სოფელ ოლიანკაში ორი მონასტერია - მამათა და დედათა. მამათა მონასტერი ჯერჯერობით მშენებლობის პროცესშია. სამონასტრო ცხოვრებისთვის სახლები საპატრიარქოს და ხელისუფლების დახმარებით შეიძინეს. წალკის მამათა მონასტერი საქართველოში ერთადერთია, რომელიც მამების სიმრავლით გამოირჩევა - აქ 15 ბერი და 5 მორჩილია. სამორჩილეებთან ერთად იქ დაახლოებით 30 მონასტრის წევრია. თითო ოთახში ორი ადამიანი ცხოვრობს, ერთ სახლში კი ოთხი-ხუთი სასულიერო პირი.
მამათა მონასტერში ყოველი დილა ლოცვით იწყება. უფრო სწორად, მამები საღამოს 12 საათიდან დილის 6 საათამდე ლოცულობენ. ყოველდღიურ წირვა-ლოცვაზე წმინდა ზიარებაც ყოველდღიურად სრულდება. შემდეგ ისვენებენ. 11 საათზე ტრაპეზობენ. სამორჩილე საქმეები ყველას სხვადასხვა აქვს. ზოგი სანთელს ქნის, ზოგი მშენებლობაზე მუშაობს, ზოგი საქონელს უვლის, ზოგიც - სასწაულმოქმედ კალმახებს. ვიდრე მათზე გესაუბრებით, მანამდე ბერ გაბრიელს და მორჩილ ზურაბს მოვუსმინოთ.
ბერი გაბრიელი:
- ჩემი მონასტერში წასვლა მართლაც ღვთის ნება იყო. ეკლესია კი მწამდა, მაგრამ მოძღვარი არ მყავდა, არც ვიცოდი, რა იყო ეკლესიური ცხოვრება. მერე მამა ლავრენტისთან მივედი სიონში, აღსარება ჩავაბარე და ვეზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს. დავით გარეჯელის ცხოვრებამ მასურვებინა ბერობა და სამი თვის შემდეგ მონასტრული ცხოვრება დავიწყე, თბილისის თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერი ავირჩიე. მამა დოროთე მაშინ ამ მონასტრის წინამძღვარი იყო. მერე დიდი სამების მონასტერში გადამიყვანა პატრიარქმა. ახლა უკვე ოლიანკაში ვარ მამა დოროთესთან ერთად.
19 წლის ვიყავი, როცა სამორჩილე კაბით შევიმოსე. წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, ოჩამჩირიდან. ბებიას დავყავდი ხოლმე ტაძრებში, მან მასწავლა ლოცვა და მეც ჩემი სიტყვებით ვევედრებოდი ღმერთს. ამიტომაც არის, რომ მე დღეს ბერი ვარ. აცხოვნოს ღმერთმა მისი სული. ილორის ეკლესია დღესაც თვალწინ მიდგას. 13 წელიწადია, რაც აფხაზეთი დაიკარგა. მაშინ 10 წლის ვიყავი. ახლა 23 წლის ვარ.
ჩემს სურვილს მშობლები წინ არ აღდგომიან, პირიქით, დედას ძალიან უხარია, რომ შვილი ბერი ჰყავს. დედის ლოცვა გამომყვა, მას კი დიდი ძალა და მადლი აქვს. დედა რომ დაგლოცავს, უკვე ღვთისგან ნაკურთხი ხარ და უფრო ადვილად წარემართები ბერობისკენ, ეშმაკიც ნაკლებად გიტევს.
- გონებრივი ბრძოლები თუ არის მონასტერში?
- გონებრივი ბრძოლებია, როცა სხვადასხვა აზრს გაწვდის ეშმაკი. შეუძლია ჩაგაგონოს დაოჯახება, რომ მშობლები არ გეცოდება... ყოველი მხრიდან გიტევს, გონებითაც და ხორციელადაც. თუ გაქვს მოძღვრის მორჩილება, ეს საშიში არ არის. ლოცვა და აღსარება გიცავს ეშმაკისგან. მოძღვრის სიტყვისა ეშმაკსაც ეშინია.
