ჯვრის მონასტრის მოსალოცად მრავალი ადამიანი მიდის, მაგრამ მათგან ცოტამ თუ იცის მისი უნიკალურობა და წარსული.
"ქართლის ცხოვრებიდან": "აღვედით კლდესა მას ზედა და დასდვა ხელი წმიდამან ნინო ერთსა ქვასა და მუნ აღმართეს ჯუარი იგი დიდებით მეფეთა".
ეს მოხდა IV საუკუნის დასაწყისში, მირიანის მეფობის დროს. მაშინ მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი ჯერ არ ყოფილა აგებული. ჯვარი აღმართული იყო მთის წვერზე, ისევე, როგორც გოლგოთაზე - იერუსალიმში. ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოფანე მოგვითხრობს, რომ იმპერატორმა კონსტანტინემ და დედოფალმა ელენემ იერუსალიმში მიაკვლიეს იმ ჯვარს, რომელზეც ქრისტე აწამეს. მისი დიდი ნაწილი კონსტანტინოპოლში წაიღეს, მცირედი კი იერუსალიმში დარჩა და აღდგომის ტაძარში ვერცხლით მოჭედილ კიდობანში ჩაასვენეს, ხოლო ძველი ჯვრის ადგილას ჯვარი აღმართეს. ასეთივე ჯვარი იდგა მცხეთაში. ეს ჯვარი ტაძრის შიგნით მოექცა. მის გუმბათქვეშ ჯვრის ძველი კვარცხლბეკია დარჩენილი.
VI საუკუნეში გუარამ ერისმთავარი იწყებს ტაძრის მშენებლობას. "ქართლის ცხოვრება" გვამცნობს: "იწყო შენებად ეკლესიისა ჯვარისა პატიოსნისა და აქამომდე ჯვარი ველსა ზედა იდო და განასრულა წელთა... მდის ოდენ". ანუ ნახევრამდე აღაშენა ტაძარი. ხოლო VI საუკუნის ბოლოს ტაძრის მშენებლობას განაგრძობს გუარამ ერისმთავრის ძე სტეფანოზი (586-604). ჯვრის ტაძარი არაბების შემოსევას ვერ გადაურჩა: "დაწვეს ჯვარი მცხეთისაი". მოგვიანებით, XIV საუკუნის ბოლოს, მეფე ალექსანდრე I-ის და მისი ბებიის, რუსას მოღვაწეობის დროს, კვლავ განუახლებიათ იგი. 1893 წელს ტაძარი ხელახლა გადახურეს. შესაძლოა ჯვრის ტაძარს მონასტერი ამ დროიდან შეარქვეს. მაშინ ააშენეს ბერებმა მცირე სენაკი, რომელიც თაღგადავლებული აკლდამის თავზე აღმოჩნდა. აკლდამაში კი კიბით ჩადიოდნენ. ჯვრის მცირე ტაძრის ქვედა სართულში ერთი აკლდამა ბერებმა საცხოვრებელ სენაკად მოაწყვეს.
მატიანეს არ შემოუნახავს ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი, არც მისი აგების თარიღია მითითებული სადმე, მაგრამ რელიეფის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, აგრეთვე სხვა წერილობითი წყაროებით დგინდება, რომ ერისმთავარ სტეფანოზს ტაძარი 585-604 წლებში აუგია.
ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდა სტეფანოზის ძმა დემეტრე და ძე ადარნასე, აგრეთვე ერისმთავართა სახლობის სხვა წევრები და შეძლებული დიდგვაროვანნი.
ტაძრის სამხრეთით, მთის კალთის შუაში, იმ ადგილას, სადაც მემატიანეთა ცნობით, ერთხანს თავს აფარებდა წმინდა ნინო, არის ადრექრისტიანული ხანის პატარა, ნახევრად დანგრებული დარბაზული სამლოცველო. ის მთლიანად დაფარულია ხეებით და შორიდან არ ჩანს. იქვეა წყარო.
ჯვრის მონასტერში კვლავ გრძელდება სამონასტრო ცხოვრება.
მტკვრისა და არაგვის შესაყართან, ქართველი ერის ნათლობის ადგილას, წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელზე აგებული ტაძარი ანტიოქიადაც მოიხსენიებოდა.
მირიან მეფის თხოვნით, ერის ნათლისღების წესის შესასრულებლად კონსტანტინე დიდმა იოანე ეპისკოპოსი გამოგზავნა, რომელიც 325 წლის ნიკეის საეკლესიო კრებამ ანტიოქიის პატრიარქად აირჩია. ამის გამო კრებამ საქართველოს ეკლესიაც ანტიოქიის საპატრიარქოს მიათვალა. შესაძლოა, ამიტომაც დაუკავშირდა ერის ნათლობის ადგილის სახელი ანტიოქიას.
