მონასტერი დიღმის ხეობის დასაწყისში, სოფელ ბევრეთში, წმიდა თეკლას სავანიდან 7-8 კილომეტრის მანძილზე, ნათლისმცემლის მთასთან, სოფელ წოდორეთის მახლობლად მდებარეობს.
წმინდა იოვანე ნათლისმცემლის შობის მამათა მონასტრის სახელობის წინამძღვარია †იღუმენი იოვანე (ჩაჩიბაია). მამა იოვანეს თქმით, მონასტრის ეზოში დგას წმინდა იოვანე ნათლისმცემლის თავის კვეთის მცირე ეკლესია, რომელიც გადახურულია მოჭიქული ცისფერი კრამიტით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გასულ წელს, მონასტრის ხარჯებით და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებით, არქეოლოგის – ბატონ შოთა ირემაშვილის ხელმძღვანელობით და პროფესორ - ბატონ ვახტანგ ჯაფარიძის კონსულტაციით, ნათლისმცემლის მთის ძირას აღმოჩენილი ნანგრევების ირგვლივ მოეწყო არქეოლოგიური გათხრები, რის შედეგადაც მიკვლეულ იქნა VIII-X საუკუნეების მცირე დარბაზული ეკლესია, ვნახეთ უვნებელად შენარჩუნებული საკურთხევლის ტრაპეზი, რომელზედაც ბოლნური ჯვარია გამოსახული. სავარაუდოა, რომ ეს ეკლესია წმინდა იოვანე ნათლისმცემლის სახელობის იქნებოდა და გვიხარია, რომ ჩვენი წინაპრების ნამოღვაწარ ადგილზე განთავსდება ჩვენი მონასტერი.
კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება ჟურნალ "კარიბჭის" მესვეურთა მიმართ. დაე, ღმერთმა დალოცოს თქვენი შრომა და დაე, ღმერთმა მოგვცეს ყველას — ერისკაცებსაც და მონაზვნებსაც მისი სიტყვისაებრ ცხოვრების ძალა.