ისტორიულ სამცხეში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში (დღევანდელი ადიგენის რაიონი), ადიგენიდან 5 კმ-ზე, ფერსათის მთების ძირში მდებარეობს ჭულეს მონასტერი,
რომელიც ნათლად მეტყველებს მესხ ათაბაგ - ჯაყელთა საზოგადოდ კულტურულ და კერძოდ აღმშენებლობით ღვაწლზე. მონასტერი საკმაოდ მოზრდილ ქვაბულშია, სადაც სამეურნეო და საცხოვრებელ ნაგებობათა კვალი შეიმჩნევა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიტყვა "ჭულე" ძველ ქართულში "ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. ოდინდელი კომპლექსიდან დღეისათვის მხოლოდ წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი, მორუხო-მოვარდისფრო ტონალობის კარგად გათლილი ქვით ნაგები ეკლესიაა შემორჩენილი. მონასტრის აგება დაკავშირებულია ცნობილი ათაბაგ-ამირსპასალარისა და სჯულმდებლის აღბუღას სახეღთან და 1381 წლით თარიღდება. შემორჩენილია ფრესკული წარწერა ტაძრის მომხატავ ვინმე არსენისა, რომელიც გვამცნობს: "შეწევნით ღვთისაითა და წმიდისა გიორგი ჭულისაითა, სრულ ქმნა ესე ჭულისაი ხატებითა ხელითა მხატვრისა არსენი... შეუნდვეს ღმერთმან." ტაძრის სამხრეთ კედელზე ათაბაგთ სახლის წევრები არიან გამოსახულნი: სარგის I საბა, ბექა I მანადტურთუხუცეს, სარგის II სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი, ყვარყვარე I ამირსპასალარი და შალვა - სამცხის სპასალარი ათაბაგი. მართალია, დღევანდელი მონასტერი XIV ს-ისა, მაგრამ აქ მანამდეც არსებობდა წმინდა გიორგის სალოცავი. XI ს-ის მეორე ნახევარში სირიის შავი მთის მწიგნობართა შორის ცნობილია სტეფანე ჭულეველი. ეს ზედწოდება სტეფანეს პირველმოწამების კერის მანიშნებელია ისევე, როგორც შავი მთის ქართველთა სათვისტომოს სხვა მოღვაწეთა - გიორგი ათონელის, არსენ იყალთოელის, საბა თუხარელის,
ეფრემ ოშკელისა თუ ანტონ ტბელის - ზედწოდებანი მიგვანიშნებენ კულტურულ რელგიურ ცენტრებზე. აღბუღა ათაბაგმა ჭულეს მონასტერში მოიწვია საკანონმდებლო კრება, რომელმაც ბექა I მანდატურთუხუცესის მიერ დაწყებული საქმე გააგრძელა - მიიღო სამართლის ახალი წიგნი ("შევიყარენით ჭულევთა მინდობილნი ღვთსანი და აწყურის ღვთიშობლისანი", - გვამცნობს ხელნაწერი). კანონთა ამ კრებულმა ჩვენამდე მოაღწია და იგი ცნობილია "ბექა - აღბუღას სამართლის წიგნის" სახელწოდებით. მესხეთში ოსმალთა გაბატონების შემდეგ ჭულეში ნელ-ნელა ჩაკვდა სამონასტრო საქმიანობა და 1595 წლისთვის იგი სავსებით გაუკაცრიელდა. ღვთის შეწევნით და მეუფე თეოდორეს (ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით ჭულევში აღსდგა სამონასტრო, ბერმონაზვნური ცხოვრება. შეგვეწიოს ჭულევის, ამ მადლიანი მონასტრის მადლი.