"ქართლის ცხოვრება" მცხეთის სტეფანწმინდის აღმშენებლებად პირველი ქართველი მოწამე მეფის, წმინდა მირდატ IV-ის ძის, წმინდა ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილს მოიხსენიებს: "ხოლო ესე არჩილი იყო ფრიად მორწმუნე და მამატებელი ეკლესიათა" (ვახუშტი ბატონიშვილი).
არჩილ მეფემ "აღაშენა ეკლესია სტეფანწმინდისა მცხეთას, კართა ზედა არაგვისათა, სადა იყვნენ კოშკნი მტკიცენი საბრძოლონი, რომელნი მასვე აღეშენნეს".
არაგვის პირას ქრისტეს სადიდებლად აგებული ტაძარი მცხეთის აღმოსავლეთ კარს იცავდა.
ტაძრის ზღურბლში ინახებოდა ქვიშაქვის დიდი ფილა IV-V საუკუნეების ბერძნული წარწერით: "მე ვარ ანი და ჰოე. გააკეთა აქილევსმა, ხუროთა (უფროსი) რომ არის. ავრელიოს აქილიოსი. მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი. მოსახსენებლად არსპაკოსესი" (ეს ფილა დაცულია მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში).
სამთავროს სამაროვნებში ნაპოვნია ხუროთმოძღვარ ავრელიოს აქილიოსის და მისი მეუღლის საფლავები წარწერებით.
VIII საუკუნეში, საქართველოში მურვან-ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობების დროს, ტაძარი გადაიწვა. შემდეგ საუკუნეებში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ.
XIX საუკუნის დასაწყისში ანტიოქიის ტაძარი ჯერ კიდევ მოქმედი ყოფილა. გერმანელი მოგზაური მორიც ვაგნერი "ცნობებში საქართველოს შესახებ" წერს: "მთის წვერზე, საიდანაც კაცს თვალწინ ეშლება საუცხოო სანახაობა მტკვრისა და არაგვის ნაპირებზე, დგას ნახევრად დანგრეული ძველი ეკლესია, რომელშიც ამ საუკუნის დასაწყისში ღვთისმსახურებას მისდევდნენ. მისი სახელია სტეფანწმინდა".
ანტიოქია არაგვის პირას, მაღალ კლდეზე იდგა. XX საუკუნის I ნახევარში, ჰესის მშენებლობისას, არაგვის ხელოვნურად დაგუბების შედეგად ტაძარს სამი მხრიდან მდინარე შემოერტყა. მოგვიანებით არაგვს კალაპოტი შეუცვალეს, რის შედეგადაც ანტიოქიის მიმდებარე ტერიტორია დაჭაობდა.
XX საუკუნეში ტაძრის ირგვლივ ხელოვნური მიწაყრილი გაკეთდა. დასავლეთის მხარე გალავნით და თაღოვანი შესასვლელით შემოიზღუდა, ტაძარი მოიხატა.
2002 წელს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სტეფანწმინდის ტაძართან ამოქმედდა წმინდა სტეფანე პირველმოწამის დედათა მონასტერი, რომელიც სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მეტოქიონია.
წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხსენება და ტაძრის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 9 იანვარს და 15 აგვისტოს აღინიშნება.
დიდი ტაძრის საკურთხეველსა და გუმბათზე შემონახულია მოხატულობის ფრაგმენტები. პირველ რეგისტრში ჩანს ტახტის ნაწილი, მაცხოვრის ტერფები და ფეხსადგამი, მეორე რეგისტრში - მოციქულები. სარკმლის მარჯვნივ გამოსახული წმინდანი, ასომთავრული წარწერის მიხედვით, წმინდა პავლეა.
დიდი ტაძრის გვერდით მცირე გუმბათოვანი ტაძარია. გადმოცემით ვიცით, რომ მცხეთაში მოსული წმინდა ნინო სამი წლის განმავლობაში "ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაითა... და ადგილი იგი იყო ზღუდეს გარეგან". ამ ადგილზე მირიან მეფეს აუგია ეკლესია, რასაც ადასტურებს "წმინდა ნინოს ცხოვრებაში" მოყვანილი მისი წერილის შინაარსი: "აღვაშენე ეკლესია მაყულოვანსა მას შინაი ნინოსსა". ზემოთ მოყვანილი ცნობები IV საუკუნეში სწორედ წმინდა ნინოს ეკლესიის აშენების თარიღს და ადგილსამყოფელს გულისხმობს.
