ბოლნელი მღველმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე) ფიტარეთის უნიკალური ტაძრისთვის დახმარებას უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან.
მაშინ, როცა მავანნი გამადიდებელი შუშით უყურებენ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების დეტალებს, ფიტარეთის ტაძარი და მისი იშვიათი ფრესკების შენარჩუნება დღემდე არავის გახსენებია. არავის ახსოვს, ასევე ტაძრამდე მისასვლელი გზის მოწყობა.. გზად მდინარეა, რომელსაც ხიდი წლებია არ ღირსებია. ამიტომ მონასტრის წევრები და მომლოცველები ორ ხიდიანი მანქანებით ახერხებენ გადაადგილებას.
მეუფე ეფრემი:
-ფიტარეთი თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი უნიკალური კულტურული და სულიერი მონაპოვარია თავისი ფრესკებით, არქიტექტურით, ჩუქურთმებით... გული შეგვტკივა დღეს იმაზე, რომ ეს დიდებული ტაძარი რეალური საფრთხის წინაშე დგას. ტაძრის გუმბათის სახურავიდან წვიმის წყალი ჩაედინება. განსაკუთრებით გაზაფხულზე, წვიმიან პერიოდებში ისეთი ნესტი დგას ტაძარში სუნითაც იგრძნობა. უნიკალური ფრესკები ზიანდება, წყალი რეცხავს ამ ფრესკებს. რამდენიმე წლის წინ გარკვეული სარესტავრაციო ჩარევა მოხდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. ტაძარს ისევ იგივე ფილაქანი, იგივე ლორფინი დააფარეს. სახურავის კაპიტალური და საფუძვლიანი მოწყობა არის საჭირო. ამის შესახებ პირადად მივმართე შესაბამის უწყებებს. იცით, რომ საპატრიარქოში არსებობს საბჭო, რომელიც განაგებს ამ ყველაფერს. საერო მხარეს კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ორივე უწყებისთვის ცნობილია ფიტარეთის სავალალო მდგომარეობა, ქმედება და კომპეტენტური ჩარევა არის საჭირო. დროული ჩარევა თუ არ მოხდა შეიძლება რამდენიმე წელიწადში, რამდენიმე თვეში უკვალოდ გაქრეს და მისი უკან დაბრუნება ფაქტიურად შეუძლებელია. გადავარჩინოთ ფიტარეთის უნიკალური ტაძარი თავისი უნიკალური ფრესკებით. ამის გარდა გზა არის პრობლემა, უამრავ ადამიანს აქვს მოლოცვის სურვილი და ამას ვერ ახერხებს. მდინარესთან ხიდი არ არის. მეორე მხრიდანაც ძალიან რთული გზაა, ტყეში სავალია თეთრიწყაროს მხრიდან. ამიტომაც ჩვენი მოწოდება და ძახილია, რაც შეიძლება უსწრაფესად იქნებს ყურადღება გამოჩენილი ამ დიდებული ტაძრის მიმართ, რადგან მერე გამოუსწორებელი შედეგი არ მივიღოთ. იმედი მაქვს, რომ ღვთის წყალობით და ღვთისმშობლის მეოხებით მალე ეს დღე დადგება. ტაძარი უსაფრთხოდ იქნება და ადამიანებს ამ მონასტერთან დაუბრკოლებელი მისვლის საშუალება მიეცემათ. აუცილებელი და გადაუდებელი ყურადღების მიქცევაა საჭირო. დრო არ ითმენს.
საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის არსებობს ურთიერთშეთანხმება, რომ ერთობლივად იქნეს მოვლა-პატრონობა განხორციელებული ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობაზე. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვაყენებ საკითხს. ჩემი უფლებამოვალეობაა საკითხი მივიტანო და დავაყენო. საკითხი მიწოდებულია წლების წინაც, მაგრამ შედეგი არ არის. კომპეტენტური ჩარევაა აუცილებელი, რომ სახურავი შესაბამისი მოხდენილობით მოეწყოს, გადაიხუროს ისე, რომ ტაძარში წვეთი წყალი არ ჩამოვიდეს და ფრესკები გადარჩეს.
შეგახსენებთ, რომ ფიტერეთის მონასტერი XII საუკუნეშია აგებული.იგი მიეკუთვნება ამავე პერიოდის ტაძართა ჯგუფს, რომელიც განსაკუთრებული ღირსებებით გამოირჩევა. ესენია: ბეთანია, ქვათახევი, იკორთა, წუღრუღაშენი... ფიტარეთის ეკლესიის კარიბჭის შიგნით მოთასებულია დიდი საამშენებლო წარწერდან ვგებულობთ, რომ ტაძარი აგებულია ლაშა-გიორგის მეფობის დროს, მეფის ამირეჯიბის, ქვთარ ქაჯიფაისძის მიერ. საუკუნეთა განმავლობაში მონასტერი ბარათაშვილ-ორბელიანთა სათავადოს სამფლობელოში შედიოდა. ცნობილიაა, რომ აქ მოღვაწეობდა იობ ფიტარელი, რომლის მემკვიდეობას სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია. მას ჩინებულ მწერლად მიიჩნევდნენ სულხან საბა ორბელიანი და ანტონ I, იოანე ბატონიშვილი. ფიტარეთის წიგნთსაცავიდან ცნობილია XVII საუკუნის სახარება (გადამწერი იესე ბედისმწერლიშვილი) და სძლისპირები.
2007 წლიდან ფიტარეთის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას კურთხევით და ბოლნელი ეპისკოპოსის ეფრემის ძალისხმევით აღდგა ნანატრი ბერმონაზვნური ლოცვა და გარჯა. ღვთის შეწევნითა და მოწყალე ადამიანების თანადგომით მოკლე ხანში დაიგო ტაძრის იატაკი.მოეწყო ქვაში მდიდრული ჩუქურთმებით ნაკვეთი კანკელი, დაიდგა წმინდა ტრაპეზი, სამკვეთლო, ნაწილობრივ შეკეთდა გალავანი, აშენდა საცხოვრებელი და სატრაპეზო მონასტრის წევრთათვის. ამავე წლის 18 ოქტომბერს საზეიმოდ იკურთხა ყოვალდწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყავნების სხელობის ტაძრის წმინდა ტრაპეზი და განახლდა შეწყვეტილი წირვა-ლოცვა. მონასტრის წინამძღვარია სქემარქიმანდრიტი ექვთიმე (შავდათუაშვილი).