შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით, შემოქმედის ტაძარში უკვე წლებია მამათა მონასტერია დაფუძნებული.
მონასტრის წინამძღვარია, არქიმანდრიტი ელიზბარი (ბაბუხადია). შემოქმედის მონასტერში მისულები მამა ელიზბარმა გულთბილად მიგვიღო, გვესაუბრა და მადლიანად გამოგვისტუმრა "კარიბჭელები".
-მამაო ელიზბარ, შემოქედის ტაძრის გახსნა ვისი თაოსნობით მოხდა?-შემოქმედის მონასტერი მამა ნიკოლოზის (ღლონტი) თაოსნობით გაიხსნა. მაშინ მამა ნიკოლოზი მსახურობდა შემოქმედის მონასტერში. კომუნისტების დროს ასეთი წესი ჰქონდათ, თუ ოცი ადამიანი შეიკრიბებოდა და ხელს მოაწერდა, მაშინ ტაძარი უნდა გახსნილიყო. ასე გაიხსნა ეს ტაძარიც. მიკვირს კომუნისტებმა სოფელ შემოქმედს რომ დაუტოვეს ეს სახელი. ფილიპე მახარაძე, სოფელ შემოქმედიდან იყო, მისი სახლ-მუზეუმიც იყო ამ სოფელში. მის საპატივცემულოდ ქალაქს ხომ დაარქვეს მახარაძე, ესეც არ იკმარეს და სოფელსაც მახარაძე დაარქვეს, ოღონდ სხვა სოფელს და თავის სოფელს, შემოქმედი დაუტოვა. შემოქმედის მაცხოვრის სახელობის ტაძრის გახსნის შემდეგ აქ მამა ნიკოლოზი მსახურობდა, მერე მამა ბასილი (მამა იოანე კიკვაძე), მერე მამა კვირიკე. 2005 წლის დასაწყისში, მეუფე იოსებმა შემოქმედის ტაძარი, მონასტრად აკურთხა. მონასტერში ამჟამად მხოლოდ მე ვცხოვრობ. გვერდით მიდგას ადგილობრივი მოსახლეობაც. დასაქმებული მყავს ადგილობრივი ახალგაზრდობა. მარტო ვერაფერს გააკეთებს ადამიანი.
-მამაო, დიდი ხანია ბერი ხართ?- 11 წლის ბერი ვარ და ასე მგონია მხოლოდ 11 თვე გავიდა. თავიდან ჯუმათის მონასტერში ვცხოვრობდი.ბერად იქ აღმკვეცეს. მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით შემოქმედში გადმოვედი. მას შემდეგ აქ ვარ და ვემსახურები უფალს და შემოქმედს.