ეკლესია არაერთხელ შეუკეთებიათ და გადაუკეთებიათ. შესასვლელის წარწერა გვამცნობს, რომ სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარმა ნინო ამილახვარმა შენობა შეაკეთა 1879 წლის ბოლოს.
მონასტერში მრავალი სიწმინდეა დავანებული. მათ შორისაა ძელიცხოვლის წმინდა ნაწილი, ათონიდან ჩამობრძანებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი (ხატის წარწერის ბოლოს იკითხება: "წმინდა ივერიის ქართველთა მონასტერი, 1919 წელი"), წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი (21 წმინდა ნაწილით) ხატი პეტერბურგიდან შემოწირული მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილის მიერ 1870 წელს, წმინდა მეფე მირიანისა და წმინდა ნანა დედოფლის საფლავები, ასურელი მამის მღვდელმთავრის წმინდა აბიბოს ნეკრესელის ნეშტი, წმინდა შიო მღვიმელის თავის ქალას წმინდა ნაწილი, წმინდა ნინოს საფლავის ქვის ნაწილი ბოდბიდან და სხვა.
სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობა წმინდა მამის შიოს სიცოცხლეში, 560-570-იან წლებში აშენებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაა, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეშია ამოყვანილი. ეკლესია "თავისუფალი ჯვრის" ტიპისაა. ნაგებია ნატეხი ქვით. 1010-1033 წლებში კათალიკოსმა მელქისედეკმა ეკლესიაში გააკეთებინა კანკელი, რომელიც შედგება ოთხი მოჩუქურთმებული ფილისაგან. მათზე რელიეფური გამოსახულებებია - ძველი აღთქმის სქემა, ჯვარცმა, წმინდა სვიმეონ მესვეტე და მართა, წმინდა შიოსა და ევაგრეს (მცხეთელი დიდებული, რომელიც წმინდა შიომ ბერად აღკვეცა) შეხვედრა. ეს რელიეფები ინახება ხელოვნების მუზეუმში.
მღვიმე, რომლის ცენტრშიც არის წმინდა შიოს საფლავი, 1 მ სიღრმისაა. იგი ზემოთ ჭასავით ვიწროვდება და იხსნება ხვრელით. ჩრდილოეთით ეკვდერს აქვს სტოა - კარიბჭე, რომლის ჩრილოეთით 1420-1430 წლებში თაყა ზედგინიძემ ააშენა პატარა ეკვდერი საგვარეულო საძვალედ. 1733 წელს გივი ამილახვარმა აღადგინა მღვიმეზე დაშენებული ეკვდერი და დააკავშირა იგი ეკლესიის დასავლეთ მკლავს, ააშენა სამრეკლო თაყა ზედგინიძის ეკვდერის დასავლეთით. XIX საუკუნეში კარიბჭეს სამხრეთიდან მიუშენდა პატარა მართკუთხა სათავსი. 1890-იან წლებში ეკლესიისა და მინაშენების სახურავები განაახლა წმინდა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ.
ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთით ღვთისმშობლის მიძინების დიდი ტაძარი 1103-1123 წლებში ააშენა მეფე დავით აღმაშენებელმა, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა შიომღვიმის მონასტერზე და დიდძალი ქონებაც შესწირა მას. ტაძარი მთლიანად აგურით არის ნაშენი. ირანელთა მიერ მონასტრის დარბევისას ღვთისმშობლის ეკლესია დაინგრა. 1678 წელს ის განაახლა გივი იოთამის ძე ამილახვარმა. ტაძარი აღადგინეს, როგორც სამნავიანი ბაზილიკა. შემდეგ კიდევ დაზიანდა ლეკების შემოსევების შედეგად. 1730-1733 წლებში ხელახლა შეაკეთა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა. ეკლესია განაახლა წმინდა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ.
1901 და 1903 წლებში, ლეონიდე ეპისკოპოსის დაკვეთით, წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები მოხატა რუსმა მხატვარმა ანდრეევმა.
ნათლისმცემლის ეკლესიის ახლოს დგას მონასტრის სატრაპეზო, რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნეს განეკუთვნება.
მონასტრის ქედის კალთებზე ასზე მეტი გამოქვაბულია, რომლებსაც ბერები ადრეული შუა საუკუნეებიდან საცხოვრებლად იყენებდნენ.
