წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში, რომლის წინამძღვარი იყო დეკანოზი ამირან ქარქაშაძე და რადგანაც ვგალობდი და ვეღარ ვახერხებდი ჩემს სულიერ მოძღვართან ურთიერთობას, შევიცვალე მოძღვარი, შემდეგ გახდა მამა ამირანი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სულიერ განვითარებაში. ზაფხულობით ბორჯომის ხეობაში ვისვენებდი. აქაც ბევრ მონასტერში დავდიოდი. ერთ დღესაც აღმოვჩნდი ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერში. მოძღვრისგანაც მქონდა ლოცვა-კურთხევა, გავცნობოდი მონასტრებს, მათ ტიპიკონს და რომელიც ჩემს სულიერებასთან ახლოს მოვიდოდა, იქ დავმკვიდრებულიყავი. პირადად მე მინდოდა ისეთ მონასტერში მივსულიყავი, სადაც წინამძღვარი გამოცდილი ბერი იქნებოდა. ვიყავი მათხოჯის დედათა მონასტერში, ჯიხეთის დედათა მონასტერში, სხვაგანაც, მაგრამ რაღაცნაირად გული ბოლომდე თანხმობას არ მეუბნებოდა. როცა პეტრეპავლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის შობის ტაძარში მოვისმინე მამა ანდრიას ქადაგება, მივხვდი, ის იყო, რასაც ვეძებდი. ვესაუბრე დედა ნინოს, რომელმაც უფლისა და წმინდა ეკატერინეს ხატი მაჩუქა. მამა ანდრიამ საბოლოოდ გამიხსა გზა მონასტრული ცხოვრებისკენ. ჩემი სულიერი მოძღვრისგან ავიღე ლოცვა-კურთხევა და შევუდექი მონასტრულ ცხოვრებას. ბედნიერი ვარ, რომ ვიპივე ასეთი მოძღვარი, კეთილმოწესე, სულიერი დები. ღვთის წყალობით, მზად ვარ შევასრულო ყველა დავალება. მოძღვარი პირველ რიგში გვთხოვს სიყვარულს, ვცდილობ, მისი იმედი გავამართლო და ბოლომდე შევიცნო უფლის სიყვარული და ეს სიყვარული გამოვავლინო ყველა ადამიანში.

KARIBCHE

სქემმონაზონი ევგენია, არქიმანდრიტი აბიბოსი, არქიმანდრიტი ანდრია და
მონასტრის კეთილმოწესე დედა ნინო მონასტრის წევრებთან ერთად

სამონაზვნე ეკატერინე (წიქარიშვილი): - სულიერი ცხოვრება საბერძნეთში დავიწყე. ათენში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარში მივედი მამა თეიმურაზთან (კალანდაძე). ის მირჩევდა, დავბრუნებულიყავი საქართველოში. სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ ავჭალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრის მრევლი გავხდი. მონასტრულ ცხოვრებაზე ფიქრი მაშინ დავიწყე, როცა წავიკითხე სასულიერო წიგნი, სადაც ეწერა, რომ უმოკლესი გზა სასუფევლისკენ არის მორჩილება. მამა რევაზ სიხარულიძის ლოცვა-კურთხევით, ბორჯომის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერს ვესტუმრე. მამა ანდრია რომ გავიცანი, დამლოცა. იმ საღამოს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. მითხრა, გადი გარეთ, ბარით ეზო გადათოვლეო. ავტირდი - ეს მეგონა მონასტრული ცხოვრება და ვოცნებობდი, როგორმე შინ დავბრუნებულიყავი. მაგრამ მალევე გადამიარა ამ ფიქრებმა. თავიდან დედა ნინოს ვუთხარი, მონასტრული ცხოვრების სურვილი რომ გამიჩნდა, მერე მოძღვარს გავუმხილე გულისნადები. რადგან დედისერთა ვარ, ოჯახი შემეწინააღმდეგა. მოძღვარიც ვერ მაძლევდა კურთხევას, რადგან დედაც მამა რევაზის სულიერი შვილია და მშობლები ეცოდებოდა. ვიდრე უფლის ნება არ გამოჩნდა, ერთი წელი შინ ვიყავი. ძალიან დიდი ტკივილი გავიარე, ასევე ჩემმა მშობლებმაც. ბოლოს დედას შევეცოდე, დამლოცა და 2010 წლის 26 იანვარს წამოვედი მონასტერში.