- მამა დოროთე როგორ გმოძღვრავთ ხოლმე?
- ქადაგების დროს ყველას გადარჩენაზე ფიქრობს, ყველას უქადაგებს სიყვარულს, ერთგულებას, მეგობრობას. ძალიან დიდი ტვირთია წინამძღვრობა. მას აკისრია მონასტრის წევრთა ცხოვრების სწორი გზით წარმართვა. მოღვაწეობა მხოლოდ დაყუდებულ ცხოვრებაში არ გამოიხატება. იმდენი შრომა დაახარჯა მამა დოროთემ მონასტრის დაარსებას და მოაქცია აქაურობა, რომ ეს ცოტას არ ნიშნავს. მოძღვარი მამასავით ზრუნავს ჩვენზე.
- მონასტერი დღეს თქვენი ოჯახია...
- ეს არის ერთადერთი დიდი და სასიყვარულო ოჯახი. სულიერ ძმებთან ერთად თანასწორად ვცხოვრობთ. ჩვენ შორის უპირატესი მხოლოდ წინამძღვარია, თუმცა მამა დოროთეც არ თვლის თავს უპირატესად.
- მამაო, წირვა-ლოცვას რომელ ეკლესიაში აღასრულებთ?
- სოფელ ოლიანკაში არის ღვთისმშობლის მიძინების, მაცხოვრის შობის და სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძრები. წირვა-ლოცვას მაცხოვრის შობის ტაძარში აღვასრულებთ. ეს არის მიწისქვეშა საყდარი. თავიდან ბოსელი იყო, გავასუფთავეთ, რესტავრაცია გავუკეთეთ და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრად ვაკურთხეთ. იგი განასახიერებს მაცხოვრის ბაგაში შობის ადგილს. თვითონ შენობა 150 წლის არის.
- მამა გაბრიელ, რა იცით ცნობილი კალმახების შესახებ, მართლა სასწაულებს აღასრულებენ?
- კალმახი საერთოდ ადამიანს გაურბის. ესენი კიდევ ადამიანს უჩერდებიან, შუბლზე ჯვრის სახე აქვთ გამოსახული, ამიტომ მუსულმანები მათ ხორცს არ ჭამენ. დედალ კალმახს ვასილისკა ჰქვია, ხოლო მამალს - ვასკა. დედალი არ აფერებინებს ადამიანს, მხოლოდ მამალი მიდის. დაახლოებით ოცამდე ლიფსიტაა. თევზები ღვთისმშობლის შობის ტაძრის საძირკველში ბინადრობენ, საიდანაც წყალი გამოდის. მას აია სოფიას ანუ სიბრძნის წყალს ეძახიან. სასწაულია, რომ თევზი ტაძრის საძირკველში ბინადრობს, ადამიანს არ გაურბის. უდიდესი სასწაული მოუვლინა ღმერთმა კაცობრიობას, რათა კიდევ ერწმუნათ ღმერთი. იმ რეგიონში განსაკუთრებით დავიწყებული აქვთ სარწმუნოება. იქაურებს თვითონაც უკვირთ ეს ამბავი და ქრისტეს სჯულზე ექცევიან. კალმახები მოხარშული კვერცხით იკვებებიან.
- რამდენი წელია, რაც კალმახები იქ ბინადრობენ? თუ ყოფილა შემთხვევა, რომ მოფერების შედეგად კალმახს სნეული განეკურნა?
- ამ ადგილს ერთი ბერძენი უვლიდა. მას უთქვამს: ორი კალმახი შემოვიდა აქ და თავი შეაფარა. მას მერე აქ არიან და მრავლდებიანო. კალმახების დამარხვის წესიც კი არის შემორჩენილი. როდესაც რომელიმე მათგანი მოკვდება, თეთრ სუდარაში გახვეული უნდა დაიმარხოს. ჩვენს დროს არც ერთი არ მომკვდარა. თუ მოკვდება, სუდარით არა, მაგრამ ისე დავმარხავთ.