მონასტრის კარიბჭის მარჯვნივ არის "ცრემლის წყარო", რომელიც იხსენიება წმინდა შიოს ცხოვრებაში. წყაროდან 300-ოდე მეტრში, კონცხზე დგას პატარა სამლოცველო, რომელიც დაშენებულია წმინდა შიოს პირველი საცხოვრებელი გამოქვაბულის ნაშთზე. მთის წვერზე დგას XII საუკუნის ჯვრის ამაღლების ეკლესია.
VI საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, იოანემ, შეარჩია "მთაი მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით და ცხოველსა ჯვარსა ჩრდილოით კერძო. აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰქვიან ზედა-ზადენ". აქ "პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად და დაემკვიდრნეს მუნ". ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფენი დაუგზავნია სამოღვაწეოდ ქართლსა და კახეთში, ხოლო თვითონ ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანეს გვამი ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს (სავარაუდოდ, წმინდა იოანეს მოწაფის თათას მიერ უნდა იყოს აშენებული წმინდა გიორგის სამნავიანი ბაზილიკა), მაგრამ მალე, წმიდანის ანდერძის თანახმად, "დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი". წმინდა იოანე ზედაზნელი დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეკვდერში. VIII საუკუნეში კათალიკოსმა კლემენტოსმა ააგო სამნავიანი ბაზილიკა და წმინდა იოანეს ეკვდერი მასში ჩართო. მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის I ნახევარში, აშენდა კარიბჭე, მიქაელის დროს - სადიაკვნე, მიქაელის მიერ - "აკლდამასა თანა" ეკვდერი, X საუკუნის ბოლოს ეკლესია განადიდა ზაქარიამ, სამოელმა - მარანი ქვითკირითა ქმნა და სხვა.
ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს "წარუღო ციხე ზედაზენი" და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა.
1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგინიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1705 წელს აქ სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა. XVIII საუკუნეში აიგო სამრეკლო და ბერთა სენაკები. ამავე საუკუნეში ეკლესია განაახლა კათალიკოსმა დომენტიმ. XIX საუკუნეში, ეპისკოპოს ალექსანდე ოქროპირიძის წინამძღვრობის დროს, კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება. 1889 წელს ეკლესია შეაკეთა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ.
სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია ღვთისმშობლისა და მონაზვნების საცხოვრებლად გადაკეთებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები. ისტორიულ წყაროებში ღვთისმშობლის ეკლესია ცნობილია ახალქალაქურის სახელწოდებით, რომელსაც თავის ახლობლებთან ერთად 1612 წელს თავი შეაფარა მეფე ლუარსაბისგან დევნილმა გიორგი სააკაძემ.
XIX საუკუნის 90-იან წლებში ოლგა გორნიჩმა (საგზაო სადგურის ინჟინრის მეუღლე) გააწმენდინა მიწით დაფარული ეკლესია, შეაკეთებინა და დააარსა დედათა მონასტერი, რომელსაც მას შემდეგ ოლგას მონასტერს უწოდებდნენ.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია, შიოლაშვილების ისტორიულ სახლში მონასტერი დაფუძნდა, ხოლო პატრიარქის ძმისწულის, გიორგი შიოლაშვილის მიერ გათხრილ საძირკველზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის კურთხევისას მისმა უწმინდსობამ მონასტერს აჩუქა ღვთისმშობლის ხატი და ვერცხლის ორი ჭიქა ლანგრითურთ მშობლების სახელზე. მონასტერს წინამძღვრობს არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი), აქ ერთხანს კეთილმოწესე გახლდათ იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი). დღეს არქიმანდრიტი - მსახურობს ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში. ღვთის შეწევნით და მღვდელმონაზონ მამა სამუელის (ზედგინიძე) ძალისხმევით, მონასტერი კეთილმოეწყო და სამონასტრო ცხოვრება გრძელდება.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ტაძარი 2003 წლის 25 ივნისს ეკურთხა, ხოლო 2007 წელს - დედათა მონასტერი. უწმინდესს ისე მოსწონებია ეს ბაზილიკა, უთქვამს, - ვინ იფიქრებს, რომ ძველი არ არის, მშვენივრადაა ნაგებიო.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მონასტერს წინამძღვრობს არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი). კეთილმოწესე კი დედა ეფემია გახლავთ. ტაძარი დასახლებულ ადგილას დგას. მისი ზარების რეკა და დედების მიერ აღვლენილი ლოცვა აქაურებს რწმენაში აძლიერებს და ღვთის სიყვარულს უნერგავს. ტაძარი გალავნით არის შემოზღუდული. ორ ადგილას რკინის დიდი ჯვარია აღმართული წმინდა ნინოს ჯვრის სახედ.