მუდამ მაინტერესებდა, როგორი ცხოვრება იყო მონასტერში. დღეს რომ მეკითხებიან, ყოველდღე ერთი და იგივე არ გბეზრდებაო, ვეუბნები, - მონასტერში ყოველი დღე სხვადასხვანაიარია, სულ სიახლეებია-მეთქი. მადლობა მამა ანდრიას - მისი დიდი დამსახურებაა, დღეს რომ მონასტერში ვარ და მისგან ვსწავლობ მონაზვნურ ცხოვრებას. ყველას ვუსურვებ, ნახოს ის გზა, რომელიც მისი სულისთვის იქნება საცხოვნებელი. ერში იქნება ეს თუ მონასტერში, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენს მონასტერს ვუსურვებ გაძლიერებას, სიყვარულს. მოძღვარი მუდამ გვიქადაგებს, - ერის ადამიანებს თქვენი შავი შესამოსლით და ლეჩაქით ვერ გააკვირვებთ, მხოლოდ სიყვარულით და სულიერებითო. ღმერთმა ქნას, ეს მომმადლოს უფალმა.

სამონაზვნე ათანასია (კარატიელი):
- წარმოშობით ფშაველი ვარ, ცხოვრობდი თბილისში. ტაძარში სიარული 19 წლისამ დავიწყე. დავდიოდი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში, ჩემი პირველი მოძღვარი იყო მამა გიორგი სხირტლაძე. მონასტერში წასვლის სურვილი გამიჩნდა მაშინ, როდესაც გავიგე ახლობლის ბორჯომის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერში ყოფნის ამბავი და გადავწყვიტე ერთი კვირით ჩამოსვლა. დარჩენაზე არ მიფიქრია, მაგრამ ერთ კვირაშივე გადავწყვიტე სამუდამოდ დარჩენა. ფერისცვალების დღესასწაულზე მაკურთხეს სამონაზვნედ. გზა, რომელიც ავირჩიე, ჩემზე ღვთის დიდი წყალობა და სასწაულის დაშვება იყო. მინდა, მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება იყოს ღვთის სადიდებლად, არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი დების და მთლიანად საქართველოს სასულიერო დასისა.

სამონაზვნე მართა (ქაშაყაშვილი): - მონასტერში ყველაზე მთავარი მოძღვრის მორჩილებაა. მორჩილება ყველას სჭირდება, ერის ადამიანებსაც. მონაზვნობა დიდი პასუხისმგებლობაა. თავად შავი შესამოსელიც საკუთარი ცოდვების განცდაა და ღმერთთან დაახლოების ნიშანი. ჯვარი, რომელსაც მონასტერში იტვირთავ, ბოლომდე ღირსეულად და ღვთისთვის სათნოდ უნდა ატარო.

33 წლის ვიყავი, როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. როცა წმინდა მამების ნათქვამს ვკითხულობდი მონასტერში მცხოვრებთა შესახებ, ვფიქრობდი, თუკი მათ სურდათ გადარჩენა, მეც ხომ ეს მინდა-მეთქი და იმავეს ვითვალისწინებდი. ბავშვობიდანვე ისე მზრდიდნენ, რომ ჩემი სახლი და ეზო თავიდანვე იყო ჩემთვის მონასტერი. როცა ეკლესიური გავხდი, მივხვდი, - თურმე მშობლები ეკლესიურად მზრდიდნენ ისე, რომ ეკლესიაში არ დავდიოდი. ძალიან მადლობელი ვიყავი მშობლებისაც, ბებიებისაც და სკოლისაც. სკოლაში ვასწავლიდი სახვით ხელოვნებას, რელიგიის ისტორიას. მონასტერში შემთხვევით არ წამოვსულვარ. ბორჯომის ღვთისმშობლის შობის მონასტერში თავიდან სტუმრად მოვედი. მოძღვარმა და კეთილმოწესემ გულითადად მიმიღეს. ჩემი დიდი სურვილია, რომ თითოეულ ადამიანს ღვთის გზაზე სწორად ევლოს.

საცდური მონასტერში შეიძლება შემოვიდეს მაშინ, როცა მონასტრის წევრი არ არის მორჩილებაში და საკუთარ ნებას ატარებს. საკუთარ თავზე დიდი მტერი ადამიანს არავინ ჰყავს. საცდური ყველგან არის და მონასტერში - უფრო მეტად. სადაც მეტი სიწმინდეა, ბოროტი იქ მიდის საბრძოლველად, ვინც ისედაც ბოროტის ხელშია და მის ბადეშია, მასთან რა აქვს საბრძოლველი. ღმერთმა მედგრად გვაბრძოლოს ამ უხილავ ბრძოლაში. ჩვენი საბრძოლო იარაღი ჯვარი, ლოცვა, მარხვა, მორჩილება, სინანული და ერთმანეთის სიყვარულია.

მორჩილი ნანა (თვაური): - დედას ბავშვობიდან დავყავდი ტაძარში ღვთისმსახურებაზე. ცხოვრებაში განსაცდელი შემხვდა და უფალს უფრო მეტად დავუახლოვდი. ჯერ დიდუბის ეკლესიაში დავდიოდი, სულიერი მოძღვარი მყავდა - მამა ბესარიონ ბულაშვილი. მისი კურთხევით, მონასტერში სტუმრად წავედი. ადამიანი ერთხელ რომ მიდის მონასტერში, მერე უჭირს ერში ცხოვრება. ინტენსიურად დავდიოდი მონასტერში და სერიოზულად დავიწყე ფიქრი მონაზვნობაზე. სხვა პრობლემაც მქონდა - ოჯახი მყავდა და შვილის დატოვება მიჭირდა. მონასტერში წამოსვლის შემდეგ ჩემი შვილიც მალე წამოვიდა ჩემთან. უფალმა ასე ინება. ღმერთმა მსუბუქად გვატარებინოს ჩვენი ჯვარი. მთავარია უფალს სათნოდ ვემსახუროთ. დანარჩენს, უფალი რასაც დაუშვებს ჩვენზე, იმისთვისაც ვმადლობდეთ უფალს. ჩემთვის მთავარია სიმდაბლე. თუ ადამიანს სიმდაბლე და მორჩილება აქვს, მერე ყველაფერი კარგად იქნება. ვცდილობ, მონასტერს სიმძიმედ არ დავაწვე და შევეხიდო მონასტრის წევრებს. მადლობა უფალს, მადლობა მამა ანდრიას.

მორჩილი ანა (თხელიძე): - დედას მონასტერში ხშირად დავყავდი. თავიდან ავჭალის იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერში, დედა პარასკევასთან მივდიოდით ხოლმე. მან მკითხა, - მონაზვნობაზე არ ფიქრობო? და იმ დღიდან დავიწყე ფიქრი. როცა ვხედავდი, თითოეული მონაზვნის თვალებიდან რამხელა სიხარული და სიყვარული მოდიოდა, მინდოდა მათი მსგავსი ვყოფილიყავი. დედას ერთი შვილი ვყავარ და ახლაც დედის გვერდით ვარ მონასტერში. სასულიერო აკადემიაში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და ხშირად ვკითხულობდი წერილებს ბერმონაზვნურ ცხოვრებაზე. დედასთან სტუმრად ჩამოსულმა აქ დარჩენა გადავწყვიტე. როცა მოძღვარს ემორჩილები, სულიერად ნაკლებად ეცემი. მორჩილი ყველაფრისგან დაცულია. მისი სული მშვიდი და უშფოთველია. ჩემთვის სამოთხეა მონასტერი და უბედნიერესი ვარ უფალმა ამ გზაზე რომ დამაყენა.

მორჩილი ანა (სარალიძე): - ჩემი ძმა ცუდად გახდა. იმედი აღარ ჰქონდათ გადარჩენისა. მრევლში ღვთისმშობლის ხატს დააბრძანებდნენ და ეს ხატი მამამ ოჯახში მოაბრძანა. იმ დღიდან ჩემი ძმა გამოკეთდა. ჩემი მშობლები თვლიდნენ, რომ უფალმა შვილი შეუნარჩუნათ. ოჯახმა დაიწყო ტაძარში სიარული. მე მაშინ სამი წლის ვიყავი. როცა გავიზარდე, მონასტერში დავდიოდი. ამ მონასტრის გარდა, არსად ვყოფილვარ. დედა ნინოს ერიდან ვიცნობდი და ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო. მოძღვრისგან ლოცვა-კურთხევა მქონდა - სკოლის დამთავრების შემდეგ წავსულიყავი მონასტერში. ბედნიერი ვარ, რომ მონასტრული ცხოვრება ავირჩიე. ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ჩემი მოძღვრის და დედა ნინოს გარეშე. მშობლები ხორციელად გზრდიან, მაგრამ მთავარი სულია, რადგან სულია მარადიული. სულის პატრონი კიდევ უფალია. ჩემი კლასიდან სამნი წავედით მონასტერში: მე და სამორჩილე სოფიო ერთად ვართ მონასტერში, მორჩილი ბექა ათანასე ათონელის მამათა მონასტერშია. მინდა, ყველა ერთად წარვდგეთ ღვთის სასუფეველში.

