ზამთრის მიწურულს სოფელ ხადიკის განაპირას მდებარე ტბიდან ამოიმართება ხოლმე მართლმადიდებლური ტაძარი...
04.08.2016
სოფელი ხადიკი თრიალეთის კალთებზე, წალკიდან სამიოდე კილომეტრშია.
აქაურები წელიწადში ერთხელ ღვთის სასწაულის მოწმენი ხდებიან: ზამთრის მიწურულს სოფლის განაპირას მდებარე ტბიდან ამოიმართება ხოლმე მართლმადიდებლური ტაძარი, დღის სინათლეს იხილავს, რწმენას და იმედს შემატებს ქართველობას და მალე ისევ თვალს მიეფარება…
ამ ადგილებში ოდითგან სჩქეფდა სიცოცხლე, რასაც აქაური ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნით დათარიღებული გორასამარხებიც მოწმობს. ისტორიულმა წიაღსვლებმა თრიალეთის კალთებს ბევრჯერ გადაუარა, ხან მშვიდობიანად, ხანაც ბედუკუღმართი ქარაშოტებით.
XIX საუკუნის შუა წლებში, არზრუმის მხრიდან ამ ადგილებში ბერძნები ჩამოასახლეს. სოფლისთვის ხადიკი სწორედ მათ დაურქმევიათ.
მოგვიანებით კომუნისტებს აქ ჰესის აშენება განუზრახავთ, რამდენიმე სოფელი აუყრიათ და მოშორებით გადაუბარგებიათ.
მდინარე ხრამზე (ოდინდელ ქციაზე) დაწყებულმა მშენებლობამ ნასოფლარები ქვეშ მოიყოლა. წყალმა დაფარა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესიაც.
ათეული წლები გავიდა, ტაძარი კი, გუმბათმორღვეული, განახევრებული, მაგრამ მაინც ფუძემაგრად მდგარი, ჯერაც უძლებს განსაცდელს.
ზამთრობით, როდესაც ტბა იყინება და წყლის დონე შესამჩნევად კლებულობს, ეკლესია ნელ-ნელა სამზეოზე ამოდის, მარილით შეთეთრებულ ტანს იშრობს, მლოცველებს კიდევ ერთხელ ჩაიკრავს გულში, განიწმინდება, გაზაფხულის დადგომისთანავე ისევ წყლის საუფლოში ჩაესვენება…
ხადიკში ამჟამად სტიქიის გამო გადმოსახლებული სვანები და აჭარლები ცხოვრობენ, ბერძნებიც, თუმცა მხოლოდ მოხუცები. ახალგაზრდები დიდი ხანია, რაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ.
სვანებმა აქაურობას გამრჯე ხელი უმალვე დაატყვეს. არც თავიანთი ტრადიციები დავიწყებიათ და წყალში ჩაძირულ ეკლესიას ერთგულ მლოცველებად დაუდგნენ.
ყოველ ზამთარს, როდესაც ტაძარი ტბიდან ამოიმართება, სვანები უძველეს რიტუალს - ლამპრობას მართავენ მის კედლებთან, მიეახლებიან, სანთლებს ანთებენ და უფალს ავედრებენ სრულიად საქართველოს.