განკურნებას რაც შეეხება: ერთი თვის წინ გორიდან დედამ ათი წლის დიაბეტით დაავადებული ბავშვი ჩამოიყვანა. რას მივაწერო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვი განიკურნა. მთავარი რწმენაა. თუ რწმენა აქვს ადამიანს, ღმერთი ყველაფრისგან დაიცავს.
- მამაო, დალოცვით დავასრულოთ ჩვენი საუბარი.
- ადამიანი ერთხელ მოდის ამ ქვეყანაზე და ერთხელ მიდის ამქვეყნიდან. არავინ იცის, ვინ როდის დატოვებს სოფელს. ამისთვის საჭიროა ვიცხოვროთ ეკლესიურად, ვიყოთ აღმსარებლები, მაზიარებლები. გამიხარდება, ბერები თუ მომრავლდებიან საქართველოში. თუ არადა, ეკლესიურები მაინც გახდნენ. ეშმაკი შემოგვიტევს, მაგრამ უხილავ მტერს, ეშმაკს სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვებრძოლოთ. ღმერთმა ყველა გაახაროს, გააძლიეროს და აცხოვნოს!
- მონასტერში პირადად თქვენ რა იპოვეთ?
- სიმშვიდე. ერში ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. აქედან გამომდინარე, ვხვდები, რომ ეს ჩემი ცხოვრების გზაა. ზოგი ცოდვის გამო მიდის მონასტერში, ზოგი - სიყვარულის, ზოგიც კიდევ ჭეშმარიტმა სიტყვამ მოაქცია.
- მორჩილს რა ევალება?
- მორჩილმა საკუთარი ნება უნდა უარყოს, რასაც ეტყვიან, ის გააკეთოს. თუ ეტყვიან, პური გამოაცხვეო, უდრტვინველად უნდა გამოაცხოს, ეტყვიან, ქვა ზიდეო, უნდა ზიდოს. შეიძლება იწუწუნო, წინააღმდეგობა შეგხვდეს, მაგრამ მოძღვრის კურთხევას მაინც უნდა დაემორჩილო. მერე ადამიანი უკვე გონებრივ მორჩილებაზე გადადის და თანდათან ხვდები, რომელია ღვთის ნება, რომელი - ეშმაკისა. ღვთის ნებას მე ჩემი მოძღვრისგან ვიგებ. მოძღვარი რასაც მეუბნება, ვიცი, რომ ესაა ღვთის ნება და მორჩილებით ვასრულებ. ასე უნდა იცხოვროს მორჩილმა.
- მორჩილება საერო ცხოვრებაშიც ხომ შეგეძლოთ?
- პირადად მე ერში ამას ვერ შევძლებდი. ავაზაკი ცხონდა სოფელში, ამიტომ შესაძლებელია ერშიც ცხონდეს ადამიანი. მონასტრული ცხოვრება ავირჩიე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ასეთი ცხოვრება უფრო დამეხმარება ცხონებაში.
- რამ გიბიძგათ მონასტრული ცხოვრებისკენ?
- სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი. დაოჯახებასაც ვაპირებდი. მერე სამების დიდ ტაძარში მივედი მამა დოროთესთან. იქ გავიგე, რომ საკუთარი ნების უარყოფა არის ადამიანისთვის უმთავრესი. ერში ნებას ვერ დავთმობდი, ამიტომ გადავწყვიტე მონასტერში წასვლა. მონასტერი ამის საუკეთესო საშუალებაა. ნების დათმობით შენში შემოდის ღმერთი. მოძღვარი რასაც გეტყვის, ის უნდა შეასრულო და ამით შენი ნების უარყოფას ისწავლი, ღვთის ნებას აღასრულებ.
საუბარი პატრიარქის სიტყვებით მინდა დავასრულო - ერი და ბერი ერთად უნდა იყვნენ, თუ ისინი ერთად იქნებიან, ლოცვით იქნება ეს თუ სიტყვით, საქართველო აღორძინდება. ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს!