დაახლოებით 1760 წელს კიევის წმინდა ფლორას სახელობის დედათა მონასტერში მივიდა მდიდარი პოლკოვნიკის ქვრივი აღათია მელგუნოვა სამი წლის ქალიშვილთან ერთად.
აღიკვეცა მონაზვნად ალექსანდრას სახელით, კიევში სამუდამოდ აპირებდა დარჩენას, მაგრამ ერთხელ, ძილ-ღვიძილში წარმოუდგა ღვთისმშობელი მარიამი და უთხრა: "არ მინდა აქ დაასრულო შენი წუთისოფელი... მიმოიარე რუსეთის ჩრდილოეთით ყველა წმინდა სავანე. ნახავ ადგილს, სადაც ჩემი მითითებით დაასრულებ შენს ღვთივსათნო ცხოვრებას, იქ დავაარსებ ისეთ სავანეს, რომელზეც გადმოვიყვან ღვთისა და ჩემს მთელ კურთხევას და კურთხევას დედამიწაზე ჩემი სამი წილხვედრისა: ივერიისა, ათონისა და კიევისა". ქალი გაემგზავრა რუსეთის ჩრდილოეთში. სოფელ დივეევოში შეჩერდა დასასვენებლად. აქ გამოეცხადა მას მეორედ უფლის დედა და უთხრა: "აი, ის ადგილი, რომლის მოძებნაც გიბრძანე. აი, ის სამყოფელი, სადაც შენ ღვთის განგებულებით უნდა იცხოვრო. მე ყოველთვის ვიქნები შენთან და ხშირად მოვინახულებ ამ ადგილს. ეს არის ჩემი მეოთხე წილხვედრი მსოფლიოში.
და როგორც ცაზე ვარსკვლავს და ზღვაში ქვიშას, გავამრავლებ აქ მსახურებს უფლისა და ჩემი, და სიუხვე მიწიერ და ზეციურ
სიკეთეთა, მცირე ადამიანური შრომით მოწეული, არ მოაკლდეს ამ ჩემგან შეყვარებულ ადგილს". დედა ალექსანდრამ საროვოს მონასტრის მამათა დახმარებით ააშენა ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი და რამდენიმე კელია. სიკვდილის წინ ფული ბერდიაკონ სერაფიმეს გადასცა. გამოხდა ხანი. ღირსი მამა სერაფიმე სულიერად წარემატა და როცა დადგა ჟამი ღვთისმშობლის კურთხევის აღსრულებისა, ღირსი მამის ხელმძღვანელობით მისმა სულიერმა შვილებმა დიდებული სავანე ააგეს, სადაც ცალკე იყო კინოვია ქალწულებისთვის. იქ ყოველი აგური ღვთისმშობლის კურთხევით დაიდო. უფლის დედის ნებითვე გაითხარა სავანის გარშემო არხი, რომელსაც ვერ გადალახავს მონასტრის დასარბევად მოსული ანტიქრისტე...