ახტალის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი და კომპლექსი, რომელიც დღევანდელ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აგებულია საქართველოს ამირსპასალარის და ათაბაგის, ივანე მხარგრძელის მიერ, როგორც მისი საოჯახო საძვალე,
- გადმოგვცემს მარნეულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ივანე მხარგრძელი ეროვნებით სომეხი იყო (წარმოშობით ქურთი), თუმცა როგორც პოლიტიკური მოღვაწე - ქართველი, რადგან ის იყო საქართველოს სამეფოს მოქალაქე და ქართველ მეფეთა - გიორგი მესამისა, თამარის, ლაშა-გიორგის და რუსუდანის ყმა ფეოდალი, მან თამარის მეფობის დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ იოანეს მიერ აღსრულებული სასწაულის გამო მიიღო მართლმადიდებლობა.
აღსანიშნავია, რომ დღეს სომეხი მეცნიერები ცდილობენ რა მხარგრძელები წარმოგვიდგინონ ყოვლითურთ სომეხ მოღვაწეებად, ქართული სემანტიკის მქონე გვარს "მხარგრძელი", ან სომხურად თარგმნიან, ან "ზაქარიდად" ცვლიან (ეს ტანდენცია რუსულ სამეცნიერო წერეებშიც ვრცედლება სომხური გავლენების წყალობით), მაგრამ ეს სავსებით წინააღმდეგობაში მოდის თვით ძველ სომხურ წყაროებთან, სადაც ეს გვარი მხოლოდ ქართული ფრომით - "მხარგრძელი"- იხსენიება. XIII-XV საუკუნეებში ახტალაში იჯდა მცხეთის საკათალიკოსოს (საპატრიარქოს) ქვემდებარე ქართველი ეპისკოპოსი ტიტულით "დიდი სომხეთის მიტროპოლიტი", ის განაგებდა აღმოსავლეთ სომხეთში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს და იყო უპირატესი მღვდელმთავარი მცხეთის საკათალიკოსოს მღვდელმთავართა შორის (ამასთან ერთადერთი, ვინც ატარებდა მიტროპოლიტის წოდებას იმ დროინდელ ქართულ ეკლესიაში, იხილეთ "განგება დარბაზობისა" და "მირონის კურთხევის წესი"). ახტალის კათედრალი გამორჩეულია არა მხოლოდ გრანდიოზული ფორმით და დახვეწილი ქართული ორნამენტებით, არამედ უნიკალური ქართული ფრესკებით, სადაც გამოსახულია საქართველოს ეკლესიის მრავალი წმინდანი: მოციქულთასწორი წმ. ნინო (სამწუხაროდ მისი ფრეკა თითქმის განადგურებულია, შემორჩა მხოლოდ შარავანდედი და ასომთავრული წარწერა), წმინდა მამები ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, ევაგრე ციხედიდელი, ილარიონ ქართველი.
ახტალის საკათედრო ტაძარი ოქროს ხანის პერიოდის ტიპური საეკლესიო ნაგებობაა და ბეთანია-ქვათახევი-ფიტარეთის ტაძრების სტილისტურ ჯგუფში ექცევა. 1777 წელს ახტალაში ერეკლე მეფემ აღადგინა მე-15 საკუნეში მოშლილი საეპისკოპოსო კათედრა, სადაც 1820-იან წლებამდე მწემსმთავრობდნენ შემდეგი ეპისკოპოსები: წმინდა სოფრონი ბერძენი (მართალია იგი ჯერჯერობით არაა შეტანილი საქართველოს ეკლესიის კალენდარში, მაგრამ ბერძნულ ეკლესიაში ის კარგად ცნობილი წმინდანია), ვარლამ ერისთავი (შემდგომში საქართველოს ეგზარქოსი) და იოკიმე ბერძენი. ეთნიკურად ორი ბერძენი ეპისკოპოსის დასმა გამოწვეული იყო იმით, რომ ახტალაში მეფე ერეკლეს ჰქონდა სახელმწიფო მნიშვნელობის ვერცხლის და სპილენძის სამადნო წარმოება, სადაც დასაქმებული ჰყავდა ანატოლიიდან გამოსახლებული რამდენიმე ასეული ბერძენი მემადნე. ეპ. იოაკიმეს გარდაცავალების შემდეგ ახლტალაში დაარსდა რუსული მამათა მონასტერი, რომელიც რევოლუციამდე არსებობდა. საბჭოთა დროს მიმდინარე ანტირელიგიური კამპანიის დროს, მონასტერმა შეწყვიტა ფუნქციონირება. სამუხაროდ, ამ ბოლო წლებში ახტალის საკათედრო ტაძარი, მეფე თამარის დროის საქართველოს დიდი სიამაყე და მშვენება, სომხურმა საკათალიკოსომ მიიტაცა და ახლა იქ სომხური მონოფიზიტური მსახურება აღევლინება. ბედის ირონიაა, რომ ეს ყველაფერი ხდება წმინდა გიორგი მთაწმინდელის ფრესკის წინაშე, რომელმაც ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე X დუკასთან საუბრისას, 1065 წელს, თავის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, იმპერატორის კითხაზე, თუ რას ფიქრობდა სომხური ეკლესიის სარწმუნოების (ე.წ. მონოფიზიტობის) შესახებ, ბრძანა: "ბოროტსა სარწმუნოებასა სახელიცა ნუ ედებინ". აღსანიშნავია რომ ვახუშტი ბატონიშვილის მოწმობით, ახტალას ადრეულ საუკუნეებში აგარაკი რქმევია. ამ ბოლო წლებში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ნომინალურად აღადგინა აგარაკის, ანუ ახტალის კათედრა და ის მიერთებულია დმანისის ეპარქიასთან, რომელსაც ეწოდება "დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია", ტაშირი ლორის მხარის მეორე დასახელებაა.