13.05.2016
X საუკუნეში აგებული კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი ახალქალაქის რაიონში პლატოზე მდებარეობს. ამჟამად მხოლოდ ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი.
- ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი. დანგრეულია და შემდგომში შეცვლილი სახითაა აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე. ტაძღის კედლებზე შმორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ მისი მშენებლობა აფხაზთა მეფე ლეონის დროს, 964 წელს, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძრვარ საკოცარს დაუწყია. ბაგრატ IV-ის მეფობის ხანაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთის შესასვლელის წარწერიდან ირკვევა, რომ XVI საუკუნეში ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება განხორციელებულა. კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედან ჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი დასავლეთის სწორკუთხა მკლავით. საკურთხევლის ორივე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთისა და ჩრდილოეთის აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურადაა დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. სავარაუდოა, რომ დასავლეთი მკლავის გარშემო სამმხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავებისას ჯერ კიდევ არ მიუმართავთ დეკორაციული თაღედისათვის, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის მთავარ ელემენტს შეადგენდა. თუმცა ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნისვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი მკაფიოდ გამოიყურება კედლის საერთო მოვარდისფრო ფონზე), სამკუთხა ნიშები კი ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს. მცენარეთა და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა, სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) გვხვდება რელიეფური გამოსახულებანიც: მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არწივისა და ხარის ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლის, და მისი ძმის, ლეონ მეფის გამოსახულებანი. ტექნიკური შესრულების ხარისხით (კედლის, კამარებისა და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებებით (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) კუმურდომ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ტაძარი კულტურულ - საგანმანათლებლო კერაც იყო. ცნობილია აქაური მწიგნობრები: იოანე კუმურდოელი (X საუკუნე), რომელიც შემდეგ სინას მთზე მოღვაწეობდა, ზოსიმე კუმურდოელი (XI ს.) და სხვები
საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.134-135.