სამორჩილე სოფიო (თურმანიძე): - ბორჯომელი ვარ. ეკლესიაში სიარული დავიწყე 16 წლის ასაკიდან, ძალიან მიყვარდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი და მამა ანდრია და ამის გამო ჩემს პირველ მოძღვრადაც იგი ავირჩიე. ორი წლის შემდეგ გამიჩნდა მონაზვნობის სურვილი და 2011 წლის 27 თებერვალს მოვედი აქ. დებმა უდიდესი სიყვარულით მიმიღეს და ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ მონასტრის წევრი ვარ.

KARIBCHEნაირა (ბარბარე) ალხაზიშვილი: - ჩვენს ეპარქიაში მეუფე სერაფიმეს მოსვლის შემდეგ ბორჯომში მრავალი ეკლესია-მონასტერი გაიხსნა, იმატა ბერ-მონაზვნების რიცხვმა, მრევლიც მომრავლდა. თავიდან ჩემი მოძღვარი მამა იერომიელი იყო, ჩემი შვილები მამა ანდრიასთან დადიოდნენ, ჩემი მეუღლის სულიერი მოძღვარიც მამა ანდრია გახლდათ. ძალიან მიყვარს მამა იერომიელი, მაგრამ რადგან ჩემი ოჯახის სულიერი მოძღვარი მამა ანდრია იყო, მეც მასთან გადავედი. მონასტერში კეთილი ადამიანების დახმარებით მრავალი სიძნელე გადაილახა. კეთილმოუწყობელი იყო მონასტრის ეზო, არ იყო წყალი, კანალიზაცია, არავითარი ცხოვრების პირობები. მოიხატა ღვთისმშობლის შობის ტაძარი თამაზ გელაშვილის დახმარებით და მრევლის თანადგომით. მოძღვარმა ბევრი ახალგაზრდა მოსწყვიტა ქუჩას, დაასაქმა ტაძრის მშენებლობა-კეთილმოწყობაში. მამა ანდრიამ პარალელურად დაიწყო ბორჯომში, ახალშენში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მშენებლობა. ხალხმა დიდი სიყვარულით მიიღო ეს და მოძღვარს გვერდიდან არ მოშორებია. ყველა შრომობდა.

მალე მამა ანდრიამ დაიწყო წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ტაძრის აშენება. ისეთი სისწრაფით აიგო ეს ტაძარი, რომ ყველას უკვირდა. მალევე აშენდა მონასტრის გალავანი. შემდეგ მამა ანდრიამ ბერის საყდრების მამათა მონასტრის დაფუძნება გადაწყვიტა. მრევლის თანადგომით ააშენა წმინდა ათანასე ათონელის სახელობის ტაძარი. მამა ანდრიას ორი მონასტერი აქვს, მისი სულიერი შვილები დღეს მოძღვრები არიან. ვუსურვებ ჩვენს მონასტრებს გაძლიერებას და იმ სიყვარულს, რასაც მამაო მუდამ გვიქადაგებს.

კეთილმოწესე დედა ნინო ჩემი ხორციელი შვილია. მისი გადაწყვეტილება მონაზვნობის შესახებ დიდი ხნის წინ ვიცოდი. დედა ევგენია სულ მეუბნებოდა, - ეს არის ძალიან კარგი გზა, მაგაზე არ ინერვიულოო. თუ ვტიროდი ჩემი შვილის აღკვეცას, ეს უკვე სიხარულის ცრემლები იყო. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილმა ეს გზა აირჩია. მამა ანდრიამ გადაატანინა ჩემს ოჯახს სიძნელე - ჩემი ვაჟის გარდაცვალება. სამი შვილი გავზარდე, სამივე მამა ანდრიას სულიერი შვილები იყვნენ, სამივე მაზიარებლები. მამუკა გარდამეცვალა. ვცდილობთ, მამა ანდრიას ლოცვა-კურთხევით ვიცხოვროთ.

იმ წუთიდან, როცა ჩემი შვილი მონაზვნად აღიკვეცა, მაშინვე გაჩნდა ზღვარი დედა-შვილს შორის. ჩემს შვილთან მივედი და კურთხევა ავიღე. ვუთხარი, დამლოცე, დედაო-მეთქი. თითოეული მონასტრის წევრი ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია. იმხელა სიყვარულს ამჟღავნებენ, რომ ზოგჯერ თავს არ ვთვლი იმ დიდი სიყვარულის ღირსად. მამა ანდრიას დიდი სურვილია, შექმნას სიყვარულის მონასტერი. ღმერთმა ინებოს, რომ ასეთი დიდი სიყვარულით გააგრძელონ მოღვაწეობა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat